№6 ვინ არის ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთადერთი ქართველი ქალი თანამშრომელი და როგორ იგეგმება უახლოეს დროში მარსზე 300 ტურისტის გამგზავრება
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC) ვიზიტორთა ცენტრის (Space Expo) ერთადერთი ქართველი თანამშრომელი, ქალბატონი დალი უბილავა-დე გრაფია. მას თანამედროვე კოსმოსური პროგრამების ბოლო ტექნოლოგიების კურსი მიჰყავს და ერთადერთი ქართველი ქალია, რომელიც კოსმოსის შესახებ უახლეს ინფორმაციას ფლობს. პროფესიით მათემატიკოსი და რეჟისორი ქალბატონი დღეს წარმატებულად მოღვაწეობს ჰოლანდიაში, როგორც სამეცნიერო, ისე ხელოვნების სფეროში.
დალი უბილავა-დე გრააფი: ტექნიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და პროცესები იმდენად სწრაფად მიდის წინ, რეალურად, მეცნიერებისთვისაც კი ძნელი წარმოსადგენია, უახლოესი ათი წლის განმავლობაში, რამდენად გაიზრდება თუნდაც ჩვენი ცხოვრების ხარისხი. როგორც მოგეხსენებათ, კოსმოსური პროგრამების განვითარება მსოფლიოს ორი დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შეჯიბრების შედეგია. ეს ყველაფერი 1957 წელს, რუსების მიერ თანამგზავრ „სპუტნიკის“ გაშვებით დაიწყო. ამ კონკურენციის შედეგად, კოსმოსური მეცნიერება ნელ-ნელა ვითარდებოდა და საერთო ჯამში, სამოცი წლის განმავლობაში, ამ სფეროში ძალიან დიდი ცოდნა დაგროვდა. თუმცა, აქედან, ბოლო ათი წლის მიღწევები გაცილებით მეტია, ვიდრე წინა ორმოცდაათის, ერთად აღებული. თუმცა, ზოგადად რომ შევაფასოთ, ადამიანის ცოდნა სამყაროს შესახებ, მინიმალურია.
– რაც შეეხება მთვარეს, წლების შემდეგ, კვლავ გაიზარდა მისდამი ინტერესი. რატომ, ამჯერად რა გვინდა მთვარისგან?
– ბოლოს 1972 წელს იყვნენ ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე. მას შემდეგ მთვარისადმი დიდი ინტერესი, ანუ კონკურენცია, პასიურ ფაზაში გადავიდა. ამ დროისთვის, მთვარის პროგრამების აღდგენით დაინტერესებული არიან არა მხოლოდ ძველი კონკურენტები – ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი (ყოფილი სსრკ), არამედ სხვა ქვეყნებიც – ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია, კანადა, ბრაზილია, რა თქმა უნდა, ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA-European Space Agency), რომელიც 22 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს. კოსმოსური სადგური (ISS-International Space Station), რომელიც დედამიწის ორბიტაზეა განთავსებული, ჩვენგან არც თუ ისე შორს, დედამიწის ზედაპირიდან 300-400 კილომეტრითაა დაშორებული. სხვათა შორის, ეს ერთადერთი ადგილია კოსმოსში, სადაც ადამიანი მუდმივად იმყოფება. მისი, ეგრეთ წოდებული, დედლაინი 2024 წელსაა. ასეთი კონსტრუქცია ყოველთვის საჭიროებს განახლებას, რაც ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება. კოსმოსურ სადგურზე ერთი კილოგრამი ტვირთის გაგზავნა დაახლოებით 15 000 ევრომდე ჯდება. მთვარეზე იმავე წონის, მაგალითად, ერთი ლიტრი წყლის ატანა კი – დაახლოებით 100 000 ევრო. რადგან კოსმოსური სადგურის „დედლაინი“ ძალიან ახლოსაა, ამის და ასევე, სხვა, უფრო ამბიციიური მიზნების გამო, ბუნებრივია, უპრიანია, დიდი ფინანსების