№5 რატომ ეძებენ დღეს ადამიანები ისეთ მოძღვრებსა და დედაოებს, რომლებიც წინასწარმეტყველებენ და როგორი სასულიერო პირები არიან მაცდურები და ცრუ წინასწარმეტყველნი
მას შემდეგ რაც მაცხოვარი ეშმაკმა გამოსცადა, ის ყოველდღე გამოცდას უწყობს ქრისტიანს, განსაკუთრებით კი მარხვის შემდეგ. არსებობს სამი განსაკუთრებული ცოდვა, რომელიც სხვა დანარჩენი ცოდვების დასაბამი ხდება – იმ პატარა ცოდვებისაც, რომელთაც თითქოს ქრისტიანები არ ვაქცევთ ყურადღებას. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– კაცთმოყვარე ღმერთი, დედაეკლესია სულ მალე შემოგვთავაზებს დიდ კურნებას, რასაც დიდმარხვა ჰქვია. შეძლებისდაგვარად, ყველა დავიცავთ მას ისე, როგორც უნდა დავიცვათ. ძალიან მნიშვნელოვანია ქრონოლოგია მაცხოვრის შობის, ნათლისღების შემდეგ, როდესაც მაცხოვარი ნათელს იღებს და განცხადებულად დაიწყებს ქადაგებას. „ხალხი, რომელიც ბნელსა შინა იჯდა იხილა ნათელი”. ანუ ქრისტემდე, სანამ ადამიანი გაქრისტიანდება მანამდე ის იმყოფება მჯდომარე, უმოქმედო მდგომარეობაში. როგორც დღეს, მთელი მსოფლიოა უმოქმედო მდგომარეობაში – მოწყენილები, დაბოღმილები, არ იციან, რით გაერთონ. ათასი რამით ერთობიან, მაგრამ მაინც მოწყენილები არიან. ეს უკვე არა მჯდომარე, არამედ მწოლიარე მდგომარეობაა. ფაქტობრივად, ცოცხალ-მკვდრებიღა არიან. ჩვენ, ასე რომ არ ვიყოთ, როგორც სახარებაში წერია უნდა ვეძებოთ სასუფეველი ცათა.
– რა მოვლენები აღესრულება მაცხოვრის ნათლისღების შემდეგ?
– მაცხოვარს არც ხორციელი შობა სჭირდებოდა და არც ნათლისღება, არავითარი ამაღლება, აღდგომა. მან ეს ყველაფერი ჩვენი ცხონებისთვის გააკეთა. პირველი განცხადება ხილულად სწორედ ნათლისღებას მოხდა და ეს მოისმინა ეშმაკმაც, რომელიც ფეხდაფეხ დაჰყვებოდა მაცხოვარს. ღმერთმა კარგად იცის ეშმაკის ბუნება, ეშმაკმა კი ბოლომდე არ იცის ვისთან აქვს საქმე. იცის, რომ უნდა მოვიდეს მესია და დადარაჯებულია ყველა ქალწულთან. ის, რომ მარიამი დაწინდულია იოსებზე, ესეც ხაფანგი იყო, შენიღბვა, რომ ეშმაკმა ვეღარ გაიგოს. ღმერთმა ეს სპეციალურად განაჩინა, რომ შენიღბული ყოფილიყო ეშმაკისთვის. როცა ადამი დაეცა, მისგან გამოგდებული იქნა სამოთხიდან, დაიხურა მისთვის ზეცა და ნათლისღების დროს, გაიხსნა ზეცა მაშინ. ეშმაკი ბუნებრივია, ცნობისმოყვარეა, ძალიან შურიანი და ბოროტია. მას არ აქვს უფლება, რომ იესო ქრისტე სადმე გაიყვანოს, გამოსცადოს, მაგრამ სულიწმიდის მადლით, იესო ქრისტე ემორჩილება ამ პაექრობას და ესაუბრება ეშმაკს. 40 დღე და ღამე იმარხულა ქრისტემ და ის ამითაც გვასწავლის: თუ გინდა, შენგან ეშმაკი გაიქცეს, დაემორჩილე ღმერთს. დაიცავი მარხვა და ის შენგან გაიქცევა. იოანე ღვთისმეტყველის პირველ ეპისტოლეში წერია სამ ცოდვაზე, რომელზეც აგებულია ჩვენი ცოდვები – ის 8 მომაკვდინებელი ცოდვაც და ყველა სხვა წვრილ-წვრილი ცოდვა.
