№5 ჩანერგილი აგენტი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹52-4(891)
– ოცი მილიონი დოლარი? – თქვა საბაშვილმა და ხმალაძეს გაოცებული მზერა ესროლა.
– კი, ოცი მილიონი, – თავი დააქნია გამწარებულმა პოლკოვნიკმა, – გველი გვყოლია უბეში და არ ვიცოდით. ერთ საათში მთელი განყოფილება ჩემთან ვიკრიბებით. კერესელიძე ქვეყნიდან ვერ უნდა გავიდეს. მის ასაყვანად დეტალური ღონისძიებების გეგმა უნდა შევიმუშაოთ, რომ ხელიდან არ დაგვისხლტეს.
– სამწუხარო რამ მოხდა, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ამას.
– კოშმარი მაგ ნაბიჭვარს უნდა მოვუწყოთ და ყველაფერზე პასუხი ვაგებინოთ.
– ღირსია, ღირსი, მაგრამ ამის გაკეთება არც იოლი იქნება, მერაბ. კერესელიძე, ჩვენი საუკეთესო, უმაღლეს დონეზე მომზადებული აგენტი იყო და მისი მოხელთება საკმაოდ რთული საქმეა. რომც მივაგნოთ, ცოცხალი არ ჩაგვბარდება.
– არ ჩაგვბარდება და ადგილზე მოვახდენთ ლიკვიდაციას. ცოფიან ვირთხასავით გავუჭეჭყავთ თავს. მიუგო ხმალაძემ საბაშვილს და დააყოლა, – ბიჭებს შეტყობინებები გაუგზავნე, რომ არ დააგვიანონ. სასურველია, ცოცხლად ავიყვანოთ და კარგად უნდა დავგეგმოთ ყველაფერი.
საბაშვილთან საუბრის შემდეგ, თემური მცხეთაში დაბრუნდა. მანქანა ავტოფარეხში დააყენა და კარი ჩაკეტა. მანამდე კი, ტელეფონი მტკვარში გადააგდო სიმბარათიანად. მაიორი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ძალიან გამოცდილი ოპერატიული აგენტი იყო. მან მშვენივრად იცოდა, რომ საქართველოს ყველა სერიოზული ძალოვანი სტრუქტურის ქვედანაყოფები მას ეძებდნენ. კარგად უწყოდა, რომ ამ პროცესში ყველა უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებდნენ. მას მობილურის სიგნალითაც მოძებდნიდნენ და ტელეფონი დედაქალაქშივე მოიშორა, რომ მაძებრებს მისი კვალისთვის არ მიეგნოთ და კუდზე არ დასხდომოდნენ. ოთახში რომ შევიდა, შეყვარებულს გაუღიმა. შუბლზე აკოცა. თმებზე მოეფერა და ჰკითხა:
– ხომ არ მოიწყინე, საყვარელო?
მირანდამ ნაღვლიანად გაუღიმა თემურს და უთხრა:
– მოსაწყენად მაქვს საქმე, რა დღეში ვართ?
– შეშინდი, ძვირფასო?
– შენთან რომ ვარ, არაფრის მეშინია, თემო. უბრალოდ, გაურკვევლობა მთრგუნავს. ვხედავ, რომ კარგი არაფერი ხდება, მაგრამ რაშია საქმე, არ ვიცი.
– ყველაფერს მოგიყვები, საყვარელო და თვითონ მიხვდები, რა ულმობელია ეს ცხოვრება და როგორი ნაძირალა შეიძლება, გამოდგეს ის, მრავალი წლის განმავლობაში საუკეთესო მეგობრად რომ მიგაჩნდა. საკუთარი თავივით ენდობოდი და ის კი, მოღალატე ვირთხა ყოფილა თურმე.
– გისმენ, – თქვა მირანდამ და თემურს მიაპყრო მზერა.
მაიორმა თხრობა საიდუმლო განყოფილებაში მუშაობის ისტორიით დაიწყო. შემდეგ, ყველაფერი თანმიმდევრულად განუმარტა საცოლეს და რომ დაასრულა, გააბოლა.
მირანდა, ერთხანს გარინდული იჯდა და ფიქრობდა. ბოლოს კი თემურს უთხრა:
– შენც ადექი და ყველაფერი დაწვრილებით მოუყევი შენს უფროსს. ამხილე ეს ნაძირალა საბაშვილი.
