№4 რა შეიცვლება წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე და ვის შეეხება კონკრეტული სიახლეები
2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება დახვდებათ. ცვლილებები ძირითადად უნარებს, ქართულ ენასა და ლიტერატურას და არჩევითი საგნების ენას შეეხება. დეტალურად ამის შესახებ გვაესაუბრება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე: 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე სიახლე გვექნება. მათგან ორი, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ზოგად უნარებსა და ქართულ ენასა და ლიტერატურას ეხება. ზოგადი უნარების ტესტში ანალოგიების ბლოკი წაკითხულის გააზრებას უერთდება. თუ აქამდე ანალოგიები დამოუკიდებელ წყვილებად გვხვდებოდა ცალკე დავალებაში, ახლა კონტექსტიდან გამომდინარე, წაკითხულის გააზრების ტექსტთან იქნება დაკავშირებული. შესაბამის ნიმუშებს ორ-სამ კვირაში გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებ-გვერდზე. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება, როგორც გითხარით, ქართულს ეხება. კერძოდ, შეიცვალა ესეს შეფასების სქემა. თუ აქამდე ამ დავალებისთვის ოცი ქულა იყო გამოყოფილი, ახლა ოცდაოთხქულიანი გახდება. გასწორებისას არგუმენტირებასა და მსჯელობას ექნება მეტი მნიშვნელობა. თუმცა, ამით ქართული ენისა და ლიტერატურის საერთო ქულის რაოდენობა არ შეიცვლება. უნარებში კიდევ ერთი ცვლილება გვაქვს. ანალოგიის დავალებების რაოდენობა ოდნავ შემცირდება და ლოგიკის ნაწილში გაიზრდება.
– როგორც ამბობენ, წაკითხულის გააზრება ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალებაა აბიტურიენტებისთვის. ანალოგიებთან გაერთიანების შემდეგ კიდევ უფრო გართულდება შინაარსობრივად?
– შინაარსობრივად არ გართულდება. ამ ცვლილების მიზანი გართულება არ ყოფილა. გაწაფული მკითხველი უფრო იოლად დაძლევს ამ ნაწილს. ასე რომ, ამ მხრივ პრაქტიკულად დიდი ცვლილება არ მომხდარა. უბრალოდ, აბიტურიენტს უფრო მეტი დრო ექნება ტექსტთან სამუშაოდ. ანუ, ახლა ერთი ტექსტის დამუშავებით შეძლებს რამდენიმე ტიპის დავალების შესრულებას. სწორედ ეს იყო ამ ცვლილების მიზანი. რაც შეეხება ქართულ ენასა და ლიტერატურას, ესეს შეფასების კრიტერიუმების ცვლილების მოტივაცია ის არის, რომ უპირატესობა მიეცეს მსჯელობის ნაწილს. ზოგადად, არგუმენტირებული მსჯელობა და საკუთარი აზრისა და პოზიციის მაგალითებით გამყარება ძალიან მნიშვნელოვანი უნარია და მას ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს. გამოცდებსა და სწავლებას შორის, ბუნებრივია, კავშირი დიდია და არგუმენტირებულ მსჯელობაზე აქცენტის გადატანა სწორედ, სასწავლო პროცესის ანარეკლია. ზოგადად, დღეს უფრო უნარებზე ორიენტირებული სწავლება მიმდინარეობს და მომავალში, ამას კიდევ მეტი ყურადღება მიექცევა. უნარები სკოლაში არ ისწავლება, იმიტომ რომ, საგანი არაა და ვერც იქნება. ვიცით, რომ ამისთვის ბევრი აბიტურიენტი სპეციალურად ემზადება კერძო რეპეტიტორთან, მაგრამ სხვა საკითხია რამდენად წარმატებულია ეს ნაბიჯი. თუ ადამიანი ბევრს კითხულობს, მას ნაკლებად უჭირს წაკითხულის გააზების ნაწილის დაძლევა. თუ შეჩვეულია მათემატიკურ სიდიდეებთან ურთიერთობას, შეუძლია რიცხვებით ოპერირება, გრაფიკის წაკითხვა და ასე შემდეგ, შესაბამისი ცოდნა აქვს სხვა საგნებშიც, ამ ცოდნის ერთობლიობა ქმნის ამ უნარებს. ეს არ შეიძლება, ერთ რომელიმე საგანში ისწავლებოდეს. თუმცა, აუცილებელია ტექსტის ფორმატის ცოდნა, რისი გაცნობაც ჩვენს ვებ-გვერდზე შეუძლიათ.
