№5 რატომ უყურებდნენ ლაშა შენგელიას გამოსვლას ბერძნულ „ნიჭიერში“ სუსტი სქესის წარმომადგენლები და ჟიურის წევრები გაოცებულები და როდის დაიწყო მან ჰაერში სიარული
24 წლის, ლაშა შენგელიამ ბერძნულ „ნიჭიერში“ პირველივე გამოსვლისთანავე მოხიბლა ჟიური და დარბაზში მყოფი საზოგადოება, განსაკუთრებით კი, სუსტი სქესის წარმომადგენლები. ქართველი ახალგაზრდა ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პოპულარიზაციას და ურთულეს ილეთებს ისე ასრულებს, რთულია, ემოციის გარეშე უყურო. ლაშა წლებია, საბერძნეთში ცხოვრობს, საკმაოდ რთული გზა გაიარა უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად. დღეს მას თითქმის ყველა ცნობს, ქუჩაში აჩერებენ და ავტოგრაფს, ფოტოს გადაღებას სთხოვენ. პროექტში მონაწილეობა საყვარელმა გოგონამ სთხოვა და გაუმართლა კიდეც – საწყისი ტურების გავლის შემდეგ, „ნიჭიერის“ ფინალში მან ნამდვილი ფურორი მოახდინა. შთამბეჭდავი ნომერი აჩვენა და ჟიურის წევრები, დარბაზი, ყველა ფეხზე წამოუდგა. აპლოდისმენტებითა და ოვაციებით დააჯილდოეს. ლაშა ფინაშლი გადავიდა და ამის შემდეგ, კიდევ უფრო პოპულარული გახდა. მას, საბერძნეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ.
ლაშა შენგელია: ბორჯომში დავიბადე. დასასვენებლად და-ძმები კახეთში, სოფელ კონდოლში მშობლებმა წაგვიყვანეს. სამწუხაროდ, იქ, ჩემი ტყუპისცალი ძმა დაიღუპა. მახსოვს, რამხელა ტრაგედია იყო ეს ოჯახისთვის. მშობლებმა გადაწყვიტეს, სადაც ჩემი ტყუპისცალი დაუღუპა, იქ დარჩენილიყვნენ, მისი საფლავი გაეკეთებინათ და დასახლებულიყვნენ. ამიტომ, მეც თელავში გავიზარდე. პატარა ასაკიდან მინდოდა, დასახული მიზნებისთვის მიმეღწია, ბევრს ვვარჯოშობდი და ვიცოდი, ერთ დღესაც გამიმართლებდა. ეგრეთ წოდებული, ქუჩის ვარჯიშით, სპორტის ამ ურთულესი სახეობით, 15 წლის ასაკში დავინტერესდი. ვხუმრობ ხოლმე, ჰაერში სიარული რომ დავიწყე, დედამიწაზე აღარც ჩამოვსულვარ-მეთქი (იცინის).
– რამდენი წელია, რაც საბერძნეთში ცხოვრობ და რატომ გადაწყვიტე პატარა ბიჭმა, დამოუკიდებლად, ოჯახიდან შორს, უცხოეთში წასვლა?
– სულ მინდოდა, უცხოეთში ძალების მოსინჯვა. მართალია, ეს ადვილი არ იყო, მაგრამ, გამომივიდა. ათი წელია, საბერძნეთში ვცხოვრობ. ჩემი მშობლები გაშორდნენ, არ ჰქონდათ იმდენი შესაძლებლობა, რომ არაფერი მომკლებოდა. ამიტომ, ვიფიქრე, უცხოეთში წამოვსულიყავი და იქ ამეწყო ჩემი ცხოვრება. ბებია და ბაბუა უკვე ოც წელზე მეტია, აქ ცხოვრობენ. მათი დამსახურებაა, მეც აქ რომ ვარ. მათ წამომიყვანეს. ბოლო ოთხი წელია, მარტო ვცხოვრობ, დამოუკიდებლად, შეყვარებულთან ერთად. დამიჯერეთ, ყველა ბავშვისთვის ძნელია, მოწყდეს სახლს, ოჯახს და უცხო მხარეში ახალი ცხოვრება დაიწყოს. 14 წლის ასაკში ჩამოვედი სალონიკში. მინდოდა, სკოლაში სწავლის გაგრძელება და საბუთების უქონლობის გამო, ვერ მოვახერხე. 15 წლიდან ვმუშაობ და ჩემით ვშოულობ ფულს. არასდროს ვყოფილვარ სხვაზე დამოკიდებული. თუ მოინდომე, ყველაფერს შეძლებ და ვერც დაბრკოლება და წინაღობა შეგაშინებს. სწორედ, ამ სირთულეების გამოვლაში ჩამოვყალიბდი მებრძოლად, თუმცა, თავმდაბლობა და ადამიანობა არ დამიკარგავს. სანამ ბერძნულ „ნიჭიერში“ გამოვჩნდებოდი, მანამდეც მცნობდა ხალხი. საბერძნეთში სამჯერ – 2014, 2015 და 2016 წლებში ავიღე პირველი ადგილი ქუჩის სპორტის შეჯიბრებებში. საკმაოდ რთული სპორტის სახეობაა და იმავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. როცა ახალგაზრდები გიყურებენ, მათაც უჩნდებათ სურვილი, იგივე გააკეთონ.
