№5 ყულფში
ანუ მამალ კაიფში
შესაძლოა, იმიტომ რომ, განსაცდელი მარტო არასდროს მოდის, გარშემო ისეთი კბილთა ლესვაა, პირადად მე, მხოლოდ იმას ვდარდობ, ყველას თუ ვეყოფით.
მაგალითად, გასულ კვირას გრიგორი კარასინმა (პრ. პუტინის წარმომადგენელმა) კიდევ ერთხელ გადაგვასხა ცივი წყალი. კერძოდ, შეგვახსენა, რომ რუსეთ-საქართველოს სრულფორმატიანი ურთიერთობის აღდგენისთვის პოლიტიკური ბარიერები ნამდვილად არსებობს და, თურმე, ეს, არც მეტი, არც ნაკლები, თბილისის მიერ ახალი პოლიტიკური რეალიების არაღიარებაა (ანუ რას მიქვიან, არ ვცნობთ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობას) და, საერთოდაც, საქართველოს არ სურს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა (და როგორ მოესურვილება, როდესაც მოსკოვი და თბილისი სხვადასხვა საზღვრებში ვაღიარებთ საქართველოს სახელმწიფოს?!), თორემ რფ მუდამ მზადაა.
და კიდევ ერთხელ შეგვახსენა: „მე, რომელმაც ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრები ჯერ კიდევ 2012 წლიდან დავიწყე, შემიძლია დავამოწმო, რომ ქართულ მხარეს თავიდანვე ვაფრთხილებდით: თბილისთან ორმხრივი კავშირების აღდგენა არანაირად არ შეასუსტებს ჩვენს სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთთან და „იუჟნაია ოსეტიასთან“. ეს ორი პროცესი სრულიად სხვადასხვა სიბრტყეებზე დევს.“
შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ყულფი ჩვენს კისერზე უღმერთოდ ვიწროვდება და ამ ფონზე, იქნებ, მართლაც, იყოს გამოსავალი ნარკოტიკის ლეგალიზება, რაკი ბრძოლა არავის უნდა, დავსხდებოდით ბუჩქის ძირას მამალ კაიფში.