№5 კრაზანის დახმარებით უამრავი დაავადების მკურნალობა შეგიძლიათ
კრაზანა შეიცავს ტოკოფეროლებს (ვიტამინი E, რომელიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს), ჰიპერიცინსა და ჰიპერფორინს (ამ ნივთიერებებს ანტიდეპრესიული მოქმედება ახასიათებს), მთრიმლავ ნივთიერებებს (ეხმარება ჭრილობებს ინფექციებისგან გაწმენდაში, ხსნის ანთებით პროცესებს), კაროტინს (პროვიტამინს A-ს წინამორბედი, აუცილებელია, თვალების სწორად მუშაობისთვის, კანის უჯრედების განახლების, ორგანიზმის ვირუსებისა და ბაქტერიებისგან დაცვისთვის), ნიკოტინის მჟავას (აუცილებელია გულისა და ნერვული სისტემის სწორი მუშაობისთვის), ჰიპეროზიდსა და რუტინს (ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს), ფიტონციდებს (მცენარეული „ანტიბიოტიკი“, აქვს მძლავრი ანტიმიკრობული ზემოქმედება), საპონინებს, ვიტამინებს P, PP, C, ფლავონოიდებს, აზულენს, ინვერტულ შაქარს და სხვა.
კრაზანას ნაყენს იყენებენ, როგორც გამოსავლებ საშუალებას, გინგივიტების და სტომატიტების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, ხოლო საფენების სახით, ჭრილობების მოსაშუშებლად. აგრეთვე, პირის ღრუში ცუდი სუნის შემთხვევაში.
კრაზანას ხმარობენ ნაღვლსადენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის, ჰეპატიტების, ქოლეცისტიტის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიის, გასტრიტების, მეტეორიზმის, თირკმლის დაავადების, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქალური დაავადების, ჩირქის, წყლულების, კანზე გამონაყრისა და სხვა დაავადებების დროს. მწვანე მცენარეს ხელში სრესენ და გარედან იდებენ დაჟეჟილობის დროს და სისხლისდენის შესაჩერებლად.
კრაზანის ნაყენის მისაღებად აიღეთ 10 გრამი (1,5 სადილის კოვზი) ბალახი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავსახური, ადუღეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას, არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ ქალის სასქესო ორგანოების ანთების, შარდის ბუშტის, თირკმელებისა და შარდსადენი გზების დაავადების დროს.
სამედიცინო თვალსაზრისით, ძირითადად გამოიყენება კრაზანის ფოთლები და ნორჩი ყლორტები. ფესვები გამოიყენება ტუბერკულოზისა და დიზენტერიის დროს.
კრაზანის ხალხურ მედიცინაში იყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: გასტრიტი, კუჭის მომატებული მჟავიანობა, ნაღვლის ბუშტში კენჭები, ანთება, ჰეპატიტები, მათ შორის, – ვირუსული; ართრიტები, ტკივილი სახსრებში, კანის ინფექციები, დამწვრობა, ქრონიკული პიელონეფრიტი, სტომატიტი, პარადონტოზი, გინგივიტები, ქრონიკული ან ჩირქოვანი ოტიტი, კატარული ანგინა, აკნე, მასტიტი, ანემია, ჰემოროი (ბუასილი), მარტივი ვაგინიტი, შაკიკი, ხველება, ჰიპერტონია, ფსიქიკური დაავადებები, ჰაიმორიტი, ალკოჰოლიზმი.
კრაზანა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, მატონიზირებელი, ნაოჭების საწინააღმდეგო, ანტისებორეული ეფექტი; კარგია კანის მომატებული ცხიმიანობის, კანის მოდუნებისა და ნაოჭების, ჩირქოვანი გამონაყრის, ქუსლზე ნახეთქების, გამელოტების დროს.
