კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 როგორ გადაეფარა ფეხბურთელი, გმირი იუნკერი შალვა ერისთავი ტყვიამფრქვევს და რატომ უყვარდა მის ოჯახში სტუმრობა ილია ჭავჭავაძეს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

დღევანდელი პარლამენტის შენობის ქვეშ, დღემდე განისვენებს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში დაღუპული ათი იუნკერი, 20 წლის მოწყალების და მარო მაყაშვილი და მათგან ერთ-ერთი, ტყვიამფრქვევისგან დაფლეთილი შალვა ერისთავი. სამწუხაროდ, დღემდე არ გახმაურებულა იუნკერ შალვა ერისთავის გმირობა, რომელმაც, წითელარმიელ მატროსოვამდე ოცი წლით ადრე, ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, საკუთარი სხეულით დაფარა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ლულა. იუნკერ შალვა ერისთავზე მაშინ ყველა ლაპარაკობდა მაგრამ, ძალიან ცოტა ხანს, რადგან მერე, ტერორის დროს, შალვა ერისთავის კი არა, ღვიძლი შვილებისა და მამების ხსენება ეკრძალებოდათ. შალვას ხსენებაც მოისპო... ამიტომ აღარავინ ლაპარაკობდა გულდიდ ვაჟკაცზე, თავისი ოჯახის გარდა.
1921 წლის 17 თებერვალს, იუნკრები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად, დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დავალება მისცა იუნკრებს: კოჯრისა და შავნაბადის მონასტერს შორის გაშლილ ფრონტზე მოწინააღმდეგე უნდა შეეჩერებინათ. საუბედუროდ, რაოდენობრივად მეტისმეტად მცირე ძალა უნდა დაჰპირისპირებოდა მე-11 არმიას. მაგრამ, გენერალ კვინიტაძეს არჩევანი არ ჰქონდა, რეზერვი არ ჰყავდა. იმის იმედითღა იყო, რომ ფიზიკურად ძლიერი და სულიერად გაუტეხელი ახალგაზრდები შეუძლებელს შეძლებდნენ. სამი დღე იბრძოდნენ თავგანწირვით იუნკრები, მხოლოდ მესამე დღეს გამოჩნდა მაშველი თბილისიდან – გვარდიელთა რაზმი და მოხალისე თბილისელები. ამით გამოწვეული სიხარული მალევე ჩაიფერფლა, როცა დამხმარე ძალამ ფრონტის ხაზი მიატოვა და  თავქუდმოგლეჯილმა მოკურცხლა თბილისისკენ. იუნკრებმა ზედიზედ, რამდენიმე იერიში მოიგერიეს, ბაქოელ კურსანტებს კუდით ქვა ასროლინეს. არც ბოლშევიკებს დაადგათ კარგი დღე. იმდენი მოახერხეს, იერიშზე გადავიდნენ და მნიშვნელოვანი მაღლობები გაათავისუფლეს.
შალვა ერისთავის გმირობა
– კიდევ ერთი შეტევაც, ცოტაც უნდა გავძლოთ, ბიჭებო! - ამხნევებდნენ ერთმანეთს. რაც უფრო დიდი იყო მსხვერპლი იუნკრებისა, მით უასმაგდებოდათ ბრძოლის ჟინიც. ერთი ის სიმაღლეც ააღებინა იუნკრებს, რუსული ტყვიამფრქვევი რომ შემოუყენებიათ ბოლშევიკებს და მერე პოზიციები ისე ექნებათ გამაგრებული, იმედიც იათმაგებს! რუსული ტყვიამფრქვევის კაკანი არ წყდებოდა, ქართველების სანგრებიდან კი კიდევ უფრო მეჩხერდებოდა ცეცხლი. ლოდინის დრო არ იყო და მოიერიშეებს სწორედ მაშინ გამოეყო  ლამაზი, მხედრული აღნაგობის იუნკერი, მაშინდელ თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი. მან მოულოდნელად, თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, ისე თამაშ-თამაშით გასწია გარდაუვალი სიკვდილისკენ, თითქოს ომში კი არა,  ლხინში მიდიოდა. გაუცინა კიდეც ქვემოთ დარჩენილებს: ნუ გეშინიათ, ბიჭებოო... შალვა ერისთავს ასე სწრაფად არასდროს ურბენია. მან იცოდა, რომ ეს მისი უკანასკნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი გარბენა იყო. ამჯერად ყველაზე ძლევამოსილ მოწინააღმდეგეს ეჯიბრებოდა და დისტანციის, გვარიანად დამრეცი ფერდობის ბოლოს, ტყვიამფრქვევი ელოდებოდა – წოწოლაქუდიანი გადამთიელის ხელში აკანკალებული „მაქსიმი“, რომელიც უმოწყალოდ უქადდა მოცელვას მის თანამებრძოლებს. ამ იარაღის ცხელ ლულას უნდა დასჯახებოდა მკერდით, ზედ გადაფარებოდა და საიმედოდ დაეგმანა, რათა ფრენა ვეღარ გაეგრძელებინა, გარეთ ვეღარ გამოეღწია ვერცერთ ტყვიას... ტყვიითა და ხიშტით განგმირა შემოგებებული გაოცებული მტერი და საკუთარი სხეულით დაფარა და დაადუმა ტყვიამფრქვევ „მაქსიმის” ლულა. შალვა ერისთავის ეს გმირობა იმ დღეებში მთელ საქართველოს მოედო. მოგვიანებით კი, მას მხოლოდ ქართული ემიგრაციის წრეებში იხსენებდნენ. საბჭოთა პროპაგანდამ ოცი წლის შემდეგ, მთელ მსოფლიოს მოსდო წითელარმიელ მატროსოვის ანალოგიური თავდადება.  26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველი გმირების გვამები ესვენა, უკან კი, ნელი ნაბიჯით, მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. „ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისთვის ხელი შეეშალა”, იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.
