№3 როგორ დაიმსახურა მარიამ ხაჭვანის ფილმმა „დედემ“ უამრავი პრიზი მსოფლიო მასშტაბით და როგორ გადაურჩნენ მისი ოჯახის წევრები მეორედ დაპატიმრებას
ცოტა ხნის წინ, ყურადღების ცენტრში მოექცა ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის განცხადება პოლიციელების შესახებ, რომლებმაც მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
მარიამ ხაჭვანი: ჩემი ოჯახის წევრები სახლში მოდიოდნენ. ჩვენი სახლი ცენტრალური გზის პირას დგას, იქვეა პოლიციის შენობაც. როცა ქუჩა გადმოკვეთეს, მათკენ პოლიციის ავტომობილი წამოვიდა. მანქანიდან სამი პოლიციელი გადმოვიდა და ერთ-ერთმა მათგანმა ორივეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ამ დროს მე ფანჯრიდან ვიყურებოდი და ეს ყველაფერი დავინახე. მე, ჩემი ძმა და დედაჩემი მაშინვე გავიქეცით. შემთხვევის ადგილზე ძალიან მალე მივედით და რაც მოხდა, ყველაფერი კარგად დავინახეთ. პოლიციელები არ ელოდნენ, რომ გვიან ღამით, ასე უცებ, თვითმხილველი გამოჩდებოდა. ბიჭები პოლიციელების შეურაცხყოფის გამო ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ. სამართალდამცველებს ეუბნებოდნენ, შეურაცხყოფა რატომ მოგვაყენეთო და სახელისა და გვარის დასახელებას სთხოვდნენ და ერთ-ერთს ვაკავებდით. ახალგაზრდა ბიჭებს რომ უმიზეზოდ გააჩერებ და დაუმსახურებლად ამდენ შეურაცხყოფას მიაყენებ – ორივეს სახეში სილას გააწნი და ამ დროს სამართალდამცველი ხარ, ძალიან შემაშფოთებელია. საბედნიეროდ, ბიჭები პოლიციის პროვოკაციას არ წამოეგნენ და გამოწვევას არ აყვნენ. ჩვენ რომ მივედით, პოლიციელები დაფრთხნენ, ბიჭებს ხელი გაუშვეს, ავტომობილში ჩასხდნენ და წავიდნენ. შოკში ვიყავი, ვერ ვაანალიზებდი, რა მოხდა. სამწუხაროდ, მსგავსი რამ ორი წლის წინაც გადავიტანეთ, მაგრამ ახლანდელისგან განსხვავებით, მაშინ წამოეგნენ ბიჭები პოლიციის პროვოკაციას. ვფიქრობ, ფსიქიკურად გადასამოწმებელი არიან ვარკეთილის მერვე განყოფილების პოლიციელები. შესაბამის ორგანოებს მივმართე და ახლა პროკურატურაში მიდის ძიება. პოლიციელების ვინაობა დადგენილია. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა შესაბამის ზომებს მიიღებს ამ სამი სამართალდამცველის დასასჯელად. ასეთი ადამიანები ცუდად იყენებენ საკუთარ უფლებამოსილებას, რაც მე, პირადად, მთელ სისტემაზე მიკარგავს წარმოდგენას. ბუნებრივია, ყველა სამართალდამცველს არ ვგულისხმობ. პოლიცია ქვეყანაში აუცილებელია და ძალიან ბევრი პოლიციელის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, თუმცა, ასეთი ადამიანები ძალიან ცუდად იყენებენ საკუთარ პოზიციებს.
– ბიჭები რას ყვებიან?
