№3 რა ჩავარდნები ჰქონდა გიორგი სუხიტაშვილს და რა „ეგოიმება“ მას ქალთან ურთიერთობაში
გიორგი სუხიტაშვილისთვის 2017 ცოტა არეულ-დარეული წელი იყო, ბევრი კარგიც მოხდა და ცუდიც. ამ წელს მისთვის თავი დიდად არ დაუმახსოვრებია, რადგან გასული წლები უფრო მეტად აქტიური და მრავალფეროვანი ჰქონდა.
გიორგი სუხიტაშვილი: 2017 წელი ცოტა არეულ-დარეული იყო – ვერაფერს რომ ვერ დაარქმევ: კარგიც იყო, ცუდიც, მოკლედ, ცოტა არეულ-დარეული გახლდათ. ბევრი კარგი რაღაც მოხდა და ბევრი – ცუდიც. ავტომატურად კარგი უფრო მამახსოვრდება, რაღაცით თავს არ „ვიგრუზავ“ ხოლმე. ბევრი იყო პოზიტიური, თუმცა ამ ყველაფერს ჩავარდნებიც ახლდა.
– რა მხრივ გქონდა ჩავარდნები?
– ბევრი კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ბენდი მყავს, ბევრი კონცერტი, სიახლე იყო, პაუზები მაინც მებევრა. შეიძლება, იმიტომ რომ, წინა წლები, ამ მხრივ, უფრო მეტად აქტიური და მრავალფეროვანი იყო.
– როგორია შენი ცხოვრება – მრავალფეროვანი, საინტერესო?
– ვცდილობ, მრავალფეროვანი იყოს და ერთი დღე მეორეს არ ჰგავდეს. აქტიური რაღაცები მიყვარს. მირჩევნია, უფრო მეტი ქმედება, მკვეთრი ფერი იყოს.
– რა ფერებში ხედავ შენს ცხოვრებას?
– ზოგადად, წითლის პალიტრა მიყვარს ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ საკონცერტო ჩაცმულობა შავი მაქვს ხოლმე.
– მოგწონს ქალი წითელ კაბაში?
– ეს ცოტა მებანალურება, განსაკუთრებით კლიპებში – წითელ ფერით, წითელი პომადით რომ აკეთებენ აქცენტებს. ძალიან გადამღერებულია და ამ კუთხით, სისადავე მირჩევნია.
– ამბობენ, წითელი ფერი ქალს სექსუალურობას ჰმატებსო.
– ადამიანის სექსუალურობა ფერებით არ მგონია, რომ გამოიხატოს. ის უნდა გესექსუალურებოდეს და არა მისი კაბა. ვინმე არასექსუალურმა კაბა ჩაიცვას და სექსუალური გახდეს, მეეჭვება.
– რა განიჭებს სიმშვიდეს?
– სიმშვიდეს ვპოულობ მუქ ფერებში, დაბალ განათებაში, სიწყნარეში. ჩემი პროფესია არ არის მშვიდი, ამიტომ, მირჩევნია, როცა პროფესიიდან გავდივარ, დავისვენო, განვიტვირთო. ხმაური არ მიყვარს, თუ სცენაზე არ ვარ. სცენაზე „მოსულა“, პირიქით, კარგია სიგიჟეები.
– დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან გიორგი სახლში და გიორგი სცენაზე?
– ბევრი სხვადასხვანაირი „სამოსი“ მაქვს. მხიარული ვარ, მაგრამ ჩემებთან, ვისთანაც ვმეგობრობ. ადამიანი უნდა მივიღო, რომ მასთან გახსნილი ურთიერთობა მქონდეს. ჩემს ხუმრობას საზღვარი არ აქვს და უსაზღვროდ ვხუმრობ მხოლოდ შინაურებთან. სხვასთან არ ვხუმრობ, შეიძლება, ვინმეს უჟმურიც ვეგონო. არ მინდა, ვიღაცისთვის გავხდე: ეს ბიჭი რას ცანცარებსო. ამიტომ, ჯობია, სანამ ადამიანი არ გამიცნობს და არ გავიცნობ, ავანსად ის არ ჰქონდეთ გაცემული, რომ მაინცდამაინც უნდა ავმჩატდე.
