№4 „ჩემი პატრონი შენსას ჯობია…“
იქით – „ფრიდომ ჰაუზმა“ გაგვიხეთქა გულები (მსოფლიო დემოკრატიაც საფრთხეშია და საქართველომაც, როგორც „შუქურამ,“ კიდევ უფრო უნდა გაანათოს პოსტსაბჭოთა სივრცე, თუნდაც, მტლად დაედოს მსოფლიო დემოკრატიასო), აქეთ – NDI-მ გაგვაცნო თავისი კვლევების შედეგები (არანაკლებ გულის საგულედან ამოსავარდნი).
თუმცა კვლევა მრავალმხრივია, მხოლოდ ერთ ასპექტზე შევაჩერებ ყურადღებას. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, გამოკითხულებს რფ-სა და აშშ-ის სამხედრო ძლიერების შედარებაც სთხოვეს (რაოდენ საოცარია, ვინაიდან პირადად მე, ეს კითხვა იმ ეჭვის საფუძველსაც მაძლევს, რომ მავანმა, ნებსით თუ უნებლიეთ, დამატებითი წითელი კოჭის გაგორება ისურვა ჩრდილოეთისკენ).
შესაბამისად, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილის (41 პროცენტის) აზრით, რუსეთი, სამხედრო ძალის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებულ შტატებზე ძლიერია.
მხოლოდ 36 პროცენტს მიაჩნია აშშ რუსეთზე ძლიერად (სამხედრო ამბავში), 15 პროცენტი ამ ორივეს თანაბარი ძალის მქონედ აფასებს. აი, 8 პროცენტი კი, ყველაზე გულწრფელია თავის პასუხში, რადგან არ იცის.
არანაკლებ საინტერესოა ჩაშლილი კვლევაც: ყველაზე ნაკლებად რუსეთის სამხედრო ძლიერების თბილისში სჯერათ (35 პროცენტს), ყველაზე მეტად კი – ნაციონალურ უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში (55 პროცენტს), შესაბამისად, აშშ-ის სიძლიერისაც თბილისელებს სჯერათ ყველაზე მეტად, ნაცუმცირესობებს – ყველაზე ნაკლებად.
კვლევის ამ ნაწილის შესახებ აზრი გაიყო და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთი აშშ-ზე ძლიერი ჰგონიათ, შეფასების ადეკვატურობა დაუწუნეს.
ობიექტურად, ბუნებრივია, აშშ რფ-ზე გაცილებით მძლავრი სახელმწიფოა, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენმა თანამემამულეებმა მაინც ადეკვატურად განსაჯეს: ახსოვთ, ვისმა ტანკმაც გადაგვიარა მარტო დარჩენილებს. –