ინვესტირება არა ისევ ძველი, არამედ სრულიად ახალი, მომდევნო თაობის კოსმოსური სადგურის პროექტში. ის არა ისევ ძველ ორბიტაზე – დედამიწის გარშემო, არამედ, დედამიწიდან ძალიან შორს, დაახლოებით, 380 000 კილომეტრის სიშორეზე, მთვარის ორბიტაზე განთავსდება. მთვარის შესწავლა და გამოყენება – ეს არის მთვარის შემსწავლელი პროგრამების მთავარი მიზანი. მომავალში მთვარიდან უფრო მისაღები და ფინანსურადაც ეფექტური იქნება სხვა პლანეტებისკენ პილოტირებული თუ არაპილოტირებული ექსპედიციების გაშვება, მზის სისტემისა თუ სხვა ციური სხეულების, სამყაროს შესწავლა. უახლოეს მომავალში მთვარე შუალედური სადგურის ფუნქციას შეასრულებს, მაგალითად, მარსის პროგრამებისთვისაც. გარდა ამისა, მთვარეზე არის ხელუხლებელი არტეფაქტები, რომელიც დედამიწაზე უკვე აღარ გვაქვს. ამ მხრივ, მთვარე დედამიწაზე უფრო „ასაკოვანია“ და მისი ზედაპირის შესწავლა გაცილებით მეტ ინფორმაციას მოგვცემს დედამიწის, მზის სისტემის სხვა პლანეტებისა და საერთოდ, ჩვენი სამყაროს ევოლუციის შესახებ. რაც შეეხება მთვარის პროგრამის კიდევ ერთ მიზანს: დაახლოებით 300-400 წელიწადში, დედამიწაზე ნავთობის მარაგი, როგორც ენერგიის წყარო, ამოიწურება. შესაბამისად, ალტერნატიული წყაროების მოძიება თანამედროვეობის ერთ-ერთი, უდიდესი საზრუნავია. არსებობს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, ერთ-ერთია, ეგრეთ წოდებული, ჰელიუმ-3; ნივთიერება, რომლითაც ძალიან მდიდარია მთვარის ზედაპირი, მთვარის მტვერი. ოდნავ მეტი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, თუ რა არის ჰელიუმ-3, მაგალითს მოვიყვან: ათასი ტონა ჰელიუმ-3 იძლევა იმდენივე ენერგიას, რამდენსაც 15 მილიონი ტონა ნავთობი. შესაბამისად, ინტერესის მიზანი გასაგებია, მაგრამ არის ერთი დიდი „მაგრამ“ – როგორ უნდა მოვიპოვოთ ის? ერთი გრამი ჰელიუმ-3-ის მისაღებად ათეულობით ტონა მთვარის მტვერის გადამუშავებაა საჭირო. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: როცა მთვარეზე ერთი კილოგრამის ტრასპორტირება დაახლოებით 100 000 ევრო ჯდება, რამდენად რეალურია ფაბრიკა-ქარხნებისთვის საჭირო საშენი მასალების აზიდვა მთვარეზე ან პირიქით, ტონობით მთვარის მტვრის ტრანსპორტირება დედამიწაზე? რა თქმა უნდა, ეს არარეალურია! 2000-ზე მეტი კვლევიდან, რაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ჰოლანდიის წარმომადგენლობის ლაბორატორიებში დღემდე განხორციელებულა, ერთ-ერთი, სწორედ, მთვარის ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებაა. „ESA“ უკვე აქვს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლითაც მთვარეზე საცხოვრებელი და სამუშაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იქნება შესაძლებელი. ანუ, რობოტები, 3დ-პრინტერები და სხვა აუცილებელი საშუალებები, რომელთა ტრანსპორტირება მოხდება მთვარეზე. ევროპის კოსმოსურ სააგენტოს დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვს თანამგზავრების სხვადასხვა ორბიტაზე განთავსების საქმეში. ჩვენი, „არიანე-5“ ტიპის რაკეტებით, თავისუფლად შეგვიძლია, მთვარეზე კონკრეტული მოდულის ჩატანა. მის გვერდით გასაბერი მოდულის დამონტაჟება, რომლებიც ექსტრემალური კოსმოსური