№5 კონკურენცია
ანუ ვის ერგება ნარკოდამოკიდებულთა ხმები
მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობელი თურქეთი თავისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად – თანაც, პრევენციისთვის, ერაყის ტერიტორიაზე შეიჭრა, ცხადია, იქაური ქურთების გასანადგურებლად, ვინაიდან, ადრე თუ გვიან, თუკი ერაყში დამოუკიდებელი ქურთისტანი შეიქმნება, თურქეთს ქურთებით დასახლებული ტერიტორია ჩამოსცილდება და თურქი ახალგაზრდები მოხალისეების რიგში ჩადგნენ, რომ მონაწილეობა მიიღონ სამხედრო მოქმედებებში და საკუთარ სახელმწიფოს შეეწიონ, თბილისში „თეთრმა ხმაურმა“ მორიგი აქცია გამართა.
აქციის ძირითადი ლაიტმოტივი ჩვეული იყო: ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაცია, თუმცა ამჯერად მსახიობ „ბახალას“ გათავისუფლებასაც ითხოვდნენ. ვინაიდან, მათი მტკიცებით, 1 000 აბი სუბოტექსი მას პოლიციამ ჩაუდო (სხვისი იყო, ვისი დასახელებაც არ ინდომაო).
რაკი ამ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში, არაოფიციალური სტატისტიკით, 250 000-მდე ნარკოდამოკიდებულია, პოლიტიკოსებიც დაქიჩმაჩდნენ (ორ ასეულ ათასზე მეტი ხმა ხუმრობა საქმე როდია?!). მაგალითად, „რესპუბლიკელმა“ დავით ზურაბიშვილმა ისიც კი გვამცნო, რომ (მომყავს ციტატა): „ვინც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას ებრძვის, რეალურად, ის ებრძვის დროს. ის დრო, მკაცრი ნარკოპოლიტიკის, წარსულია. ამ ქვეყანაში ახალი თაობა მოვა და მაინც შეიცვლება, ადრე თუ გვიან. უბრალოდ, აქ არის საკითხი, – გვინდა ვიყოთ დროის ადეკვატური თუ ჩარჩენილი პოსტსაბჭოურ ეპოქაში. ეს არჩევანია, გვინდა პროგრესი თუ რეგრესი.“
მე არ ვიცი, რატომ არის ყველა ტიპის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია (რაც აუცილებლად გულისხმობს ლეგალიზაციას შემდგომ ეტაპად) პროგრესი და მხოლოდ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია დროის წინააღმდეგ ბრძოლა (ნარკოტიკული თრობა კაცობრიობასავით ძველია).
თუმცა იბადება შემხვედრი რიტორიკული კითხვა: საქართველოსა და რეგიონში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, როდესაც პოლიტიკოსი (ან ამაზე პრეტენზიის მქონე), ნარკოტიკების სრულად დეკრიმინალიზაციას ითხოვს, რას ებრძვის ის?!
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ აქამომდე საქართველოს ნარკომომხმარებელთა ერთადერთი ფავორიტი „გირჩი“ იყო (როგორც ნარკოტიკების თავგადაკლული მოკეთე), აშკარაა, მათ „რესპუბლიკელებიც“ დაემატებიან, ჰოდა, საკითხავიც აი, ის არის, როგორ გაიყოფენ ნარკოდამოკიდებულთა ხმებს (ემანდ, მარცხი არ მოუვიდეთ, პათოსით: და დღეიდან ჩვენ ორ შორის მოციქული არის ტყვია)?! –