№4 სისხლიანი ალმასი
ჰოლმსს უყვარდა ისეთ საქმეებზე მუშაობა, სადაც ერთი შეხედვით, ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ ბოლოს დამნაშავე სხვა აღმოჩნდებოდა. ერთ ცივ, ყინვიან და ქარბუქიან საღამოს, როცა უიტსონი და ჰოლმსი ვახშამს შემთბარ ბრენდს აყოლებდნენ, ოთახში შეშლილივით შევარდა საშუალო ტანის, ოდნავ ჩაფსკვნილი მამაკაცი. კოჭებამდე საწვიმრიდან წყალი ჩამოსდიოდა. ჰოლმსის დანახვაზე მუდარით გაიწოდა მისკენ ხელები და გონდაკარგულმა იატაკზე მოადინა ზღართანი. უოტსონი სწრაფად წამოხტა, დაცემულს თავი წამოუწია და რამდენიმე ყლუპი ბრენდი ჩაასხა პირში. ჰოლმსიც მოეხმარა და სტუმარი სავარძელზე დასვეს. სანამ მას მეტყველების უნარი დაუბრუნდებოდა, ჰოლმსმა კითხვით მიმართა მეგობარს:
– აბა, რას იტყვით ამ ადამიანზე?
– ეტყობა, ძალიან ემოციურია. პრობლემაც სერიოზული უნდა ჰქონდეს.
– ძალიან მდიდარი ოჯახის ლაქიაა და ხშირად აპრიალებს ვერცხლის ჭურჭელს. საწვიმრის ქვეშ ლივრეა აცვია და მანჟეტებიც მოოქრული აქვს. ცერა თითები კი ისეთი ლაქებითაა დაფარული, რომელიც მხოლოდ ვერცხლის განსაკუთრებით ძვირფასი ჭურჭლის შიშველი ხელებით გაპრიალებისას ჩნდება.
– ჰოლმს, როგორ მოახერხე ერთ წუთში ამდენი ინფორმაციის მიღება?
– გაცილებით მეტ ინფორმაციას მისგან მივიღებთ. გონზე მოვიდა და თავად მოგვიყვება.
– მისტერ ჰოლმს, თქვენ ჩემი ერთადერთი იმედი ხართ! – შეჰყვირა სტუმარმა, – უნდა მოვასწრო, სანამ დამიჭერენ. გეფიცებით, მისტერ ჰოლმს, ალმასი მე არ მომიპარავს. ჯენტლმენებო, მომიტევეთ, ასე რომ შემოგეჭერით. ალისფერი ალმასი გაქრა. ხელი არ მიხლია მისთვის. ენდრიუ ჯოზეფი გახლავართ. წელიწადზე მეტია, სერ ჯონ და ლედი დევერტონებთან ვმსახურობ, მანჩესტერ სკვერზე.
– ვიცი, ვიცი, ეს ის სერ ჯონია, იშვიათი ჯიშის მაგნოლიების გამოყვანით რომ არის დაინტერესებული? მსმენია მასზე – წითელი კამელიები, მეწამულისფერი...
– დიახ, კამელიები. ისინიც გაქრა. თუმცა, ეს ნაკლებად მადარდებს. ალმასი მოიპარეს, მისტერ ჰოლმს. ცარიელი ზარდახშა კი, რომელშიც ალმასი იდო, ჩემს საწოლ ოთახში, ლეიბის ქვეშ იპოვეს. ამას ჩემი წარსულიც დაუმატეთ, სერ და, მოკლედ... დაღუპული ვარ.
– გამახსენდა! – წამოიძახა ჰოლმსმა, – ხუთი წლის წინ, თქვენ საუველირო მაღაზიის ძარცვის ხელის შეწყობისთვის გაგასამართლეს.
– დიახ, მისტერ ჰოლმს, მაგრამ გამამართლეს. მერე ეს სამსახური ვიპოვე. ციხეში ჩაჯდომა არ მინდა....
კარი გაიღო და ოთახში სკოტლანდ-იარდის ინსპექტორი – გრეგსონი შემოვიდა.
– მისტერ ჰოლმს, უცნაურია, რომ დამნაშავეს ასე მშვიდად ესაუბრებით. მის დასაპატიმრებლად მოვედი. ყველაფერი ნათელია. სახელგანთქმული ალმასი მოიპარა.