– რამდენადაც ვიცი, ცვლილებებია მათემატიკის ტესტშიც. იზრდება მარტივი დავალებების ხვედრითი წილი.
– მთლად ასე ვერ ვიტყოდი. ჩვენი მიზანია, გვქონდეს საშუალო დონის სირთულის ტესტები ყველა საგანში და მათ შორის, მათემატიკაშიც. 2017 წლის მათემატიკის ტესტის სირთულის ინდექსი სირთულისკენ იყო გადახრილი და გვინდა, რომ 2018 წელს, საშუალო სირთულის ტესტი გვქონდეს. შესაბამისად, რამდენიმე დავალება ცოტა გაიოლდება. კიდევ ვიმეორებ, მიზანი საშუალო სირთულის ტესტის შექმნაა, რომელიც ჩვენს პოპულაციას არის მორგებული.
– ეს მათემატიკის სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემას არ გაზრდის?
– რაც შეეხება სწავლების პრობლემებს, წარმოვიდგინოთ, რომ გამოცდები საერთოდ არ არის უმაღლესში მისაღებად. უკეთესი გახდება სწავლა? არ დარჩება მათემატიკასთან დაკავშირებული პრობლემები? მე ვფიქრობ, რომ გამოცდა ბოლო ეტაპია. ადამიანი თუ თორმეტი წელი არ სწავლობს, ბოლოს რომ გამოცდა უნდა ჩააბაროს, იმის ბრალი არ იქნება მისი განათლების დონე. პრობლემები არსებობს და ბევრ ადამიანს გარკვეულ საგნებში დეფიციტი აქვს. ამაზე თვალის დახუჭვა არ ღირს, მაგრამ გამოცდა, უბრალოდ, ამ პრობლემებს კარგად კვეთს.
– შევხედოთ ამ საკითხს პოზიციიდან, რომ დღეს ყველა უმაღლესში აბარებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა შესაბამისი ცოდნა, რადგან ეს პროცესი ძალიან გამარტივებულია. გამოცდა, ამ შემთხვევაში, ის მოტივაციაა, რის გამოც რაღაცას მაინც სწავლობენ აბიტურიენტები და ამ ფონზე კიდევ გამარტივება?
– ყოველწლიურად, დაახლოებით, ორმოცი ათასი ადამიანი რეგისტრირდება გამოცდებზე. აქედან დაახლოებით ოცდაშვიდი ათასი ხდება სტუდენტი. ბუნებრივია, სხვადასხვა წელს მაჩვენებლები მცირედით იცვლება, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს ნიშნავს, რომ მეოთხედი ვერ აბარებს ამ გამოცდების ფონზეც კი. შესაბამისად, სტუდენტი ყველა ვერ ხდება. სხვა საკითხია, რომ იზრდება უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა. დღეს უფრო მეტი ადგილი გვაქვს უმაღლესებში, ვიდრე პოტენციური სტუდენტი. 2017 წელს 45 ათასი ადგილი ვგქონდა და მსურველი 39 ათასამდე გვყავდა. აპრიორი ვაკანტური ადგილები გვრჩებოდა, ყველას რომ ყველაფერი ჩაებარებინა. რადგან კომპეტენციის ზღვარი საკმაოდ დაბალია და არჩევანი შეზღუდული არ არის, ბევრი უნივერსიტეტი იღებს მოსწავლეს, რომელსაც საკმაოდ მოკრძალებული შედეგები აქვს გამოცდებზე. ეს ჩვენი რეალობაა, მაგრამ ამის შეცვლა რამდენიმე ნაბიჯს მოითხოვს: აკრედიტაციის პირობებისა და საკანონმდებლო ბაზების გადახედვას, ასევე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესების გადახედვას და ას შემდეგ. ეს ის თემებია, რომელთა კომპეტენციაც საგამოცდო ცენტრს მიღმაა. ეს სისტემის მოსაგვარებელია, მაგრამ არა ერთი უწყების. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლების ხარისხზე ზრუნვაა, რომელიც პირველი კლასიდან იწყება.