– ბიჭები ძალიან გამწარებულები იყვნენ. გაგიჟდნენ, პოლიცია რომ წავიდა, სახლში ვეღარ აგვყავდა, მიწაზე დაცვივდნენ. იმხელა სტრესი მიიღეს და ისე შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, რომ ამაზე მეტი, ალბათ, აღარ არსებობს. როგორ შეიძლება, ახალგაზრდებს ასე მოექცე? პოლიციელს რომ აჰყოლოდნენ, მათგან ერთ-ერთს ათწლიანი ციხე ემუქრებოდა, რადგან ერთს პირობითი აქვს მისჯილი და იმ წუთას დააპატიმრებდნენ. მაგრამ, ბიჭებმა ძალიან დიდი გონიერება გამოიჩინეს. წარმოიდგინეთ, როცა არაფერს აშავებ და ამ დროს პოლიცია შეურაცხყოფას გაყენებს, როგორი ასატანია?! ორი წლის წინანდელი ძალიან ცუდი გამოცდილების შემდეგ, ყველანაირად ცდილობენ, პოლიციელებს მაქსიმალური პატივისცემით მოექცნენ. არც მანამდე ჰქონიათ მათთან რამე პრობლემა და არც ამ ფაქტის შემდეგ. მხოლოდ ორი წლის წინ წამოეგნენ პროვოკაციას და პოლიციელებს ხელი შეუბრუნეს.
– მაშინ ოთხი ბიჭი იყო დაპატიმრებული, ახლა – ორი. იგივე ბიჭები არიან?
– ერთი იგივეა – ჩემი მეუღლე და მეორე – ბიძაშვილი, მაგრამ მაშინ სხვა ბიძაშვილები იყვნენ დაპატიმრებულები.
– მაშინდელი შემთხვევაც გავიხსენოთ.
– მაშინ ჩემს სრულმეტრაჟიან ფილმ „დედეს“ ვიღებდი. მთავარ როლს ჩემი ძმა ასრულდებდა. სხვა როლებისთვის ბიძაშვილები სვანეთიდან ჩამოვიყვანე და იმავე საღამოს დაიჭირეს. ის შემთხვევაც თითქმის იგივე ადგილას მოხდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიჭები პოლიციელების პროვოკაციას წამოეგნენ და ხელი შეუბრუნეს მათ. მაგრამ, ეს მხოლოდ ორმა გააკეთა, დანარჩენი ორი საერთოდ არაფერ შუაში იყო, თუმცა, ოთხივე დააპატიმრეს. ვფიქრობდით, რომ საღამოსვე გამოუშვებდნენ, იმიტომ რომ, თავიდან ამათი ბრალი არ იყო. მაგრამ, ძალიან დიდი მუხლები მისცეს და მოვლენები სხვანაირად განვითარდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ძმა ჩემს ფილმში მთავარ როლს ასრულებდა, ფილმის ნახევარი კი უკვე გადაღებული გვქონდა; მეორე დაპატიმრებულიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლზე იყო, გამამართლებელ განაჩენს ვერაფრით დაველოდებოდი. პროცედურები, მინიმუმ, ცხრა თქვე მაინც გაიწელებოდა. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ბიჭები იძულებული გავხადე, ეღიარებინათ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ძალიან ბევრ ადამიანს და უწყებას, რომლებიც გვერდში დამიდგნენ. პროკურატურა იქნება ეს, შსს თუ პარლამენტი, კონკრეტული ადამიანების მანკიერებები სისტემის უვარგისობას სულაც არ ნიშნავს. პირიქით, დიდი მადლობა მათ, კულტურის სამინისტროს და კინოცენტრს. მათ ნაწილობრივ გაიზიარეს ჩვენი ოჯახის მდგომარეობა; ის, რომ აქამდე ბიჭები ნასამართლევები არ ყოფილან და საპროცესო შეთანხმება გავაფორმეთ.
– აღიარებინეთ ის, რაც არ ჩაუდენიათ?
– არა, მთლად ასე არ იყო. არ ჩაუდენიათ ნაწილობრივ – ანუ ორს არ გაუკეთებია, თორემ ორი როგორც ვთქვი, აჰყვა მერვე განყოფილების პროვოკაციას. არ ვიცი, მერე, შეიძლება, უდანაშაულოდაც ეცნოთ, რადგან კონფლიქტი ამათ არ დაუწყიათ, მაგრამ მე მოცდის დრო არ მქონდა. ოჯახის ერთი წევრის ყოფნა რა არის ციხეში და ახლა ოთხის წარმოიდგინეთ. ყოველღამე სასწრაფო გვყავდა სახლში და ბოლოს ბიძაჩემის სიცოცხლეც კი შეეწირა ამ ამბავს. ყველა ვიდეოჩანაწერი გააქრეს.
