№5 საყვარელმა გოგომ მეგობართან მიღალატა
ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ და ვინც მიყვარს, თვალდახუჭული ვენდობი. სულ ვამბობდი, რა სისულელეა, რომ ეჭვიანობენ საყვარელ ადამიანზე და აკონტროლებენ, უმოწმებენ ტელეფონსა და სოციალურ ქსელს-მეთქი. თურმე, ვცდებოდი. ნატა ორი წლის წინ გავიცანი და საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა, მეგობრული. მერე, მივხვდით, რომ ეს ურთიერთობა მეგობრობას გასცდა და შეყვარებულები გავხდით. რამდენიმე თვეში, მინდოდა, ცოლობა მეთხოვა და ამ დღისთვის ორიგინალურად ვემზადებოდი. მაგრამ, შემთხვევით, ნატას ტელეფონში მისი მესიჯები ვნახე და შევეჭვდი. ჩემს მეგობართან ჰქონდა მინაწერი. თუმცა, ზოგი მესიჯი წაშლილი იყო და ცოტა დავეჭვდი, ხომ არ ვცდები-მეთქი. რამდენიმე დღე ვიფიქრე, როგორ გამომეტეხა ნატა და სახლში ავაკითხე. მისაღებ ოთახში კომპიუტერი ჩართული ჰქონდა. ვთხოვე, ყავა მომიდუღე-მეთქი და სამზარეულოში რომ გავიდა, მისი სოციალური ქსელი გადავამოწმე. თმა ყალყზე დამიდგა. ჩემს უბნელ თენგოსთან, რომელთანაც ვმეგობრობდი, ისეთი მიმოწერა ჰქონდა, გადავირიე. ჭკუიდან გადავდექი და მივხვდი, ჩემს ჩუმად ხვდებოდნენ და ერთადაც იყვნენ. ნატა განათხოვარია, არ გაუამრთლა პირველად და ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ჩემი მშობლებიც კი, რომლებიც განათხოვარი რძლის წინააღმდეგი იყვნენ, შემოვაბრუნე და დავითანხმე. მაგრამ, სანაცვლოდ რა მივიღე გოგოსგან, რომლისთვისაც სიცოცხლესაც კი დავთმობდი? – ღალატი ჩემს უბნელ თენგოსთან. მართალია, უახლოესი ძმაკაცები არ ვართ, მაგარამ ბავშვობიდან ვიცნობ და ვმეგობრობ მასთან. ნატაზე რომ ვკითხე, შეცბა, არ იცოდა, რა ეპასუხა. ერთი კი მითხრა, ეგ გოგო არ არის შენი შესაფერისი, ძმაო, მასთან სერიოზულ ურთიერთობას არ გირჩევო. არ დაუმალავს ნატასთან ურთიერთობის ამბავი. უბრალოდ, მითხრა, არ ვიცოდი, მაგ გოგოსთან თუ სერიოზული ურთიერთობა გქონდა, მეგონა, განათხოვარი რომ იყო, მაგ „პონტში ეჩალიჩებოდიო“. რა მნიშვნელობა აქვს? თუნდაც ასე ყოფილიყო. თუ ძმაკაცი ხარ, არ უნდა იკადრო ასეთ გოგოსთან ურთეირთობის გაბმა. მეგობრის გვერდის ავლით. თავი ვერ შევიკავე და თენგო ვცემე. ძლივს გამომგლიჯეს ბიჭებმა ხელიდან. ნატას კი, არ ვიცი, რა პასუხი გავცე. შურისძიების სურვილი მკლავს. გოგოს ხელს ვერ დავარტყამ, სიტყვით კი ვაკადრე ისეთი რამ, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე საყვარელ გოგოს ვეტყოდი, თუნდაც ყოფილს. ეს ამბავი ჩემმა მშობლებმაც გაიგეს და მითხრეს: ხომ გეუბნებოდით, არ უნდა შეგეყვარებინა განათხოვარი გოგოო. ცუდია, ყველა განათხოვარზე ასე რომ ფიქრობენ, მაგრამ ფაქტია, ნატას მერე, ასეთი გოგო აღარ მინდა. მირჩევნია, დარწმუნებული ვიყო, რომ მისთვის პირველი ვარ და ჩემი ერთგული იქნება. საინტერესოა, რატომ გამიკეთა ნატამ ეს? იქნებ იმის გამო, რომ მასთან დაწოლას არ ვჩქარობდი. მინდოდა, ცოლად მომეყვანა და მერე ვყოფილიყავით ერთად. ესეც, მის გამო გავაკეთე, თორემ ბევრჯერ ყოფილა მომენტი, შემეძლო, მასთან ყოფნა. ვერ ვხვდები, სად დავუშვი შეცდომა. იქნებ მასთან რომ ვყოფილიყავი, არ მიღალატებდა? არ ვიცი, გაურკვევლობაში ვარ. მაგრამ, ერთი რამ გავიგე, რომ ცხოვრებაში ქალს არ უნდა ენდო. სულ უნდა აკონტროლო და ყოველი ნაბიჯი უმოწმო. არ ვიყავი ასეთი, მაგრამ ცხოვრებამ გამხადა.
აჩიკო, 26 წლის.