№4 როგორ იყენებს რუსეთი დასავლურ სამყაროში არსებულ განხეთქილებას და აშშ-თურქეთის კავშირის რღვევას სამხრეთ კავკასიაში გავლენის განსამტკიცებლად და საქართველოს დასაშლელად
ჩვენებურ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ბიბილოვმა, რომელსაც მხოლოდ ამღიარებელი რუსეთის გარდა, ნაურუ და ნიკარაგუაც ცნობენ, ასე განსაჯეთ, სერბეთი მოიარა, იქაური პირველი პირების მიწვევით. როგორც საპატიო სტუმარმა, ბელგრადში ეკლესიაც მოილოცა და სერბეთის მართლმადიდებელმა პატრიარქმაც დალოცა. მას სატელევიზიო ეთერიც დაუთმეს და აღლუმზეც (რესპუბლიკის დღეს აღნიშნავდნენ) მოისვეს გვერდით. გასაგებია, რომ სერბეთი თავისი მოკავშირე რუსეთის ხათრით მიიღებდა ანატოლი ბიბილოვთან ასეთი მჭიდრო კავშირის დამყარების გადაწყვეტილებას. თუმცა მაინც გასაკვირია, რადგან, თუ ბიბილოვს აქვს თვითგამორკვევის უფლება, რატომ არ აქვთ იმავეს უფლება კოსოვოელებს?! თუმცა სასიამოვნოა, რომ ამ დედამიწაზე ჩვენზე არარაციონალური ხალხიც არსებობს (სერბებს ვგულისხმობ), რომლებიც იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან. მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ ეს რუსეთის გააქტიურების ნიშანია ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარების მიმართულებით. პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ, თუ რა მიზანს ისახავს რუსეთი ამჯერად და რის საპასუხოდ.
– რაზე გამოხატა რეაქცია ამ ფორმით რუსეთმა და რაზე მიგვანიშნა? შემთხვევითი არ უნდა იყოს ჩვენი ნომერ პირველი ოსი სეპარატისტის ჩასვლა სერბეთში.
– კავკასიური პოლიტიკა როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის გეოპოლიტიკური ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. არ ვიცი, რამდენად იზიარებენ ისინი დიდი ბელადის ცნობილ გამონათქვამს: ვინც ფლობს საქართველოს, ფლობს კავკასიას, ხოლო, ვინც ფლობს კავკასიას, ის ფლობს მსოფლიოს, მაგრამ როგორც რუსეთისთვის, ისე დასავლეთის პოლიტიკური ცენტრისთვის, მნიშვნელოვანია ვითარება სამხერთ კავკასიაში. და, როგორც კი დასავლეთის ერთიანი ფრონტი შესუსტდა საერთაშორისო არენაზე, რაც გამოწვეულია ტრამპის ფაქტორით, რუსეთი გააქტიურდა როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე სამხრეთ კავკასიაში. თუ არ ჩავთვლით დასავლურ თეორიას, რომ მსოფლიოში გაძლიერდა რუსული პროპაგანდა, ახალი არაფერი შემოუთავაზებია რუსეთს. ის არ ხარჯავს ფულს აღიარების მიმართულებით, იმიტომ რომ, უკრაინის კონფლიქტი მნიშვნელოვან რესურსად უჯდება და პლუს ყირიმის ანექსია. თუმცა მაინც აქტიურია და ამ ეტაპზე კავკასიაში დომინირებს რუსეთი. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთსა და აშშ-ს შორის „ნატოს“ ეგიდით წარმოებული მრავალათწლეულიანი შეთანხმებული პოლიტიკა დაირღვა და ახლა ისინი გარკვეულწილად, სხვადასხვა პოლუსზე აღმოჩნდნენ. რუსეთმა 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანას პაუზის შემდეგ უპასუხა და 2008 წელს, თავისი ბაზები უკან დააბრუნა სააკაშვილის ავანტიურისა და რუსეთის ინტერვენციის შემდეგ.
– მან ფაქტობრივად, გაიუმჯობესა სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში.
