კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ჩანერგილი აგენტი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹52-2(889)


ხორავამ ხელი გაუწოდა თემურს. გაუღიმა და უთხრა:
– ვახო.
თემური ფეხზე აღარ წამომდგარა. ხელი ჩამოართვა ხორავას და მასაც გაუმეორა:
– ზურაბ გოგიშვილი.
– შესავალი გავიარეთ. ახლა საქმეზე გადავიდეთ, – სერიოზული სახით გამოაცხადა  ხორხელმა და თემურს  თვალი თვალში გაუყარა.
– გადავიდეთ, ჯიმი, – მშვიდად დაეთანხმა თემური.
– ესე იგი, შენ მილიონი დოლარი დამიბრუნე, რომელიც „კრისა“ „მუშტმა” გაგატაცებინა, ხომ? – თქვა ხორხელმა.
– „კრისამ“ დამსახურებულად მიიღო თავისი და კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, ჯიმი, – კვლავ მშვიდად მიუგო ხორხელს თემურმა.
– მართალი ხარ, ზურა. „კრისებმა“ ყოველთვის თავისი უნდა მიიღონ. ღალატი, ორპირობა და „კრისობა“ ჩვენთან არ მოსულა. შენზე სანდო ხალხში გავიკითხე და დავრწმუნდი, რომ პატიოსანი ხარ. ამიტომ, თანახმა ვარ, ჩვენს საძმოში მიგიღო.
– დიდი მადლობა, ჯიმი, – თქვა თემურმა.
– მეც მადლობა, რომ კაცურად მოიქეცი და ფულს არ დახარბდი. ახლა კი შენს მომავალ საქმიანობაზე გეტყვი, – თქვა ხორხელმა, ხორავასკენ გაიშვირა ხელი და თემურს ჰკითხა, – იცი, ვინაა ეს კაცი?
– ვიცი, ჯიმი. ვახო ხორავა ქურდული სამყაროს დიდი ავტორიტეტია, მასზე არაერთი ისტორია მაქვს მოსმენილი და მიმაჩნია, რომ ლეგენდარული პიროვნებაა.
– ძალიან კარგი, – თქვა ხორხელმა და დააყოლა, – სწორედ ამ ლეგენდარულ პიროვნებასთან ერთად იმოძრავებ დღეიდან. რასაც გეტყვის, უსიტყვოდ შეასრულებ. შევთანხმდით?
– შევთანხმდით, ჯიმი, – თქვა თემურმა.
– ძალიან კარგი. კეთილი იყოს შენი შემოსვლა საძმოში, – უთხრა ხორხელმა თემურს.
კონსპირაციულ ბინაში დაბრუნებულ თემურს ანზორ საბაშვილმა ჰკითხა:
– როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ?
– ვახო ხორავას მიმამაგრა ხორხელმა, – ღიმილით მიუგო თემურმა. საბაშვილმა კი თავი გააქნია და სიტყვა გააწყვეტინა მაიორს:
– ეს ყველაზე უარესი ვარიანტია. ჯობდა, თავისთან დაეტოვებინე, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად გაგვეხორციელებინა ჩვენი გეგმა. ხორავა კი ბინძურ საქმეებს აკეთებს და სავარაუდოდ, შემსრულებლად სჭირდები ხორხელს. თუკი ვინმეს ლიკვიდაციას დაგავალებენ, ეგრევე უნდა გამოხვიდე ოპერაციიდან.
– ანუ, ოპერაცია შევწყვიტო? – ეშმაკურად იკითხა თემურმა.
– აბა, კაცს მოკლავ? – კითხვითვე უპასუხა საბაშვილმა.
– ნუ ჩქარობ, ბატონო ვიცე-პოლკოვნიკო. ოპერაცია გრძელდება და ტუზი დაგვეცა.
– რა ტუზი? – ვერ მიხვდა საბაშვილი.
– კოზირის ტუზი, ანზორ. ჩათვალე, რომ მაგრად გაგვიმართლა.
– რა ქარაგმებით მელაპარაკები. თქვი, რა ხდება.
– მაცდი, რო?
– კარგი, კარგი, – ხელები ასწია საბაშვილმა, – ბოდიშს გიხდი. აღარ შეგაწყვეტინებ. თქვი, გისმენ.
– ზეგ დიდი გარიგება უნდა შედგეს. ხორხელს დიდი რაოდენობით ჰეროინი შემოსდის აზერბაიჯანიდან. ოც მილიონ დოლარს იხდის ნაღდი ფულით. შეხვედრა საღამოს ექვს საათზეა დანიშნული მარნეულში. ხორხელსა და ხორავას მეც თან უნდა ვეახლო. ფული წავიღოთ და ჰეროინი წამოვიღოთ. როგორია?
