კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 ჩანერგილი აგენტი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹52-3(890)



ხორხელის სიტყვებმა ხორავა უკიდურესად გაამწარა, გაურკვეველ ხმაზე დაიყმუვლა და ხორხელს უთხრა:
– ჩათვალე, რომ „ტრუპი” ხარ. ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს. ამ სიტყვებს არ გაპატიებ. დაგავიწყდა, რა ვუყავი „მუშტს”?
– შენ მე „მუშტი” ხომ არ გგონივარ, შე ტრაკო, შე „შნირო,” შენა! – უღრიალა ხორხელმა ხორავას და დააყოლა – შენ თვითონ ხარ „ტრუპი” და ამ სიტყვებს სულ მალე რეალობად ვაქცევ.
ვახო ხორავა უცებ გამოერკვა. რეალობას დაუბრუნდა. გაახსენდა, თუ სად და როგორ დღეში იმყოფებოდა. ერთბაშად დამშვიდდა და ხორხელს ირონიით უთხრა:
– ჯიმიკო, ძვირფასო, დაგავიწყდა, შე არწივო, რომ ფრთები შეკრეჭილი გაქვს? ვერსად გაფრინდები და როგორ აპირებ ჩემს „დატრუპვას”, როცა ჩვენ თითქმის „ტრუპები” ვართ?
ხორხელი ხორავას სიტყვებმა გამოაფხიზლა. თემურს შეხედა და უთხრა:
– „ძაღლი“ რომ ხარ „იასნია,” ისიც „იასნია”, რომ მთელი ეს სპექტაკლი „მაყუთის დასათრევად“ ჩაატარე. მოჰკიდე ხელი მაგ ოც მილიონს და გაქრი. კარგი „კუში” ჩაიგდე ხელში. სადაც გინდა, იქ გადაიხვეწები და ვერავინ მოგაგნებს. ჩვენ კი – გაგვიშვი.
– მართლა მასე ფიქრობ? – ირონიით ჰკითხა თემურმა ნარკობარონს.
– რა, მოკვლას გვიპირებ? – შეძრწუნებული სახით იკითხა ხორხელმა, – წადი, ძმაო, რაც აახიე, ღმერთმა შეგარგოს. კაცობას გეფიცები, არც ძებნას დაგიწყებ და საერთოდ, დავივიწყებ ყველაფერს.
– კრეტინი ყოფილხარ, ხორხელო. ვერაფერს მიხვდი, როგორც ვხედავ, – თქვა თემურმა და ხორავასკენ გაიშვირა ხელი, – შენი „პაძელნიკი” უფრო გონიერი ჩანს.
– ფული თუ არა, აბა, რა გინდა, გოგიშვილო? მანიაკი ხარ, რომ ადამიანი დააბა და აწამო?
– მკვლელი და მანიაკი შენ თვითონ ხარ, შე დამპალო – ზიზღნარევი სახით უთხრა თემურმა ხორხელს, – შენ, ჩემი საუკეთესო ძმაკაცი მოკალი და შენი საქმიანობით კი, მილიონებს უსწრაფავ სიცოცხლეს.
– ვინ შენი ძმაკაცი მოვკალი? – თქვა ხორხელმა.
– ვინ და პეტკა. „მერიოტიდან” რომ გაიტყუეთ.
– ის მე არ მომიკლავს, ამან მოკლა, – თქვა ხორხელმა და ხორავასკენ გაიშვირა ხელი.
– შენი ბრძანებით მოვკალი, – თქვა ხორავამ და დააყოლა – რა, მასე არაა?
ხორხელს ოფლმა დაასხა და თემურს უთხრა:
– რა გინდა ბოლო-ბოლო ჩემგან?
– იმ თხუნელას სახელი, ვინც შენ პეტკა ჩაგაბარა, – უთხრა ხორხელს თემურმა.
მაიორის სიტყვებზე ნარკობარონს სახე აელეწა. ოფლმა დაასხა და მიუგო:
– მშვიდობით წადი შენს გზაზე. წაიღე ფული და სამუდამოდ გაუჩინარდი. როგორც შეგპირდი, არც კი მოგიკითხავ და ყველაფერს დავივიწყებ. დამიჯერე, რომ ასე ჯობია.
