№4 რამდენი ასეულ ათასი ლარი მიიღო 2011 წლიდან ბიუჯეტიდან ხელფასის სახით სახაზინო სამსახურის უფროსმა ცოტნე ყავლაშვილმა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი ცოტნე ყავლაშვილი 1983 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება: 2000-2004 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა ბაკალავრიატში, ხოლო 2004-2006 წლებში – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურაც დაამთავრა.
ცოტნე ყავლაშვილის შრომითი ბიოგრაფია 2005 წელს დაიწყო საქართველოს რკინიგზის რესტრუქტურიზაციის დამხმარე პროექტის ექსპერტის თანაშემწედ. 2006 წლის სექტემბერ-დეკემბერში საბიუჯეტო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველოს სპეციალისტად მუშაობდა, 2007 წლის მაისამდე კი – საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს სპეციალისტად. 2007 წლის ნოემბერში საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს მთავარ სპეციალისტად დაინიშნა, შემდეგ – უფროს სპეციალისტად. 2008 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ივნისამდე საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო; 2013 წლის იანვარ-ივნისამდე – ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი. 2013-ში სახაზინო სამსახურის უფროსად დაინიშნა, 2015 წლის ივნისში – ფინანსთა მინისტრის მოადგილედ და დღემდე მინისტრის მოადგილეა და სახაზინო სამსახურის უფროსიც.
ცოტნე ყავლაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლის აგვისტოთი თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1982 წელს დაბადებული სალომე მედოიძე და სამი შვილი – 2005 წელს დაბადებული დაჩი, 2008 წელს დაბადებული მათე და 2013 წელს დაბადებული თეკლა.
სალომე მედოიძის საკუთრებაა თბილისში, მირიან მეფის 13-ში მდებარე 6 000 აშშ დოლარად ღირებული ავტოფარეხი და 34 800 აშშ დოლარად ღირებულ ბინა (58 კვ. მ.), ასევე, 60 000 ლარად ღირებული 6 000 კვ. მ. ფართობის მიწა სოფელ ლილოში. ცოტნე ყავლაშვილს კი 47 300 აშშ დოლარად 2014 წელს შეუძენია მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში (1 100 კვ. მ.).
რაც შეეხება შემოსავლებს: 2016 წლის განმავლობაში ცოტნე ყავლაშვილმა, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და სახაზინო სამსახურის უფროსმა, 89 250 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, როგორც „ალდაგის“ დებიტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, 42 549 ლარი. 2017 წელს ცოტნე ყავლაშვილს 11 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხიც აუღია, რომლის მომსახურებაც ჯერ არ დაუწყია.
რაკი დეკლარაციების შევსება 2012 წლიდან დაიწყო, ვიცით, რომ 2011 წლის განმავლობაში ცოტნე ყავლაშვილმა, როგორც ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსმა, 60 000 ლარი აიღო; მისმა მეუღლემ, როგორც „ალდაგი ბი სი აის“ დებიტორებთან ურთიერთობის ოფიცერმა – 12 000 ლარი.
2012 წლის განმავლობაში ცოტნე ყავლაშვილის წლიური შემოსავალი (როგორც სახაზინო სამსახურის უფროსის) 64 000 ლარი იყო, მისი მეუღლის – 21 600; 2013 წელს ცოტნე ყავლაშვილის – 103 648 ლარი, მისი მეუღლის – 25 500. 2014 წელს ცოტნე ყავლაშვილმა – 99 760 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ – 35 700 ლარი. 2015 წელს ცოტნე ყავლაშვილის წლიურმა შემოსავალმა 89 435 ლარი შეადგინა, მისი მეუღლისამ – 48 700 ლარი.