თემურის სიტყვებზე საბაშვილს სახე ეცვალა და თავი გააქნია. შემდეგ დაუსტვინა. კვლავ თავი გააქნია და თქვა:
– კოზირის ტუზი კი არა და ჯოკერი გვჭერია ხელში. აი, წარმატებაც ესაა, თუ გინდა.
– აბა, შენ ეგა თქვი. ღმერთი გვწყალობს, – თქვა გახარებულმა თემურმა, – ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, კარგი ჩასაფრება მოაწყოთ და ყველანი ფაქტზე ავიყვანოთ.
– არ ყოფილა მთლად ჭკვიანი ეგ ხორხელი. პეტკას მკვლელობის შემდეგ, მე მის ადგილზე ცოტა ხნით ფსკერზე დავწვებოდი, სანამ სიტუაცია არ მიწყნარდებოდა.
– დიდ ფულზეა ბაზარი და ამიტომ რისკავს ხორხელი. ამ ოც მილიონ დოლარს, მინიმუმ, გაასამმაგებდა, მაგრამ ვინ აცლის? – თქვა თემურმა, – „მეშოკში“ არიან. ფაქტზე ავყრით და ოცდაათ-ოცდაათი წელი გარანტირებული აქვთ.
– მაგათ კი დავიჭერთ, მაგრამ ამით შენ რა შეღავათი გექნება? „თხუნელას“ იარლიყს მაინც ვერ მოიშორებ, სანამ ნამდვილ თხუნელას არ ვიპოვით. მისი ვინაობა კი, თავად თხუნელასა და ხორხელის გარდა, არავინ იცის. ხორხელი არ გასთქვამს მას. ჩვენ კი, ძალას ვერ გამოვიყენებთ მის ასალაპარაკებლად. ასე რომ, ოპერაცია მხოლოდ სანახევროდ შესრულდება.
– რატომ ვერ მოვიცილებ თხუნელას იარლიყს? იტყვი, რა კომბინაციაც ჩავატარეთ. თანაც ამდენ ფაქტს რომ ამოვიღებთ და ორ დიდ ნაძირალასაც დავიჭერთ, ვის მოუბრუნდება ენა, რომ თხუნელობა დამაბრალოს? თუ თხუნელა ვარ და ხორხელი ჩავუშვი, ხორხელიც ხომ დამადებს ხელს? მაგრამ, ეს ასე არ მოხდება და ნათელი გახდება, რომ სუფთა ვარ და თხუნელა სხვაა?
– მაინც არ ვარგა. თხუნელა მაინც გაუშიფრავი დარჩება. ხორხელს რომ დავიჭერთ, ის ხომ მიხვდება, რომ შენ ჩაუშვი და არა მისმა თხუნელამ? ამიტომ, არასგზით არ გაშიფრავს მას. თანაც, არც მინისტრი და არც მერაბ ხმალაძე ირწმუნებენ ბოლომდე შენს უცოდველობას.
– აბა, რას მთავაზობ?
– ერთი გეგმა მაქვს და ყურადღებით მომისმინე.
– გისმენ, – თქვა თემურმა და გააბოლა. გააბოლა საბაშვილმაც და თემურს უთხრა:
– ზეგ, როდესაც შენ და ის ნაძირლები ოცი მილიონით მარნეულისკენ დაიძრებით, ხორხელსა და ხორავას, აგრეთვე, მათ თანმხლებ პირებს გაანეიტრალებ. ანუ განაიარაღებ და მწყობრიდან გამოიყვან. დათქმულ ადგილზე კი, მე დაგხვდები. მთელ მათ ბანდას საიმედო ადგილზე მივიყვანთ და დავაკაჩავებთ. თხუნელას ვინაობას ვათქმევინებთ და მხოლოდ ამის მერე მივიყვანთ კანტორაში.
– ჰეროინს რა ვუყოთ? ჰეროინი რომ გვეკარგება? – თქვა თემურმა და დააყოლა, – ხორხელი რომ შეხვედრაზე არ მივა მარნეულში და შემომტანიც ტელეფონით ვერ დაუკავშირდება მას, ყველაფერს მიხვდება და ჰეროინიანად მოტყდება.
