№4 სურვილის ასრულების რა რიტუალი უნდა ჩატარდეს მხოლოდ დილით ან საღამოს და რამდენ ხანში აგიხდენთ წყალი ყველაზე მიუწვდომელ ოცნებასაც კი
დასაბამიდან ასეა: ადამიანი სულ ნატრობს და მის ახდენაზე მხოლოდ ოცნებობს... ეს მოჰყვება ბავშვობიდან, როცა პირველად მოისმინა ბებიისგან ან დედისგან ზღაპარი: ნატვრისთვალზე, ოქროს თევზზე, ჯინსა და მსგავს ყოვლისშემძლე მისტიკურ საგნებსა თუ არსებებზე. ჰოდა, ასე გრძელდება დღემდე: „ნეტავ, ლატარიაში მოვიგებდე”... „ვინმე დამასპონსორებდეს”... – სურვილები იგივეა, მხოლოდ გამოხატვის ფორმა შეიცვალა მცირედ. რატომ გავიხსენეთ ეს? – იმიტომ, რომ ყოველგვარი ჯოდოქრობის, ოქროს თევზისა თუ ნატვრისთვლის გარეშეც, ნებისმიერ ჩვენგანს, შეუძლია, შეისრულოს სანუკვარი ოცნება ჩვეულებრივი, სასმელი წყლის საშუალებით. დიახ, სწორედ წყალს ძალუძს იქცეს ჩვენთვის ოქროს თევზად. თუ, როგორ? – ამას ქალბატონი ინა გვასწავლის იმ მინიშნებებისა და გადმოცემების მაგალითზე, რაც ხალხში საუკუნეებია, დაგროვდა. ის კი, დიდი ხანია, მეცნიერულ დონეზე სწავლობს ამ ყველაფერს, რის შედეგად, საკმაო გამოცდილებაც დააგროვა ეზოთერიკაში და სათანადო ხარისხიც დაიმსახურა.
– მართლა შეიძლება, წყლის საშუალებით ნატვრის ახდენა და თავად თუ შეგსრულებიათ ამ ხერხით ჩანაფიქრი?
– რა თქმა უნდა და მე მხოლოდ იმას გასწავლით, რაც თავად გამომიცდია, გამიკეთებია და შედეგიც მიმიღია. სულ ორი ხერხია, ყოველ შემთხვევაში, რაც მე ვიცი და არაფერს დაგიმალავთ – ორივეს არსია, დამუხტოთ წყალი და მერე, სურვილისამებრ გამოიყენოთ. მოკლედ, წარმოგიდგენთ პირველ რიტუალს, რომელიც, უმჯობესია, ჩაატაროთ დილით ან საღამოს. ამისთვის დაგჭირდებათ ერთი ჭიქა წყალი – სასურველია, იყოს მინერალური ან წყაროს წყალი, რადგან ონკანის წყალს სტრუქტურა შეცვლილი აქვს და რიტუალისთვის არ გამოდგება. ჭიქას, სავსე წყლით, დადგამთ სუფთა ფურცელზე და ჭიქის ძირს ფანქრით შემოხაზავთ. მერე მას გადადგამთ ფურცლიდან და ზედ გამოსახულ წრეში ჩაწერთ სურვილს. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ სურვილი მტკიცებით ფორმაში უნდა იყოს. მაგალითად, რაც მე დავწერე და ამიხდა კიდეც: „მე ვიყავი პარიზში და ძალიან მომეწონა”. რა თქმა უნდა, თქვენც იგივეს არ დაწერთ და მის ნაცვლად, საკუთარ სურვილს დააფიქსირებთ. ამის შემდეგ, წყლიან ჭიქას კვლავ დააბრუნებთ ქაღალდზე, თავისსავე წრეში და ზემოდან ხელისგულს დააფარებთ. ამის მერე კი, ყველაფერი თქვენს წარმოსახვაზეა დამოკიდებული. დახუჭეთ თვალები და წარმოდგენაში გააცოცხლეთ, ხორცი შეასხით და ფერები შესძინეთ თქვენს ნატვრას. უფრო ნათელი რომ იყოს, ჩემს მაგალითზე აგიხსნით. რა თქმა უნდა წარმოსახვით: იდგა მზიანი დღე, ყურში ჩამესმოდა ცნობილი პარიზული მელოდია, „შარმანკის” თანხლებით, რომელსაც „პატარა ბეღურას” – ედიტ პიაფის მჭექარე „ნონ! ღიენ დე რიენ...” ცვლიდა. დავდიოდი პარიზის ქუჩებში, თბილ შოკოლადიან კრუასანს ვაყოლებდი სურნელოვან ყავას ღია კაფეში. ვნახე პარიზის სიმბოლო – ეიფელის კოშკი და ზემოდან გადმოვხედე ღამის ქალაქს. ვისეირნე ელისეს მინდვრებზე, მოვინახულე ვერსალი და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ესმერალდასა და კვაზიმოდოს ცნობილი ტრაგედია დატრიალდა... ეს ყველაფერი კარგად გავაცნობიერე და ვირწმუნე, რომ წარმოსახვით კი არა, ნამდვილად მოვინახულე პარიზი. ეს სულ 5 წუთს გრძელდება და ისეთი ენერგია მოაქვს, რომ, როცა ხელის, როგორც გამტარის, საშუალებით ის ჭიქას გადაეცემა, წყალი მთლიანად იმუხტება. თქვენი სურვილი წყალმა მიიღოო, დაიმუხტა და უკვე შეგიძლიათ, ის დალიოთ.
