კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 ვინ უხსნიდა ცუცა კაპანაძეს რვა წელი სიყვარულს და როგორ გადაურჩა ის საკუთარ დაბადების დღეზე სიკვდილს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 „ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი ცუცა კაპანაძე გათხოვდა” – საყვარელი მსახიობის შესახებ სასიხარულო სიახლე ინტერნეტ-სივრცეს სწრაფად მოედო. ამ სასიხარულო სიახლისა და მისი ცხოვრების სხვა აქტუალურ თემებზე სასაუბროდ, მსახიობს ამერიკაში დავუკავშირდით.
ცუცა კაპანაძე:
იქნებ ენამ უყივლოს ამ ხალხს და მართლა გავთხოვდე. უამრავმა ადამიანმა მომილოცა დაქორწინება, მაგრამ სამწუხაროდ, არ გავთხოვილვარ. ისევ პრინცს ველოდები (იცინის). სამოგზაუროდ ვიყავი გემით წასული, კაპიტანთან გადაღებული ფოტო დავდე „ფეისბუქზე” და მეგობრებმა „გამათხოვეს”. ამ ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თურმე როგორ ელოდება ხალხი ჩემს გაბედნიერებას, მაგრამ ჯერ ეს არ მომხდარა და თუ ვინმე ჩემთვის სიყვარულის ახსნას აპირებს, ისევ თავისუფალი ვარ (იცინის). ისე, ცრუსავით მომდის, უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ გამათხოვეს და ახლა მართლა რომ გავთხოვდე, აღარავინ დაიჯერებს (იცინის). ერთი სიახლეა, მელ გიბსონს აღარ ველოდები, უკვე სამჯერ დაქორწინდა და მგონი, მე დავავიწყდი. ლევან უჩანეიშვილი და მისი ძმა მაშაყირებენ: კი მაგრამ, როგორ კაცს ეძებო. ვეუბნები: მაღალს, მხარბეჭიანს, ცისფერთვალებას, ქერათმიანს და იუმორით სავსეს-მეთქი. მასეთი აგერ ვარ და აქამდე გეთქვა, რაღა მელ გიბსონთან გარბოდიო (იცინის). ახლა სხვას ველოდები, მაგრამ ვის, არ ვიცი. თუმცა, მზითვები გამზადებული მაქვს. თბილისში ბინა და ამერიკის მოქალაქეობა, ამაზე მეტი რაღა გინდათ? მე ხომ საერთოდ, მზეთამზე ვარ (იცინის).
– ისეთი კრიტერიუმები ჩამოთვალეთ, როგორც ჩანს, საკმაოდ პრეტენზიული ჩანხართ მამაკაცების მიმართ.
– პრეტენზიული არ ვარ, პირიქით, ძალიან კარგი ხასიათი მაქვს. უბრალოდ „თხის რქა“ ვარ და ცხოვრებას რქებით ვაწვები. ერთადერთი, იუმორის გრძნობას ვითხოვ მისგან. თუმცა, ძალიან კეთილიც უნდა იყოს. არც მატყუარა და ცვალებადი ხასიათის მამაკაცები მიყვარს. თუ გადავუყვარდები და პარალელურად, მეგობრის გაჩენას გადაწყვეტს, ამას ვერ შევეგუები. მირჩევნია, პირდაპირ მითხრას, რომ სხვა უყვარს და წავიდეს. ღალატი ჩემთვის უპატიებელია. ამ შეცდომას თუ ერთხელ დაუშვებ, ჩათვალე, მეორედაც გააკეთებ და თუ კაცს ერთხელ აპატიე, ის მეორედაც გეტყვის, ამ ერთხელ და „ვსოო”. ქართველი კაცის ხასიათიდან გამომდინარე – „ამ ერთხელაც მაპატიე და ვსო,” აღარასდროს დამთავრდება. ეს რა სენი სჭირთ ქართველებს, თუნდაც ამერიკაში იყოს დაბადებული, გენი მაინც თავისას შვრება.
– ბევრი არ მიესალმება სხვა ეროვნების ადამიანთან ოჯახის შექმნას. თქვენ თუ გაქვთ გართულება?