მაიორს გაეცინა. თავი გააქნია და საცოლეს უთხრა:
– გვიანია, მირანდა. არავინ დამიჯერებს. საბაშვილმა დამასწრო და ისე სუფთად გამიჩალიჩა ყველაფერი, რომ წყლიდან მშრალი ამოვიდა. მე კი ჭაობში ვარ და თუკი ვინმე სერიოზული მაძებარია ქვეყანაში, ყველა ჩემს კუდზე დაჯდომას ცდილობს.
– რას აპირებ მომავალში, თუ მართლა ისეა საქმე, როგორც შენ ამბობ?
– ჯერ არ ვიცი, საყვარელო. ყველაფერი დაწვრილებით, საგულდაგულოდ უნდა ავწონ-დავწონო და ისე ვიმოქმედო. კარგი იყო, საბაშვილი ჩამეგდო ხელში და ხმალაძესთან მიმეთრია. ხორხელი, ხორავა და ბანკის მმართველი კი, ვიდეოფირზე ჩამეწერა, მაგრამ არ გამოვიდა. საბაშვილმა მოწმეები დახოცა. ყველაფერი მე მბრალდება და ახლა ყველა ფიქრობს, რომ ეს საშინელება ოცი მილიონი დოლარის გამო ჩავიდინე.
– ფულს რომ მიუტან, არც მაშინ დაგიჯერებენ? – უთხრა მირანდამ თემურს.
– დარწმუნებული ვარ, რომ არა, – თავი გააქნია თემურმა, – საბაშვილი თუ ვერ გამოვააშკარავე, რაც არ უნდა ვქნა, მაინც არ დამიჯერებენ.
– როგორ უნდა გამოააშკარავო ის გარეწარი? საბაშვილი ახლა უფრო ფრთხილად იქნება – უთხრა მირანდამ საქმროს.
– ჯერ არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა თემურმა და ჩაფიქრდა.
***
მერაბ ხმალაძესთან მთელი საიდუმლო განყოფილება იყო შეკრებილი და სულგანაბული უსმენდნენ პოლკოვნიკის საუბარს, რომელიც ემოციურად მოუწოდებდა ხელქვეითებს მაიორ თემურ კერესელიძის დაპატიმრებისკენ. ხმალაძეს თვალები უელავდა და თემურის ყოველ ხსენებაზე უხამს სიტყვებს ამატებდა მის სახელს. ბოლოს კი ასე დაასრულა:
– მოკლედ, ასე, ძმებო! ეგ ნაბიჭვარი ახლა მარტოხელა, დევნილი მგელივითაა და ასე ადვილად არ ჩაგვბარდება. მთავარია, მოვძებნოთ და თუკი არ ჩაგვბარდა, გიბრძანებთ, ადგილზევე გაანადგუროთ.
თათბირი რომ დასრულდა, დაიშალნენ და რადგან ინდივიდუალური დავალებები ჰქონდათ მიღებული, შესრულებას შეუდგნენ. მათ შორის იყო მაიორი ვაჟა გოგელიაც, რომელსაც მირანდას კვალზე დადგომა დაავალეს, რადგან ხმალაძე ვარაუდობდა, რომ თემური საცოლეს გამოიყენებდა საქმეში. ამიტომ კერესელიძის მოხელთების ერთ-ერთ გზად სწორედ მირანდა ქურციკიძის პოვნა მიაჩნდა. მაიორი გოგელია, პეტრე კაკაბაძის შემდეგ, თემურის ყველაზე ახლო მეგობარი იყო ჩანერგვის განყოფილებაში. თავიდან მას არ სჯეროდა თემურის „თხუნელობის” ამბავი და სასაცილოდაც არ ყოფნიდა. მან თქვა კიდეც – აქ, ვფიქრობ, სხვა რამეშიაო საქმეო. თუმცა, ხმალაძემ და საბაშვილმა თითქმის დაარწმუნეს გოგელია თემურის გარეწრობაში და ვაჟა გულისტკივილით შეუდგა დავალების შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ გოგელია დარწმუნებული იყო, მირანდა სახლში აღარ გამოჩნდებოდა, მაინც სცადა ამის გადამოწმება. ჯერ თავისი ბინისკენ გაემართა, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა, შემდეგ კი, დავალების შესასრულებლად აპირებდა წასვლას. გოგელიამ მანქანა ეზოში გააჩერა, სადარბაზოში შევიდა და ლიფტი გამოიძახა. ამ დროს იგრძნო, რომ ვიღაც დაჟინებით უმზერდა. შეტრიალდა და გაოცებისგან გაშეშდა. მის პირისპირ მირანდა ქურციკიძე იდგა. ქალმა ყურადღებით შეათვალიერა მაიორი და ჰკითხა:
– მაიორი ვაჟა გოგელია ბრძანდებით?
