№4 რატომ ხვდება სხვა განზომილებაში ანი ამაშუკელი, როცა გიორგი შერმადინს უყურებს და როგორ აიხდინა ცოლ-ქმარმა ოცნება ორმაგად
რატომ ხვდება სხვა განზომილებაში ანი ამაშუკელი, როცა გიორგი შერმადინს უყურებს და როგორ აიხდინა ცოლ-ქმარმა ოცნება ორმაგად
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა, 2017 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც გიორგი შერმადინი ერთბაშად, სამ კატეგორიაში მოხვდა. ქართველ კალათბურთელს ესპანეთის ჩემპიონატში გასულ წელს ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა. გარდა ამისა, მისთვის და მისი მეუღლისთვის, ანი ამაშუკელისთვის, გასული წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ორი შვილის შემდეგ, ტყუპი გოგონები შეეძინათ. ანის ესპანეთში დავუკავშირდით და გამოვკითხეთ ოჯახური ამბები.
ანი ამაშუკელი: გასული წელი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან მნიშვნელოვანი და სიხარულის მომტანი იყო ჩვენთვის – ორი პატარა, ტყუპი გოგო შემოემატა ჩვენს ოჯახს. ჩემი და გიორგის ოცნება იყო, მესამე შვილი პატრიარქს მოენათლა და ეს ოცნება, ორმაგად აგვიხდა – ორივეს ნათლია პატრიარქია და მასთან ერთად, დედა მატრონა და ჩემი კლასელი ტყუპი გოგონები. ღმერთს მადლობა, ყველაფრისთვის. გარდა ამისა, გიორგის ესპანეთის ლიგაში ძლიერი სეზონი ჰქონდა და ასე გვინდა, ეს წელიც გაგრძელდეს. ძალიან მიყვარს დეკორაციები და სახლის მორთვა სადღესასწაულო დღეებში. ეს ჩემი სუსტი წერტილია და დიდი მონდომებით, გემოვნებიანად და ლამაზად გავაფორმე ახალ წელს ყველაფერი. გიორგი დამცინის, ისე მოგაქვს საჭმელი მაგიდაზე, არ ვიცი, როგორ გადმოვიღო, დავჭრა და შევჭამო, მენანებაო (იცინის). ამ ახალ წელს სასაცილო ამბავი დამემართა. მოკლედ, მეგონა, მაღაზიები ღია იქნებოდა და ყველაფრის ყიდვას ახალი წლის წინა დღეებში მოვასწრებდი. ესპანელებს ძალიან უყვართ დასვენება და თითქმის, ყოველ მეორე დღეს დასვენების დღედ აცხადებენ. მოკლედ, წავედით მე და გიორგი და ვერ ვიყიდეთ პროდუქტი. მეგობარმა დამირეკა, მოვალ თქვენთანო, ვუთხარი, კი ბატონო, მოდი, საჭმლის რა მოგახსენო, მაგრამ დეკორაციებს კი დაგახვედრებ-მეთქი (იცინის). ასე რომ, საჭმელებით დატვირთული მაგიდა არ გვქონდა. თან, მარხვაზე ვიყავით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ლამაზად გაწყობა.
– წამომიდგენია, რა რთულია ოთხი პატარას და ქმრის მოვლა, დიდი სახლის დალაგება. იმავდროულად, სულ ფორმაში უნდა იყო. როგორ ახერხებ ყველაფერი წესრიგში გქონდეს და თან, სახლის გაფორმებასა და დეკორაციებზეც იფიქრო?
