№3 როგორ გადაუხადა სამაგიერო დიდმა მაესტრომ დიდ ქართველ მომღერალს ოპერის სცენაზე
სასიქადულო ქართველ მომღერალს, ზურაბ ანჯაფარიძეს იუმორი და ხუმრობა უყვარდა და ხშირად სხვადასხვა „შტუკას“ უწყობდა კოლეგებს, რაზეც ყველანი ერთად ხალისობდნენ. რამდენჯერმე ბატონი ზურაბი ცნობილ დირიჟორს, მაესტრო ოდისეი დიმიტრიადსაც გაეხუმრა. ერთხელ, ჩუმად, ოპერის პარტიტურაც კი შეუცვალა, რითაც ბატონი ოდისეი ისე გააბრაზა, რომ უთხრა:
– დამაცადე, ზურიკო, კაცი არ ვიყო, თუ სამაგიერო არ გადაგიხადოო.
გავიდა რამდენიმე თვე. ოპერაში როსინის „სევილიელი დალაქი“ დადგეს, სადაც ფიგაროს ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებდა – ისე ვირტუოზულად და დიდი არტისტიზმით, რომ მთელი დარბაზი ოვაციებით, ფეხზე დამდგარი ხვდებოდა არიის დასასრულს.
ფიგაროს არია ხუთ წუთს გრძელდება, საკმაოდ მაღალ ტემპში სრულდება და არტისტსაც ბევრი, სწრაფი გადაადგილება უწევს სცენაზე. ერთი სიტყვით, ძალიან დინამიკური და დამღლელი ეპიზოდია. ბატონი ზურაბი (ფიგარო) რომ გამოჩნდა, მუსიკაც აჟღერდა, მაგრამ მომღერლის გასაოცრად, მუსიკა ორჯერ უფრო სწრაფ ტემპში სრულდებოდა. ამიტომ, ზურაბ ანჯაფარიძე იძულებული გახდა, ტემპს აჰყოლოდა და სცენაზეც უფრო სწრაფად ემოძრავა. გარდა ამისა, მუსიკოსებმა ეს ტემპი ხუთი წუთის განმავლობაში არ დააგდეს და მომღერალს, ფაქტობრივად, ორჯერ ზედიზედ, მიყოლებით მოუხდა მისი შესრულება. ბოლოს, ჩვეულებისამებრ, დარბაზში მქუხარე ოვაციები გაისმა და „ფიგარო“ მართალია, კულისებში გავიდა, მაგრამ ბატონი ზურაბი ისე დაიღალა, რომ სულს ძლივს ითქვამდა. კმაყოფილმა ოდისეი დიმიტრიადმა კი მომდევნო სცენა უკვე ნორმალურ ტემპში გააგრძელებინა მუსიკოსებს, რადგან სიტყვა შეასრულა და სამაგიერო გადაუხადა დიდ მომღერალს.