კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რომელი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო ქურდული ტრიოს ერთ-ერთი წევრი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირის ვინაობა, წარმომავლობა და სამუშაო ადგილი შეცვლილია. მისი ვინმესთან გაიგივება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით.

პატარა ოინბაზი

1952 წელს დაბადებული ირაკლი სახვაძე ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან გამოირჩეოდა ადამიანების გაპამპულებისადმი სწრაფვით. ამით ის დიდ სიამოვნებას იღებდა და თანასოფლელებმა „პატარა ოინბაზი“ შეარქვეს. ჯერ კიდევ ქუთაისის მიმდებარე, ერთ-ერთი სოფლის სკოლაში სწავლისას გამოიჩინა მან თავი. ქუთაისში ჩასულმა ქუჩის ტელეფონ-ავტომატიდან მიყოლებით დარეკა სახანძროში, მილიციასა და სასწრაფოში და სოფლის საბჭოს თავმჯდომარის, პალიკო ბუცხრიკიძის ხმით აუწყა მათ, რომ თითქოს ვარლამ კობახიძისა და ჯუმბერ მიქაძის ჩხუბის შედეგად, ბენზინმზიდი აფეთქდა. სოფლის ნახევარს ცეცხლი წაეკიდა და არიან მძიმედ დაშავებულები... კობახიძისა და მიქაძის ქიშპობის ამბავი მთელმა ქუთაისმა იცოდა. ისინი მიწის ნაკვეთის გამო მტრობდნენ ერთმანეთს. თანაც, კობახიძე ბენზინმზიდზე მუშაობდა და ცუდი სიმთვრალე ჰქონდა. ამიტომ, სამივე უწყებაში ადვილად დაიჯერეს ეს სიტყვები. თანაც, ირაკლი სახვაძეს პაროდირების უნიკალური ნიჭი ჰქონდა, ზუსტად მიბაძა სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს და ქუთაისის სახანძროს, მილიციისა და სასწრაფოს მთელი რესურსი გამოძახებაზე გავიდა... რაოდენ გაოცებულები დარჩნენ გამოძახებულები, როდესაც სოფელში სიმშვიდე დახვდათ. მეტიც, მოქიშპე მეზობლები ერთმანეთთან სწორედ იმ დღეს შერიგებულიყვნენ. ამის აღსანიშნავად სადავო  ნაკვეთზე დიდი სუფრა გაეშალათ. მთელი სოფელი დაეპატიჟათ და მხიარულად ქეიფობდნენ... გამწარებული მილიცია კარგა ხანს ეძებდა ანონიმ დამრეკავს და ბოლოს მიაგნეს. 12 წლის ირაკლი სახვაძე მისმა თანაკლასელმა, მურად ჩიგოგიძემ „ჩაუშვა“... ამ „სიცელქის“ გამო, ირაკლის მშობლებს სოლიდური ჯარიმა – 800 მანეთი გადაახდევინეს. ბავშვი კი მილიციამ აღრიცხვაზე აიყვანა.

ნიჭიერი მსახიობი
სკოლა რომ დაამთავრა, „პატარა ოინბაზმა“ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა და თბილისში გადმოსახლდა. ირაკლი ვაკეში მდებარე სტუდქალაქში ცხოვრობდა. თავდაუზოგავად სწავლობდა და დიდი მონდომებით ეუფლებოდა აქტიორულ ხელოვნებას. მესამე კურსის სტუდენტი ერთ-ერთმა ცნობილმა რეჟისორმა თავის დადგმაში მიიწვია და მნიშვნელოვანი როლი ანდო, რომელსაც 20 წლის ყმაწვილმა ბრწყინვალედ გაართვა თავი. ბიჭი პოპულარული გახდა. გაუჩნდა თაყვანისმცემლები და ლამაზი გოგონები ბუზებივით ეხვეოდნენ. თუმცა, სახვაძე თეატრალურ ინსტიტუტს რომ ამთავრებდა და სადიპლომო სპექტაკლისთვის ემზადებოდა, მისი ცხოვრება უკუღმა დატრიალდა. თეატრის ახალმა ხელმძღვანელმა ის სპექტაკლიდან თითიდან გამოწოვილი მიზეზით მოხსნა – სტუდენტია, ანუ უდიპლომოაო.
– დიპლომს რომ აიღებ, მერე გამოიარე, – ცინიკურად უთხრა ახლად დანიშნულმა დირექტორმა ნიჭიერ მსახიობს. ირაკლიმ კი მას თავში ლენინის უზარმაზარი პორტრეტი ჩაარტყა, რომელიც დირექტორის კაბინეტში ეკიდა და ტვინი შეურყია.
ხულიგნობისთვის ირაკლი სახვაძე ინსტიტუტიდანაც გარიცხეს და ორწლიანი ციხეც მიუსაჯეს. 21 წლის ყმაწვილი რუსთავის კოლონიაში იხდიდა სასჯელს. თავისი ნიჭის წყალობით, პატიმრების პატივისცემა დაიმსახურა და არც ზედამხედველები და კოლონიის ხელმძღვანელობა ავიწროებდნენ. ნიჭიერი მსახიობი კოლონიის კლუბში ხშირად მართავდა პაროდიულ საღამოებს, სადაც მთელი ზონა იკრიბებოდა. ამგვარად, ირაკლი სახვაძე ექვსი თვით ადრე, სანიმუშო მოქცევისთვის გათავისუფლდა პატიმრობიდან. თბილისში დაბრუნდა და ინსტიტუტში აღდგენაზე დაიწყო ზრუნვა.