– ძმობა და პატიოსნება არ იყიდება. ან სახელს მეტყვი, ან ცოცხლად გაგატყავებ, ამოირჩიე.
– რაში გჭირდება მისი სახელი, მაინც ვერაფერს შეცვლი. შენი ძმაკაცი აღარაა და ვერ გააცოცხლებ. დამიჯერე, აიღე ფული და სამუდამოდ გაქრი.
– სახელი! სახელი-მეთქი! თორემ შენ გაქრები სამუდამოდ, – უთხრა თემურმა ხორხელს. ბასრი დანა მოიმარჯვა ხელში და დააყოლა, – გელოდები, ამოღერღე.
– იცოდე, დიდ შეცდომას უშვებ.
თემურმა დანა პერანგზე გაუსვა ხორხელს. ჩამოახია და უთხრა:
– შემდეგი მოძრაობით ხორცებს ჩამოგახევ. თქვი, ჩქარა, თუ არ გინდა, რომ ცოცხლად გაგატყავო.
შეშინებულმა ხორხელმა აკანკალებული ხმით თქვა:
– ვიცე-პოლკოვნიკი ანზორ საბაშვილი. ის მაწვდის ინფორმაციებს, „მკრიშავს“ და წილში მყავს.
თემურს ხორხელის სიტყვებზე წარბიც არ შეხრია. მწარედ ჩაეცინა და თქვა:
– ასეც ვიცოდი და არ შევმცდარვარ. სწორედ გამომიცნია. ამ ნაძირალამ მოაწყო ამხელა სპექტაკლი და კიდევ კარგი, რომ დროზე ავიღე ეჭვი. მაგრამ, არა უშავს, სულ მალე მოგიჯენ გვერდით.
– რას აპირებ? – ხმის კანკალით იკითხა ხორხელმა.
– თქვენი „შაიკის“ სანიმუშოდ დასჯას. ამ ფაქტებით რომ სასამართლოს გადაგცემთ, მინიმუმ ოცდაათ წელს მოგისჯიან და ვეღარ შეძლებთ ბნელი საქმეების კეთებას.
– შენ მართლა გგონია, რომ რამეს შეცვლი? – ჩაეცინა ხორხელს, – ჩვენ რომ მოგვიშორო, სხვები მოვლენ და უარესს იზამენ. ეს ისეთი სარფიანი საქმეა, რომ ვერ მოსპობ. პირიქით, თავს წააგებ. გირჩევ, ფული წაიღო და სამუდამოდ დაგვივიწყო.
– ეს მე ვიცი, რასაც ვიზამ, – მიუგო თემურმა და კარისკენ გაემართა. ხორხელმა კი მიაძახა:
– სად მიდიხარ?
– თხუნელას მოსაყვანად, – თქვა მაიორმა და სარდაფიდან გავიდა. შემდეგ მეორე სართულზე ავიდა და საცოლეს უთხრა:
– ჩაიცვი. წავედით.
– სად მივდივართ? – ჰკითხა მირანდა ქურციკიძემ შეყვარებულს.
– საიმედო ადგილზე, – თქვა თემურმა და გოგონას გაუღიმა.
– ამაზე საიმედო ადგილას, სად უნდა წავიდეთ. რა ჩაიფიქრე, თემურ?
– ჩაიცვი, ჩაიცვი. აქ შენი ყოფნა საჭირო არაა. სულ მალე აქაურობა სპეცრაზმელებით გაივსება და რა საჭიროა, აქ იყო. მიდი, ჩაიცვი.
მირანდამ ჩაიცვა. თემურმა ფულით სავსე საკვოიაჟები წაიღო. მანქანის საბარგულში ჩაალაგა და ეზოდან გავიდა.
– მაინც, სად მივდივართ? – იკითხა გოგონამ.
– მცხეთაში. ჩემი მეგობრის აგარაკზე. იქ უფრო საიმედო ადგილია და ფულთან ერთად დაგტოვებ. იცოდე, ფეხი არ მოიცვალო იქიდან და არავის დაურეკო. ცხვირიც კი არ გამოყო გარეთ. მე პატარა საქმე მაქვს და რომ მოვრჩები, თავადვე მოგაკითხავ.