– მართლა ისეთი მხიარულებაა ჩვენს სახლში, ისეთი აურზაურია ამ ბავშვების გადამკიდე, ხანდახან მეც მიკვირს, როგორ ვართმევ თავს (იცინის). არაჩვეულებრივი დამხმარე მყავს და მის გარეშე, ნამდვილად, ვერაფერს ვიზამდი. დედაჩემი სამი თვე აქ იყო და მეხმარებოდა. ახლა დედამთილს ველოდები. ასე რომ, დამხმარეები ნამდვილად მყავს, თორემ ფიზიკურად ვერ გავუმკლავდები. ვხუმრობ ხოლმე, დამატებითი წევრი აუცილებელია ჩვენს ოჯახში-მეთქი (იცინის). წარმოიდგინეთ, ისეთი აქტიურია 6 თვის ტყუპისცალი მარიშკა – 5 წუთით უფროსია თავის დაიკოზე, რომ ყველა დროით შეხვდა ახალ წელს (იცინის). არ დაიძინა და სუფრის თავში იჯდა ბედნიერი. ვხუმრობდით, მარიშკას წყალობით, ყველა ქვეყანაში შევხვდით ახალ წელსო (იცინის). სხვათა შორის, ბედობა დღეს, მთელმა ოჯახმა აუზთან გადავიღეთ ფოტოები და სოციალურ ქსელში რომ დავდე, ყველას გაუკვირდა. ეს რა ზაფხული მოგიწყვიათ შუა ზამთარშიო (იცინის). კერძო სახლი გვაქვს და ეზოშია „ბასეინი”. ისეთი კარგი ამინდი იყო, პლუს 25 გრადუსი, განწყობაც – შესაბამისი... ნიკოლოზს სუპერმენის ფორმა ეცვა, ნუციკო გაიპრანჭა, ტყუპებს კი წითელი, თოვლის ბებოს კაბები ეცვათ და ვიპოზიორეთ აუზთან, მზეზე.
– თოვლის ბაბუამ რა მოუტანა პატარებს და მათ მშობლებს?
– ბავშვებს ნაძვის ხის ქვეშ, რაც ძალიან უყვართ, სათამაშოები დახვდათ. გიორგი აქსესუარებთან დიდად არ მეგობრობს, რაც არ უნდა უყიდო და რამდენიც, უწყვია უჯრაში და არ იკეთებს. წელს, მაინც სიურპრიზი გავუკეთე და საათი ვაჩუქე. ძალიან მოეწონა, მაგრამ რამდენი ხანი გასტანს მის მაჯაზე, არ ვიცი (იცინის). ჩემმა თოვლის ბაბუამ კი დააგვიანა და გიორგი შემპირდა, შენი სისუსტე ვიცი და ჩანთას და ფეხსაცმელებს მე მოგიტანო... ჰოდა, ველი (იცინის).
– რთულია, იყო გიორგი შერმადინის ცოლი?
– არაფერია რთული, თუ მოინდომე, მოტივირებული და გააზრებული გაქვს, რასაც აკეთებ. გიორგის ცოლობა ჩემთვის რთული არ არის, სასიამოვნოა. ღმერთს მადლობა, რომ ის გვერდით მყავს. რასაკვირველია, პატარ-პატარა სირთულეები ყველა ცოლქმრულ ურთიერთობაშია, მაგრამ თუ ოჯახი გიყვარს, ამას ადვილად დაძლევ. გიორგი სულ გზაშია, სულ ცაშია... ორი კვირა თუ არ მოუწია წასვლა, მიკვირს მისი სახლში ყოფნა და თავიდან ვეჩვევი (იცინის). სადაც არ უნდა იყოს, სულ ვკითხულობთ ერთმანეთს. ისე, ცოტა ხანი ცოლ-ქმარმა ერთმანეთისგანაც ხომ უნდა დაისვენოს? (იცინის) სხვათა შორის, ძალიან კარგი მამაა. ნუციკოსა და ნიკოლოზზე იმდენად ვერ მეხმარებოდა. ჩვენც პატარები ვიყავით, ისინი რომ გაჩნდნენ, აი, ტყუპებზე კი, გიჟდება. ჩართულია მათ გაზრდაში, ძალიან მეხმარება. სულ ხელში უჭირავს, ეთამაშება... ისე იღლება, ბოლოს მეხვეწება, ცოტა ხანი დააძინეო (იცინის). მეხუთე შვილიც გვინდა და სრული შემადგენლობით, ჩვენი კალათბურთის გუნდი გვეყოლება (იცინის).
– ესე იგი, კიდევ აპირებთ გაჩენას?
– ჯერ არა, ცოტა ხანი დავისვენებთ და მერე, თუ ღმერთი ინებებს, რატომაც არა? ცოტა წამოიზარდონ ტყუპები და მეხუთე შვილსაც გავაჩენთ. ძალიან ბედნიერი ქალი ვარ. სულ ვამბობ, ისეთი ოცნებებიც კი ამიხდა, რაზეც არ მიოცნებია-მეთქი... მართლა ცუდი ადამიანი ვიქნები, რომ დავიწუწუნო, პრეტენზია გამოვთქვა, რამე მინდა და არ მაქვსო. პირიქით, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ.
