№5 რატომ მოიკლა თავი მდიდარი ოჯახის შვილმა, პაოლო იაშვილმა და როგორ მოუწყვეს გარდაცვლილ პოეტს სასამართლო
თითქოს სიცოცხლეშივე გრძნობდა შემზარავი განაჩენის მოახლოებას, რომელიც თავის ერთ-ერთ ლექსში აისახა:
„ღმერთო! აპატიე,
მე თუ ვერ მიშველი –
დედას, რომ დაგინთო
ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი
და კორიანტელი”.
ეს პაოლო იაშვილის, 30-იანი წლების ყველაზე გამორჩეული პოეტის, ტრაგიკული დღიურებია. სხვა ცხოვრება მას უბრალოდ, არ ჰქონია. ჰქონდა ერთი, 45 წელში ჩატეული სიცოცხლე, რომელიც ბოროტმა რეჟიმმა შთანთქა. როგორი კაცი იყო მაინც პაოლო იაშვილი, როგორი ოჯახი ჰქონდა, როგორი იყო მისი ყოფა შემოქმედების მიღმა, სწორედ მისი დღიურებიდან გაიგებთ.
პაოლო (იგივე პავლე) იაშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადავოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ ის 1892 წლის 2(14) აგვისტოს დაიბადა. პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი, კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმუნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი გახლდათ. ჯიბრაელი დიდად მომლხენი და ენამჭევრი თამადაც იყო. მის მონაყოლზე სუფრა სიცილისაგან ზანზარებდა. საკმაოდ შეძლებულ, შვილებმრავალ ოჯახს ხშირად ესტუმრებოდნენ ხოლმე პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა, შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს: „ოქროს ვერძსა” და „ცისფერ ყანწებს”. პაოლოს გარდა, ჯიბრაელს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია. ერთი ვაჟი 1924 წელს
დაუხვრეტიათ. პაოლო როგორც ცნობილია, 1937 წელს დაიღუპა, მესამე კი 1940 წელს გადაუსახლებიათ. ეს ფაქტები ნათლად მეტყველებენ ჯიბო იაშვილის შვილების ტრაგიკულ ბედზე, იმაზე, თუ რა რისხვა დაატეხა თავს ახალმა, „ბედნიერმა” ეპოქამ მის დიდ ოჯახს… პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ „ცისფერყანწელთა” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე… 1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში – კერძო გიმნაზიაში. პაოლო მოწოდებით მხატვარი იყო. ამ მიზნით გაემგზავრა 1913 წელს, პარიზში – ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად. მაგრამ, მოგვიანებით პოეზიით გატაცებამ ხელი ააღებინა ფერწერაზე… 1915 წელს მსოფლიო ომის ქარცეცხლსა და ევროპის ქაოსს გამოქცეული პოეტი, ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.. აქტიურ მონაწილეობას იღებს მწერალთა კავშირის საქმიანობაში, დღიდან დაარსებისა… პაოლო მონაწილეობდა ყოველ ახალ წამოწყებაში, ხალხის კულტურის განვითრებაში. მან მშვენივრად იცოდა ფერწერით მხატვრობა. ის ფართო დიაპაზონის პიროვნება იყო. მნიშვნელოვანია პაოლო იაშვილის წვლილი ქართული თეატრის შექმნის საქმეშიც. ის, კოტე მარჯანიშვილთან ერთად, აქტიურად ჩაება ქართული თეატრის აღორძინებისთვის ბრძოლაში. იყო სცენისმოყვარე, მონაწილეობდა ქუთაისის თეატრში დადგმულ სპექტაკლ „ღალატში”. პაოლო იაშვილი სულხან-საბა ორბელიანის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. მას უნდოდა ორბელიანის ნეშტის პოვნა ვსეხვიატსკოეში და გადმოსვენება. პაოლო იაშვილზე ძლიერ იმოქმედა 1931–1932 წლებში „ცისფერყანწელთა“ ჯგუფის გაუქმებამ. პირველი, ყველაზე დიდი მსხვერპლი, 1937 წლის რეპრესიებისა ქართველ მწერალთაგან, პაოლო იაშვილი გახლდათ. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. ცხადი იყო, რომ მეხი სულ მალე გავარდებოდა. პაოლო სულიერი ენერგიის მაქსიმალური მოკრებით, ვაჟკაცურად მოემზადა ამ ტრაგედიასთან შესახვედრად და რომ იტყვიან, ერთი ნაბიჯით დაასწრო იმ საბედისწერო განაჩენს, რითაც ხალხისა და ქვეყნის მტრად შერაცხილისათვის, ტყვია უნდა დაეხალათ. ამ გასროლის ხმა მთელს იმპერიაში გაისმა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაბედული პროტესტი. ამ „პროვოკაციული აქტით” გაბოროტებულმა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას ულმობელი სასამართლო მოუწყო.
