№4 მოდელირებული აშშ-ურად
ანუ „გეხუმრე, არისტოფან“
მაშინ, როდესაც ჩვენ საკუთარი „მოდელირებული ქრონიკა“ ვერ მოგვინელებია, გასულ კვირას ჰავაის ყველა მცხოვრებმა შეტყობინება მიიღო, რომ თავშესაფარი მოეძებნათ, არც მეტი, არც ნაკლები, იმ მიზნით, რომ ბალისტიკური რაკეტების თავდასხმისგან დაეცვათ თავი (იმდენი იბრიქეს აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ლიდერებმა, საკუთარ სამუშაო მაგიდებზე გვაქვს წითელ-წითელი ღილაკებიო).
უფრო მეტიც, ინფორმაცია სარაკეტო თავდასხმის შესახებ, ჰავაის ტელე და რადიო მაუწყებლებმაც გაავრცელეს. სავსებით, ბუნებრივია, ჰავაელები პანიკაში ჩაცვივდნენ: სახლებიდან გაიქცნენ, მაგისტრალებზე მიატოვეს თავიანთი ავტომობილები და გვირაბებსა და სარდაფებში ჩაიმალნენ.
ქაოსი, სულ რაღაც, 38 წუთს გაგრძელებულა, რის შემდეგაც ოფიციალურ ინფორმაციასაც მიუსწრია მათთვის (რომ იტყვიან, სულზე), რომ მავანმა ღილაკს შემთხვევით დააჭირა ხელი და განგაში მხოლოდ ცრუ იყო.
ისტორიის ფინალი ჩვენთვის უცნობია (დაისაჯა თუ არა ღილაკზე თითის დამჭერი), ჰოდა, რაკი ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, უდავოდ, ორმაგად სასიამოვნოა, რომ თვით დემოკრატიის აკვანშიც კი ეშლებათ ხოლმე, მთავარია, იმ ღილაკზე არ დაეჭიროთ თითი, სხვა ქვეყანაზე ბალისტიკური თავდასხმისთვის რომაა განკუთვნილი. –