№4 გლობალურად ართავისუფლები
უკანდახეული „ჩემპიონი“ და „სინათლის შუქურა“
რაკი 2018 წელი დაიწყო, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუზმაც“ 2017 წლის კვლევა გამოაქვეყნა (თავისუფლების ინდექსის) და გულისმომკვლელი ვერდიქტიც გამოიტანა: უკვე მეთორმეტე წელია, გლობალური თავისუფლების მაჩვენებელი უკან იხევსო.
თქვენ წარმოიდგინეთ, 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის კუთხით, მსოფლიოს მასშტაბით, უკუსვლა ყოფილა და ორგანიზაციის პრეზიდენტმა მაიკლ აბრამოვიჩმა განგაშის ზარიც დაარისხა (მომყავს ციტატა): „დემოკრატია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე დგას.”
კვლევა მთავარ უკუსვლად, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ასახელებს: „აშშ-მა უკან დაიხია, როგორც ჩემპიონმა და დემოკრატიის მაგალითმა.“
უცნაური ისაა, რომ უკუსვლის მიზეზად, არც მეტი, არც ნაკლები, შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევები და მთავრობაში გამჭვირვალობის შემცირება სახელდება (მეორე მხრივ, ეს დასკვნა, თავისთავად, რუსეთისთვის გაგორებული წითელი კოჭიცაა: იმდენად მნიშვნელოვან სახელმწიფოდაა შერაცხილი, რომელიც თვით აშშ-ის არჩევნებში ერევა, თურმე).
მაგრამ, რაკი ყველას თავისი პეიზაჟი აქვს, ცხადია, ჩვენ ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, თუ რა თქვა კვლევამ საქართველოზე. კერძოდ, რვა სხვა ქვეყანასთან ერთად მოგვაქციეს ჯგუფში, რომელსაც, ნუ იტყვით და, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაგვაკვირდნენ.
რატომ? იმიტომ რომ: „მომავალი წელი ქვეყნის დემოკრატიული კურსისთვის, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს“.
„ფრიდომ ჰაუზი“ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტ-აქტივისტ აფგან მუხთარლის გაუჩინარებას გვიწუნებს. ოღონდ იქვე შენიშნავენ, რომ „საქართველო რჩება სინათლის შუქურად ყოფილ საბჭოთა სივრცეში, რის გამოც, იქცა კიდეც თავშესაფრად ჟურნალისტების, დისიდენტების, ყოფილი პოლიტ-პატიმრებისთვის აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.“
ხოლო, რაკი ორგანიზაციის დასკვნითვე, ეს თავშესაფრობა ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა, ისინიც შეშფოთებულან (თავშემოფარულების განცხადებით, ისინი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ, თურმე), ამიტომაც მოგვიწოდებენ, რომ უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება.
რატომ? იმიტომ რომ, შეგიძლიათო. მოვიტან ციტატას: „საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რეგიონში ძალიან დადებითი როლი შეასრულოს.“
ცხადია, გულმოსაფონია, კვლავ „შუქურად“ რომ ვრჩებით და გვაქებ-გვაგულიანებენ, თუმცა იბადება რიტორიკული კითხვა: მაინცდამაინც, ჩვენ უნდა დავდგეთ მსოფლიო დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლის ავანგარდში?! აქედან გამომდინარე კი, მეორე რიტორიკული კითხვაც: და ვინ დაიცავს ჩვენს უსაფრთხოებას?! –