კრაზანის შემადგენლობაში შემავალი ჰიპერფორინი ანტიდეპრესიული და ანტინევრალგიური ნივთიერებაა, ხოლო ჰიპერიცინი უნიკალური ანტისეპტიკური საშუალება – საშარდე გზებისთვის. რაც შეეხება შემომგარსველ და ჭრილობათა მოშუშება-შეხორცების ხელშემწყობ ეფექტს, ის მცენარეში უხვად არსებულ ეთერზეთებს უკავშირდება.
კრაზანა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუკეთესო დამაწყნარებელი საშუალებაა. ის ეფექტურია შაკიკის, სხვადასხვა წარმოშობის თავის ტკივილის, ნევროზის, ისტერიისა და სახის ნერვის ნევრალგიის დროს. ეს მცენარე საუკეთესო მკურნალია ქალას ტრავმის, მეტყველების დარღვევის, შფოთვისა და მოუსვენრობისას.
შროშანი – თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის
შროშანი მდიდარია სხვადასხვა ნივთიერებით: ფლავონოიდებით, საპონინებით, ალკალოიდებით, ვაშლის, ლიმონის, ასპარაგინის მჟავებით. მაგრამ, მასში ყველაზე მეტი მაინც საგულე გლიკოზიდია. ამ ქიმიურ ნაერთს განსაზღვრული დოზით სამკურნალო თვისებები აქვს. სიჭარბე კი, ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
საგულე გლიკოზიდების წყალობით, შროშანის ექსტრაქტის შემცველი პრეპარატები გულის ისეთი დაავადებების დროს გამოიყენება, როგორიც არის:
მიოკარდიტი, გულის უკმარისობა, კარდიოსკლეროზი. შროშანზე დამზადებული ზოგიერთი პრეპარატი დამამშვიდებელ ეფექტსაც ახდენს. გლიკოზიდების მცირე დოზა გულის მუშაობას ასტიმულირებს, მაგრამ გადაჭარბებისას ვითარდება ძლიერი არითმია და გულის ელექტრული გამტარობის ბლოკადა. ასე რომ, შროშანის ნაყენისა თუ ნახარშის მომზადებისა და მიღებისას, ყურადღებასა და სიფრთხილეს გირჩევთ. შროშანის გლიკოზიდებით მოწამვლის ნიშნებია: გულისრევა და ღებინება, ფაღარათი, თავის ძლიერი ტკივილი, პულსის შესუსტება, მხედველობის გაუარესება, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მცენარის შხამი საკმაოდ ბევრია იმ წყალშიც, რომელშიც შროშანი დევს.
შროშანის ნაყენი ასე მზადდება:
. აიღეთ 10 გრამი შროშანის ყვავილი, 20 გრამი კამის ნაყოფი, 30 გრამი პიტნის ფოთოლი და 40 გრამი კატაბალახას ფესვი. 10 გრამ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურული, მომინანქრებული ჭურჭლით, 15 წუთი ადუღეთ წყლის ორთქლზე. გადაწურეთ და კვლავ წამოადუღეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 1/4-1/3 ჭიქა, გულის იშემიური დაავადების დროს.
. აიღეთ 1 სადილის კოვზი შროშანის ღერო (ფოთლებითურთ), დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ნახევარი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე, ნერვული აშლილობის, ჩიყვის, საერთო სისუსტის დროს.
სპირტხსნარის მომზადების წესი: დააყენეთ მცენარე 70-პროცენტიან სპირტზე, თანაფარდობით 1:5. მიიღეთ 15 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, ჩიყვის დროს. ის ეფექტური შარდმდენი და მომაძლიერებელი საშუალებაცაა.
ზღმარტლი – მაგიური მცენარე
ზღმარტლი მაგიური მცენარეა, რომელსაც უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია და სავსეა ისეთი იშვიათი ვიტამინებით, რომელიც ბევრ ხილში არ არის.