– ვინ გირჩია ბერძნულ „ნიჭიერში“ გასვლა? თუ, ეს შენი სურვილი იყო?
– შეყვარებულმა მირჩია, მიმეღო მონაწილეობა „ნიჭიერში“ და მეც ხათრი ვერ გავუტეხე, წავედი (იცინის). ნამდვილად არ ვნანობ, პირიქით. ჩაცმული ვერ აჩვენებ შენს მონაცემებს, ამიტომ აუცილებელია, წელს ზემოთ შიშველი იყო. როგორც კი სცენაზე გავედი და ზედა გავიხადე, გოგოების გული ეგრევე მოვიგე. თვალებდაჭყეტილები მიყურებდნენ, სანამ ნომერს ვაჩვენებდი (იცინის). ნომრის შემდეგ კი, ჟიურის ემოციებით მივხვდი, ისინიც მოვხიბლე. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ამ პროექტში რომ მოვედი. ვერ გეტყვით, რა გრძნობა იყო, როცა ბერძნული ტელევიზიით ჩემი ნომერი გავიდა და ამას ვუყურე. მიხარია, რომ შოუს ფავორიტი ვარ.
– წარმოშობით მეგრელი ხარ. მეგრული გენეტიკა, სისხარტე და მოქნილობა დაგეხმარა, შენი მონაცმებით გადაგერია უცხოელი მაყურებელი და ჟიურის წევრების განსაკუთრებული ოვაცია დაგემსახურებინა?
– მართალია, გვარი მეგრული მაქვს, მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს – ვინ ხარ და სად. სადაც არ უნდა იყო, მთავარია, არ დაგავიწყდეს საიდან მოდიხარ. მე მიყვარს ჩემი სამშობლო და სიამაყით ვამბობ, რომ ქართველი ვარ. როცა ასეთ შოუში მიდიხარ უცხოეთში, ყველა აღფრთოვანებულია შენით და ყველას წინაშე ამბობ, რომ საქართველოდან ხარ, ეს არ იცით, რა გრძნობაა.
– როცა შენი გამოსვლა ვნახე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მართლა ჰაერში დადიოდი...
– (იცინის). ყველა ამას მეუბნება. სულ ვამბობ, ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია და ვარჯშით, ჰაერში სიარულსაც შეძლებ-მეთქი (იცინის). ამ პროექტმა ყველა გზა გამიხსნა და ცხოვრებაში ბევრი რამის მიღწევა გამიადვილა. წლების განმავლობაში თავდაუზოგავმა ვარჯიშმა, შედეგი გამოიღო და პოპულარობა მომიტანა. თუმცა, როცა უცხოელი ხარ, რთულია, რომელიმე შოუს გამარჯვებულის სტატუსი მოგანიჭონ... აი, ამაში მიშლის ხელს ჩემი მეგრელობა (იცინის). თუმცა, ვნახოთ, გამონაკლისებიც ხომ ხდება? ჩემთვის მთავარია, რომ დამოუკიდებლად მივაღწიე ყველაფერს და ფინალამდე მივედი. ბევრს ვაჩვენე ის, რომ ადამიანის ძალა შეუზღუდავია და საზღვრები არ გააჩნია. მთავარია მონდომება, რომ ცხოვრებაში გახდე წარმატებული. ეს იყო ჩემი მესიჯი ბერნული „ნიჭიერის“ სცენიდან და მიხარია, რომ ნიჭიერებას აქ აფასებენ.