– რამდენიმე კითხვას დავუსვამ, გრეგსონ და შეგიძლია, წაიყვანო. მისტერ ჯოზეფ, მე ყველაფერს გავაკეთებ თქვენს გასამართლებლად, თუკი მართლაც უდანაშაულო ხართ ამ საქმეში. როდის ნახეთ ალმასი ბოლოს?
– მე ის საერთოდ არ მინახავს, სერ. რაც მათ სახლში ვმუშაობ, სერ ჯონს ძვირფასი ქვა ერთხელაც კი არ გამოუტანია საჩვენებლად. გუშინაც სტუმრების მოთხოვნით, თანაც დაჟინებული მოთხოვნით, გამოიტანა ზარდახშა.
– სტუმრები ვინ იყვნენ, ანუ უცხო თუ იყო ვინმე?
– არა, სერ. მხოლოდ ახლობლები. გრაფინიას ძმა – მასტერმანი, ლორდი ბრეკმანსტერი და მისი მეუღლე, ლედი რეტფორდი. ასევე, ქალბატონი ლემინგი. გრაფინია თავს იწონებდა კაბაზე მიმაგრებული წითელი ორქიდეით. მერე ლედი რეტფორდმა თქვა, რომელი უფრო საბედისწეროდ წითელი და ლამაზია – ეს ორქიდეა თუ შენი სახელგანთქმული ალმასიო. მისტერ ჯონმა უთხრა: აჯობებს, ორანჟერეაში წამოხვიდეთ და ჩემი შესანიშნავი ორქიდეები ნახოთ, ალმასს ცუდი აურა აქვსო. მაგრამ, აღარ მოეშვნენ. შეთანხმდნენ, რომ ალმასის ნახვის მერე, ყველა ერთად წავიდოდა ორანჟერეაში. ალმასი თავად სერ ჯონმა გამოიტანა. აღფრთოვანებული შეძახილები მხოლოდ ორ წუთს გაგრძელდა, რადგან სასტუმრო ოთახში მოახლე გოგო შემოვიდა და სერ ჯონს აცნობა, რომ ორანჟერეაში ორქიდეები გაქრა. პანიკა ატყდა. ყველა ორანჟერეაში გაიქცა და...
– გასაგებია, – თქვა ჰოლმსმა, – ყველაფერი გასაგებია. დაბრუნებულებს ალმასი აღარ დაგხვდათ.
– დიახ, სერ... ცარიელი კოლოფი მერე ჩემს საწოლ ოთახში იპოვეს.
– მორჩა, ჰოლმს, – სამხილები საკმარისზე მეტია. ვნახოთ, რას გააკეთებ. დაკავებული უნდა წავიყვანო.
როცა ინსპექტორმა საწყალი ჯოზეფი წაიყვანა, ჰოლმსი უოტსონს მიუბრუნდა.
– მზად ხარ, რომ ამ ქარბუქში ჩემთან ერთად ცოტა გაისეირნო? მინდა, სერ ჯონს და მის ცოლს ვესტუმროთ. იშვიათი სილამაზის ქალია. აი, მისი ძმა კი, სერიოზული მოთამაშეა. ყველაფერი ვიცი მის შესახებ. ვეჭვობ, ყელამდე ვალებშია.
– ანუ, უკვე იცით, ალმასი ვინ მოიპარა?
– დიახ. თითქმის დარწმუნებული ვარ. მაგრამ, სამხილები მჭირდება. ქურდი ასე ადვილად არ დათმობს პოზიციებს და ალმასს არ დააბრუნებს. იმ საცოდავს კი, მხოლოდ ეს გადაარჩენს.
სასახლე პომპეზურობითა და ფუფუნების ელემენტებით გამოირჩეოდა. გრაფი სტუმრებს გულღიად შეხვდა, მაგრამ გრაფინიას სახეზე გაღიზიანება დაეტყო.
– მისტერ ჰოლმს, ძალიან გვიანი დრო შეგირჩევიათ ვიზიტისთვის, მით უფრო, რომ თქვენი შეწუხების მიზეზს ვერ ვხედავ. ჩვენს საქმეში ყველაფერი გარკვეულია.