კრიმინალური ტრიო
ირაკლი სახვაძის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. 23 წლის ბიჭი თეატრალურ ინსტიტუტში აღადგინეს და 1976 წელს მან პროფესიონალი მსახიობის დიპლომი აიღო. სამუშაოდ კი სწორედ იმ თეატრში გაანაწილეს, რომლის დირექტორის გამოც მოხვდა ის ციხეში. ძველი დირექტორი უკვე მოხსნილი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას იქ არავინ „მიასუნინებდა“. ბიჭმა კვლავ კარიერული აღმასვლა დაიწყო. რამდენიმე სპექტაკლში წამყვანი როლი მისცეს. ძველი პოპულარობა დაუბრუნდა და ქალები კვლავ ბუზებივით დაეხვია. თეატრის წამყვან მსახიობს ოროთახიანი ბინაც მისცეს და ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობი მხოლოდ კარიერულ წინსვლაზე ფიქრობდა. თუმცა, 1979 წელს, უკვე საკმაოდ აღიარებულ სახვაძეს კვლავ უკუღმა დაუტრიალდა ცხოვრება. ციხიდან გათავისუფლდნენ პატიმრობაში გაცნობილი მისი მეგობრები – 31 წლის ქურდი, ორჯერ ნასამართლევი ომარ ქამუშაძე, მეტსახელად „ცეცე“ და ცნობილი კანონიერი ქურდი, ექვსჯერ ნასამართლევი, 45 წლის უშანკი ჩხეტია, მეტსახელად, „კორძი“. ერთ დღეს ისინი სახლში ესტუმრნენ სახვაძეს. იქეიფეს, ციხის ამბები გაიხსენეს და გამოცდილმა რეციდივისტმა „კორძმა” პოპულარულ მსახიობს უთხრა:
– ერთ საქმეში უნდა დაგვეხმარო, ძმაო. სარფიანი საქმეა და რასაც ვიშოვით, სამზე გატყდება პოლნი წილიო.
ჩხეტიამ ირაკლის ეშმაკური სქემა გააცნო. სახვაძეს წინასწარ შერჩეული „ობიექტისთვის“ – მამაკაცისთვის უნდა დაერეკა და ქალის ხმით დალაპარაკებოდა. მოეხიბლა „არიფი“ და პაემანზე გამოეყვანა. სანამ „გოიმი“ „მიწას ტკეპნიდა“, „კორძი” და „ცეცე” მის „ბაითს“ პირწმინდად „ასუფთავებდნენ“.
გამოცდილი ქურდები „ობიექტებად“ კარგად შესწავლილ, მდიდარ „ფაშისტებს“ (იატაკვეშა მილიონერები) არჩევდნენ. ამ ხერხით ცხრა საქმე გააკეთეს და სოლიდური თანხაც იშოვეს, რომლის მესამედიც სახვაძეს „გაუტეხეს“... თუმცა, ერთ-ერთი, მორიგი საქმის შემდეგ, ქურდებს მილიციის ოპერჯგუფი შემთხვევით შეეჩეხა ქუჩაში და „ფაქტით“ „ჩაავლეს“. „კორძი” და „ცეცე” 8-8 წლით „გასროკეს“ და მათ სიტყვაც არ დაუძრავთ ირაკლი სახვაძეზე, რომელიც წარმატებით აგრძელებდა კარიერულ წინსვლას.

