კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ გადადის სესხის გადახდის ვალდებულება მემკვიდრეებზე და რა მექანიზმით მოუწევთ მათ სესხის გასტუმრება მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

გასულ კვირას, რატომღაც, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია იმ ინფორმაციამ, რომ საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ უფლება, პირის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს მოსთხოვოს სესხის გასტუმრება. რეაქცია უცნაური იყო, იმ მარტივი მიზეზით, რომ მემკვიდრეობა გულისხმობს როგორც ქონების, ისე ვალების მემკვიდრეობასაც. ამიტომაც იურისტ ლევან ალაფიშვილს გავესაუბრეთ, იმის გასარკვევად, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღებისას და მემკვიდრეობის მიღებისას და არის თუ არა სიკვდილი სესხისგან თავის დაღწევის საშუალება.
–  რატომღაც, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია ინფორმაციამ, რომ მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ მისი დავალიანება გადადის მემკვიდრეზე. სამართლებრივად როგორ არის ეს საკითხი გადაწყვეტილი და რამდენად ადეკვატურია მემკვიდრისთვის სესხის დაბრუნების მოთხოვნა?
– არ ვიცი, რატომ დაედო ამ საკითხს ამგვარი გაუგებარი ელფერი, მაგრამ კანონით და არა ვინმეს შეხედულებით, არაერთი წელია, დამკვიდრებულია ამგვარი პრაქტიკა და ეს არ არის საფინანსო ინსტიტუტების გადაწყვეტილება. ამ კანონის სახელი ყველასთვის ცნობილია –  „სამოქალაქო კოდექსი“, რომელიც არსებობდა საბჭოთა დროსაც და თუ სამართლებრივ მეცნიერებას მოვიშველიებთ, სამოქალაქო კოდექსის ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური, დოქტრინული საკითხი უდევს საფუძვლად. კერძოდ, ის, რომ პროპორციულად დაბალანსდეს და არ დაზარალდეს ერთი რომელიმე მხარე კერძო სამართლებრივ ურთიერობებში მეორე მხარის ხარჯზე.
– უფრო კონკრეტულად რას ამბობს სამოქალაქო კოდექსი ამ საკითხის შესახებ?
– დღეს მოქმედ სამოქალაქო კოდექსში ამ საკითხს ეძღვნება ცალკე თავი, რომელსაც ჰქვია მემკვიდრეთა მიერ კრედიტორის დაკმაყოფილება. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტზე კი არ არის იქ საუბარი, არამედ ნებისმიერ სუბიექტზე, მემკვიდრეებზე და მამკვიდრებლის, ანუ გარდაცვლილის მოვალეებზე. ეს შეიძლება, იყოს იურიდიული პირი, ფიზიკური პირი, როდესაც ყოფით ურთიერთობაში ისესხა ადამიანმა თანხა და შემდგომ მისმა მემკვიდრეებმა, თუკი ისინი მიიღებენ მამკვიდრებლის, ანუ გარდაცვლილის ქონებას, ამ შემთხვევაში ამ აქტივს გადაჰყვება ვალდებულებებიც. თუმცა კანონი მათ უტოვებს უფლებას, არ მიიღონ სამკვიდრო, უარი თქვან მასზე და ამავე დროს უარი თქვან ვალდებულებებზეც, ოღონდ, მართალია, კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრეები ვალებისგან გათავისუფლდებიან, მაგრამ მემკვიდრეობა გადადის სახელმწიფოზე და კრედიტორებს სახელმწიფო ჩაენაცვლება. შესაბამისად, სახელმწიფოს წარუდგენენ ისინი მოთხოვნებს და სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას მიღებული სამკვიდროს ფარგლებში.
– ანუ მიიღოს ქონება და გაისტუმროს ვალებიც თუ გაასხვისოს ეს ქონება და ისე გადაიხადოს?