– სიმართლე გითხრათ, მაქვს. მირჩევნია, ქართველი ქართველზე დაოჯახდეს. ამდენი დასაოჯახებელი ულამაზესი გოგო გვყავს. საოცრად კარგი თაობა წამოვიდა და მაინც უცხოელებზე ქორწინდებიან. ამ ბოლო დროს ქართველმა მამაკაცებმა რაღაც ძალიან ბევრი უკრაინელი გოგო „გაასაღეს”, რაზეც ძალიან
ვბრაზდები (იცინის). ანგელოზივით გოგოები გვყავს საქართველოში და რატომ მოჰყავთ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები? მაგრამ, ეს ჩვენი გოგოების ბრალია. ძალიან დიდი პრეტენზიები აქვთ: ფული, მანქანა და ასე შემდეგ. მათთვის სიყვარული პირველ ადგილზე არ არის და შეიძლება, ეს არის ამის მიზეზი. უცებ უნდათ გამდიდრება. ფული აუცილებელია, მაგრამ თუ ადამიანი ძალიან გიყვარს, როგორ შეიძლება, უარი იმიტომ უთხრა, რომ „პრადოს” ვერ გიყიდის და „ვერსაჩეს” ვერ ჩაგაცმევს?! თანაცხოვრებისას, თუ მოინდომებ, შეუძლებელსაც შეძლებ. ადრე ამბობდნენ მოსიყვარულე ცოლ-ქმარი თოხის ტარზე დაეტევაო და ახლა თოხის ტარზე კი არა, სამეფო საწოლებში ვეღარ ეტევიან (იცინის).
– ამერიკელი მამაკაცები რით განსხვავდებიან ქართველებისგან?
– განა მხოლოდ ამერიკელები, ემიგრაციაში მყოფი ქართველებიც უკვე სხვანაირები არიან. აქ კანონია უზენაესი და ყველა მისი მორჩილია. მოწესრიგებული სამსახურია, ფულის ყადრს და შრომის ფასს იგებენ. წარმატების მისაღწევად უდიდესი შრომა გჭირდება და უნდა შეეგუო, რომ მშობლები ვეღარ მოგართმევენ ლანგრით მომავალს. ამიტომ, ძალიან პრაქტიკულები არიან. ბავშვს მე არ წავიყვან სკოლაში და სამრეცხაოში არ წავალო, – ამას არ იტყვიან. უპირველესად, საკუთარი თავის მოვლას და წესრიგს სწავლობენ. ასეთები არიან ამერიკელები და აქ ჩამოსული ქართველებიც მათ ემსგავსებიან. თორემ, საქართველოდან რქებით ჩამოდიან და კუდი ყავარზე აქვთ გადებული. მერე ყალიბში ჯდებიან და სხვა თვალით უყურებენ ჩვენს ქვეყანას – ფასეულობებს აფასებენ და ხვდებიან, რომ თავის ქვეყანა უყვართ და არა ესა თუ ის ლიდერი.
– მოდი, თქვენი სასიყვარულო ისტორიები გავიხსენოთ.
– ჩემი დაბადების დღე 2 იანვარს, ბედობას არის. საქართველოში რომ ვიყავი, უცნობი მამაკაცი რვა წლის განმავლობაში ყოველ დაბადების დღეზე ჩემს სიმაღლე ვარდებს მიგზავნიდა. რომელი ინგა მე ვიყავი, მაგრამ არც ის იყო მურტალო (იცინის). ვერაფრით გავიგე მისი ვინაობა და მხოლოდ პრესის საშუალებით შემიძლია მადლობის გადახდა. ცამაღალა მე არ ვარ და ჩემი სიმაღლის ვარდების შოვნა არ გაუჭირდებოდა. ფეხები რომ კისრიდან მეწყებოდეს, კიდევ ძნელი იქნებოდა, მაგრამ პატარა, ლამაზი, კოხტა და მუშაო, ხომ გაგიგიათ?! (იცინის) მადლობა საოცარ უცნობს, რომელიც ასე მიხსნიდა სიყვარულს. ბედნიერი ვარ, რომ ბევრს ვუყვარდი. მოსულან, სერენადები უმღერიათ და მე ამ დროს ღრმა ძილით მეძინა. მთელი სამეზობლო მაღვიძებდა, შენ გიმღერიანო. სამწუხაროდ, სიყვარული ზოგჯერ ცალმხრივია. თუმცა, სამაგიეროდ, ვინც მიყვარდა, იმან მე მატკინა გული. სიყვარულზე სიყვარულით  მიპასუხა, მაგრამ მიღალატა და ეს