– ზოგი ყველაფერს კრიტიკულად უყურებს და რადგან ორჯერ შეგემთხვათ მსგავსი რამ და მეუღლე ორივეს მონაწილე იყო, არ შეგხვედრიათ უარყოფითი გამოხმაურება? თუნდაც – „რატომ ორჯერ?” „როგორ შეიძლება, ორივეჯერ ესენი იყვნენ მართლები” და ასე შემდეგ?
– სამწუხაროდ, დრო არ მქონდა, რომ გამოხმაურებისთვის გადამეხედა. ძალიან მოცლილი უნდა იყო, კომენტარების კითხვა რომ დაიწყო. არაფერი წამიკითხავს, მაგრამ კრიტიკაში გასაკვირი არაფერია. დეტალურად ვერ დავუწყებ მათ ყველაფრის ახსნას. რეალობა რომ გაიგონ, მაშინ ჩემი ოჯახის წევრებს უნდა იცნობდნენ. არ მაქვს პრეტენზია, რაც უნდათ, ის თქვან.
– არ მინდა, ნეგატიური ინტერვიუ გამოგვივიდეს. კარგი ამბების შესახებაც ვისაუბროთ, რაც ბოლო პერიოდში უხვადაა თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში.
– საბედნიეროდ, ბევრი წვალების შემდეგ, დავასრულეთ ფილმი და პრემიერა კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე შედგა. ეს „ა“ კლასის ფესტივალია მსოფლიო მასშტაბით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჟიურის პრიზი დავიმსახურე. ამ ფესტივალის შემდეგ ზუსტად ათი პრიზი მოვიგე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ, აზიის „ოსკარად“ წოდებულ დაჯილდოებაზე „იუნესკოს“ პრიზი. ფილმი წარდგენილი იყო ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება“, რომელიც „იუნესკოს“ პატრონაჟით გაიცემა. ეს პრიზი ამ ფესტივალის ყველაზე დიდი ჯილდოა. ამ ნომინაციაში ჩემთან ერთად ხუთი ფილმი მონაწილეობდა, მათ შორის, „ბერლინალეზე“ გამარჯვებული ფილმი და სხვა ძალიან ძლიერი ფილმებიც, ასე რომ, დიდი კონკურენციის პირობებში მოვიგეთ. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი პრიზი მივიღე კანის კინოფესტივალის კინემატოგრაფების ოცდამეათე შეხვედრაზე, სადაც წლის საუკეთესო რვა ფილმს არჩევდნენ სხვადასხვა ფესტივალზე გამარჯვებული ფილმებიდან. სულ ორი პრიზი გაიცა და აქედან ერთი – „გრანპრი“ ჩემმა ფილმმა აიღო. მონპელიეში ხალხის რჩეულის ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო რეჟისორის პრიზი ავიღე პოლონეთში და ასე შემდეგ. სხვათა შორის, საფრანგეთში ერთი ქალბატონი ატირებული მოვიდა და მითხრა, რომ ისტორია, რომელიც ამ ფილმშია აღწერილი, დედამისს შუაგულ ევროპაში გადახდა თავს. გაოცებული ვიყავი.
– როგორც ჩანს, სვანურმა ისტორიამ მსოფლიოს მოხიბვლა შეძლო. თუმცა, ნაწყენი იყავით რამდენიმე ქართველ კრიტიკოსზე. ამაზე სოციალურ ქსელშიც წერდით.
– ძალიან ბევრი გამოხმაურება ჰქონდა ჩემს ფილმს ყველა ფესტივალზე, განსაკუთრებით, საფრანგეთში. 15 ჟურნალისტი ერთდროულად მართმევდა ინტერვიუს და ძალიან კარგი სტატიები დაიწერა მის შესახებ, ისევე როგორც საბერძნეთში. რა თქმა უნდა, შეცდომებზეც მიმანიშნებდნენ. პირველ ფილმს უშეცდომოდ ვერ გააკეთებ. ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც კრიტიკის დაწერა არ შეუძლიათ. ამას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. თუმცა, მერე გავიგე, რომ ამ „ვითომ კრიტიკოსების“ აზრი თავად კრიტიკოსებსაც არ აინტერესებთ. ჯანსაღ კრიტიკას კი სიამოვნებით ველოდები. რაც შეეხება ფილმს, მისი ნახვა ქართველ მაყურებელს თებერვლიდან შეეძლება.