ოჯახი
22 წლის იუნკერი შალვა ერისთავი, ახალგორელი კოლა ერისთავის ვაჟი, თბილისელებისთვის კარგად ცნობილი, პირველი ფეხბურთის მოთამაშე და მორბენალი გახლდათ. ოჯახში ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ, ამზადებდნენ, რომ სამშობლოსთვის სიცოცხლე ლაღად დაეთმო... დათმო კიდეც. მისი ძმის, ახალგაზრდობაშივე გარდაცვლილი გიგუშას ნათლია დიდი ილია ჭავჭავაძე იყო.  ილიას ძალიან ჰყვარებია მათთან სტუმრად მისვლა. თურმე კოლას მეუღლის, ტასო ციციშვილის მომზადებულ ლობიოს ხშირად ნატრობდა. მეჩვიდმეტე საუკუნის უნიკალური ძეგლი – ახალგორის სასახლე მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში შეაკეთებინა დავით ერისთავმა. მაშინ დაადგეს სასახლეს ზედა – ევროპული ნაწილი, სადაც სამი დარბაზი სწორედ იტალიელ მხატვრებს მოახატვინეს. ამ სასახლეში იზრდებოდა გმირი იუნკერი, შალვა ერისთავი. ახალგორის ტერიტორიაზე ქსნის ერისთავთა დიდებული სასახლე დღეს ოკუპანტების ხელშია. სეპარატისტების თქმით, ამ ტერიტორიაზე ქართული კვალი საერთოდ არ არის, ქსნის ერისთავებიც, როგორც თამარ მეფის შთამომავლები, თურმე ოსები იყვნენ.  ტაბახმელასთან დატრიალებული ტრაგედია მალევე გაუგია კოლა ერისთავს. ერთადერთი ვაჟის დაკარგვით თავზარდაცემულ მამას შვილის მეგობრები დასდგომიან გვერდით და დიდი გმირობისა და გამბედაობის ფასად,  ცხედრის გამოსასვენებლად წასულან. ყველაფერი საიდუმლოდ ხდებოდა. ცხედარი ტომრით გამოუპარებიათ. მამაკაცებს გაჰყოლია შალვა ერისთავის  და – თამარი და შალვას საცოლე – ანა ვასილევა. გმირი იუნკერი ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს ჩუმად, დანიელ ჭონქაძის გვერდით. ოჯახს უფლება არ მისცეს, რაიმე ნიშანი დაედო. არც გაუპროტესტებიათ, თავადაც შიშობდნენ, ბოლშევიკებს ცხედარი არ ამოეთხარათ მიწიდან. ვიდრე კოლა ერისთავი ცოცხალი იყო, არაერთხელ უკურთხებინებია ეს საფლავი.
სიყვარულის ისტორია
იმ წლის ბოლო თამაში გვიან შემოდგომაზე გაიმართა. ფოთელ მეზღვაურებს ერკინებოდნენ  „შევარდენის“ ბიჭები, რომელთა დევიზი: „ვგუშაგობ ერს“ პირზე ეკერა ყველა თბილისელ სტუდენტსა და გიმნაზიელს. ყოჩაღი იუნკერი „შევარდენის“ მაისურით დაჰქროდა გადაყვითლებულ, ალაგ-ალაგ მოტიტვლებულ მოედანზე. მის გუნდსა და თავად მას ადრინდელზე მეტი ხალხი გულშემატკივრობდა. მათ შორის, გამოირჩეოდა ქერათმიანი, სიფრიფანა გოგონა, კალთებზე ბეწვშემოყოლებული „პელერინით”, რომელიც ხელთათმანიანი ხელებით უკრავდა ტაშს და აღტაცებისგან დრო და დრო ხტოდა... უზომოდ ჰყვარებიათ ერთმანეთი, დღეებს ითვლიდნენ, როდის გახდებოდა ტფილისელი ანა ვასილევა, დედით სიდამონ ერისთავების ჩამომავალი, ქსნის ერისთავების რძალი… არ დასცალდათ... ამბობენ, ანა სიკვდილამდე ატარებდა შალვა ერისთავის სიყვარულს და უკვე მოხუცი, აგონიაშიც თურმე მხოლოდ მის სახელს ახსენებდა.
скачать dle 11.3