მივყვეთ მოვლენათა მსვლელობას… გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელსაც ბოლო ხანს, პაოლოს უმართავდნენ ხოლმე „იდეოლოგიური მავნებლობის” გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისთვის „ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან”: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის მიერ „ჩადენილ მოღალატებრივ საქმიანობაზე”. ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ „ხალხის მტრისა და დივერსანტის” საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ, დაგვიმტკიცეო. ასე, თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისთვის... პაოლო ადვილად არ ეგუებოდა მდგომარეობას, მით უმეტეს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებანი სრული სიყალბე და ცილისწამება იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, თავის გამართლებისა და გადარჩენის არანაირმა ფორმამ არ გამოიღო შედეგი (წყარო: „ბურუსი“). ერთ დროს არტისტული ბუნებითა და სიცოცხლის ხალისით სავსე პოეტი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქმის ყველას ჩამოშორდა, „თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას – ტიცინსაც კი... ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე”, – იგონებს შალვა აფხაიძე. მეწყერივით თავს დამტყდარმა ბედისწერამ პაოლო ტრაგიკული არჩევნის წინაშე დააყენა: ან დალოდებოდა კარს მომდგარ უმკაცრეს განაჩენს, ან ნიშნად პროტესტისა და უმწეობისა, თავად დაესწრო და თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ მოზღვავებულ ბოროტებას. როგორც ცნობილია, პოეტმა მეორე გზა აირჩია… უკანასკნელი წერილი მან საყვარელ მედეას გაუგზავნა. მისი სიყვარულითა და უკურნებელი დარდით გაშორდა ის ამ ქვეყანას. პატარა გოგონას სიყვარულმა ვერ შეაცვლევინა გადაწყვეტილება. მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ მიხეილ ჯავახიშვილს, ცრემლმორევით უთქვამს: ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო... მან მწერალთა სასახლის კედლები საკუთარი თავისთვის ნასროლი ტყვიის გრიალით შეაზანზარა.
სისხლით შეიღება კაბინეტი, ჭერი და კედლები… 1937 წლის ტრაგედიიდან მოყოლებული, პაოლო იაშვილის, როგორც რეპრესირებული მწერლის, სახელის ხსენებაც კი აიკრძალა…
გერონტი ქიქოძე: „პაოლო იაშვილსა და მე, ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად, ბევრი მხიარული საღამო გაგვიტარებია ამ მჭმუნვარე სახელწოდების ქუჩაზე. პაოლო იაშვილი კარგი კულინარი იყო, მაგრამ საყასბოში ცხენის ხორცს ვერ არჩევდა ხორცისაგან. რაც შეეხება, ერთი ბოთლი იაფფასიანი ღვინის ან შამპანურის ყიდვას, დიდი დეგუსტატორის ნიჭი არ სჭირდებოდა. ამ შეხვედრების დროს, სხვათა შორის, ხშირად მოგვიგონია ფრანსუა ვიონის ლექსები, სადაც ეს, ყველა მოხეტიალე და მოუსვენარი პოეტის წინაპარი, გონებამახვილურად დასცინის ჯალათებს და მათ მიერ აღმართულ სახრჩობელებს… პაოლო იაშვილი, თავისი გულთბილობისა და ხელგაშლილობის წყალობით, ადვილად ხიბლავდა და იზიდავდა ადამიანებს. პარიზში რამდენიმე ფრანგი მხატვარი და პოეტი გაიცნო. მათ შორის, იმ დროს ერთ-ერთი, ყველაზე გავლენიანი იყო გიოომ აპოლინერი, რომელიც სიმბოლიზმიდან ფუტურიზმზე გადავიდა, ხოლო ბოლოს, მგონი, სიურეალისტებს დაუახლოვდა... პაოლო იაშვილს ბოდლერის სონეტებიდან, ყველაზე მეტად მისი „დაწყევლილი პოეტის დასაფლავება” უყვარდა… მაგრამ, უნდა ითქვას, რომ პაოლო იაშვილის არც გარეგნობაში და არც – სულში, არაფერი იყო დეკადენტური… ეს იყო ლამაზი, მაღალი, გრუზათმიანი, შავგვრემანი ჭაბუკი. მას ნარკოტიკები სჭირდებოდა, რომ რეალური სამყაროდან მაცდური მოჩვენებების სამყაროში გადასულიყო. პაოლო იაშვილი ნამდვილი ახლად მოვლენილი ავთანდილი იყო თავისი მეგობრებისთვის. მახსოვს, როგორ იდგა ერთხელ ქუჩაში, სახლის კედელს ზურგმიყრდობილი, ხალათის ჯიბიდან ახლად მიღებულ ქაღალდის ფულს მუჭა-მუჭა იღებდა და მეგობრებს დაუთვლელად აძლევდა. თვითონ კი, მუდამ უფულობას განიცდიდა. მას ძალიან სუსტი წარმოდგენა ჰქონდა ორმაგ ბუღალტერიაზე. მისი გასავალი ყოველთვის სჭარბობდა – შემოსავალს. მას ეადვილებოდა ფულის შოვნა, მაგრამ კიდევ უფრო ეადვილებოდა – ფულის დახარჯვა. უფრო ის ახსოვდა, ვისგან ისესხა. ვიდრე ის, ვის ასესხა; განებრივრებული იყო შეძლებული მამის მიერ, რომელსაც სუფრაზე ის ხშირად გულს უჩუყებდა: შენს ხუთ ვაჟიშვილში მე იმით გამოვირჩევი, რომ მსხვერპლად შესაწირავ მოზვერსა ვგავარო. როდესაც პაოლო იაშვილი უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და „ცისფერი ყანწების” ორდენი დააარსა, მან, უწინარეს ყოვლისა, ძველი პოეტური თაობის ცენტრალურ ფიგურას, აკაკი წერეთელს შეუტია. ეს გასაგები იყო ახალი ორდენის ინტერესების თვალსაზრისით. მაგრამ, ძნელი ასახსნელი იყო პაოლო იაშვილის ადამიანური და პოეტური ბუნების თვალსაზრისით: ის უფრო აკაკი წერეთლის ანდერძის დამცველად გამოდგებოდა, ვიდრე მის დამრღვევად. პაოლო იაშვილის საუკეთესო ლექსებს გამჭვირვალობა და სიმსუბუქე ახასიათებდა, ის საუცხოოდ ფლობდა ქართულ ენას. თვით მისი სამშობლო, სოფელი არგვეთი, მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული აკაკი წერეთლის სხვიტორს… პაოლო იაშვილი ძველი დროის რაფსოდიებსა და ტრუბადურებს ჰგავდა: მისი პოეტური ნიჭის დაფასება არ შეიძლება, მარტოოდენ მისი დაბეჭდილი ლექსების მიხედვით. ეს იყო იმპროვიზაციის ჯადოქარი, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, აუდიტორიის სმენას ხიბლავდა. მას ვერავინ შეედრებოდა დიდ, სადღესასწაულო სუფრაზე. მისი სიტყვები შინაარსიანი და გონებამახვილური იყო… როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდა, პაოლო იაშვილმა მათ იმპროვიზებული სიტყვით მიმართა თვითმმართველობის ბალკონიდან. დიდი ყურადღება დაიმსახურა, აგრეთვე, მისმა სიტყვებმა, წარმოთქმულმა კრემლის პოლიტიკურ ბანკეტზე. პაოლო იაშვილმა შედარებით მცირე ლიტერატურული მემკვიდრეობა დასტოვა. სიკვდილის წინ პაოლო იაშვილი აღიარებდა, ჩემი უბედურების ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბავშობიდანვე არ შემაჩვიეს სისტემურ მუშაობასო. მართლაც, პაოლო იაშვილისთვის ძნელი აღმოჩნდა უშუალოდ გადასვლა ძველი საზოგადოებიდან, სადაც შრომა ზოგიერთ წრეში ათვალისწუნებული იყო, ახალ საზოგადოებაში, სადაც შრომა ყველასთვის საპატიო ვალდებულებადაა აღიარებული… პაოლო იაშვილის გონებრივ ინტერესების არე შემოფარგლული არ იყო მარტოოდენ ლიტერატურით, ხოლო მისი მეგობრების წრე სცილდებოდა ცისფერყანწელების ასოციაციას. თუ ის მხატვრის გზას გაჰყვებოდა, შეიძლება, გამოჩენილი ოსტატი გამხდარიყო. მან დაუდეგარი კალმით ძალიან კარგად გადმოგვცა თავისი მეგობრების – ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის პროფილები. მაგრამ, მათ გვერდით დახატული ავტოპორტრეტი მას ნაკლებ ჰგავს.
ერთხელ შემოდგომაზე, პაოლო იაშვილი და მე, ტყის ქათამზე ვნადირობდით წიწამურის ტყეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ამჟამად ილია ჭავჭავაძის ობელისკია აღმართული. მშრალი დარი იდგა და ჩვენმა ინგლისურმა სეტერმა ვერც ერთი ტყის ქათამი ვერ წამოაფრინა. შუადღისას დაქანცულობა ვიგრძენით. ერთი ხის ძირში ჩამოვჯექით, პატარა ველის პირას და თავის გასართობად ორ-სამჯერ თოფი ვესროლეთ ბუჩქზე მიმაგრებულ თამბაქოს კოლოფს. ორიოდე წუთის შემდეგ, დავინახეთ, რომ ტყის სიღრმიდან ორი, თოფმომარჯვებული კაცი გვიახლოვდებოდა ფეხაკრებით. ჩვენთან რომ მოვიდნენ, გვითხრეს, ველზე მორბენალმა ძაღლმა გადაგარჩინათ, შორიდანვე ის რომ არ დაგვენახა, უსათუოდ დაგხოცავდითო. საქმე ის იყო, რომ წინა დღით, ყაჩაღებს წიწამურის გზაზე მიმავალი მეურმეები გაუძარცვავთ და მცხეთის მილიციას ტყეში საგანგებო დარაჯები დაეყენებია. პაოლო იაშვილი შემდეგ ხშირად გამოთქვამდა გულწრფელ სინანულს, რომ იმ როყიო ტყვიის მსხვერპლი არ გახდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას. ეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა. 1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავის ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათას მთის გოლგოთას…“