პირობებისგან აუცილებლად უნდა იქნას დაცული სქელი, ეგრეთ წოდებული, ბუნკერით. ამ ბუნკერის მშენებლობა კი სწორედ რობოტების მეშვეობით განხორციელდება. მათი მართვა მთვარეზე განთავსებული კოსმოსური სადგურებიდან შეეძლებათ ასტრონავტებს. ერთ-ერთი ასეთი რობოტი, სხვანაირად მას ეურობოტსაც ვუწოდებთ, პირველად გერმანელმა ასტრონავტმა ალექსანდრე გერსტმა, 2014 წელს გამოსცადა – „ესტეკში“ განთავსებულ უერობოტს კოსმოსური სადგურიდან მართავდა. ტელესკოპური კავშირით მართვადი რობოტები შეაგროვებენ მთვარის მტვერს, ანუ საშენ მასალას, უზარმაზარი 3-დ პრინტერები კი ამ მტვრისა და დედამიწიდან წაღებული სპეციალური წებოს ფენებისგან ააგებენ („დაბეჭდავენ“) საჭირო ბუნკერის კედლებს. სწორად ასეთი და მსგავსი კოსმოსური მეცნიერული კვლევებითაა დაკავებული „ესტეკი“ – ევროპის კოსმოსური სააგენტოს ჰოლანდიის წარმომადგენლობა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სხვა კოსმოსურ სააგენტოებს, მაგალითად, ჩინეთი წელს აპირებს საკუთარი ტაიკონავტების (კოსმონავტები) მთვარეზე გაშვებას. „ნასა“ 2021 წლისთვის გეგმავს მთვარეზე სრულიად ახალი „ნასა-ესას“ ერთობლივი ხომალდის, „ორიონის“ გაშვებას ამერიკელ ასტრონავტთან ერთად. რუსებსაც აქვთ თავიანთი გეგმები. ასე რომ, ძალიან მალე, მთვარეზე დიდი ხალისი და ჟრიამული იქნება (იცინი).
მანამდე კი კოსმოსური სადგური ერთადერთი ადგილია, სადაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები თავაუღებლად შრომობენ დედამიწის, ჩვენი კეთილდღეობისთვის.
არ შემიძლია აქვე ორიოდე სიტყვით არ ვახსენო ესა-იაქსა (JAXA -იაპონიის კოსმოსური სააგენტო) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ბეპი-კოლომბოს (Bepi-Colombo) შესახებ, რომელიც ა.წ. შემოდგომაზე გაუდგება თავის 7 წლიან მოგზაურობას პლანეტა მერკურისკენ, შემდეგ განთავსდება მის ორბიტაზე და შეისწავლის მერკურის მაგნიტურ ველს და სხვა მრავალ საინტერესო საკითხებს... ბ ე პ ი - კ ო ლ ო მ ბ ო გამორჩეულია თავისი კოლეგა თანამგზავრებისგან იმითაც, რომ მას ექნება პატარა ზომის, მაგრამ უძლიერესი 2 იონური ძრავა, რომლებიც 7 წლის მანძილზე მხოლოდ 100კგ ქსენონის გაზს მოიხმარენ რომ განავითარონ მაქსიმალური სიჩქარეს - 220 000კმ/სთ-მდე. ოდნავ მეტი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ ამ სპეციფიურ საკითხზე, მცირეოდენი სტატისტიკური ფაქტები: ნებისმიერი რაკეტის სიგრძის დაახლ. 2/3 განკუთვნილია მხოლოდ საწვავის რეზერვუარებისთვის, მაგ. ჩვენი, ესა-ს არიანე-5 ყოველ გაშვებაზე იყენებს დაახლ. 130ტ.თხევად ჟანგბადს და 26ტ. წყალბადსს - ეს მხოლოდ კოსმოსში რომ გაიჭრას, ანუ დედამიწის მიზიდულობას თავი რომ დააღწიოს იმ სიჩქარის განსავითარებლად. წლების განმავლობაში მფრინავი ობიექტის დიდი რაოდენობის ამ სახის საწვავით უზრუნველყოფა არარეალურია! ამიტომ ახალი ტიპის ელექტრო ძრავები, კონკრეტულად, იონური ძრავები რომელიც ესტეკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში (Propulsion Laboratory) შეიქმნა და იქმნება სწორედ ასეთი თანამგძავრებისთვისაა განკუთვნილი...
– კოსმოსურ სააგენტოებთან დაკავშირებით, საინტერესო სიახლეა ტურისტებისთვისაც. კონკრეტულად, რაშია საქმე?
– კოსმოსური პროგრამები ყოველთვის პოლიტიკით იწყებოდა და გრძელდებოდა. დღემდე არსებული პროგრამები, აქამდე, მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციების დაქვემდებარებაში შედიოდა და შესაბამისად, კოსმოსურ სადგურზე ვინმეს გამგზავრება, მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით ხდებოდა. დღეს ამ სფეროში კერძო სექტორიცაა ჩართული – რამდენიმე თანამედროვე მილიარდერი საკუთარ ფულს სწორედ ამ მიმართულებით აბანდებს. წელს კოსმოსურ პროგრამებში თანამშრომლობა სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს. სავარაუდოდ, აგვისტოში, ამერიკელი მილიარდერების: ილონ მასკის კოსმოსური ხომალდი „ქრუ-დრეგონი” (Crew-Dragon) და ნოემბერში, რობერტ ბიგელოუს „სთარლაინერი” (Starliner), „ნასათან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტურისტებს კოსმოსურ სადგურზე გაამგზავრებენ. ეს იქნება კაცობრიობის ისტორიაში პირველი კერძო, კომერციული ტრანსპორტი ადამიანების კოსმოსში გასამგზავრებლად. მასკის, მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „სფეის იქსის“ განკარგულებაშია უმძლავრესი, უნიკალური რაკეტები. უფრო მეტიც, უახლოეს წლებში მასკი 300 ტურისტის, 200 ტონა ტვირთთან ერთად, გამგზავრებას მარსზეც აპირებს . არადა, ეს მართლაც უაღრესად ამბიციური პროექტია, თუნდაც, ფინანსური თვალსაზრისით, დღევანდელი გათვლებით, ერთი ადამიანის მარსზე „დაბინავების“ ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია, ანუ „ნასას“ დღევანდელი ბიუჯეტი მხოლოდ 2 ადამიანის მარსზე გამგზავრებისთვის იქნებოდა საკმარისი. ვნახოთ, როგორ შეძლებს ეს ახალგაზრდა მილიარდერი ამ პროექტების განხორციელებას. ტურისტების კოსმოსში გამგზავრება, ერთი შეხედვით, მხიარულად ჟღერს, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ საამისოდ მხოლოდ დიდი ფულის გადახდაა საკმარისი. პოტენციურ ტურისტს, ისევე როგორც კოსმონავტს, სჭირდება ძალიან კარგი ჯანმრთელობა, აუცილებელი საბაზისო ცოდნა და წინასწარ მოსამზადებელი ვარჯიშების გავლა. oრგანიზმისთვის უწონობაში გადასვლა ძალიან რთულია და ამას წინასწარ სერიოზული მომზადება სჭირდება. მოთმინებით დაველოდოთ „სფეის იქსის“ წლევანდელ გეგმებს ამასთან დაკავშირებით.
– ქალისთვის ძალიან რთული პროფესია გაქვთ არჩეული.
– ვერ ვიტყვი, რომ რთულია. ეს ჩემთვის სასიამოვნო პროცესია. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ჰოლანდიის წარმომადგენლობის, ვიზიტორთა ცენტრში – „სფეის ექსპო“ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმართა ჯგუფისთვის საინტერესო კოსმოსურ პროგრამებზე, ინტერაქტიული ლექციების მომზადება და ჩატარება – ეს არის ჩემი უშუალო მოვალება. ამას ვაკეთებ ინგლისურად, ჰოლანდიურად და რუსულად. ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან საკითხები, რაზეც ვმუშაობ, ძალიან საინტერესოა, ისევე როგორც ის ისინი, ვისთან ერთადაც და ვისთვისაც ამას ვაკეთებ.
– თქვენ როგორ აღმოჩნდით „კოსმოსში“? თქვენი პირველი პროფესია ხომ მათემატიკოსობაა?