– ამჩატებულიც ხარ ხოლმე?
– რა თქმა უნდა, შინაურებთან ისე ვხუმრობ და ისე ვიქცევი, თითქოს მარტო ვარ. ხომ იცი, ალხანას თავისი ჩალხანა ჰყავსო და „აკენწლილი“ გვაქვს რაღაც თემები, ერთმანეთს „ვკენწლავთ“ ხოლმე.
– ბოდიშის მოხდა შეგიძლია?
– ადამიანები ვართ, უნაკლო არავინაა. ზოგჯერ ემოციები ჭარბობს და ისეთი არაფერი უნდა თქვა, ამით სხვას გული ატკინო. როცა ამას გააცნობიერებ, არ უნდა მოგერიდოს აღიარება. კი, რთულია ბოდიშის მოხდა, თან, თუ ამპარტავნების მცირე დოზა მაინც გაქვს. ბევრი თვისება გიშლის ამ დროს ხელს, მაგრამ საკუთარ თავს უნდა აჯობო, რადგან მერე უფრო კარგად იქნები.
– ხარ ამპარტავანი?
– ყველას აქვს რაღაც დოზით ამპარტავნება. შეიძლება, ვიღაცისთვის ის იყოს ამპარტავნება, მე რომ კომუნიკაციაში ძნელად შევდივარ. ვერ ვარ ხოლმე პირველი პასის მიმცემი და შეიძლება ვინმეს ეგონოს, თავს ვიფასებ, ამპარტავანი ვარ. არადა, ასე არ არის.
– როგორ იქცევი, როცა შენთან ურთიერთობისას გოგონა იძლევა პირველ პასს?
– გააჩნია პირველ ნაბიჯს, მის ფორმას. ვიღაცისგან შეიძლება, მისაღები იყოს, ვიღაცისგან – მიუღებელი. სიტუაციას, ფორმას გააჩნია და პერიოდს, რა დროს ხდება. ეს ან ამართლებს, ან არა. ამიტომ, თავს ვიკავებ, რომ ჩემმა ნაბიჯმა ვინმე არ დააზიანოს. ჯერ სიტუაციას ვაფასებ და შემდეგ, იქიდან გამომდინარე, ვდგამ ნაბიჯს. არ მინდა, ჩემგან რაიმე მიუღებელი ან უადგილო აღმოჩნდეს. ბევრს ვფიქრობ და ეს ცოტა ხელსაც მიშლის.
– ერთი ნახვით გოგოზე გაგიჟებულხარ?
– ასეთი რამ არასდროს მომსვლია. შეიძლება, ვიღაც ვიზუალურად ძალიან მოგეწონოს, მაგრამ ამ დროს გონებაში ირთვება სხვადასხვა ანალიზი. მერე თანხვედრაში თუ მოვიდა მის სხეულთან პიროვნებაც, უფრო გაღრმავების სურვილი შეიძლება, გაგიჩნდეს. მაგრამ, დავინახე ვინმე და ავეკიდო, ავეტორღიალო – ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. „გადელდაო“ – ასეთი რამ არ დამმართნია. ვიღაცას რომ აეკიდებიან, აეტორღიალებიან, მე ცოტა მეგოიმება.
– დავუშვათ, მოგწონს გოგონა, გინდა მოაწონო თავი, როგორ მოიქცევი?