– რა საქმე გაქვს, თემურ? მეშინია...
– ნურაფრის გეშინია. უბრალოდ, ისე მოიქეცი, როგორც გეუბნები და ყველაფერი კარგად იქნება. შევთანხმდით?
– შევთანხმდით, – თქვა მირანდამ და შეყვარებულს ლოყა მიადო მხარზე.
***
თემურმა მირანდა პეტკა კაკაბაძის აგარაკზე დატოვა და თბილისისკენ გამობრუნდა. მცხეთის აგარაკი ძმაკაცებმა და კოლეგებმა ერთი წლის წინ საზიაროდ შეიძინეს და ამის შესახებ მხოლოდ მათ იცოდნენ. ასეთი რამ კი, იმიტომ გააკეთეს, რომ ყოველი შემთხვევისთვის, საიმედო თავშესაფარი ჰქონდათ. მეგობრები ისეთი სახიფათო საქმით იყვნენ დაკავებულები, რომლის შესრულებისას ყველაზე გაუთვალისწინებელი შემთხვევაც კი ხდება ხოლმე. სწორედ ასეთი შემთხვევისთვის შეიძინეს ეს მყუდრო კარ-მიდამო.
თემური თბილისში ანზორ საბაშვილის მოსახელთებლად ბრუნდებოდა. მაიორი თხუნელას მოხელთებას და სარდაფში მიყვანას აპირებდა. შემდეგ კი საბაშვილი და ხორხელი უნდა დაეპირისპირებინა ერთმანეთთან. ყველაფერი ვიდეოკამერაზე ჩაეწერა და ისე მისულიყო მერაბ ხმალაძესთან. ოცი მილიონი დოლარი კი, იმიტომ გადამალა მცხეთის აგარაკზე, რომ მოგვიანებით გამოეჩინა ეს უტყუარი და მაცდური სამხილი.
მაიორი ვიცე-პოლკოვნიკის მოხელთებას მისსავე სახლთან აპირებდა. საბაშვილი საბურთელოზე ცხოვრობდა. სწორედ იმ ფეშენებელური კორპუსის მეზობლად, რომელიც ხორხელის ნარკოფულით შეიძინა და სადაც ნარკობარონი ესტუმრა რამდენიმე  დღის წინ. თემურმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა საბაშვილის ფეშენ-ბინის შესახებ და სწორედ იმ კორპუსთან აპირებდა ჩასაფრებას. მაიორს სულ რაღაც ორასიოდე მეტრი ჰქონდა დარჩენილი ჩასაფრების ადგილამდე, რომ მისმა კონსპირაციულმა ტელეფონმა დარეკა, რომლის ნომერიც მხოლოდ საბაშვილმა იცოდა. თემურს მთელი დღე შეგნებულად ჰქონდა გამორთული მობილური და მხოლოდ მაშინ ჩართო, როცა თბილისში შემოვიდა. ისიც იმიტომ, რომ თავად დაერეკა საბაშვილთან და თუ მოახერხებდა, ხაფანგში შეეტყუებინა. მაიორმა ნებისყოფა მოიკრიბა, რომ არაფერი შეტყობოდა ხმაზე და უპასუხა:
– გისმენ.
– მადლობა ღმერთს. ძლივს არ დაგიკავშირდი? სად ხარ, ბიჭო და რა ხდება. რატომ არ მოხვედი. ხომ მშვიდობაა? – ჰკითხა თემურს საბაშვილმა.
– ტელეფონით სალაპარაკო არაა, „ჩეპე“ მოხდა. შევხვდეთ და ყველაფერს მოგიყვები. სად ხარ? – მიუგო თემურმა.
– გასაგებია. ათ წუთში ჩემს სახლთან ვიქნები. შეძლებ მოსვლას? – თქვა საბაშვილმა.
– სახლში ხარ?
– არა. მანქანით ვმოძრაობ და ათ წუთში ვიქნები.