გამოცდილი ოპერი მიხვდა, რომ ქალი თემურის გამოგზავნილი უნდა ყოფილიყო და კითხვითვე უპასუხა:
– თქვენ კი მირანდა ქურციკიძე, ხომ?
– დიახ.
– თემურმა გამოგგზავნათ?
– დიახ.
– სადაა, ახლა ის?
– წარმოდგენა არ მაქვს. ორი ღამე ჩემს აგარაკზე გავათენეთ. შემდეგ, თემური სადღაც წავიდა, თან მითხრა: რომ არ გეცოდინება სად ვარ, ვერც ჩამიშვებო. წასვლის წინ კი მთხოვა, თქვენ მენახეთ.
– აი, აქ ვარ. თქვით, რა დაგაბარათ ჩემთან თემურმა.
– მარტო ცხოვრობთ?
– დიახ.
– მაშინ ჯობია, ბინაში ავიდეთ და იქ დავილაპარაკოთ.
– კეთილი. ასე იყოს, – მიუგო გოგელიამ მირანდას და ისინი მეექვსე სართულზე ავიდნენ ლიფტით.
ვაჟამ კარი გააღო და მირანდა წინ გაუშვა, თვითონ კი უკან მიჰყვა. ამ დროს კეფაზე პისტოლეტის ლულა მას თემურმა მიადო და ხმადაბლა, მშვიდად უთხრა:
– წყნარად შედი და ზედმეტი მოძრაობა არც კი გაიფიქრო. სამტროდ არ მოვსულვართ და შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს.
ბინის პატრონი, სასტუმრო ოთახის სავარძელში ჩაეშვა და თემურს ირონიით უთხრა:
– თუ სამოყვროდ ხარ მოსული, რკინას რატომ მადებ კეფაზე?
– ასე რომ არ მოვქცეულიყავი, იქით დამადებდი რკინასაც და ხელბორკილებსაც. შემდეგ არც მომისმენდი, ისე წამათრევდი საბაშვილთან და ჩემს თავს ჩააბარებდი.
– მაინც რა გინდა, რისთვის მოხვედი აქ?
– შენი დახმარება მჭირდება.
– რაში, ოც მილიონ დოლართან ერთად რომ გაგაპარო საქართველოდან? – დამცინავად მიუგო გოგელიამ.
– მაგას, არც ვაპირებ.
– აბა, რა გინდა?
– იმის დამტკიცება, რომ მართალი ვარ და ყველაფერი გამიჩალიჩეს.
– ესე იგი, გაგიჩალიჩეს.
– კი.
– უნდა დაგეხმარო სიმართლის გარკვევაში?
– ჰო.
– როგორც მეგობარი, მეგობარს, ხომ?
– ჰო.
– ჰოდა, თუ მეგობართან მოხვედი, მაშინ ეგ ზარბაზანი შეინახე და ისე დამელაპარაკე.
თემურმა პისტოლეტი ვაჟა გოგელიას წინ დაუდო პატარა მაგიდაზე და უთხრა:
– აი, ძმაო, იარაღს მანდ ვდებ და ახლა ყურადღებით მომისმინე, – თემურიც, მერაბის წინ ჩაჯდა სავარძელში და სიგარეტი ამოიღო, რომ გაებოლებინა.
გოგელიამ მომენტით ისარგებლა. თემურის პისტოლეტს ხელი სტაცა, სავარძლიდან წამოხტა, მიუშვირა და უთხრა:
– ხელები მაღლა და არ გაინძრე. ახლა კანტორაში წამოხვალ ბრასლეტდადებული და იქ იმართლე თავი.
– ვაჟიკო, გაგიჟდი? კანტორაში რომ მიმიყვანო, არავინ არაფერს დამიჯერებს და, თუ არ მომკლეს, უკეთეს შემთხვევაში, სამუდამოდ ჩამსვამენ ციხეში – უთხრა თემურმა გოგელიას და სავარძლიდან წამოდგა.