– ეს ინდივიდუალურია და ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ხდება, რომ ვინმეს ტვინი ვუჭამო, ინიციატივები გამოვიჩინო. ზოგი, საჩუქრებს რომ უგზავნის – ეს ჩემთვის გამორიცხულია. ცოტა მეანგარება. მაპატიოს ყველამ და მგონია, რომ ვინც საჩუქრებს უგზავნის და ის, ვინც ამ საჩუქრებიდან გამომდინარე იწყებს ურთიერთობას, ჩემთვის იკარგება იმ ადამიანის მიმართ დაინტერესება. თუმცა, ინდივიდუალურია და ვისაც როგორ უნდა, ისე იქცევა. ჩემთვის პირველი საუბარია და ყველაზე დიდი საჩუქარია: ადამიანი რომ გამოგადგეს. მერე რომ დასხდებით ერთად და ისაუბრებთ. 100 ვარდით რომ იწყებენ, მერე ერთზე გადადიან – „ვენესუელა“ მგონია. ყველაზე მეტად მაინც ის არის გაუგებარი, საჩუქრებს რომ უგზავნიან და მერე ემალებიან.
– საჩუქარები არ არის შენთვის მნიშვნელოვანი?
– საჩუქარს რომ მჩუქნიან ყოველთვის მრცხვენია, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. რომ მაქებენ – ერთი სული მაქვს, დაამთავრონ. თვალებს ვაცეცებ, ვცდილობ, თემა შევცვალო და უაზრობა გამომდის ხოლმე. როცა მე ვჩუქნი, ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიჭირს არჩევა. ვკვდები, რადგან მინდა, საუკეთესო იყოს და მიზანში მოვარტყა.
– საახალწლო კონცერტზე მინდა, გკითხო, რომელშიც თითქმის ყველა თაობის მომღერალი მონაწილეობდა. როგორ ფიქრობ, გაამართლა, შედგა კონცერტი?
– ჩვენ ხუთმა ვიმღერეთ, ძალიან კარგი შემადგენლობა იყო. მაგრამ, როგორც მომღერალს, მირჩევნია, სიმღერა ვიმღერო. ეს დასწრება უფრო იყო. გამოვედი და ორი სიტყვა ვიმღერე. იმ გადაწყვეტილებას, რომ ახალ წელს ყველამ უნდა იმღეროს, მივესალმები. არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, კარგი იქნება, მომღერლებმა იმღერონ – თვითონაც მიიღონ სიამოვნება და მსმენელმაც. გამოვიდეს მომღერალი და მათთვის დაიხარჯოს. საახალწლო კონცერტები ყოველთვის ყბადაღებული თემაა, ვიღაც მუდამ უკმაყოფილოა, რაც ხშირად ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარეობს ხოლმე. მაგრამ, ეს კონცერტები ფინანსურად არ არის ისეთი შემოსავლიანი, რომ ვინმეს გული დაწყდეს. სუფთა არტისტული თვალსაზრისით კი, სულ სხვა რამეა. თან, ზოგს მაღალი თვითშეფასება აქვს, ზოგი ფიქრობს, რომ ყველგან უნდა მიიწვიონ. მიმაჩნია, არ არის აუცილებელი ყველა კონცერტზე დამიძახონ. ყოფილა შემთხვევა, მთავარ კონცერტზეც არ მივუწვევივარ და მე არასდროს გამიპროტესტებია. არც მომღერალი გამილანძღავს და არც ორგანიზატორები. ახალი მერის გადაწყვეტილებას მივესალმები, პირველი იყო ამ ფორმატში. მაგრამ, თუ გაისადაც ასეთი იქნება, მსმენელის გადასახედიდან ამ ფორმატზე არ გადავირევი. სხვადასხვა ლოკაციები მომეწონა.
– მომავალში ასეთ ფორმატში მიიღებ მონაწილეობას?
– თუ მომავალში ამდენ ადამიანთან ერთად უნდა ვიდგე სცენაზე, გააჩნია სიმღერას და ჩემს როლს ამ სიმღერაში. დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. გაისადაც თუ სიმღერაში ერთი ხაზი უნდა ვიმღერო, მირჩევნია, იმ ადამიანებს დავუთმო ადგილი, ვინც ჩემთან ერთად იდგება, რათა უფრო მეტი იმღერონ. მიმაჩნია, ერთ ხაზზე მეტის მღერა შემიძლია და არც სცენაზე მარტო დგომის მეშინია. მირჩევნია, ბოლომდე დავიხარჯო.