კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ ქმნის ცოცხალი ორგანიზმებისგან შედევრებს ანი ციციშვილი და საიდან მოხვდა მის „სამოთხეში“ ქამელეონი და წითელ წიგნში შეტანილი თუთიყუში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

აგრარული უნივერსიტეტის, მესამე კურსის სტუდენტის, 19 წლის ანი ციციშვილის ორანჟერეაში მისვლით, ნამდვილ სამოთხეში ხვდებით. იქ აყვავებული მცენარეებით საოცარი გარემოა შექმნილი, რაც შესაბამის შეგრძნებებს ბადებს. ანის  ძალიან უყვარს ცხოველები და ფრინველები. სამი ძაღლი, ორი კატა, ხუთი თუთიყუში, ქამელეონი – სახელად  რიკი და უამრავი თევზი ჰყავს. მისი ცოცხალი ბაქტერიებით შესრულებული ნახატი კი, წლის ყველაზე პოპულარულ ფოტოდ დასახელდა. ყვავილები, ხეები, ფრინველები, ცხოველები – ეს, ანის სამყაროა.
ანი ციციშვილი:
ყვავილების მოვლით სკოლის პერიოდში დავინტერესდი. სკოლაში ძალიან ლამაზი, მწვანე გვიმრა იზრდებოდა ფანჯრის რაფაზე. სულ ვუყურებდი, მომწონდა და სურვილი გამიჩნდა, სახლშიც მქონოდა. ბათუმის „ტრასაზე“ ვიყიდე მსგავსი გვიმრა და  მას მერე,  გვიმრის 27 სახეობა მაქვს ორანჟერეაში. კორპუსში ვცხოვრობ, მეცხრე სართულზე და როცა  ბინაში 135 ყვავილი დამიგროვდა, აღარ მეტეოდა. დავფიქრდი იმაზე, რომ ბავშვობის ოცნება ამეხდინა და ორანჟერეა გამეკეთებინა. თან, ორანჟერეის აშენებაში მამა დამეხმარა და ეს ოცნება მან ამიხდინა. ახლა, ეს ორაჟერეა შემოსავლის წყაროც არის – მცენარეებს ვახარებ, ვზრდი, ვამრავლებ და მერე ვყიდი. ზამთარში ორანჟერეას გაზის გამათბობლით ვათბობ. მიყვარს მწერიჭამია მცენარეები. მათი 7-მდე სახეობა მაქვს. განსაკუთრებით მომწონს მწერიჭამია - ცხიმურა, მწერთამმუსვრელი. მე მასთან სიმბიოზური ურთიერთობა მაქვს – მე წყალს ვაწვდი, ის კოღოებს ჭამს (იცინის). ბოლო 2 წელია, აქტიურად ვმუშაობ  ჯუჯა ხეების – ბონსაის გამოყვანაზე. საკმაოდ საინტერესო პროცესია. ძირითადად, მარტო ვუვლი. თუმცა, ბებიაც მეხმარება. დილით, სანამ უნივერსიტეტში წავალ, აქ ვარ და უნივერსიტეტიდან რომ ვბუნდები, ისევ ორანჟერეაში მოვდივარ. დროის
დიდ ნაწილს აქ ვატარებ. შრომატევადი საქმეა, მაგრამ მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– საკმაოდ ბევრი ჯიშის მცენარე გაქვს. სად ყიდულობ?
– თუ სადმე ვარ და მომეწონა, მომაქვს და ვახარებ. ყვავილები დიდი სათბურებიდანაც მომაქვს.  ხან ბათუმში ვყიდულობ და ჩამომაქვს... მთავარია, საინტერესო და ლამაზი მცენარე შემხვდეს. ინტერნეტიდანაც ვიწერ სხვადასხვა ყვავილის თესლს. ჩემს ახლობლებს უცხოეთიდანაც ჩამოაქვთ საჩუქრად. ფული არასდროს დამენანება ყვავილებში. მაგალითად, მედინილა, რთული მოსავლელია სახლის პირობებში და გავრცელებულიც არ არის საქართველოში. დეკემბერში, როცა სახლში მოვიტანე, შესაბამისი პირობები არ მქონდა. ფოთლები თითქოს გაუხმა და გადარჩენის შანსი არ ჩანდა. მაგრამ, ყველაფერი გავაკეთე და ახლა, ახალი ფოთლები გამოიღო, აყვავდა.
– შენი მიკროორგანიზმებით შექმნილი ნახატი, ამერიკის მიკრობიოლოგთა ასოციაციის  მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე, გამარჯვებული გახდა – პოპულარულმა სამეცნიერო გამოცემამ The Scientist, 2017 წლის ყველაზე პოპულარულ ფოტოდ აღიარა. საქართველოში მსგავსი ნახატები, თუ არ ვცდები, არ იქმნება.
–  ბავშვობიდან ვხატავ. ხატვა ჩემი მეორე პროფესიაა და უამრავი ნახატი მაქვს ტუშით, ფანქრითა და საღებავებით შექმნილი. იმედია, ამ ოცნებასაც ავიხდენ და ერთ დღესაც გამოფენაზე დაგპატიჟებთ (იცინის).  რაც შეეხება ბაქტერიებით ხატვას, დამაინტერესა, ვცადე და გამომივიდა. ზოგადად, მიკრობიოლოგები ხატავენ პეტრის თასზე – თესავენ ბაქტერიებს, ისინი სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის იზრდებიან და ძალიან საინტერესო სამუშაოა.  რასაც მე ვაკეთებ, ამას ქვია Microbial art და  გულისხმობს:  ნახატების შექმნას ცოცხალი მიკროორგანიზმების, კერძოდ, ბაქტერიებისა და სოკოების გამოყენებით სპეციალურ, სტერილურ საკვებ არეზე, ლაბორატორიულ  პირობებში. ყველა ჩემი ნახატი შექმნილია მიკროორგანიზმებით და სამწუხაროდ, მალევე კვდება. მსოფლიო დონის გამომცემლობის The Scientist-ის მიერ, გასულ წელს ყველაზე პოპულარულ წლის ფოტოდ დასახელდა ჩემი ნამუშევარი. მანამდე ის ამერიკის მიკრობიოლოგთა ასოციაციის - American Society of Microbiology-ის  მიერ  ჩატარებული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა და მესამე ადგილი ავიღე. ეს კონკურსში მონაწილეობის პირველი მცდელობა იყო, სადაც 36 ქვეყნის 265 კონკურსანტი გახლდათ და მათ შორის, მე ძალიან გამიმართლა. მით უმეტეს, რომ მიკრობებით ხატვა ერთი წელია, რაც დავიწყე. მათი შექმნა იმდენად რთული არაა, როგორც შენახვა. ესაა ცოცხალი მიკრობული მასა და ლაბორატორიულ პირობებში უნდა ინახებოდეს. საქართველოში მსგავსი რამ, ჯერჯერობით განვითარებული არ არის, უცხო ხილია. უცხოეთში კი, Microbial Art დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიკრობებით ხატვისთვის უპირველესად, საჭიროა მასალა.