–  თუკი მემკვიდრეებს აქვთ უფლება, არ მიიღონ სამკვიდრო, სახელმწიფოს ამგვარი უფლება აღარ აქვს. ყველა შემთხვევაში, ბოლო რიგის მემკვიდრეა სახელმწიფო. ასე რომ, სახელმწიფო მიიღებს მემკვიდრეობას და გაისტუმრებს კიდეც ვალებს. როგორი ფორმით, ეს უკვე სხვა საკითხია. მთავარია ის, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემთხვევაში, თუკი მემკვიდრეები მიიღებენ მამკვიდრებლის, ანუ გარდაცვლილის აქტივს, ის არ ცალკევდება ვალდებულებებისგან. მათ არ შეუძლიათ, თქვან, მე ქონება მივიღე, მაგრამ ვალდებულებების შესრულებაზე უარს ვამბობ. თუკი მიიღებენ ქონებას, ამას გადაჰყვება ვალდებულებები და მათ მოუწევთ კრედიტორების გასტუმრება მიღებული სამკვიდროს ფარგლებში. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ერთი ბინა, რომლის საბაზრო ღირებულებაა 10 000 ლარი, მიიღო ხუთმა მემკვიდრემ, ვალი კი იყო 40 000 ლარი. შესაბამისად, ეს ვალი ხუთზე განაწილდება პროპორციულად. ანუ ერთი მეხუთედი შეხვდება თითოეულს და ვალშიც თითოეულის წილი იქნება მეხუთედი. მარტივი მაგალითი მოვიტანე, მაგრამ არსის გასაგებად, ვფიქრობ, საკმარისია.
– დავალიანება 40 000 და სამკვიდრო 10 000-ლარიანი. ვთქვათ, მემკვიდრეებმა უარი თქვეს, სახელმწიფო ზარალდება: ნაკლებ ქონებას იღებს და მეტი აქვს გადასახდელი?
– კანონი თანაბრად იცავს ყველა მხარის უფლებებს. მაგ ნაწილში სახელმწიფოსაც და ანდერძისმიერ მემკვიდრესაც. ამიტომაც ამბობს ის: სამკვიდროს ფარგლებში.
– თუ 10 000-ლარიანია ქონება, 10 000 უნდა გადაიხადოს მემკვიდრეებმაც და სახელმწიფომაც?
– დიახ, არა 40 000-ის ერთ მეხუთედის, არამედ 10 000-ის მეხუთედის გადახდა მოუწევთ.
– არის შემთხვევები, რომ სახელმწიფოს გადასცემენ ქონებას მემკვიდრეები?
– მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვით. სამკვიდროს მიღება არის უფლება და არა ვალდებულება. შეიძლება, ანდერძიც იყოს დაწერილი, მაგრამ პირმა უარი თქვას. ამასთან, ჩუქებაც კი არ არის უპირობო. თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ საჩუქარზეც.  სამოქალაქო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპი –  ნებელობა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში აქაც დაცულია. ასევე, თუ გავითვალისწინებთ, რომ მემკვიდრეობის მიღება მათი უფლებაა, ეს იმთავითვე გულისხმობს, რომ მათ შეუძლიათ, გადაწყვეტილება მიიღონ საკუთარი შეხედულებისამებრ და მიზანშეწონილობის პრინციპების შესაბამისად, რომელიც სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებულია.
– თუ ბიზნესსესხია, იპოთეკური სესხი, ან გირაო, გასაგებია, რომ ქონებაა გარანტია ამ სესხის გასტუმრების, მაგრამ სამომხმარებლო სესხისა თუ განვადების შემთხვევაში უზრუნველყოფა არ არის. ასეთ დროს როგორ წყდება საკითხი?
– ეს სცილდება მემკვიდრეობითი სამართლის სფეროს და უკვე სასესხო, საკრედიტო ურთიერთობებში გადადის. არსებობს უზრუნველყოფილი სესხი ან კრედიტი და არსებობს არაუზრუნველყოფილი სესხი ან კრედიტი. უზრუნველყოფილი სესხი, ნებისმიერ შემთხვევაში, დაცულია, გინდა გარდაიცვალოს მოვალე და გინდა –  არა, იპოთეკით თუა დატვირთული ქონება, სასესხო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში და შესაძლოა, ფიზიკურ პირებს შორისაც იყოს ასეთი ხელშეკრულება, ამასაც მნიშვნელობა აქვს, ისინი მოთხოვნას იკმაყოფილებენ.
