№5 როგორაა დახასიათებული თამარ მეფე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშში და რა უკმაყოფილებას გამოთქვამს საზოგადოების ნაწილი
თუკი, ოდესმე თქვენს ფანტაზიებში თამარ მეფის ადგილას ყოფნა და იმდროინდელი საქართველოს მმართველის როლის მორგება ყოფილა, ძალიან მალე, ამ ოცნების ვირტუალურად განხორციელების საშუალება მოგეცემათ.
მსოფლიოში ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი ვიდეოთამაშის, Civilization-ის მეექვსე ნაწილში, ცხრა ახალი ლიდერიდან ერთ-ერთი, თამარ მეფე იქნება. ეს ნიშნავს, რომ Civilization-ში საქართველო ცივილიზაციად ემატება და ნებისმიერ მოთამაშეს საქართველოს გამორჩეული მეფის როლის მორგება შეეძლება.
თამაშის მეექვსე ნაწილის მიმოხილვაში თამარ მეფეზე ვკითხულობთ: „რა აქცევს მონარქს იდეალურად? ეს არის გონიერი და დიპლომატი ადამიანი, შორსმჭვრეტელი და მტკიცე ხასიათისა, რომელიც სამეფოს მცველია... საქართველოსთვის საკმაოდ არასტაბილურ ხანაში თამარი დაეხმარა თავის ხალხს, რომ ჰქონოდათ მიზანი და ერთიანობა”. ანოტაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ თამარ მეფე წმიდანად არის შერაცხილი. თამაშის შემქმნელებმა თამარ მეფის დროინდელი საქართველოს დამატებისას, ფაქტობრივად, ყველა დეტალი გაითვალისწინეს ჩვენი ქვეყნის შესახებ. „ძალა ერთობაშია“ – სწორედ ეს მოწოდება გასდევს თამარის ეპოქას მთავარ მამოძრავებელ ძალად. თამაშის შემქმნელები მას უნიკალურ დამახასიათებელ ნიშნად მოიხსენიებენ.
თამაშის ინტროში გამოყენებულია ქართული ხალხური მუსიკა, რაც განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. საქართველოს ცივილიზაცია, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების, მშობლიური ენის გარეშე წარმოუდგენელია და ეს კარგად ესმით თამაშის შემქმნელებსაც. სწორედ ამიტომ, თამარ მეფე ქართულად ლაპარაკობს.
„თამარ მეფე ცნობილია მისი დიპლომატიური სიძლიერით, ხელოვნების მხარდაჭერით, რელიგიურობითა და საქართველოს სამეფოს გაფართოებით“, – ასეა დახასიათებული თამარ მეფე თამაშის ინტროში.
„თამარ მეფის უნიკალური უნარი – „მშვიდობის, სამეფოსა და სარწმუნოების დიდება“. პროტექტორატისთვის ომის გამოცხადებისას, პირველი სვლების დროს, ის სარწმუნოების ქულებს იღებს. თამარს, ასევე, ემატება უფასო დამატებითი ელჩები, რომლებსაც ის სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფოში აგზავნის, სადაც საქართველოს დომინანტი რელიგიაა გავრცელებული“, – ნათქვამია ტრეილერში.
თამაშში შენობებიც კი საქართველოსთვის დამახასიათებელია. უნიკალური შენობა, მისი კონსტრუქციის წყალობით, დაცვის ფუნქციებს ასრულებს. ამასთან ერთად, ციხესიმაგრე ყოველ სვლაზე გამოიმუშავებს რწმენას. რწმენა, ამ შემთხვევაში, ქულებია, რომლის დახმარებითაც, რელიგიური შენობების შეძენა და მქადაგებლების დაქირავებაა შესაძლებელი.
Civilization VI-ში ქართული უნიკალური მებრძოლები (Units) ხევსურები არიან. მათი ჩაცმულობა მორგებულია ეროვნულ ტრადიციებსა და ისტორიულ წყაროებზე. ამას გარდა, ხევსურებს საბრძოლო ბონუსებიც აქვთ. ხევსურების ბრძოლისუნარიანობა, როგორც შეტევაში, ისე თავდაცვაში, გაცილებით იზრდება მთა-ღორღიან ადგილებში.
თამარ მეფის კიდევ ერთი სიძლიერე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ცივილიზაცია თეოლოგიას შეისწავლის Protectorate War-ის გამოცხადება შეუძლია. აღნიშნულ თამაშში, Protectorate War-ის გამოცხადება მაშინ არის დასაშვები, როცა ერთი ცივილიზაცია რომელიმე ქალაქს, მოკავშირე ცივილიზაციას, ქალაქ-სახელმწიფოს, ან მიწას ესხმის თავს. ასევე, ომის გამოცხადება მაშინაც არის დასაშვები, როცა სხვა ცივილიზაცია ძალიან ძლიერდება და მეზობელ ცივილიზაციებს იპყრობს. ამგვარი ომის გამოცხადებისას მებრძოლები საბრძოლო ბონუსებს იღებენ. ჯარისკაცები ბონუსებს „ღვთის სიტყვის“ მიმდევრობის გამოც აგროვებენ.
თამაშის შემქმნელებს არც თამარის პიროვნული თვისებები დავიწყებიათ და რადგანაც თამარს კარგად შეეძლო ჯარის მოტივირება ომის დაწყების წინ, მისი არმია მცირე ხნის განმავლობაში დამატებით ბონუსებსაც მიიღებს.
Civilization 1991 წელს შექმნილი თამაშია, რომელიც სტრატეგიების ჟანრს მიეკუთვნება. თამაშის მთავარი მიზანია, მოთამაშემ შექმნას იმპერია, რომელიც დროს გაუძლებს. იმპერიების შექმნა ქრისტეშობამდე 4000 წლით ადრე იწყება და ჯერ კიდევ არარსებულ რეალობამდე გრძელდება. სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ცივილიზაციების მართვა მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: ეკონომიკა, პოლიტიკა, სამხედრო საქმე, ვაჭრობა, ახალი ტერიტორიებისა და ტექნოლოგიების კვლევა, ხოლო კონკურენტებს სხვა ცივილიზაციები წარმოადგენენ. Civilization VI: Rise and Fall-ის ახალი ექსპანსია 2018 წლის 8 თებერვალს გამოვა.
თითქმის ყველა თანმხდება იმაზე, რომ ამ თამაშში თამარ მეფის დამატება, საქართველოსთვის, ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. თუმცა, სოციალურ ქსელებში მაინც შეხვდებით უკმაყოფილოებს. ზოგს თამარის კანის ფერი არ მოსწონს და აპროტესტებს, ზოგს კი ის აღიზიანებს, რომ თამარი საქართველოს მეფე იყო, თამაშში კი, დედოფლადაა მოხსენიებული. თუმცა, საერთო ჯამში, ბუნებრივია, ამ ფაქტს ყველა დადებითად აფასებს.