– მადამ, თქვენი მშვენიერების ხილვა უდიდესი ბედნიერებაა და გმადლობთ, რომ ამის საშუალება მომეცა. დააკმაყოფილეთ ჩემი ცნობისმოყვარეობა და მომეცით უფლება, ჩემი წვლილი შევიტანო დიდებული ალმასის პოვნის საქმეში. ორანჟერეას დავათვალიერებდი და ალმასის ცარიელ კოლოფსაც.
– ჯონ, აჩვენე სტუმარს შენი ორანჟერეა, – ამაყად ასწია თავი გრაფინიამ და უოტსონმა აღიარა, რომ მსგავსი სილამაზის ქალი არასდროს ენახა. კაბაზე მიმაგრებული გასაოცარი სილამაზის წითელი ორქიდეაც ძალიან უხდებოდა. ყვავილი თითქოს ვნების ნაპერწყლებს ყრიდა...
სერ ჯონმა ჰოლმსი და უოტსონი თავის სახელგანთქმულ ორანჟერეაში გაიყვანა. ჰოლმსმა ორქიდეის ბუჩქი დაათვალიერა თავისი განუყრელი გამადიდებელი შუშით, თან, თავისთვის რაღაცას ბურტყუნებდა. სერ ჯონმა ალმასის ცარიელი ფუტლარიც დაათვალიერებინა. ჰოლმსმა ორანჟერიის ერთადერთი ფანჯრიდან გადაიხედა და მასპინძელს დათოვლილ ბილიკზე მიუთითა.
– ეს გზა...
– სახლში მსახურების შემოსასვლელებში შემოდის, – განუმარტა მასპინძელმა.
ჰოლმსი თავაზიანად დაემშვიდობა, წარბებშეკრულ გრაფინიას, თავაზიან გრაფს და უოტსონთან ერთად, გარეთ გავიდა. ფანჯრის ქვეშ ბილიკის დათვალიერებით იმედგაცრუებულმა თავი გადააქნია, მაგრამ უცებ სახე გაუნათდა. სწრაფად ჩაიმუხლა, თოვლი ორივე ხელით გადათხარა და ცოტა ხანში, უოტსონმა წითელი კამელიები დაინახა. ჰოლმსს გამარჯვების ყიჟინა აღმოხდა. ჯიბიდან ბლოკნოტი ამოიღო, რაღაც დაწერა, სასახლის სადარბაზო კარზე დარეკა, ბარათი ლივრეიან კარისკაცს გადასცა და კმაყოფილი სტვენით სახლში დაბრუნდა. ერთ საათსაც არ გაევლო, რომ ჰოლმსის სასტუმრო ოთახის ზღურბლზე ქალის ულამაზესი ფიგურა აღიმართა.
– აქ ვარ, რომ თქვენს თავხედობას ბოლო მოვუღო. ეს... ეს გაუგონარი ამბავია, როგორ გაბედეთ?! – მიმართა დეტექტივს მკაცრად წარბაწეულმა.
– ძვირფასო გრაფინია, მე შემეძლო, ეს ყველაფერი თქვენი ქმრისთვის მომეყოლა. მეთქვა, როგორ შეუწყვეთ ძმას ხელი ალმასის მოპარვაში, მაგრამ საიდუმლოს შევინახავ, თუ ძვირფას ქვას დააბრუნებთ და საწყალ, უდანაშაულო კაცს ციხეში არ გაუშვებთ. მოკლედ, ორქიდეები ფრჩხილის მაკრატლით იყო მოჭრილი და ფანჯრიდან გადაყრილი. თოვდა და იცოდით, რამდენიმე წუთში დაიფარებოდა. ალმასის ზარდახშა კი სრულიად ახალია. თქვენ ის შეცვალეთ. ალმასიანი თქვენმა ძმამ აიღო, როცა ყველა ორანჟერეისკენ გაიქცა. მას ბანქოს ვალები აქვს, ასეა?
ქალმა სახე ხელებში ჩამალა და აქვითინდა. – ღვთის გულისთვის, მისტერ ჰოლმს, გაუფრთხილდით ჩემს პატიოსან სახელს, ალმასი დაბრუნდება.
დეტექტივმა მოწიწებით დაუქნია თავი.
– მე დაგპირდით, გრაფინია. ვერავინ გაიგებს სიმართლეს ალმასის შესახებ.