№4 ვინ მოუკლა მამა და გაუუპატიურა და მარეკ დუდაევს და მოკლეს თუ არა ის შურისძიების მიზნით
რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთ სოფელში, მარეკ დუდაევი მოკლეს. სამართალდამცველებმა მისი ცხედარი მისსავე მშობლიურ სოფელში იპოვეს. მას უცნობმა პირმა სამჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეგახსენებთ, მარეკ დუდაევს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამნისტია შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით, ესეც მოეხსნა. მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
ციხეში ყოფნისას დუდაევი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა.
მარეკ დუდაევის მკვლელობას სხვადასხვა ვერსია მოჰყვა. ამბობენ რომ მისი მოკვლა ყველას აწყობდა. თუმცა, ძირითადად, მაინც ორი ვერსია დომინირებს: პირველი, კონფლიქტი ტარიელ ბაშარულთან, რომელსაც ცხინვალის რეგიონში სერიოზული გავლენები აქვს. როგორც წერენ, ბაშარული მსხვილი კონდრაბანდისტია და ლენინგორის რაიონს აკონტროლებს. მათმა კონფლიქტმა იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ დუდაევი რამდენჯერმე სცემეს კიდეც. ადგილობრივი მედია წერდა: „დუდაევმა ხარკი დააკისრა იმ აზერბაიჯანელებს, რომლებიც ცხინვალის ბაზარში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობენ. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მათ ბევრად უფრო სერიოზული „მფარველი” ჰყავდათ ტარიელ ბაშარულის სახით.“
მეორე ვერსია დუდაევის ყოფილ ცოლს უკავშირდება. 2013 წელს ამნისტირებული დუდაევი თბილისიდან ცხინვალში გადადის. მალევე, ადგილობრივ პოლიციაში მის წინააღმდეგ სარჩელი შედის. საკუთარმა მეუღლემ მას ფიზიკური შეურაცხყოფისა და გაუპატიურების გამო უჩივლა. დუდაევი დააკავეს, თუმცა, მალევე დააღწია თავი პატიმრობას. ცოლს, მართა ვაზაგოვას, მოძალადე ქმრისგან გაქცევა მოუწია. ის როსტოვში გადაიხვეწა. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც 2017 წელს რუსეთის ჩემპიონი გახდა კარატეში.
რაც შეეხება დუდაევის კრიმინალურ წარსულს: გორის რაიონის სოფელ არცევის მკვიდრს, წარმოშობით ჩეჩენ, მარეკ დუდაევს ბრალად დაედო 1997 წლის თებერვალში, განსაკუთრებული სისასტიკით ბესიკ თენაძის განზრახ მკვლელობა. გარდა ამისა, მას ასევე, ბრალდებოდა: გაზრახ მკვლელობის მცდელობა; სხეულის განზრახ დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ძარცვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ტარება; პოლიციაზე ძალადობა და წინააღმდეგობის გაწევა. გამოძიების ცნობით, დანაშაულთა კრებული დუდაევმა 1995-2002 წლებში ჩაიდინა. 2004 წლის 16 მარტს, საქართველოს უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმის მებრძოლებმა, მარეკ დუდაევი სპეცოპერაციის შედეგად, სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, დუდაევმა სპეცნაზის მებრძოლებს წინააღმდეგობა გაუწია და მძიმედ დაიჭრა. რვა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, თუმცა გადარჩა და დააპატიმრეს.
2004 წლიდან მოყოლებული სეპარატისტული ცხინვალი მუდმივად ითხოვდა მარეკ დუდაევის გადაცემას, ან ქართველ პატიმრებში გაცვლას. თუმცა, საქართველოს წინა ხელისუფლება არცერთ მოთხოვნას არ დათანხმდა.