რაც შეეხება არაუზრუნველყოფილ სესხს. ვთქვათ, ერთმა ადამიანმა მეორისგან 10 000 ლარი ისესხა, ამ დროს აქტუალური ხდება მემკვიდრეობითობის საკითხი, რომ მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ უზრუნველყოფილი არ იყო სესხი, უკვალოდ მაინც არ გაქრება ეს ვალდებულება. შესაძლოა, ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ყველა ადამიანის სიცოცხლე დროშია შემოსაზღვრული, სასესხო თუ სხვა ტიპის ვალდებულება კი განუსაზღვრელი ვერ იქნება. შესაძლოა, მოვალის სიცოცხლის განმავლობაში შეუძლებელი იყოს მისი გასტუმრება, მაგრამ, როგორც კი აქტივი გაჩნდება, კრედიტორი ექცევა უპირატეს მდგომარეობაში და კანონი მემკვიდრეებს ეუბნება: თუკი მიიღებთ იმ ქონებას, რომელიც თქვენმა მამკვიდრებელმა თავის დროზე არ მოახმარა სესხს, ამ აქტივის ფარგლებში, ვალდებული ხართ, უპირველესად, დააკმაყოფილოთ კრედიტორი.
– სქემა ავხსნათ კონკრეტული მაგალითით, რომ უფრო გასაგები იყოს. როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, მათი რეაქციიდან გამომდინარე. არაუზრუნველყოფილი სესხის ამღები პირი გარდაიცვალა. მის მემკვიდრეებს მაინც რჩებათ გარდაცვლილის ვალების გასტუმრების ვალდებულება, გინდა საფინანსო ინსტიტუტი იყოს და გინდა –  კერძო პირი?
– ერთი პირობაც უნდა გავარკვიოთ, სესხი არაუზრუნველოფილია, მაგრამ დარჩა თუ არა ქონება გარდაცვლილ მსესხებელს.
– ორივე ვარიანტი განვიხილოთ: დარჩა ქონება გარდაცვალების შემდგომ და არ დარჩა.
– თუ ქონება არ ჰქონდა, საკითხი წყდება მარტივად: ნული არ ნაწილდება. შესაბამისად, მემკვიდრეები სამკვიდროსაც ვერ მიიღებენ, მაგრამ, თუკი დარჩა, ამ შემთხვევაში, იმ აქტივის ფარგლებში, უპირველესად, კრედიტორის ვალდებულება უნდა გაისტუმრონ.
– შეფასდება ქონება, რომელიც დარჩა გარდაცვლილ მსესხებელს და იმის მიხედვით გადაიხდიან მემკვიდრეები ვალებს? ავტომატურად გადადის ეს ვალდებულება თუ როგორია პროცედურა?
– კანონისმიერი ვალდებულებით წარმოიშვება მამკვიდრებელთა ვალდებულება,  დააკმაყოფილონ კრედიტორი. სამოქალაქო კოდექსში ურთიერთობის წარმოშობისთვის ორი რამ უნდა არსებობდეს: ან კანონისმიერი, ან სახელშეკრულებო ვალდებულება. სწორედ კანონისმიერი კატეგორიაა, როდესაც მემკვიდრეს ან მემკვიდრეებს მიღებული სამკვიდროს ფარგლებში წარმოეშვებათ მამკვიდრებლის საკრედიტო ვალდებულებების გასტუმრების ვალდებულება.
– ეს ვიგულისხმე, კრედიტორი მიმართავს მათ ამ მოთხოვნით?
– თუ მოლაპარაკებით ეს საკითხი ვერ გადაწყდა, დავას განიხილავს სასამართლო, თუკი მანამდე სასესხო ხელშეკრულებაში ან რამე დოკუმენტში სხვა დავის გადაწყვეტის სხვა წესი არ იყო განსაზღვრული, დავას განიხილავს სასამართლო.
– მე ჯერჯერობით იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელსაც არც ჰქონია და არც აქვს სესხი, ამიტომ არ ვიცი, ჩვენთან საფინანსო ინსტიტუტები სასესხო ხელშეკრულებებში წერენ ვალდებულებას, რომ მსესხებლის, კრედიტორის გარდაცვალების შემთხვევაში, ვალი გადადის მემკვიდრეებზე თუ იგულისხმება, რომ სამოქალაქო კოდექსი გადაწყვეტს ამ საკითხს?