არ ვაპატიე. ამიტომ ვარ ამ ასაკში მარტო. „ამ ასაკს” ვამბობ, თორემ გულით და სულით, ისევე, როგორც ფიზიკურად, 18 წლის თინეიჯერი ვარ (იცინის). ამერიკაში ვუყვარდი ერთ კომპოზიტორს, რომელიც ლოს-ანჟელესში ცხოვრობს, მაგრამ ვერ ვუპასუხე სიყვარულით. ნიუ-იორკში ჩემი ცხოვრება მაქვს აწყობილი და სხვა ქალაქში ვერ გადავიდოდი საცხოვრებლად. არადა, მუსიკაც კი მომიძღვნა. საოცრად რომანტიკული პიროვნებაა. ქალი რომ ინატრებ: მასთან რომ ვიყო, რა კარგად ვიცხოვრებ, ნეტა ასეთი ქმარი მომცაო – ზუსტად ისეთია. თუმცა, მარტო რომ ვარ, არავის ვაბრალებ, მხოლოდ მე ვარ დამნაშავე. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი და ეტყობა, შემეშინდა ამის დაკარგვის. ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა და შეიძლება, ამას გავექეცი. ყოველთვის ჯერ ადრეას ვიძახდი და ამასობაში, გამომეპარა ის დრო, როცა ოჯახი  უნდა შემექმნა. ახლა ვფიქრობ, რომ აუცილებელია, გვერდით მეგობარი გყავდეს. შვილი ხომ ყველაზე მთავარია და გული მწყდება, რომ არ მყავს. ჩემს ძმისშვილებზე ვგიჟდები, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა ჩემი შვილი. როცა ქალი ასაკში შედიხარ, მარტო არ უნდა იყო. გვერდით აუცილებლად უნდა გყავდეს მეგობარი. ეს ეკლესიურად არაა გამართლებული. არც საყვარელი ადამიანისგან შვილის გაჩენაა გამართლებული, მაგრამ, როცა ქალი ამ ნაბიჯს დგამს, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება, იმ მამაკაცთან არ დარჩეს, მაინც მივესალმები. ღმერთმა ქალი იმისთვის შექმნა, რომ დედობა გამოსცადოს. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ძალიან მწყდება გული, რომ მე შვილი არ მყავს. თუმცა, თეატრსა და ოჯახში უამრავი ბავშვია და ჩემს სიყვარულს მათ ვუნაწილებ.
– ალ პაჩინოსთან შეხვედრის ამბავიც გაიხსენეთ.
– ბროდვეიზე თამაშობდა ალ პაჩინო „ვენეციელ ვაჭარში” და მთელი ჩვენი დასი წავედით მის სანახავად. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, გარეთ ზღვა ხალხი ელოდა და პოლიცია იცავდა გასასვლელს. გავწი-გამოვწიე ხალხი და ძლივს მივბობღდი კარამდე. გამოვიდა ალ პაჩინო და ატყდა კივილ-წივილი. დაცვა უკან მწევს, მე ისევ წინ მივდივარ (იცინის). გამიმართლა, რომ ზუსტად ჩემს მხარეს წამოვიდა. ეგრევე ვეცი, თავი ძალიან მაგრად დავუჭირე და ინგლისურად ვუთხარი: მე შენ მიყვარხარ-მეთქი. გონზე მოსვლა ვერ მოასწრო და მეუბნება, მეც მიყვარხარო. ხელი მოვაწერინე, ფოტო გადავიღეთ და სხვებსაც ვეძახდი გადაიღეთ-მეთქი. მერე ერთი კარგად ჩავკოცნე. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, კაცი შოკში ჩააგდეო. მერე მითხრეს, მესამე ქალი ხარ, ვინც მას ძალით აკოცაო. პირველი მიშელ ფაიფერი იყო და მეორე არ ვიცი (იცინის). კიდევ კარგი მელ გიბსონი არ იყო, თორემ ვერ გამომწიწკნიდა ხელიდან ვერავინ. სხვათა შორის, ვიცი, რომ ალ პაჩინომ საქართველოს შესახებ იცის, ქართველებიც მოსწონს და ქართული ღვინოც.
– ბოლოს, ახალი წლის ამბებიც მომიყევით.