– არ გაინძრე, იცოდე, თორემ არ დაგინდობ და გესვრი.
– ვაჟიკო, ჩვენ ხომ ძმაკაცები ვართ.
– ძმაკაცი იყო პეტკაც, მაგრამ თხასავით გაყიდე. არ გაინძრე.
თემურმა ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს იარაღის ამოღება უნდოდა. ვაჟა გოგელიამ კი სასხლეტს გამოჰკრა თითი, რომ ფეხში დაეჭრა თემური, მაგრამ მხოლოდ ჩხაკუნის ხმა გაისმა.
– შენ იფიქრე, რომ დატენილი იარაღი დამიდოო, ხომ? – ირონიით თქვა თემურმა. ქამრიდან შეყენებული პისტოლეტი ამოიღო. გოგელიას მიუშვირა და დააყოლა – ეს კი ნამდვილად დატენილია და იმედი არ გქონდეს, ისევ მაგიდაზე დაგიდებ. მადლობელი ვარ, რომ სასიკვდილოდ მაინც არ გამიმეტე და ფეხში მესროლე.
– რა გინდა, თემო? რაში გჭირდება ეს ცირკი? – თქვა გაბითურებულმა გოგელიამ და გააბოლა.
– გამოგცადე.
– მერე და რა დასკვნა გამოიტანე?
– ის, რომ ტვინის განძრევა არ გინდა.
– მიდი, გამანძრევინე ტვინი.
თემურს ჩაეცინა. პისტოლეტის სასხლეტი დაუშვა. შემდეგ მჭიდი გამოიღო და გოგელიას ტყვიები დაანახვა. მჭიდი უკან დააბრუნა და იარაღი გადატენა. ადგა. პისტოლეტი გოგელიას ჩაუდო ხელში, უკან დაბრუნდა, სავარძელში მოკალათდა და უთხრა:
– აი, ახლა კი ნამდვილად შეგიძლია ჩემი კანტორაში ძალით წაყვანა სცადო, მაგრამ გარწმუნებ, არსად წამოგყვები და აქვე მესროლე.
გოგელიამ, პისტოლეტის სასხლეტი დაუშვა. იარაღი თემურს გადაუგდო და უთხრა:
– აბა, თქვი რაშია საქმე და რით უნდა დაგეხმარო?
თემურს გაეცინა. იარაღი შეინახა და გოგელიას უთხრა:
– ვაჟიკო, მე შენ ახლა ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები და შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ, როგორ ვიმოქმედოთ.
თათბირიდან წამოსულმა ანზორ საბაშვილმა რამდენიმე ცრუ მანევრი გააკეთა მანქანით და როცა დარწმუნდა, არავინ უთვალთვალებდა, თავის ახალი, ფეშენებელური ბინისკენ გაემართა. მანქანა ხუთასიოდე მეტრში მდებარე ავტოსადგომზე გააჩერა და გზა ფეხით განაგრძო. ბინაში რომ ავიდა, საიდუმლო სეიფიდან ორი მილიონი დოლარი, ორი ოქროს საკრედიტო ბარათი, ძვირფასი სამკაულები და ორი უცხოური პასპორტი გამოიღო. ყველაფერი ტყავის საკვოიაჟში მოათავსა. პასპორტებში მისი სურათები იყო ჩაკრული, მაგრამ ორი სხვადასხვა გვარი ეწერა. შემდეგ, საკვოიაჟთან ერთად გარეთ გავიდა და ნულოვან სართულზე დაეშვა. იქ კი ახალთახალ „ბეემვეს ჯიპში” ჩაჯდა, რომლის არსებობის შესახებ მხოლოდ მან იცოდა და ქალაქში გავიდა. ოციოდე წუთის შემდეგ, ვიცე-პოლკოვნიკი ვაკის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში შევიდა. საკვოიაჟი მაგიდაზე დადო და ოციოდე წლის ტანწერწეტა, გამომწვევად ჩაცმულ გოგონას უთხრა:
– მზად ხარ?
– თითქმის, – მიუგო გოგონამ და ახალმოსულს მაცდურად გაუღიმა, თან საძინებელზე ანიშნა – ხომ არ გვესარგებლა?