– ეს შეიძლება, არც იყოს გათვალისწინებული, მაგრამ, მიუხედავად იმისა, მხარეები განსაზღვრავენ თუ არა ხელშეკრულებით, არის ვალდებულებები, რომლებიც მხარეებს წარმოეშვებათ კანონით და სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნება. წარმოიდგინეთ, რომ არის სასესხო ხელშეკრულება, მაგრამ თუ მსესხებელი გარდაიცვალა, სასესხო ხელშეკრულება ხომ დასრულდა პირის გარდაცვალებასთან ერთად და იმ მომენტიდან წარმოიშვება კანონისმიერი ურთიერთობები. ანუ ხელშეკრულება, ესე იგი, ორმხრივი ურთიერთობები მთავრდება პირის გარდაცვალებისთანავე. მაგრამ ეს წერტილის კი არა, მძიმის დასმაა, რომელიც გაგრძელდება უკვე კანონისმიერი ურთიერთობებით.
– ძალიან ხელაღებით გასცემენ სამომხმარებლო სესხებს, ყოველ შემთხვევაში, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს მათი სარეკლამო რგოლები: ლამის ძალადობრივად გასცემენ. ერთ საათში, თხუთმეტ წუთში, მხოლოდ პირადობის მოწმობით. ასე რისკავენ თუ არ რისკავენ, უბრალოდ იტყუებენ კლიენტებს, რომ მათგან შემდეგ გადახდისუნარიანი ამოარჩიონ?
– აქ ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს სამართალს. ამ სფეროსთან შეხება მქონია პროფესიის გარდაც. უნდა დავაკვირდეთ სესხის ვადიანობას, მოცულობასა და სარგებლის პროცენტს. იმ კომპანიებს, რომლებიც ამგვარ რეკლამას ეწევიან, უღირთ, რომ, მაგალითად, 300-ლარიანი სესხი მომენტალურად მოგცენ, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი არა 300 ლარი, არამედ, საბოლოოდ, 3 000-4 000 ლარი შეიძლება, იყოს. რომც დაურღვიოთ მას ხელშეკრულება, ფინანსურად, ანუ სესხის ბიზნესმოდელის გათვალისწინებით, მაინც ნახულობს სარგებელს და სავარაუდოდ, უღირს კიდეც, სხვა შემთხვევაში, ამას ხომ არ გააკეთებდა?!
– ცხადია, ონლაინგამსესხებლებს უღირთ, მაგრამ ბანკების რეკლამებიც არანაკლებ ძალადობრივი და მაცდუნებელია.
– ბანკები რეგულაციას ექვემდებარებიან და ამგვარ მაღალ პროცენტებს არ აწესებენ. მეტიც, ბანკებში ასე ადვილად სესხს ვერც მიიღებთ დღეს. სესხისთვის რომ მიმართავს ადამიანი ბანკს, რეალურად, მის შესაძლებლობებს შეისწავლიან კონკრეტული ადამიანები, აფასებენ რისკებს და ასე შემდეგ.
– რას ურჩევდით მოქალაქეებს, რომლებმაც, როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ მსგავსი მოთხოვნა კანონში დევს და ოჯახის წევრი თუ აიღებს სესხს, რომელიც ფლობს ქონებას, შესაძლოა, მისი გასტუმრება მათ მოუწიოს. ანუ ჯობია, ერთად მიიღონ სესხის აღების გადაწყვეტილება.
– კანონმა გვირჩია ყველას ერთად: არასწორია იმის იმედად ყოფნა, სანამ მე ვარ, მე გადავიხდი და თუ აღარ ვიქნები, ჩემს მემკვიდრეებს არანაირი ვალდებულება აღარ ექნებათ. ყველამ ძალიან დიდხანს იცოცხლოს, მაგრამ სესხის აღების თავდაპირველი გადაწყვეტილების მიღებისას ცოტა ფრთხილად უნდა მოვიქცეთ. ერთით მეტი დღე ვიფიქროთ; ერთით მეტი კითხვა დაუსვან საკუთარ თავს, სხვასაც და მხოლოდ ასე მიიღონ გადაწყვეტილება. თანამედროვე პირობებში კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ხელაღებით ვერ ჩაერევა, რომ მკაცრი რეგულაციები დააწესოს, თუ რატომ იღებ ასეთი პირობებით სესხს. თუ მხარეები მაინც შეთანხმდებიან, უნდა იცოდეთ, რომ სესხის გასტუმრების პასუხისმგებლობა შესაძლოა, გადავიდეს თქვენს მემკვიდრეებზეც.

скачать dle 11.3