მარეკ დუდაევის გათავისუფლებას ეთნიკური ქართველების გატაცებით ცდილობდა მისი ძმა, ცხინვალში ასევე, ცნობილი ავტორიტეტი – ერიკ დუდაევი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერიკ დუდაევი და მისი ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ საქართველოს რამდენიმე მოქალაქის გატაცებაში. მათ შორის, 2005 წელს: 11 წლის გენო პეტრიაშვილის, 14 წლის ლევან ცაციაშვილის, 18 წლის გოჩა ჯარმელაშვილის გატაცებებში. ერიკ დუდაევის სახელს უკავშირებენ, ასევე, ერედვის პოლიციის უფროსის, ლადო ჭალაურისა და პოლიციელ გოჩა გვიმრაძის გატაცებას; მამუკა და გალაქტიონ ხაჭაპურიძეების, ასევე, მამუკა ლომიძის გატაცებებსა და სასტიკ მკვლელობას. 2007 წელს ერიკ დუდაევი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. დეკემბერში ცხინვალში სეპარატისტების მაღალი რანგის სამხედრო პირის, მაირუბეკ ხურიევის ავტომანქანა აფეთქდა. ხურიევი ადგილზე დაიღუპა, დუდაევი კი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. მაშინ ცხინვალში განაცხადეს, რომ ტერაქტის უკან საქართველოს სპეცსამსახურები იდგნენ. თუმცა, თბილისმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. დავით კაპანაძე, რომელიც 2009 წლის 27 თებერვალს დაატყვევეს, იხსენებს, რომ პირველად ის ერიკ დუდაევთან მიიყვანეს. კაპანაძე ჟენევის მოლაპარაკებაზე ქართული დელეგაციის ყოფილი წევრის, გონერი კაპანაძის ძმაა. ამიტომ, მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემდნენ, რათა ოფიციალური თბილისი ქართველი პატიმრის, მარეკ დუდაევის გაცვლას დასთანხმებოდა. კაპანაძე სეპარისტებმა მხოლოდ 2011 წლის თებერვალში გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, შოთა უტიაშვილმა, მარეკ დუდაევის გათავისუფლებას სერიოზული შეცდომა უწოდა. „უამრავი მკვლელობა ჩაიდინა, ასევე ყაჩაღობები. ჰქონდა მოწყობილი ტყვეთა ბანაკები, სადაც უფასოდ ამუშავებდა ქართველ მოსახლეობას. ექცეოდა როგორც ყმებს. აუპატიურებდა ქალებს. იყო იქაურობის სრული ბატონ-პატრონი. ჩვენ 20 კაცში არ გავცვალეთ დუდაევი, იმდენად ამაზრზენი დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი.“
პატიმარ დუდაევის მიმართ დამოკიდებულება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებების შემდეგ შეიცვალა. ჯერ კიდევ თებერვალში, უჩა ნანუაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ თბილისსა და ცხინვალს შორის, მომხადარიყო პატიმრების გაცვლა პრინციპით: „ყველა ყველაზე“. მარეკ დუდაევის შემდგომ ბედზე, რომელიც წესით, ციხეში 2027 წლამდე უნდა მჯდარიყო, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ, ამნისტიამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა.
2012 წლის ზამთარში, დუდაევს ჯერ საყოველთაო ამნისტია შეეხო და სასჯელის ვადა 10 წლით შეუმცირდა. შემდეგ კი, საერთოდ გაათვისუფლეს და დუდაევი საკუთარ სოფელში დაბრუნდა.
მარეკ დუდაევი – „ოსები და ქართველები” – ამ სათაურით აქვეყნებს ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოცემა სტატიას, რომელშიც დუდაევს შემდეგნაირად ახასიათებენ: მსხვერპლი, ბანდიტი და რობინ ჰუდი ერთდროულად.
სტატია 2016 წლის 13 ივლისს გამოქვეყნდა – 9 წელი თბილისის საპატიმროში გაატარა და ახლა, ცხინვალშია დაკავებული ისევ გამომძალველობისთვის. ამ ამბის გმირი მარეკ დუდაევია – ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურა სამხრეთი ოსეთის უახლეს ისტორიაში. საქართველო-სამხრეთ ოსეთის ომის დროს, 90-იანების დასაწყისში, ის მოზარდი იყო და უმოწყალო სისატიკის მსხვერპლი გახდა.
1990-იანი წლების დასაწყისში დაწყებული ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტი მარეკ დუდაევის ოჯახისთვის სისხლიან ტრაგედიად იქცა. მაშინ ის 16 წლის იყო. ალბათ, მისი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა, მაგრამ ეს კონფლიქტის დასაწყისი იყო. საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ზვიად გამსახურდიას ახალი პოლიტიკური პროექტი ლოზუნგით: „საქართველო ქართველებისთვის”. ქართული შეიარაღებული დაჯგუფებები დუდაევის მშობლიურ სოფელ არცევში იჭრებოდნენ. ამ სოფელში ოსები და ქართველები ოდითგანვე ერთად ცხოვრობდნენ.
არცევის მოსახლეობა სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას მისდევდა. თუმცა, გლეხებმა მშვიდობიანი ცხოვრების წესი ვერ შეინარჩუნეს. შეიარაღებული ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას სულ უფრო ხშირად ძარცვავდნენ. ერთხელ დუდაევების სახლში შეიჭრნენ. იმ დღეს ოჯახი საგვარეულო დღეობისთვის ემზადებოდა და ღმერთისთვის ხბოს შეწირვას აპირებდა. თავდამსხმელებმა მარეკის მამა ავტომატების კონდახებით სცემეს და ქვაბიდან მდუღარე წყალი გადაასხეს. ვლადიმირ დუდაევი იმ დღეს მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
დუდაევების უბედურება ამით არ დასრულებულა. რამდენიმე ხანში ქართველი ბოევიკები დაბრუნდნენ. მარეკის დედა სცემეს და ქალი მაგიდაზე მიაბეს. შემდეგ კი, თვალწინ ქალიშვილი გაუუპატიურეს.
შემდეგ ჯერზე მოროდიორები დუდაევების ქონების წასაღებად მოვიდნენ. მთელი ნივთები სატვირთო მანქანაზე დააწყვეს, სახლს კი ცეცხლი წაუკიდეს.
შედეგად, მარეკი და მისი უმცროსი ძმა, ერიკი ქუჩაში დარჩნენ. მცირე ხნის შემდეგ, ძმები ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებმა ნათესავებმა შეიკედლეს.
