კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ მოკლა ადერკი უფლისწულმა დედის ნახევარძმა, მეფე არშაკი

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

დაამარცხა უფლისწულმა მირვანმა (მირიანმა) მეფე ბარტომი. მეფე ბრძოლაში დაიღუპა. ახალი მეფე, მირიან მეორე გამეფდა იბერიაში. ცოტა ხანი ბედნიერად უმეფია მირიან მეორეს და მისი გარდაცვალების შემდეგ, იბერიის ტახტზე ავიდა მისი ძე - არშაკ მეორე („მოქცევაÎ ქართლისაÎს“ მიხედვით - არსუკ).
ფარნავაზის შთამომავალ არშაკს გაუმშვენებია ქალაქი ნელქარი (ნეკრესი). ამ ქალაქის მშენებლობა ფარნაჯომ მეფეს წამოუწყია თავის დროს. არშაკს გაუმაგრებია ციხე-ქალაქი უფლისციხე. „მოქცევაÎ ქართლისაΓგვიამბობს, რომ არსუკმა „კასპი შეიპყრა და უფლის-ციხე განაგო“.
მეფე არშაკი ყოფილა ძალიან ღონიერი, დიდი და გოლიათი.
ამასობაში ადერკი უფლისწული, ქართამის ძე, მოკლული ბარტომ მეფის ასულის ვაჟი, ფარნავაზისა და ქუჯი ეგრისელის შთამომავალი, გაიზარდა სომხეთში. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, მომავალ მირიან მეფესთან ბრძოლაში, არა მარტო ბარტომ მეფე, არამედ მისი სიძე, ქართამიც მომკვდარა. ადერკიც კარგი ვაჟკაცი დამდგარა, მშვენიერი გარეგნობის, ტანით დიდი და გოლიათი. მიუღია მონაწილეობა სომხებსა და ასურებს შორის ბრძოლებში, მრავალი ბუმბერაზი მოუკლავს და სახელგანთქმული ყოფილა.
უფლისწული ადერკი თავს იბერიის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ თვლიდა, არშაკს კი უზურპატორისა და პაპამისის მკვლელის შვილად, უკანონო მეფედ მიიჩნევდა, სურდა შურისძიება და ქართლის ტახტის დაბრუნება. სთხოვა სომეხთა მეფეს ჯარი, იბერიის დასაკავებლად. სომეხთა მეფემაც მისცა სპა და გამოემართა ადერკი ქართამის ძე საქართველოში ჯარით, ბიძის, დედის ძმის წინააღმდეგ. მირვან მეფემ, როცა ადერკი უფლისწულის პაპა, დედის მამა, ბარტომ მეფე მოკლა, ბარტომის ქვრივი ცოლად შეირთო და მისგან შეეძინა არშაკ მეფე. ამგვარად, არშაკ მეორე  უფლისწულ ადერკის დედის ნახევარძმა იყო.
თეიმურაზ ბაგრატიონის მიხედვით კი, იმ დროს იბერიაში უკვე არა არშაკ მეორე, არამედ მისი ვაჟი არშაკ მესამე მეფობდა. მისივე ვერსიით,  უფლისწულ ადერკის მამა, ბარტომ მეფესთან ერთად არ მოუკლავთ ბრძოლაში, არამედ გადარჩა და სომხეთში გაიქცა ფეხმძიმე ცოლთან, ბარტომ მეფის ასულთან ერთად.
არშაკ მეფემ შეკრიბა ქართლის ერისთავები თავისი ლაშქრით, მოიმხრო სპარსელების ძალა და მიეგება წინ, სომეხთა ჯართან ერთად, იბერიაში შემოჭრილ ადერკს.