– ამის შემდეგ რამდენ ხანში ასრულდება ჩანაფიქრი?
– უნდა ჩაუთქვათ, რომ სურვილი ახდეს ერთი თვის განმავლობაში. მაგრამ, თუ გგონიათ, რომ ჩანაფიქრი იმდენად მიუწვდომელია, მისი ასრულება გაჭირდება, მაშინ ვადად ორი თვე განსაზღვრეთ. ამ ხნის განმავლობაში კი, სისტემატურად იფიქრეთ მასზე და თანდათან, ისე შეეჩვევით, რომ მიუწვდომლად აღარ მოგეჩვენებათ. ამის შემდეგ კი, სურვილი რეალობად იქცევა.
– მეორე რიტუალი რაღას ემსახურება?
– რა თქმა უნდა, იდეა იგივეა: სურვილის ასრულება, მხოლოდ წყლის დამუხტვის რიტუალია მცირედ განსხვავებული. დაგჭირდებათ იგივე წყალი, ანუ არა ონკანიდან და ჭურჭელი, რომელშიც მას ჩაასხამთ. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც ჭიქა, ასევე ქილა ან ნებისმიერი, თქვენთვის მოსახერხებელი რამ. ისე, სასურველია, ქილა იყოს, რომ შიგ უფრო მეტი წყალი მოთავსდეს. ისევ აიღეთ ქაღალდის სუფთა ფურცელი და ზედ დაწერეთ გულითადი ნატვრა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მტკიცებით ფორმაში. როგორიცაა, მაგალითად: „უკვე გადავედი ახალ, სამოთახიან ბინაში, ქალაქის ცენტრში”. ეს ჩემი სურვილი იყო და მართლაც, არ არის დიდი ხანი, რაც სამოთახიან ბინაში გადავბარგდი, თბილისის გარეუბნიდან რუსთაველის გამზირზე. თქვენ თქვენს სურვილს ჩაწერთ და განაგრძობთ რიტუალს, რომელიც, სასურველია, ღამით ჩაატარდეს.
– ამჯერად წრეში აღარ ვწერთ სურვილს?
– არა და არც ფურცელზე დგამთ წყლიან ჭურჭელს. ამ შემთხვევაში, ქაღალდს წარწერით შიგნით გარშემო შემოავლებთ ჭიქას და ხელს მჭიდროდ შემოაჭდობთ. ასე, წყალს შეუძლია, ფურცელზე ასახული სურვილის წაკითხვა ანუ აღქმა და მისი ენერგიით მთლიანად დამუხტვა. შემდეგ ეს დამუხტული წყალი ხელუხლებლად დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში და დილით გამოიყენეთ. ძირითადად, დამუხტულ წყალს საჭმლის მოსამზადებლად იყენებენ. თქვენც მოამზადეთ სადილი, გემრიელად მიირთვით ოჯახის წევრებთან ერთად და დაელოდეთ „ხილულ სასწაულს” – ირწმუნეთ და სურვილი აგისრულდებათ.
– როგორც ვიცი, მეცნიერულადაცაა დამტკიცებული, რომ წყალი ინფორმაციას იღებს, ინახავს...
– სწორედ მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ წყალს ნებისმიერი საშუალებით მიწოდებული ინფორმაციის მიღება ძალუძს. ეს შეიძლება, იყოს ზეპირი სახით, როგორიც შელოცვაა; ხოლო თუ ფურცელზე წერია ინფორმაცია, წყალი მას „წაიკითხავს” ანუ შეიცნობს და არც თქვენი ფიქრის გაზიარება გაუჭიდება. ასე რომ, დამშვიდდით, სურვილი წყალს ნებისმიერი გზით შეგიძლიათ, გადასცეთ, რომელიც მის სტრუქტურაში შეაღწევს. ასეთ სტრუქტუირებულ წყალს კი, ჩვენი ყველა სურვილის შესრულება შეუძლია.
აქედან გამომდინარე უფრო მარტივი გზაც არსებობს. ამისთვის განსაკუთრებული რიტუალების მომზადება არ არის საჭირო და შეგიძლიათ, ნებისმიერი წყალსაცავი გამოიყენოთ: იქნება ეს ბუნებაში – ტბა, ზღვა, მდინარე, გუბე; თუ აბაზანა ან, ბოლოს და ბოლოს, ტაშტიც კი – სახლის პირობებში. ჩაჰყავით თავი სითხეში და ხმამაღლა ამცნეთ წყალს თქვენი გულისნადები. ჰოდა, არც ის დაგწყვეტთ გულს და ნატვრას აგისრულებთ.
– ეს, რაც შეეხება სურვილის ასრულებას, მაგრამ წყლის შესაძლებლობები ხომ ამოუწურავია და შესაბამისად, ხალხურ გადმოცემებშიც უამრავი მინიშნება არსებობს, ალბათ...
– არსებობს და ძალიან დიდი მნიშვნელობაც აქვს. ეს ხომ უდიდეს ბუნებრივ სტიქიას ეხება, საიდანაც სიცოცხლე მიწაზე ამოვიდა. სწორედ ამ სტიქიას ძალუძს, კარდინარული ზემოქმედება მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე – შეცვალოს ის როგორც კარგის, ისე ცუდის მხრივ. მაგრამ, ეს უკვე სხვა თემაა და შემდგომ შეხვედრაზე განვავრცობთ.