№5 როგორ მოისმინა „ლაივში“ ეროსი მანჯგალაძემ თავისივე საფეხბურთო რეპორტაჟი
ეროსი მანჯგალაძე – ერთნაირად წარმატებული იყო როგორც სცენაზე, ასევე საფეხბურთო რეპორტაჟების დროსაც. ის შესანიშნავად ართმევდა თავს ამ ორ საქმეს. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ სპექტაკლი და საფეხბურთო მატჩი ერთმანეთს ემთხვეოდა. ასეთ დროს, დიდი ეროსი უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა და გამოსავლის ძებნა კურიოზულ სიტუაციაში აგდებდა.
ერთხელ, სპექტაკლი „ჭინჭრაქა” და თბილისის „დინამოს” სათასო მატჩი კვლავ ერთმანეთს დაემთხვა. სპექტაკლის რეჟისორმა, მიხეილ თუმანიშვილმა ეროსი მკაცრად გააფრთხილა:
– იცოდე, სპექტაკლს ვერ გააცდენ. უნდა ითამაშო. გაცდენა არ გაბედო, პირადად შეგამოწმებო.
მეორე მხრივ, ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ძიძიგურმაც იგივე უთხრა ეროსის...
ბევრი ფიქრის შემდეგ, ეროსიმ დახმარება ერთ ნაკლებადცნობილ მსახიობს სთხოვა (მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ), რომელიც უბადლო იმიტატორი იყო და განსაკუთრებით კარგად ბაძავდა ეროსის. ერთი სიტყვით, ეროსიმ ეს მსახიობი „დინამო” სტადიონზე მიიყვანა, საკომენტატორო ჯიხურში გამოკეტა, რომ ბლეფი არავის შეემჩნია. თვითონ კი, „ჭინჭრაქას” სათამაშოდ გაემართა. სპექტაკლი რომ მორჩა, ეროსი პირდაპირ თეატრიდან გაემართა ტელერადიოკომიტეტის შენობაში, რომ როგორც მაშინ იყო მიღებული, აკაკი ძიძიგურს ხლებოდა და დავთარში ხელი მოეწერა, გაწეული სამუშაოს შესახებ. მატჩი იმ დროისთვის უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. ბატონი კაკო ძიძიგური ეროსის დერეფანში შეეფეთა და გაოცებულმა შეხედა. მერე კი გაეცინა, კაბინეტში შეიპატიჟა და ჰკითხა:
– ხომ არ დაიღალე, რა სწრაფად მოსულხარო.
– დიახ. ვფიქრობდი, ხელს მოვაწერ და გავიქცევი, რეპეტიცია მაქვსო. – მიუგო ეროსიმ და ერთი სული ჰქონდა, ხელი მოეწერა და წასულიყო. თამაშის ანგარიში ჯერ არ იცოდა და ბატონ კაკოს რომ ეკითხა, სწორ პასუხს ვერ გასცემდა.
კაკო ძიძიგურმა კი, ეროსის ალმაცერად შეხედა. შემდეგ ჩართო რადიო და ეროსის გასაკვირად, მისი დუბლიორის ხმა გაისმა. საქმე ისაა, რომ თამაშის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და რადგან სათასო მატჩი იყო, დამატებითი დრო დაინიშნა. თამაში „დინამომ” მოიგო. კაკო ძიძიგურმა კი, ბოლომდე მოასმენინა „ლაივში” ეროსის თავისივე რეპორტაჟი და მშვიდობიანად გაუშვა.