– მათემატიკა კოსმოსური მეცნიერების, თუ ზოგადად, თანამედროვე ტექნოლოგიების ანბანია. რაც შეეხება ჩემს ამ ფუნქციაზე შერჩევას, რა თქმა უნდა, ჩემი ტექნიკური განათლების, მაგრამ ასევე, ენების ცოდნის, ძლიერი მენეჯერული უნარების, პიროვნული მხარეების, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, მდიდარი ბიოგრაფიისა და კიდევ სხვადასხვა ფაქტორის დამსახურებაა. როგორც ჰოლანდიის მოქალაქეს, მქონდა ამის უფლება. თუმცა, საქართველოს მოქალაქეც ვარ. სხვათა შორის, მინდა, აქვე ვახსენო, რომ ჩემი ჰოლანდიელი მეუღლეც საქართველოს მოქალაქეა. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მას ეს ჩემთვის არც კი უთქვამს, სიურპრიზი გამიკეთა (იცინის). საოცრადაა შეყვარებული საქართველოზე. ბევრი ქართველი მეგობარიც ჰყავს და ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ საქართველოც განსაკუთრებით უყვარდეს. მისდამი სიყვარული კი, ამ ფორმითაც დაამტკიცა (იცინის).
– პარალელურად, აქტიურად ხართ ჩართული ხელოვნების განვითარებაში, ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებსაც ეხმარებით.
-საქართველოს უკეთ გასაცნობად ჰოლანდიაში 2009წ. ჩამოვაყალიბე ფონდი არტ-ექო (www.artecho.nl), რომელსაც დღემდე ვხელმძღვანელობ. ფონდის მთავარი საქმიანობა, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის არსებული კულტურული კავშირების განმტკიცება და ახალი კულტურული ხიდების გადებაა. პირველად, 2010 წელს ბუნებრივია, ქართული კულტურის მასშტაბური ფესტივალი
ჩავატარეთ ჰოლანდიაში: ქართული ცეკვა, სიმღერა (ანსამბლი რუსთავი), მხატვრობა, კინოკლასიკა, ვორქშოფები, რუსთაველის კედლის გახსნა... - ეს ყველაფერი მხოლოდ 2010 წლის პროგრამის შემადგენელი ნაწილებია (მეტი ინფორმაცია იხ. www.festivaliberia.nl ) მეორე გამოშვება მიეძღვნა ჰოლანდიური ანიმაციის ფესტივალს საქართველოში, მას მერე ასე ყოველწლიურად მონაცვლეობით, სულ 8 პროექტი გავაკეთეთ.
ფონდი არტ-ექოს პროექტების ფარგლებში მიმუშავია და ჰოლანდიელი პუბლიკისთვის წარგვიდგენია თავიანთი საქმის ისეთი მეტრები, როგორებიც არიან: ანსამბლი რუსთავი, ქართველი მხატვრები: რადიშ თორდია, ლევან ცუცქირიძე, დიმა ერისთავი, ვახტანგ ონიანი, ზურაბ ნიჟარაძე, ახალგაზრდა მხატვრების წარმომადგენლები. ოთარ იოსელიანის, რეზო ჩხეიძის, გიორგი და ელდარ შენგელაიების, გელა ბაბლუანის ფილმები. ქართველი პუბლიკისთვის კი - ძალიან ცნობილი ჰოლანდიელი ხელოვანების ერვინ ოლაფის, გერიტ და სილია ვან დაიკების შემოქმედება. მინდა აქვე განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ რახან თავად აფხაზეთიდან (გალიდან) ვარ, 2014 და 2017 წწ. ფონდის პროექტები აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანებს მივუძღვენით და 30-მდე ხელოვანის ორი ჯგუფური გამოფენა გავმართეთ ჰოლანდიაში. ფონდის საქმიანობა და პროექტები უმაღლეს დონეზე იქნა შეფასებული ექსპერტების და ჰოლანდიური მედიის მიერ. ჩვენს საქმიანობას საქართველოშიც ხელოვნების და კულტურის წრეებშიც კარგად იცნობენ. ბოლო პროექტი კი გასული წლის ნომებერში გვქონდა. ეს იყო ერთ-ერთი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდის, მარიამ ხორავას გამოფენა თბილისში. ასე, რომ საქართველო მუდამ ჩემს გულსა და გონებაშია. განსაკუთრებულად კი ჩემი კუთხე აფხაზეთი,
რომელიც ჩემს ყოველდღიურობას მუდამ წითელ ზოლად გასდევს. შეიძლება ითქვას აფხაზეთი და მანდ განვითარებული ცნობილი მოვლენები არის ჩემი ცხოვრების სრული ტრანსფორმაციის მიზეზიც ...