მარეკ დუდაევი მშობლიურ არცევში ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა. შეეცადა, თავიდან დაეწყო ცხოვრება და ფერმის შენებას შეუდგა. თუმცა, ქართული შეიარაღებული დაჯგუფებები სოფლის დატერორებას აგრძელებდნენ. ყველა მოსახლისგან ხარკს იღებდნენ და გოგონებს აუპატიურებდნენ.
მარეკი აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა ბოევიკებს. თავდაცვის საკითხები მან საკმაოდ მოხერხებულად მოაგვარა. მოსახლეობა სულ უფრო ხშირად მიმართავდა მას დაცვისთვის და ის ბანდიტებისთვის სერიოზული მოწინააღმდეგე გახდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დუდაევმა ბესიკ თენაძე მოკლა – იმ ბანდის მეთაური, რომელიც სოფელს ატერორებდა.
შემდეგ ეროვნული შურისმაძიებლის გზა აირჩია და სამხრეთ ოსეთში ქართული შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის ორგანიზება შეძლო. თანაც, ამბობდნენ, რომ რეკეტიორობდა კიდეც და ადგილობრივ მეწარმეებს „მფარველობდა”. რამდენიმე წლის წინ, ბანდიტიზმის ბრალდებით, საქართველოს ციხეში აღმოჩნდა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა. სამი წლის წინათ, ცხინვალში დაბრუნდა როგორც ეროვნული გმირი და გავრცელებული ხმების თანახმად, თითქმის მაშინვე, ადგილობრივი ფერმერების ძარცვას მიჰყო ხელი.
მიმდინარე წლის ზაფხულში ბევრად უფრო მარტივი გახდა იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის მარეკ დუდაევი. მას ორივე (როგორც სამხრეთოსურმა, ისე ქართულმა) მხარემ დამნაშავე უწოდა. 20 ივნისს, ცხინვალელი ძალოვნების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, მარეკ დუდაევი ლენინგორში დააკავეს. ამჟამად ის ცხინვალის შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორშია და ბრალად გამომძალველობა ედება. დუდაევს ცხინვალში „კრიმინალურ ავტორიტეტად” მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მარეკი რეკეტსა და კონტრაბანდულ საქმიანობაშია გარეული. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა. დუდაევის დაკავების საქმეს გვერდს უვლიან როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები, ისე ექსპერტები.
დუდაევი დააკავეს ტარიელ ბაშარულთან – მსხვილ კონტრაბანდისტთან, უსიამოვნების შემდეგ. ბაშარული ლენინგორის რაიონს განაგებს. დაპირისპირების შემდეგ, დუდაევი ცხინვალის შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლებმა შეიპყრეს და სასტიკად სცემეს თავად მარეკიც და მის თანმხლებ პირებსაც.
ლენინგორელი წყარო ამბობს, რომ დუდაევმა ხარკი დააკისრა იმ აზერბაიჯანელებს, რომლებიც ცხინვალის ბაზარში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი დუდაევს მორჩილად უხდიდნენ ხარკს, და მარეკმა გადაწყვიტა, გავლენის სფერო გაეფართოებინა და შეეცადა, იმ იმ ლენინგორელი ქართველებისთვისაც გამოერთმია ფული, რომლებსაც საქონელი საქართველოს საზღვრის გავლით შემოჰქონდათ.
მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მათ ბევრად უფრო სერიოზული „მფარველი” ჰყავდათ, ტარიელ ბაშარულის სახით. გავრცელებულ ჭორებს თუ ვენდობით, ბაშარულს, როგორც ქართველი მებაჟეები, ისე გავლენიანი ოსი ჩინოვნიკებიც მფარველობენ.
მოკლედ, როგორც ჩანს, მარეკმა საკუთარი ძალები და საშუალებები ვერ გათვალა და ახლა მას პატიმრობა უკვე თავის ისტორიულ სამშობლოში ელის.
„ოთხმოცდაათიანებში ჩარჩა. დროშია დაკარგული. ჰგონია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, თავდასხმებით საქმეების მოგვარება. ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე.
ცხინვალში გადასვლის შემდეგ, დუდაევი პოლიტიკაში ჩართვას გეგმავდა. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის 90-იანი წლების „რომანტიზმიდან“ ვერ გამოვიდა – გული მაინც იარაღისკენ მიუწევდა. გავლენის სფეროების გამო, ყველასთან კონფლიქტი ჰქონდა. მან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. პირობა დადო, რომ კენჭს იყრიდა ადგილობრივ პარლამენტში და საქართველოს ციხეებში მყოფი თანამემამულეების გათავისუფლებაში მიიღებდა მონაწილეობას. თუმცა, მარეკი მაინც ვერ იქცა კანონმორჩილ მოქალაქედ.
ჰროგორც ჩანს, ამ ადამიანის გარშემო მსგავსი ისტორიები არასდროს შეწყვეტილა და შესაბამისად, სანამ მისი მკვლელობის შესახებ გამოძიება ოფიციალურ ვერსიას გამოაქვეყნებს, საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. თუმცა, მტკიცებით რამის თქმა, ჯერჯერობით შეუძლებელია.