– რა თქმა უნდა. პოსტაბჭოთა პერიოდში რუსული ექსპანსიის საფუძველია რუსული შეიარაღებული ძალების ყოფნა. სხვა რესურსი აქ გაბატონებული მდგომარეობის დასაკავებლად რუსეთს არ აქვს. საქართველოდან სამხედრო ბაზები გააყვანინეს გასული საუკუნის ბოლოს, უფრო ზუსტად, გადაწყვეტილება მაშინ იქნა მიღებული, მაგრამ თანდათან რუსულმა იმპერიულმა ცნობიერებამ გაიაზრა, რომ ამ ბაზების გაყვანისა და საქართველოს მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადაბარგების შემდეგ, რეალურად დადგა რუსეთის კავკასიიდან წასვლის საფრთხე, მიუხედავად სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა. რუსეთს დიდი ფინანსების დახარჯვა არ შეუძლია კავკასიაში გავლენის შესანარჩუნებლად, დასავლეთის სანქციებიც მის დასუსტებაზე მუშაობს და თავისთავად ცხადია, ასეთ ვითარებაში მას არ აქვს შესაბამისი ეკონომიკური პოტენციალი, რომ ფინანსებით მოიპოვოს გავლენა. ამდენად, ერთადერთი, რაც შეიძლება, შესთავაზოს ყოფილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს, არის თავისი ბაზარი, რომელიც მნიშვნელოვნადაა დატვირთული პოლიტიკური ელემენტით.
ამ ვითარებაში რა უნდა გააკეთონ მათ? სააკაშვილის ახლომხედველობით დაბრუნებული ბაზები აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში გააძლიერონ და ამით კავკასიაში თავიანთი ყოფნა დააფიქსირონ. იმიტომ რომ, მხოლოდ გიუმრის ბაზა დიდი ვერაფერი შეღავათია. საქართველოს ტერიტორიაზე ორი რუსული სამხედრო ბაზა და, მათ შორის, თბილისიდან ძალიან ახლოს, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფაქტორია და ამ რეალობის პოლიტიკური სარგებლიანობის თვალსაზრისით, ექსპლუატაციას ეწევიან. მათ ვერაფერს მიაღწიეს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სუვერენიტეტის აღიარების მიმართულებით, ნაურუსა და ნიკარაგუას ოდიოზურმა რეჟიმებმა აღიარეს მხოლოდ აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი და ამიტომ, როგორც კი ოდნავ შეიცვალა სიტუაცია აღმოსავლეთის მიმართულებით, მოირღვა თურქეთ-აშშ-ს სტრატეგიული ღერძი და ფორმალური გახდა თურქეთის „ნატოს“ წევრობა, რაც იყო „ნატოს“ აღმოსავლური პოლიტიკისა და ანტიკომუნისტური ალიანსის ძლიერების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რუსეთს შეექმნა წინაპირობა დომინირებისთვის.
სერბეთში ბიბილოვის ვიზიტმა აჩვენა, რომ სერბეთი მაინც დაჩაგრულად მიიჩნევს თავს ევროკავშირისგან და მათ სძლიათ სლავურმა სოლიდარობამ. ამას მოჰყვა ის, თუ რაში შეიძლება, გამოიყენოს რუსეთმა სერბეთი და ჩართეს ეს ქვეყანა ამ აღიარების პროცესში. ბიბილოვი შეხვდა სერბეთის ხელმძღვანელობას, სერბეთის პატრიარქს, რაც გარკვეული ნაბიჯია იმ ბლოკადის გასარღვევად, როდესაც რუსეთმა ორი უდღეური რეჟიმის გარდა, ვერავინ მიიმხრო. სხვათა შორის, ესეც რუსული გავლენის შესუსტების ერთ-ერთი მახასიათებელია.
– დასავლეთის არაერთგვაროვნება და შინაგანი დაპირისპირება რა საფრთხეს გვიქმნის ჩვენ?
– ახლა დასავლეთი დაბნეულია, გაოგნებულია. სსრკ-ის დაშლის შემდეგ მათ მიაღწიეს იმას, რომ დასავლეთი გამოვიდა, როგორც ერთიანი ფრონტი, რომლის უპირობო ლიდერი იყო აშშ და ტრაპის გამარჯვებამ აჩვენა, რომელსაც ამერიკის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა დაუჭირა მხარი, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი და ტრამპის მეორე ვადით არარჩევით დასრულდება. ეს შემაშფოთებელია, იმიტომ რომ, გვინდა თუ არა, ჩვენ ამ სივრცის ნაწილი ვართ. ეს ჩვენზე მოქმედებს. როდესაც ათეული წელია, წინსვლა არ გვაქვს, მაგრამ ვინარჩუნებთ არაღიარების პოლიტიკას, არის საფრთხე, რომ პროცესი პირუკუ წავიდეს. რუსეთი იყენებს თავის ძველ და ნაღდ ერთმორწმუნეობის მეთოდს.
– თითქოს ჩვენ ბუდისტები ვიყოთ.