– როგორც მივხვდი, ამ შემთხვევაში საღებავები არ არის საჭირო და მას მიკრობები ანაცვლებს?
– დიახ, სწორედ, ასეა.  საღებავი ამ შემთხვევაში მიკრობებია, რომლებიც ბინადრობენ ჰაერში, წყალში, მიწაში, ადამიანის კანზე და საერთოდ, ყველგან ჩვენ გარშემო. ისინი სპეციალურ საკვებ არეზე მოხვედრისას, სწრაფად მრავლდებიან და წარმოქმნიან კოლონიებს, რაც მიკროორგანიზმის სახეობიდან და საკვები არედან გამომდინარე, სხვადასხვა ფერისაა. საჭირო ფერის მიკრობი ფუნჯით გადამაქვს საკვებ არეზე. მიკრობები თავიდან არ ჩანს, მხოლოდ 2-3 დღის მერე იწყებს ზრდას და ნახატი ხილული ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, მიკრობებით ხატვა ნიშნავს საჭირო მიკროორგანიზმის საჭირო საკვებ არეზე, გარკვეული თანმიმდევრობით დასმას, შემდგომი ზრდისთვის.
– წარმომიდგენია, რა რთული პროცესია. ამ დროს გარემო ტემპერატურასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?
–  რა თქმა უნდა. ამ პროცესს თან ახლავს პრობლემები. მაგალითად, ხშირია დაბინძურება ანუ ერთი ტიპის მიკრობი შემთხვევით ხვდება მეორე მიკრობზე და ნახატი ფუჭდება. ზოგი მიკროორგანიზმი სწრაფად იზრდება, ზოგი კი,  ნელა. ამ დროს,  აუცილებელია, ტემპერატურული რეჟიმის
გათვალისწინება. მაგალითად, ის მიკროორგანიზმები, რომლებსაც ხატვისთვის ვიყენებ,  კარგად იზრდება 28-37 გრადუსის  შუალედში.  ზრდის შემდეგ, აუცილებელია ნახატის შენახვა მაცივარში, რომ მიკროორგანიზმებმა ზრდა შეანელონ და ზედმეტად არ გაიზარდოს ნახატი. როდესაც საკვები არე შრება, ნახატიც კვდება.
– დაახლოებით, რამდენ ხანს ცოცხლობს მიკროორგანიზმებით შექმნილი ნახატები?
– ერთი ნახატი, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში სუნთქვას და ცოცხლობს, შემდეგ კი, კვდება.
– გარდა, ამისა, უნიკალური ჯიშის თუთიყუშები და თევზებიც გყავს. ისინი საიდან მოხვდა შენთან?
– მზის არატინგა ერთადერთი წყვილია საქართველოში, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. მათი გამრავლება მინდა. თევზები ამაზონის მდინარიდან მყავს. ერთ-ერთი თუთიყუში კი, რომელიც კერძო კოლექციონერისგან შევიძინე, ისეთი გაწვრთნილია, გარეთ რომ გამყავს, ხელზე მიზის და თუ გაფრინდა, როგორც  დავუძახებ, ეგრევე უკან მოფრინავს. რეპტილიებიც მიყვარს,  განსაკუთრებით, ჩემი  იემენური ქამელეონი – რიკი, რომელიც ფერებს იცვლის, გარემო პირობების მიხედვით.  უახლოეს მომავალში, ვაპირებ პოლუდარიუმის მოწყობას – ეს არის სივრცე, რომელიც გაყოფილია: ქვედა მხარეს ასხია წყალი და ბინადრობენ თევზები, ზედა მხარეს კი, განთავსებულია ქვები, მცენარეები ფესვები და სწორედ, იქ დავასახლებ ჩემს ქამელეონებს.

скачать dle 11.3