– რაც შეეხება ენას, არჩევით საგნებთან დაკავშირებით. აქ რა ცვლილბები გვაქვს?
– აქამდე აბიტურიენტს შეეძლო, ნებისმიერი არჩევითი საგანი ქართულ ან რუსულ ენაზე ჩაებარებინა. წელს რუსულ ენაზე ვეღარ ჩააბარებენ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: უნივერსიტეტებში ყველგან ქართულ ენაზე არის სწავლება. ქართული ენა სახელმწიფო ენაა და სავალდებულო საგანია ყველა სკოლაში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებშიც. რაოდენობა იმ აბიტურიენტებისა, ვინც რუსულად აბარებდა, ძალიან მცირეა. ერთეულები აბარებდნენ ისეთ საგნებს, როგორიცაა ხელოვნება, სამოქალაქო განათლება და ათეულები ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიასა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გამო მთლად გამართლებული არ არის ქართულის გარდა, სხვა ენაზე გამოცდის ჩაბარება. რაც შეეხება, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს, როგორც იცით, მათ არც ჰქონდათ საკუთარ ენაზე გამოცდის ჩაბარების უფლება. დამატებით საგნებში მხოლოდ ქართულად ან რუსულად შეეძლოთ ჩაბარება. მაგრამ, ახლა მათაც მოუწევთ, რომ ქართულად ჩააბარონ ეს გამოცდები ან ქართული ენის მოსამზადებელ ერთწლიან პროგრამაზე ჩაირიცხონ. რაც შეეხება ზოგად უნარებს, მისი ჩაბარება კვლავ რამდენიმე: სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე შეუძლიათ. ერთადერთი გამონაკლისია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებიც სკოლაში ქართულად არ სწავლობენ, ან სათანადოდ ვერ სწავლობენ, ანდა სწავლობენ, მაგრამ განსხვავებული პროგრამით. მათ შეუძლიათ, მოითხოვონ დამატებითი გამოცდის ჩაბარება რუსულ ენაზე, გამონაკლისს მხოლოდ მათთვის დავუშვებთ.
– ანუ, ეთნიკური უმცირესობებისთვის ცოტა გართულდება საქმე?
– მაინცდამაინც არ გართულდება. რომ ნახოთ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც რუსულს აბარებდნენ, მიხვდებით, რომ რეალურად, ასეთი ძალიან ცოტაა. ასე რომ, იმედი გვაქვს, დიდი პრობლემა არ შეიქმნება. ჯერჯერობით, არც მოჰყოლია ამას უარყოფითი გამოხმაურება. ეს გადაწყვეტილება უცებ არ მიგვიღია. ბოლო რამდენიმე წელია, ამ საკითხზე ვმუშაობთ, პროცესს ვაკვირდებით და ვგეგმავდით ამ ნაბიჯის გადადგმას. წელს, უბრალოდ, პირველად განხორცილედება პრაქტიკაში.
– ბარიერთან დაკავშრებით თუ არის მოსალოდნელი ცვლილებები?
– ბარიერის გარშემო ბოლო რამდენიმე წელია, მსჯელობა მიმდინარეობს და წელსაც ასეა. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ წელს ბარიერი არ შეიცვლება. თუ მაინც ასე მოხდა, აუცილებლად გაიგებთ ამის შესახებ. ზოგადად, ყოველთვის მიდის საუბარი, რომ ბარიერი დაბალია და ნელ-ნელა უნდა აიწიოს, რაც ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე მოხდა კიდეც.