ორივე ჯარი თრიალეთში დაბანაკდა, ერთმანეთის მახლობლად. სთხოვა არშაკ მეფემ ადერკ უფლისწულს ერთი-ერთზე შებრძოლება. ადერკმა სიხარულით მიიღო არშაკ მეფის წინადადება, აღიჭურვა მშვენიერი საჭურვლით, შეახტა ტაიჭს. მიუბრუნდა თავის ჯარს და შესძახა: „გამიმაგრეთ ზურგი და არ შეშინდეთ!“ არშაკ მეფეც შეიჭურვა და გავიდა საომრად. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ორთაბრძოლა ადერკს შეუთავაზებია არშაკისთვის. თუმცა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ორივე გულადი მეომარი იყო. ამ ამბავს უფრო ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს თეიმურაზ ბაგრატიონი. ადერკს შეუთვლია არშაკისთვის:
„მე არ მოვსულვარ ქართველთა წინააღმდეგ საომრად და არც მაქვს მათდამი მტრობა. მაგრამ, შენ ხარ იმის შვილიშვილი, ვინც სპარსთა შეწევნით მოკლა პაპაჩემი, ბარტომ მეფე და მიიტაცა მისი სამეფო. გამოდი ჩემთან საომრად. ვიბრძოლოთ მხოლოდ ჩვენ ორმა, მოქიშპეებმა და ვინც გაიმარჯვებს, მისი იყოს გამარჯვებაც და სამეფოც. ჩვენი მხედრობანი და ივერიელები დარჩნენ მშვიდობიანად და უვნებლად“.
მთელი დღე უბრძოლიათ ლახტებით, შუბებით, ჩუგლუგებით (წერაქვებით) და ხმლებით იბერიის ტახტის მოცილეებს. „ქართლის ცხოვრება“ ლამაზად მოგვითხრობს, როცა დაარტყამდნენ ჩუგლუგს მოწინააღმდეგის ჯაჭვ-საჭურველს, ისეთი ხმა იყო, თითქოს უროს ურტყამდა მჭედელი გრდემლზე. მათი საბრძოლო შეძახილები ქუხილის მსგავსი ყოფილა.
ებრძოდა ფარნავაზ მეფის ორი შთამომავალი ერთმანეთს. გამეტებით ურტყამდა ბიძა დისწულს და პირიქით, დისწული ბიძას. იბერიის ტახტის ბედი წყდებოდა. რამდენიმე თაობა იყო უკვე, ორი ოჯახი ეცილებოდა ერთმანეთს ქართლის სამეფოს – ფარნაჯომ პირველისა და არშაკ პირველის შთამომავლები. არადა, ფარნაჯომის დის ქმარი იყო არშაკ პირველი, ანუ თავიდანვე ნათესავები იყვნენ. მაგრამ, მათ შორის სისხლი იყო დაღვრილი. ყოველთვის, ყველა ეპოქასა და ხალხის ისტორიაში მომხდარა მსგავსი ფაქტები. ამ დაპირისპირებაში ქართველების სარწმუნოებრივი და ტერიტორიული ინტერესები იკვეთება. ქართველი ხალხი ყოველთვის ცდილობდა, ტახტზე ჰყოლოდა თავისი მეფეების შთამომავალი მეფე და ის მეფე ყოფილიყო ქვეყნის, სარწმუნოებისა და ერის ერთგული. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლი იღვრებოდა, რომელსაც მერე კვლავ სისხლისღვრა, შურისძიება მოსდევდა.
მთელი დღე იბრძოდნენ არშაკი და ადერკი. ვერცერთმა ვერ სძლია, დაიღალნენ და დაშორდნენ ერთმანეთს. დაბრუნდნენ თავ-თავიანთ ბანაკში. დაღამდა და დაისვენეს. დილიდან კვლავ გამოვიდნენ ერთმანეთთან საბრძოლველად მშვილდებით შეიარაღებულნი. ესროდნენ ერთმანეთს ისრებს. ორივე ცდილობდა, ისარი აეცდინა. ბოლოს, ესროლა ადერკმა ისარი და გაარტყა არშაკ მეფეს მკერდში. ვერ დაიკავა არშაკის საჭურველმა ადერკის მიერ ძლიერად ნასროლი ისარი, გაჰკვეთა საბედისწერო ისარმა იბერიის მეფის ჯაჭვ-საჭურველი, სხეული, ისევ ჯაჭვ-საჭურველი მეორე მხრიდან და გამოვარდა ისარი არშაკ მეფის ზურგიდან. ჩამოვარდა იბერიის მეფე ცხენიდან. გაიმარჯვა იბერიის მეფობის პრეტენდენტმა.