– ახლა ჟიმაობის დრო არაა, ფისუნი. რომ ჩამოვალ, ამის მეტს რას გავაკეთებთ. შენ კი მალე ჩაიცვი და წავედით. ინსტრუქტაჟი უნდა ჩაგიტარო.
– მიყვარს ინსტრუქტაჟს რომ მიტარებ, საყვარელო, – მაცდურად თქვა გოგონამ. შიშველი, გრძელი მარცხენა ფეხი წელზე შემოხვია საბაშვილს და სქელი ტუჩებით საკოცნელად გაიწია მისკენ.
– ამის დრო არ არის-მეთქი, – კბილებში გამოსცრა საბაშვილმა და გოგონა ძალით მოიშორა, თან დაამატა, – ჩქარა ჩაიცვი, გვაგვიანდება. საღამომდე უნდა გადაკვეთო საზღვარი და ადგილზე შუაღამემდე ჩახვიდე.
– უხეშო სახედარო, – თქვა გოგონამ და საძინებელში შევიდა.
ოცი წლის ჟანა რეიერი საბაშვილის საყვარელი იყო. ვიცე-პოლკოვნიკმა მასთან რომანი ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ გააბა, როცა უდედმამო, ბებიასთან მცხოვრები, სამოდელო სააგენტოს მოსწავლე „დააბა” და ლოგინში ჩაიგორა. ბებია რომ გარდაეცვალა, ჟანა უსახსროდ დარჩა და ნაქირავები ბინიდან წამოვიდა. თუმცა, საბაშვილმა მას ვაკეში უქირავა ბინა და იქ აკითხავდა თავის ფისოს, რომელიც საბაშვილს ყველა სექსუალურ სურვილს უსრულებდა და ჭკუიდან გადაჰყავდა მასზე ბევრად უფროსი ანზორი. ასეთი ურთიერთობის მიუხედავად, ანზორი მაინც ძალიან ფრთხილობდა ჟანასთან და თავის საქმეებზე არ ელაპარაკებოდა. ფისომ, მხოლოდ ის იცოდა საყვარელზე, რომ ბიზნესმენი იყო და „ფულს აკეთებდა.” ჟანას კი კარგი ცხოვრება უყვარდა და მეტი რა უნდოდა. ანზორს, უბრალოდ, ლოგინში უწვებოდა და მასთან სექსი და არა სიყვარული აკავშირებდა. ამიტომ, მზად იყო, ნებისმიერ დროს შეეცვალა პარტნიორი. თუკი მასზე მდიდარი და უკეთესო კაცი გამოუჩნდებოდა, საბაშვილი მყისვე მიეტოვებინა. მას მერე, რაც ანზორ საბაშვილს ჩაფიქრებული კომბინაცია ჩაეშალა და ოცი მილიონი დოლარი ხელში ვერ ჩაიგდო, საქართველოდან გაქცევის იდეა დაებადა. ვიცე-პოლკოვნიკმა იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, მაინც გაიშიფრებოდა. თანაც, თემურის შურისძიების ეშინოდა და თადარიგი წინასწარ დაიჭირა. ჟანას უცხოური პასპორტი გაუკეთა და მთელი თავისი ქონება მოკრიბა, რომ გოგონა თურქეთში გაეშვა „ბეემვე იქს 6-ით.” თუკი თავადაც სასწრაფოდ, გასაქცევად ექნებოდა საქმე, უკვე მესამე ყალბი პასპორტით, რომელიც მუდამ ჯიბეში ედო, მშვიდად გაეცლებოდა აქაურობას და ანტალიაში ჩააკითხავდა თავის ფისოს. სწორედ ანტალიაში გზავნიდა ჟანას ანზორი. ფულითა და ძვირფასეულობით გატენილი საკვოიაჟი „ჯიპის” საბარგულის ოსტატურად მოწყობილ ორმაგ ფსკერზე უნდა დაემალა და ამგვარად გასულიყო სამშვიდობოზე მისი ქონება. ოქროს ორ საკრედიტო ბარათზე ანზორს სამას-სამასი ათასი დოლარი ჰქონდა შენახული და დარწმუნებული იყო, რომ გაქცევის შემდეგ, არხეინად იცხოვრებდა თავის საყვარელთან ერთად, სადმე, ეგზოტიკურ და შორეულ ქვეყანაში.
გაგრძელება შემდეგ ნომერში