– ხშირად უწევს გიორგის სახლიდან შორს ყოფნა. ეჭვიანობის მომენტები არ გაქვს?
– რომ გითხრათ, არ მიეჭვიანია-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ამის საბაბს გიორგი არ მაძლევს. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და მათზე არც კი მიეჭვიანია. პირიქით, მსიამოვნებს და მისთვისაც კარგია. ხალხი სპეციალურად იგონებს საკუთარ თავზე ამბებს და ისტორიებს, პოპულარობის ზენიტში რომ იყოს და თუ ჩემს ქმარს თაყვანისმცემლები ჰყავს, ამაში საეჭვიანოს ვერაფერს ვხედავ. რასაკვირველია, ზღვარს არ უნდა გადავიდეს არანაირი ურთიერთობა. ჩვენ კი, მადლობა ღმერთს, ასეთი ზღვარგადასული ურთერთობები არ გვქონია. არც გიორგია ეჭვიანი, მაგრამ თუ ქუჩაში ვიღაცამ თვალი გამომაყოლა, არ სიამოვნებს. ამ მხრივ, ნამდვილი ქართველია. კიდევ, არ უყვარს მკვეთრი ფერის პომადა რომ მისვია და მეც, დათმობაზე მივდივარ. თან, სიმართლე გითხრათ, არც მე მიყვარს ვულგარული მაკიაჟი, ჩაცმა და ქცევა. ამ მხრივ, გიორგის შეუძლია, მშვიდად იყოს (იცინის).
– მინახავს, როგორ გულშემატკივრობ ქმარს თამაშის დროს და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ, სხვა განზომილებაში ხარ და მხოლოდ, გიორგი არსებობს ამ დროს დედამიწაზე შენთვის.
– მართლა ასეა. როცა გიორგის თამაშს ვუყურებ, ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვხედავ. ისე გიჟივით ვიქცევი, მერე, ჩემი თავის მრცხვენია და ვამბობ, ჯობია, სახლში დავრჩე და ჩემს გემოზე ვინერვიულო-მეთქი (იცინის). როცა გიორგის თამაშს ვადევნებ თვალს, დედამიწას ვწყდები და ასტრალში ვარ. ზოგჯერ ისე ვკივი, არც დედობა მახსოვს, არც შვილი და არც არაფერი (იცინის).
– საოცარ ფორმაში ხარ. ვინ იტყვის, რომ ოთხი შვილის დედა ხარ. ოჯახის საქმეებსაც უძღვები, სამზარეულოშიც ტრიალებ და ქმარიც მოწესრიგებული გყავს?
– რომ მეკითხებიან, როგორ ინარჩუნებ ფორმასო, ვეუბნები, მე დიეტა და ვარჯიში არ მინდა, ბუნებრივად, სულ მოძრაობაში ვარ-მეთქი (იცინის). თუმცა, ეს ხუმრობით, თორემ, რაც არ უნდა იშრომო, ქალს მაინც გჭირდება თავის მოვლა და ვარჯიში. ვცდილობ, კვებაც ვაკონტროლო. მალე ვარჯიშსა და ცურვასაც დავიწყებ. ძალიან მიყვარს სამზარეულოში კერძების კეთება – პატარებს თავისი კვება უნდათ, უფროსებს – თავისი, გიორგის ხორცეული, ბოსტნეული და დესერტი... მეხერხება კიდეც და სიამოვნებასაც ვიღებ სამზარეულოში ტრიალით. მარტო ის არ არის ჩემთვის მთავარი – გავაკეთო, დავასხა და ვჭამო... კერძის გაფორმება მიყვარს და ისე გატანა მაგიდაზე. თან, ვცდილობ, ყველას გემოვნება დავაკმაყოფილო. იმდენ საქმეს ვაკეთებ დღის განმავლობაში, რომც მინდოდეს, ვერ მოვიმატებ. ზოგჯერ, სოციალურ ქსელში მხვდება ხუთი დღის მოწერილი წერილები და დაგვიანებით ვახერხებ პასუხის გაცემას. მერიდება და მრცხვენია, არ იფიქრონ, უყურადღებო და უპასუხისმგებლოაო. მაგრამ, მანამდე მართლა ვერ ვიცლი.