– ჩვენთანაც იყენებენ ამ იარაღს. ხშირად უსვამენ ხაზს ამ ფაქტორს, როდესაც მათ სჭირდებათ. მაგალითად, როდესაც გაუჭირდათ აფხაზეთში, ჩამოვიდა თბილისში მოსკოვის საპატრიარქოს ემისარი და აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში მხარდაჭერა გვთხოვა. თან, დაგვამადლეს, რომ ჩვენი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს ცნობენ.
– თუმცა ჩვენმა პატრიარქმაც მკაფიოდ უპასუხა და კირილის იუბილეზე არ წავიდა.
– პატრიარქი გონიერი და შორსმჭვრეტელი ადამიანია და ის, როგორც აღმოჩნდა, სწორად ხედავს თავის მისიას და ქართველი ერის პერსპექტივასაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოთხივე ხელისუფლება არ წყალობდა მას, სხვადასხვა მიზეზით, მან უძლიერეს კონფესიურ გაერთიანებად აქცია ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. პატრიარქი თავისი ასაკის მიუხედავად, ადასტურებს, რომ ყოველთვის სრულ ფორმაშია. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ რუსეთი არ ცდილობს, არა მარტო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არსებული ძალების მხარდაჭერა მოიპოვოს, არამედ მას მართლმადიდებელი ეკლესიის გათიშვის მომხრეებიც ეიმედება, რომლებიც წაახალისებენ მართლმადიდებელი ეკლესიის გათიშვის გარკვეულ ცენტრებში დამუშავებულ გეგმას, იმიტომ რომ, საქართველოს ეკლესიის გავლენა ძალიან მაღალია. რადგან მაღალია, მასზე ზეგავლენა რთულია და ამიტომ დაიწყო ქვედა დინებების წახალისება, რომ დაირღვეს ეკლესიის ერთიანობა. კონფესიური მრავალფროვნება დამახასიათებელია საქართველოსთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მართლმადიდებელი ეკლესიის გათიშვის ხარჯზე და მე ვხედავ ამ საფრთხეს.
– თან, ეს უკვე რეალობაა უკრაინაში, საბერძნეთში.
– დიახ, და საქართველო არ არის საბერძნეთი. აქ რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობა, ნიშნავს საქართველოს საყრდენის მოშლას. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია, მიუხედავად თავისი ბუნებისა, საჭიროებს რეფორმირებას ახალ დროში და მეუფე შიოს წინ წამოწევა ნაწილობრივ გადაწყვეტს ამ პრობლემას. მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი სუვერენიტეტის საყრდენია და ამ ფაქტორმაც უნდა იმუშაოს. თუმცა ეს ვერ მუშაობს სერბეთის ეკლესიასთან მიმართებაში, რადგან რუსულმა ფაქტორმა გადაფარა მართლმადიდებლური სოლიდარობა. ეს გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელთა მოუქნელობის შედეგიც არის. თუ ისინი მართლმადიდებელი მრწამსის ტრადიციულ გაგებაზე აკეთებენ აქცენტს, ესეც აშორებს ქართულ ეკლესიას დასავლურ ეკლესიებს და მტკიცდება ძლიერი და მრავალრიცხოვანი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა.
– კოსოვოს აღიარებას აპროტესტებს სერბეთი და ამ დროს იღებს საპატიო სტუმრად სეპარატისტ ბიბილოვს, ჩვენებური კოსოვოს სეპარატისტ ლიდერს. ასეთი მარიონეტები ჩვენც კი არ ვყოფილვართ და, თუმცა დასავლეთიც არანაკლები მოკავშირეა, არ გვიღიარებია კოსოვო და არ ვპატიჟებთ სტუმრად კოსოვოს ხელმძღვანელობას. პატრიარქ ირინეუსის მიერ ბიბილოვის დალოცვა „საკონტროლო გასროლასავით“ აღვიქვი. თქვენ?
– შეიძლება, მარიონეტიც იყო, გულუბრყვილოც, პოლიტიკურად ბეციც, მაგრამ სულ სხვაა სასულიერო ცნობიერება და ის გამიჯნულია საერო პოლიტიკური ცხოვრებისგან. სერბები იუგოსლავიის დაშლას განიხილავენ მარცხად. სერბთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი ინტერესები შელახულია და ეს სერბეთის პოლიტიკური კლასისა და სასულიერო წრეების უსუსურობის გამოვლენის შედეგია. სერბები მამაცი და მებრძოლი ხალხია, რომლებიც გამოირჩეოდნენ მხედრული მამაცობით, მაგრამ დამარცხდნენ ყველგან. ყველა რეგიონსა და ყველა სფეროში და მხოლოდ სტატისტის ფუნქციას დასჯერდნენ ევროკავშირში. ამიტომ უმჯობესი იქნება, თავიანთ ეროვნულ ინტერესებს ჩაუღრმავდნენ და თავიანთი პრობლემები გაიაზრონ.
როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტიტო ჩავიდა ენვერ ხოჯასთან, ალბანეთის სოციალისტური რესპუბლიკის ლიდერთან და შესთავაზა იუგოსლავიის შემადგენლობაში შესვლა, ენვერ ხოჯამ, რომელიც ძალიან ეშმაკი კაცი იყო, უთხრა, მოვიფიქრებო. მაშინ 20-80-ზე იყო ალბანელებისა და სერბების თანაფარდობა, შესაბამისად, მუსლიმანებისა და ქრისტიანების თანაფარდობაც. როდესაც ტიტო უკან დაბრუნდა, კონფლიქტი მოხდა და ალბანელები მიაწყდნენ სერბეთის საზღვრებს. ტიტომ საყვედური უთხრა ხოჯას, მაგრამ მან შესთავაზა, ჩვენ ხომ მაინც უნდა გავერთიანდეთ, ამიტომ შეუშვი ეს ხალხი, თუ ისინი დასახლდებიან, ეკონომიკა განვითარდება და საკითხი უფრო მარტივად გადაწყდებაო. ამ ამბიდან 40-50 წლის შემდეგ ალბანელთა და სერბთა თანაფარდობა შეიცვალა. დღეს უკვე კოსოვო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელშიც სატიტულო ერი არის უკვე ალბანელების შთამომავალი მუსლიმანები. ასე რომ, სერბებს ბევრი საფიქრალი და სამსჯელო აქვთ თავიანთ ისტორიასა და რეალობაზე და უჯობთ, გაუგონ ქართველებს და გაითავისონ თავიანთი მართლმადიდებელი ძმების პრობლემები, ვიდრე მოსკოვის მორჩილები იყვნენ და ბრმად მიჰყვნენ მათ პოლიტიკას.
– ძალიან მოხერხებულად ითამაშა მოსკოვის საპატრიარქომ: თავად აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას და ამ დროს სერბეთის პატრიარქს დაალოცვინა ჩვენი სეპარატისტი საჯაროდ და ყველას დასანახავად.
– პატრიარქი კირილი, რა თქმა უნდა, რუსული სახელმწიფო პოლიტიკის გამომხატველია, მაგრამ ის აშკარად არასდროს არაფერს იტყვის საქართველოს ეკლესიის საწინააღმდეგოდ. ისინი ცდილობენ ერთმორწმუნეობის თავიანთი ინტერესებით გამოყენებას. მაგრამ ეს პასუხისმგებლობა არ აქვს სერბეთის ეკლესიას და მას შეუძლია, გააკეთოს უპასუხისმგებლო განცხადებები. ეს არ უნდა გახდეს გაღიზიანების საბაბი.
– მე გამიხარდა, თუ ამ დედამიწაზე ჩვენზე არაადეკვატურებიც არიან.
– ჩვენმა დიპლომატიამ უნდა იმუშაოს აქტიურად, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა სერბეთი დასავლეთის პარტნიორი. ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ, ვისთან ვიმეგობროთ და ვისთან – არა. სერბეთი არის გაეროს წევრი ქვეყანა. ამდენად, იქაა საჭირო უფრო მეტი აქტიურობა. უფრო ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობები უნდა განხორციელდეს საქართველოს და სერბეთს შორის. ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ადეკვატური ყველა გამოწვევასთან მიმართებაში, რა საფანელიც უნდა ჰქონდეს მათ. თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნე, რომ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მხოლოდ იმიტომ არ იყო ჩვენი შინაგანი მოთხოვნილება, რომ ადამიანი თავისუფალ არსებად იბადება და ის არ გამოიხატება მხოლოდ დროშის ფრიალით, ჰიმნის შესრულებითა და გულზე მუშტის ბრაგუნით. სუვერენიტეტი გვჭირდება იმისთვის, რომ ნებისმიერ გამოწვევაზე გვქონდეს მყისიერი და ადეკვატური რეაქცია. ჩვენზე დიდი ცივილიზაციები და ქვეყნები გამქრალან და განადგურებულან სამყაროსთან თუ სამეზობლოსთან დაპირისპირებაში. და რაც ხდება, არის ჩვენი ხელისუფლებების, ყველასი, არაკომპეტენტურობის ბრალი, რომლებიც ვერ ახერხებენ პრევენციასა და მოსალოდნელი შედეგების გათვლას.