– რა არის ეს სამი ცოდვა?
– გულისთქმა ხორცისა, გულისთქმა თვალისა და ზვაობა, სილაღე ამ ცხოვრებისა. ადამი მოიხიბლა იმ ნაყოფით, რომელიც სამოთხეში იყო, ანუ მოინდომა თვალმა, მოინდომა სხეულმა და ამ ყველაფრის მიღების შემდეგ, მოინდომა ზვაობა – სილაღე ამა სოფლისა. მთელი კაცობრიობის ცოდვა სწორედ ეს არის: პური და სანახაობა. პური – სხეულისთვის, სანახაობა – თვალისთვის და რაღად გინდა ღმერთი. ფიქრობ, რომ ყველაფერი შენია და არავინ და აღარფერი გჭირდება. ეშმაკმა იცის ეს და ამიტომაც, როდესაც მაცხოვარი 40 დღე და ღამე იმარხულებს, ისევე როგორც ჩვენ, მარხვის შემდეგ გვთავაზობს: ჭამე, რაც გინდა, გააკეთე, რაც გინდა, ხომ იმარხულე უკვე. ამიტომაც, მარხვის შემდეგ ყველაზე დიდი საცდური აქვს ადამიანს. ჯერ რას აკეთებს ადამიანი მარხვაში და მერე ფარ-ხმალს ყრის. ეშმაკი ცდილობს, ადამიანს ეჭვი შეატანინოს ღმერთის არსებობაში. მთელი კაცობრიობა სწორედ სულს ღაფავს პურის შოვნაში. რამდნეჯერ მიგვიყიდია პურის გამო სული ეშმაკისთვის. რამდენჯერ გვითქვამს: მარხვა არა, პარასკევი საღამოა და რა მოხდა... ქრისტე იმიტომ მოვიდა, რომ ადამიანები ჯერ სულიერად დააპუროს და შემდეგ ხორციელად. ეს გვეშლება ჩვენ: დადიხარ ეკლესიაში, მაშინ რატომ გშია, რატომ არ გაქვს სამსახური? რა მოიტანა ქრისტემ: ისევ შიმშილი. ამდენი ადამიანი მშიერია, შიმშილობს. როდესაც მოვა ანტიქრისტე ის ადამიანებს, უპირველეს ყოვლისა, დაურიგებს პურს, ყველაფერს საწინააღმდეგოს გააკეთებს, ეტყვის: ეძებეთ ჭამა-სმა, კეთილდღეობა და დანარჩენი ყველაფერი მოგეცემათ. ქრისტე კი, პირიქით ამბობს: ეძიეთ სასუფეველი ცათა და ყველაფერი მოგეცემათო. ოღონდ კი ეშმაკმა დაავიწყოს ადამიანს თავისი სამშობლო, ის ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
– რა არის კიდევ ყველაზე დიდი საცდური, რომელსაც ეშმაკი ჯერ მაცხოვარს და შემდეგ ადამიანებს სთავაზობს?