– ახალ წელს შტორმში მოვყევი და ჩემს დაბადების დღეზე სიკვდილს გადავურჩი. რამდენიმე დღით საქართველოში ვიყავი წინასაახალწლოდ და 29 დეკემბერს ბაჰამზე წავედი სამოგზაუროდ გემით. სიურპრიზები ძალიან მიყვარს და ხშირად მიკეთებენ, მაგრამ ამჯერად თვითონ გავუკეთე საკუთარ თავს. თუმცა, კოვზი ნაცარში ჩამივარდა. წავედით ბაჰამზე, გემზე უმრავი გასართობი იყო, საოცარ გარემოში ვიყავი. ოთხი ათასი კაცი იყო. 16-სართულიან გემზე მეთორმეტეზე ვცხოვრობდი. ულამაზესი, აივნიანი კაიუტა ავიღე. ყავას და ნამცხვრებს გამოვიძახებდი და ვტკბებოდი. თითქოს მთელი ცხოვრება ასე მქონდა გატარებული (იცინის). უკან ორში, ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე ვბრუნდებოდით. რესტორანში ვახშამი გვქონდა შეკვეთილი და წასასვლელად რომ მოვემზადეთ, შტორმი დაიწყო. ვიცით, რომ ბერმუდის სამკუთხედს ვუახლოვდებით და წარმოვიდგინეთ, რა საშიშროების წინაშე შეიძლება, აღმოვჩნდეთ. შტორმმა 16-სართულიან გემს ჭერი ახადა, აქანავებდა კი არა, ისე ათამაშებდა, როგორც ბურთს. აკვანივით ირწეოდა ეს ამხელა გემი. წყალი ჩამოვიდა, მოკლედ, საშინელება ხდებოდა. ორი დღე და ღამე ჯვარი არ გამიშვია ხელიდან და გაუთავებლად ვლოცულობდი. ღამე წინიდან დაარტყა ტალღამ და ყველაფერი თავზე გვეყრებოდა – რა ტორტი, რის სანთელი. წარმოიდგინეთ, როგორია, საკუთარ დაბადების დღეს, თან ბედობას, ასეთი ამბავი. ოთხში, უკვე ვაშინგტონს რომ ვუახლოვდებოდით, ღელვა დაწყნარდა და ჩვენც ცოტა მოვეშვით. კაპიტანი გვაწყნარებდა, მსგავს სიტუაციებში გამოცდილება გვაქვს და არ ინერვიულოთო, მაგრამ როგორ არ უნდა ინერვიულო. თან, მუსიკა გამალებით უკრავდა და „ტიტანიკი” გამახსენდა. ვქანაობთ და გვეუბნებიან, იცეკვეთო. იმდენად ნერვიული სტრესი გვქონდა, ყველა ცეკვავდა. პრინციპში, გემი ქანაობდა და გვინდოდა თუ არა, გვაცეკვებდა (იცინის). აი, შენი სიურპრიზიო, მეუბნებოდნენ. როგორი მღელვარე და მშფოთვარეც შენ ხარ, ოკეანეც ისე შეგხვდაო (იცინის). ესეც ჩემი სიურპრიზი, დაბადების დღე ჩამეშალა, მაგრამ რადგან ცოცხალი გადავრჩი, რაღას დავეძებ. ახლა ყველას ვაფრთხილებ, რომ ჩემთან სიტყვა გემი არ დასცდეთ. თუმცა, კარგად კი გავერთე. ყველა სართულზე რესტორანი და დისკოთეკა იყო. დავიმხე თავზე ყველაფერი, ყველგან ვიყავი. მოკლედ, საოცრებაც იყო ეს მოგზაურობა და კოშმარიც იმავდროულად (იცინის).
– საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?
– ნებისმიერ დროს მზად ვარ, დაბრუნებისთვის თუ რამე საინტერესო პროექტი იქნება. ისე, უბრალოდ, ძალიან ძნელია. მეთორმეტე წელია აქ ვარ. ქართული კულტურის ცენტრის გენერალური მენეჯერი ვარ, რომელსაც ოცი წელი შეუსრულდა და 17 მარტს, საიუბილეო კონცერტი გვაქვს. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ყველას მივულოცო იუბილე. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ნიუ-იორკის ქართული თეატრი, რომელსაც უკვე ათი წელი უსრულდება. მე საბავშვო თეატრის ხელმძღვანელი ვარ და იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ძალიან მიყვარს.
скачать dle 11.3