ეს ხილი მდიდარია ცილებით, ლიპიდებით, ნახშირწყლებით და A, B1, B2, C ვიტამინებით. ზღმარტლის შემადგენლობაში ძირითად ნივთიერებას თიამინი წარმოადგენს, რომელიც გულის, კუნთებისა და ნერვული სისტემის სამკურნალო მოქმედებით გამოირჩევა.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფოთოლი, ნაყოფი და თესლის ნახარში კუჭ-ნაწლავის ანთებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას.
გასაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი მათთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს.
ზღმარტლის რეგულარული მიღება, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციისთვის, ტენიანობის შესანარჩუნებლად და ტოქსინების გამოსადევნად. ის ასევე იცავს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს დაზიანებისაგან და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
ეს მაგიური ხილი ასევე, მდიდარია ასკორბინის მჟავათი, რომელიც მოქმედებს, როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.
ზღარტლის ნაყოფი მდიდარია მრავალი წიაღისეულით – რკინით, სპილენძით, კალციუმითა და მაგნიუმით. ფოთლებს აქვს კუჭის შემკვრელი მოქმედება, ხოლო ქერქს – ანთების საწინააღმდეგო.
ზღმარტლი აბრკოლებს ინსულტებისა და ინფარქტების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ამაღლებს იმუნიტეტს.
ზღმარტლის გამოყენება არ შეიძლება, კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს. ასევე, სიფრთხილით უნდა მივცეთ ბავშვებს და გავითვალისწინოთ, რომ ზღმარტლმა, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის მკურნალობა
მატიტელა ხელს უწყობს დიურეზს, გამოაქვს შარდთან ერთად ნატრიუმისა და ქლორის ჭარბი იონები, ხელს უშლის შარდის ბუშტში კენჭების წარმოშობას, რაც დაკავშირებულია მასში სილიციუმმჟავას ხსნადი შენაერთების არსებობით.
მატიტელას ბალახსა და ნარევებს, რომელშიც მატიტელა ძირითადი კომპონენტია, იყენებენ შარდსადენი მილების ქრონიკული დაავადებების, თირკმლის ფილტრაციული ფუნქციის შესუსტებისა და შარდში დიდი რაოდენობით მინერალური მარილების, განსაკუთრებით მჟაუნმჟავას არსებობის დროს. მას, როგორც დამატებით საშუალებას უნიშნავენ ავადმყოფს შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიების, შარდის ბუშტის ოპერაციისა და კანის დაავადებების (ძირმაგარა, ფერიმჭამელა, ზოგიერთი დერმატიტი) დროს.
მცენარეს იყენებენ, აგრეთვე, ღვიძლის ფუნქციური უკმარისობისა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი ტოქსიკური პროდუქტების გამოსაყოფად. აგრეთვე, როგორც ანტისეპტიკურ, სპაზმოლიტურ, ტკივილგამაყუჩებელ, ოფლმდენ, სიცხის დამწევ, ამოსახველებელ, ჭიის საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას.
მატიტელას იყენებენ გაცივებით გამოწვეული ავადმყოფობების, ბრონქიტების, პნევმონიის, პლევრიტის, ბრონქული ასთმისა და ფილტვების ტუბერკულოზის დროს. მის ნაყენსა და ნახარშს იყენებენ საშვილოსნოს ატონიით გამოწვეული სისხლდენისა და ბუასილის დროს.
მატიტელა არ არის რეკომენდებული თირკმელებისა და შარდის ბუშტის მწვავე ანთებების დროს.
სასუნქი ორგანოების დაავადების, ფილტვების ტუბერკულოზისა და ყივანახველას შემთხვევაში, აიღეთ 1 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი მატიტელა, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ადუღეთ თავდახურული 15 წუთის განმავლობაში წყლის აბაზანაზე. გააცივეთ 1-2 საათი, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისა და დიზენტერიის შემთხვევაში, 1 სადილის კოვზი მატიტელა ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურული, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი რაოდენობის მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს ორი დღისა. დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მატიტელას გამოყენება აკრძალულია თირკმელებისა და შარდის ბუშტის მწვავე ანთების დროს.