წარუმატებელი შურისძიება
ციხეს გადარჩენილმა ირაკლიმ თავის კრიმინალ მეგობრებს პატივისცემა არ დაუვიწყა და სისტემატურად უგზავნიდა „გრევებს“ ციხეში. სახვაძეს არც ფული აკლდა, არც პოპულარობა და უკვე კინოშიც იღებდნენ. 1980 წელს, ერთ-ერთმა ცნობილმა კინორეჟისორმა სახვაძე მთავარ როლზე მიიწვია და კინოსინჯებს იღებდნენ. სწორედ იმ პერიოდში შეიტყო ირაკლიმ, რომ მისი „ჩამშვები“ მურად ჩიგოგიძე „გაფაშისტებულიყო“, ანუ იატაკქვეშა მილიონერი, „ცეხავიკი“ გამხდარა – იაფფასიანი სამკაულების დამზადებითა და რეალიზაციით დიდ ფულს შოულობდა. ჩიგოგიძე, არალეგალურ ბიზნესწრეებში ძალიან ცნობილი იყო, მექალთანის რეპუტაცია ჰქონდა და მასზე ბევრ ამაზრზენ, სექსუალურ ისტორიას ყვებოდნენ. ცნობილი იყო ისიც, რომ ჩიგოგიძეს ძალიან ეჭვიანი ცოლი ჰყავდა. ქალმა არაერთი სკანდალი მოუწყო „ბაბნიკ“ ქმარს. ერთხელ კი მის საყვარელს სამართებელი ჩამოუსვა სახეზე. ჩიგოგიძეს სოლიდური თანხა დაუჯდა ცოლის ციხიდან გამოსახსნელად და პლასტიკური ოპერაციისთვის, რომელიც დაზარალებულს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაუკეთა.
ამ ისტორიებმა და ბავშვობის ბოღმამ ირაკლი სახვაძეს შურისძიების სურვილი აღუძრა. დაუფიქრებელი ნაბიჯი გადაადგმევინა და „ჩამშვების“ ბინის „გასუფთავება“ გადააწყვეტინა. ერთ დღეს ირაკლიმ ჩიგოგიძეს დაურეკა და ცნობილი ქართველი კინოვარსკვლავი ქალის ხმით ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ ინკოგნიტოდ შეხვედრა შესთავაზა. „გოიმი“ მექალთანე ფანდზე წამოეგო და აჭარის დედაქალაქისკენ გაემგზავრა, მით უმეტეს, რომ მისი ეჭვიანი ცოლი დილით მოსკოვში გააცილა თვითმფრინავზე. ირაკლიმ მომავალი კინოგმირის პარიკი მოირგო, წვერ-ულვაში გაიკეთა და ჩიგოგიძის ბინის „გასასუფთავებლად“ გაემართა. თან, თავისი კრიმინალი მეგობრების „ატმიჩკებიც“ წაიღო.
ჩაბნელებულ ბინაში შესულ სახვაძეს მოულოდნელად თავში თუჯის მძიმე ტაფა მოხვდა, გონება დაკარგა და თვალი რომ გაახილა, მილიციელების გარემოცვაში აღმოჩნდა.
შურისმაძიებელი პოპულარული მსახიობი ჩიგოგიძის ცოლმა გათიშა. ქალმა ქმრის გამოსაჭერად მოსკოვში გამგზავრება მოიმიზეზა. იმავე დღეს თბილისში დაბრუნდა. ცარიელ ბინაში ჩასაფრდა და მოთმინებით ელოდა ქმარსა და მის საყვარელს, რომ მორიგი სკანდალი მოეწყო. თუმცა ქურდი შერჩა ხელში.
ირაკლი სახვაძე არ დაუპატიმრებიათ. საქმე ჩაიფარცხა და ფული ჩიგოგიძემ გადაიხადა.
P.S. ჩვენი პუბლიკაციის გმირი სამუდამოდ ჩამოშორდა შავ სამყაროს. დღესაც ცოცხალია და აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.
скачать dle 11.3