– მოვდივარ, – მიუგო თემურმა და ტელეფონი გათიშა. თუმცა, ინტუიციით იგრძნო, რომ საბაშვილი რაღაცას ატყუებდა. ამიტომ მანქანა მოშორებით, მოფარებულში გააჩერა. პისტოლეტი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და დინჯად გაეშურა ვიცე-პოლკოვნიკის სახლისკენ.
თემური ორმოცდაათიოდე მეტრის მოშორებით შეჩერდა. მოხერხებულად ამოეფარა იქვე მდგომ ტრაილერს და საბაშვილს დაელოდა. თუმცა, ვიცე-პოლკოვნიკი არ ჩანდა. დათქმულ დროს ხუთი წუთი რომ გადასცდა, საბაშვილმა თემურს დაურეკა და უთხრა:
– სად ხარ? გელოდები.
– მე აქ ვარ. შენ სად ხარ?
– სახლში ვარ. ამოდი, გელოდები.
– შენ ჩამოდი, ასე ჯობია, – უთხრა თემურმა საბაშვილს, რომელიც თავისი ფეშენ-ბინის სამზარეულოში იყო ჩასაფრებული სიბნელეში. სნაიპერული შაშხანა ჰქონდა გამზადებული და თემურის გამოჩენას ელოდა, რომ მოეკლა.
მაიორი ტრიუკს მიუხვდა თავის ყოფილ უფროსსა და მეგობარს და საფარიდან გამოსვლას არც აპირებდა. საბაშვილმა კი უთხრა:
– რა, არ მენდობი?
– რატომ ფიქრობ მასე? – კითხვა შეუბრუნა თემურმა.
– იმიტომ, რომ არ ჩანხარ.
– არც შენ ჩანხარ, – არ დააყოვნა პასუხი თემურმა და უკვე აშკარა იყო, რომ ერთმანეთზე ნადირობდნენ, ერთმანეთის მოტყუებას ცდილობდნენ. ამიტომ, პირველმა საბაშვილმა გახსნა კარტი და მაიორს უთხრა:
– მოდი, მოვილაპარაკოთ, თემურ.
– რაზე?
– კარგად იცი, რაზეც.
– აბა, გამანათლე.
– შენ ორი საკვოიაჟი გაქვს. ერთი დაიტოვე, ერთი კი სადმე დატოვე და სამუდამოდ გაქრი.
 – ორივე შენ ხომ არ გადმოგცე, თანაც თავი მოვიკლა?
– გონს მოეგე, თემურ. შენთვის ასე ჯობია, დამიჯერე.
– შენთვის კი ჯობია, რომ შენი დანაშაული აღიარო და მოინანიო. წყლიდან მშრალი უკვე ვეღარ ამოხვალ. მარყუჟი მაგრად გაქვს ყელზე მოჭერილი და ვერაფერი გიშველის.
– ხუმრობ?
- სულაც არა. შე დამპალო, გამყიდველო, პეტკა როგორ გაიმეტე. იმ ნაძირლებს როგორ შეეკარი, შე არაკაცო, შენა. კიდევ კარგი, დროზე ავიღე შენზე ეჭვი და თელეთთან არ მოვედი, თორემ ყველას დაგვხოცავდი, ფულს მიითვისებდი და ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რომ „ნიუ-ბანკში“ იმიტომ შემგზავნე და ინფორმაცია გამომატანინე, ხორხელის შემოსავლებზე ზუსტი ინფორმაცია გქონოდა და გაგეგო, წილს რამდენს „გიტეხავდა“. ბოლოს, ალბათ, დააშანტაჟებდი და ფულს აართმევდი, მე კი მომკლავდი. რა, მასე არაა, შე ნაძირალა?
– ყოჩაღ, ყოჩაღ. ნათქვამია, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და ვხედავ, გაგინათდა გონება. თუმცა, უკვე გვიანაა და ისევ მე თუ გიშველი, სანაცვლოდ კი ათი მილიონი მინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო უარეს დღეში აღმოჩნდები, ვიდრე ახლა ხარ და ვერავინ და ვერაფერი გიშველის. გასაგებია?