სწრაფად მოტრიალდა ადერკი, მიიჭრა სომეხთა ჯართან და დაიყვირა: „თქვენს ღმერთებს გაფიცებთ, ნუ იშიშვლებთ მახვილს ქართველების წინააღმდეგ, რადგან ჩემი თანამემამულეები არიან. ამიერიდან მე ვარ მათი მეფე, თქვენი ძალითა და თქვენი შეწევნით.“
ყურად იღეს არმენებმა ადერკის თხოვნა და არ დაძრულან საომრად ქართველების წინააღმდეგ.
მერე, თეიმურაზ ბაგრატიონის მიხედვით, ადერკი მიუახლოვდა იბერებს და უთხრა:
„ძმანო და ერთსისხლნო! თქვენ იცით, მე ვარ თქვენი მეფეების შთამომავალი და ბედმა მე მარგუნა მეფობა. არ მოვსულვარ თქვენთან საომრად. არამედ მოვედი მათთან საბრძოლველად, რომლებმაც მოკლეს პაპაჩემი, თქვენი კანონიერი მეფე. თქვენი წინაპრების განზრახვით კი არ მოიკლა პაპაჩემი, არამედ  უცხოელების მიერ. პაპაჩემთან ერთად დაიღუპნენ თქვენი პაპებიც. მე შური ვიძიე, ავიღე სისხლი ჩემი პაპისა და მასთან ერთად დაღუპულთათვის. ღვთის შეწევნით მოვკალი მოწინააღმდეგე, უმანკო სისხლის დაღვრისთვის ვაზღვევინე. თქვენი სისხლის დასაღვრელად არ მოვსულვარ აქ და არც რამე დანაშაული მიგიძღვით ჩემ წინაშე თქვენ. ამ მოკლე სიტყვით დავასრულებ. ახლა, როგორც თქვენ გნებავთ, ისე იყოს, რაც საჭიროა გააკეთეთ. თუ არ გსურთ ჩემი გამეფება, ჩემო ძმებო, მითხარით და მე ჩემი მხედრობით უკან გავბრუნდები, წავალ იქ, საიდანაც მოვსულვარ და თქვენ მშვიდობით დაგტოვებთ“.
ივერიელები გაოცებული დარჩნენ უფლისწული ადერკის სიბრძნითა და გონიერებით. მოითათბირეს, როგორ მოქცეულიყვნენ. მერე წინ წარდგნენ მეთაურები და უპასუხეს უფლისწულს:
„ვხედავთ ჩვენ, ჰოი ადერკ, სამსა ღირსებასა შენსა: პირველი ისაა, რომ ხარ ჩვენი მეფეების სისხლისა. მეორე, ხარ ძლიერი მეომარი. მესამე, სიბრძნე შენი ცხადად გამოჩნდა შენს სიტყვებსა და საქმეში და ვერავინ იქნება შენზე მეტად ღირსი ჩვენი ხელმწიფობისა!“
ჩამოხტნენ ქართველნი ცხენებიდან, დაეცნენ მუხლებზე და თაყვანი სცეს იბერიის ახალ მეფეს, ადერკს. იბერთა ჯარი, რანის სპარსული ჯარი და სომეხთა ჯარი მშვიდობიანად იდგნენ ერთად შეკრებილნი. მოიტანეს ქართველებმა არშაკის გვირგვინი, მიართვეს ახალ მეფეს, დაადგეს თავზე და წამოიყვანეს მცხეთაში მეფე ადერკი („მოქცევაÎ ქართლისაÎს“ მიხედვით როკი).
скачать dle 11.3