– ეშმაკს სურს, ეჭვი შეეპაროს ადამიანს ღმერთში. გადაიგდე თავი და ღმერთი ანგელოზებს უბრძანებს, რომ მან აგიტაცოს ხელშიო. დღეს როგორ მღვდლებსა და დედაოებს ეძებენ? ჩემს წარსულზე ყველაფერი მითხრა: ასე მითხრა, ესე მითხრა, კუჭი მომირჩინა. მითხრა: შენი შვილი გათხოვდება, შენი ქმარი ლოთობას დაანებებს თავს და ასე შემდეგ. როდის მოვა ქრისტე მეორედ – სასწაულებს ელოდებიან. დაიმახსოვრეთ, რომ ბოლო წინასწარმეტყველი იყო იოანე ღვთისმეტყველი, რომელმაც დაწერა იოანეს გამოცხადება. დანარჩენი ყველაფერი, რაც ითქვა, არის კომენტირება იმისი, რაც უკვე ითქვა. ვინც ისე არ ასწავლის და ისე არ ქადაგებს, როგორც იოანე ღვთისმეტყველი, არის მაცდური, ანტიქრისტე და ცრუ წინასწარმეტყველი. თქვენც ხშირად ეძებთ ისეთ მოძღვარს, რომელიც რაღაც ფოკუსებს აკეთებს, ადამიანებს რაღაცა ატყუებს, რომ ვაი და ვუი, თქვან. ნახე, წირვაზე რომ იტყვიან: ამას მირონი წამოუვიდა, იქ კანდელი თავისით აინთო. იცოდეთ, ამას ანტიქრისტე გააკეთებს. პირდაპირ წერია: ცეცხლს ჩამოიტანს ზეციდან, ბევრ სასწაულს მოახდენს და ბევრი ქრისტიანი შეცდება. ხომ შეეძლო, ქრისტესაც ასეთი სასწაული მოეხდინა და მას ყველა ადამიანი გაჰყვებოდა. მაგრამ, ეს მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი. ურწმუნო მოდგმა კი, ეძებს სასწაულებს, მაგრამ მას არ მიეცემა სასწაული, გარდა იონასი. ის სამი დღე იყო ვეშაპის მუცელში, რაც იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლას და შემდეგ აღდგომას მოასწავებდა. ამაზე დიდი სასწაული რა შეიძლება, იხილოს ადამიანმა?! იმაზე დიდი სასწაული რა უნდა იყოს, როცა ღმერთი გახდა ადამიანი? ამის მეტი რაღა უნდა გინდოდეს. თუ კიდევ ეძებ სასწაულებს, მერე კიდევ უფრო მეტი სასწაული გჭირდება, შემდეგ კი მიხვალ ანტიქრისტეს ფეხებთან, რომელიც უფრო მეტ სასწაულს ჩაიდენს. მე სულიერი მოძღვარი იმისთვის მჭირდება, რომ ცხონებაში დამეხმაროს და არა იმისთვის, რომ სასწაულები მომიხდინოს, ხელფასი მომიმატოს, მანქანა შემაცვლევინოს. მოძღვრის პირველი მოვალეობა ჭეშმარიტების ქადაგებაა.
– მესამე გამოცდა, რაც ეშმაკმა ქრისტეს მოუწყო იყო ის, რომ ყველა სამეფო და დიდება შესთავაზა, თუ მას თაყვანს სცემდა.
– ყველაზე დიდი საცდური რაც ადამიანს აქვს, ეს არის ხელისუფლება – ოჯახში, სახელმწიფოში, თანამდებობაზე, ეკლესიაში. ხომ ხედავთ, დასახელდა მოსაყდრე და რამდენ ეპისკოპოსს გაუჩნდა პატრიარქობის სურვილი – ეს უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ეშმაკი გეუბნება: თუ გინდა, ყველაფერი მოგცე, მე მეცი თაყვანიო. ადამიანმა ოღონდ თავისი თანამდებობა შეინარჩუნოს, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. მე მეცოდება ყველა ის პატრიარქი, რომელიც ილია მეორეს მერე იქნება. რადგან ძალიან ძნელია, დიდის მერე შენ ის სახელი შეინარჩუნო. მაცხოვარი ეშმაკს პასუხობს: მხოლოდ შენ ღმერთს ეცი თაყვანი და მას ემსახურე. ეს არის პასუხი ყველაფერზე. პური, სანახაობა, დიდება, არაფერია ღვთისმსახურებასთან შედარებით, რადგან ყველა ადამიანი ღვთისმსახურად არის დადგენილი.