– მასე ფიქრობ, შე დამპალო? გასაქცევად შენ გაქვს საქმე. მაგრამ, ეგეც არ გიშველის და გირჩევ, ჩამბარდე.
– რა მიამიტი ხარ, თემურ, ღმერთმანი, – თქვა საბაშვილმა, – შენ გგონია, რომ ხორხელსა და ხორავას გამოიყენებ ჩემ წინააღმდეგ?  მწარედ ცდები.
– ვცდები?
– ჰო. თანაც, მწარედ. ხორხელიც, ხორავაც და „ნიუ-ბანკის“ პრეზიდენტიც შენი მირანდას აგარაკის სარდაფში ყრიან შენს მიერ დახოცილები. ეს ამბავი ჯერ მხოლოდ მე ვიცი და თუ არ გინდა, გაბაზრდეს, ათი მილიონი მოიტანე. შემდეგ კი მათი გვამები გააქრე, რომ არ შეგეტენოთ შენ და შენს მზეთუნახავს.
– დამპალო! ბოლოს მოგიღებ!
– გამწარდი, თემურ? დამშვიდდი. როცა რაღაცას ვგეგმავ, ბევრ რამეს ვითვალისწინებ და ინფორმაციებსაც ვუყრი თავს. მირანდას აგარაკის შესახებ კარგა ხანია, ვიცოდი. დღეს კი, როცა შენი და შენი მზეთუნახავის მოხელთება ვერ მოვახერხე მის ბინაში, ეგრევე აგარაკზე გამოვემართე. თუმცა, ვერც იქ გნახეთ. სამაგიეროდ, სიურპრიზი დამხვდა და საკმაოდ სასიამოვნოც. მიხვდი, ხომ, როგორაა საქმე და მთანხმდები ჩემს წინადადებაზე?
– მიწიდან ამოგიღებ, შე დამპალო! – კბილებში გამოსცრა თემურმა.
– ესე იგი, არ ხარ თანახმა, რომ ფული გამიყო?
– მიწიდან ამოგიღებ, ვერსად დამემალები.
– ესე იგი, უარზე ხარ. კეთილი. ნახევარ საათში ყველა ტელევიზია უჩვენებს შენ მიერ დახოცილი ადამიანების კადრებს. შენ კი მთელი პოლიცია-უშიშროება, შავები და საქმოსან-მაფიოზები დაგიწყებენ ძებნას და მართლაც მიწიდან ამოგთხრიან.
თემურმა ტელეფონი გათიშა და მანქანისკენ გაემართა, რომ მცხეთაში დაბრუნებულიყო და ყველაფერი კარგად აეწონ-დაეწონა.
***
როგორც საბაშვილმა თქვა, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ყველა სატელევიზიო ახალ ამბებში მირანდა ქურციკიძის აგარაკზე მოკლული სამი ადამიანის გვამებს უჩვენებდნენ. აგარაკი კი უშიშროებისა და პოლიციის თანამშრომლებით იყო სავსე. იქვე იმყოფებოდნენ მერაბ ხმალაძე და ანზორ საბაშვილი. პოლკოვნიკი თავის მოადგილეებზე ადრე მივიდა იქ. საბაშვილს პირადად დაურეკა და რომ მოიხელთა, აღშფოთებულმა უთხრა:
– თუ იცი, ვისი აგარაკია ეს და რა ხდება?
– წარმოდგენა არ მაქვს, – მხრები აიჩეჩა საბაშვილმა.
– კერესელიძის საცოლის აგარაკია. სარდაფში კი ხორხელი, ხორავა და „ნიუ-ბანკის“ პრეზიდენტის გვამებია.
– კაი, კაცო, რას მელაპარაკები?! – „გაოცდა“ საბაშვილი.
– აბა? – თქვა პოლკოვნიკმა, – როგორც ეტყობა, იმ თხუნელამ მოწმეები მოიშორა. ფული გაიტაცა და თავის ბოზთან ერთად გაიქცა.
– შენ რა იცი?
– „ნიუ-ბანკიდან“ ოცი მილიონი დოლარი გაქრა. ბანკის თანამშრომლებს ველაპარაკე და იმათ მითხრეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3