– სულაც არა, – გაეცინა საბაშვილს, – მერაბს ინკოგნიტოდ შევატყობინებ ჰეროინის ამბავს. ის კი სპეცნაზს წაიყვანს და ყველა დამნაშავეს ფაქტებიანად კანტორაში მიიყვანს. ცოტა ხანში ჩვენც მივალთ გაშიფრული თხუნელებით, ოცი მილიონითა და ხორხელ-ხორავას ტანდემით. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. აბა, დაფიქრდი, – ცუდი გეგმაა?
თემური ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ თქვა:
– კარგი გეგმაა, ყოჩაღ!
– მართალია, ცოტა ძალის გამოყენება მოგვიწევს, მაგრამ არა უშავს. მოუხდებათ მაგ დამპლებს ცოტა დაკაჩავება. ყველაფერს რომ დავალაგებთ, მერე, რამდენიც გინდა, იყვირონ – გვაწამესო. მთავარია, ამას მათ ოფიციალურ დაპატიმრებამდე ვიზამთ და ვერავინ ვერაფერს დაგვიმტკიცებს.
– სწორია. სხვა გზა არ გვაქვს, – დაეთანხმა თემური საბაშვილს, – დიდი ოხერი, შებერტყილი ვინმე ხარ, ანზორ. ნამდვილად არ ვისურვებდი შენნაირ მტერსა და მეტოქეს.
– არც შენ ხარ ვინმეზე ნაკლები და არც მე ვისურვებდი შენთან დაპირისპირებასა და შეტაკებას, – მიუგო საბაშვილმა და საათს დახედა, – გვიანია უკვე. წავედი. გეგმის საბოლოო ვარიანტი ხვალ დავაზუსტოთ. ნახვამდის!
– ნახვამდის! – მიუგო თემურმა საბაშვილს და კონსპირაციული ბინიდან გაისტუმრა. თავად სავარძელში მოკალათდა და ჩაფიქრდა.
***
მერაბ ხმალაძე თავის კაბინეტში იჯდა და საიდუმლო ინფორმაციებს ათვალიერებდა, როცა მის საიდუმლო ნომერზე ზარი გაისმა. პოლკოვნიკის კონსპირაციული ნომერი მხოლოდ მისმა ხელქვეითებმა იცოდნენ და ეს კოდირებული ტელეფონი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის იყო განკუთვნილი. მასზე, მისი „არწივები“ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში რეკავდნენ, რომ არასასურველ „ყურებს“ მორიდებოდნენ.
 – გისმენთ, – უპასუხა პოლკოვნიკმა.
– გამარჯობა, ბატონო მერაბ, – მოესმა პოლკოვნიკს ქალის ხმა და გაუკვირდა, რადგან მის განყოფილებაში მხოლოდ კაცები მუშაობდნენ და უცხო პირს ეს ნომერი არ უნდა სცოდნოდა.
– ბატონო მერაბ, რასაც ახლა გეტყვით, ყველაფერი ზუსტად უნდა შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებთ, რასაც შემდგომ ძალიან ინანებთ.
– გისმენთ, თქვით.
– ბატონო მერაბ, რკინიგზის სადგურის ნომერ მეექვსე შემნახველ საკანში წერილი დევს. რაც იქ წერია, სიმართლეა და ყველაფერი შეასრულეთ. საკნის კოდია თვრამეტი-ოცდაშვიდი. მშვიდობით, – ტელეფონი გაითიშა და საუბარი შეწყდა.
პოლკოვნიკი მერაბ ხმალაძე რკინიგზის სადგურისკენ გაემართა და დღის სამი საათი იყო, წერილი რომ გახსნა და წაიკითხა: „დღეს, საღამოს ექვს საათზე, მარნეულში, მუსტაფა გასოევის სახლში, მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი. თუმცა, შეხვედრა არ შედგება. გასოევის ოჯახში აზერბაიჯანელი სტუმარია, რომელსაც დიდი რაოდენობით ჰეროინი აქვს ჩამოტანილი. ახლავე წაიყვანეთ იქ სპეცდანიშნულების რაზმი და ჰეროინი ამოიღეთ. ამის შესახებ არცერთ თქვენს ხელქვეითს არ შეატყობინოთ – ეს მთავარი პირობაა. იმოქმედეთ მხოლოდ სპეცრაზმთან ერთად და თანაც, სრულიად საიდუმლოდ. კიდევ შეგეხმიანებით და ძალიან საინტერესო ფაქტებს დაგიდებთ. გისურვებთ წარმატებას!“
მერაბ ხმალაძეს წამითაც არ უყოყმანია. შინაგანმა ხმამ უკარნახა, რომ ზუსტად ისე ემოქმედა, როგორც წერილში ეწერა. ამიტომ, კაბინეტი ჩუმად დატოვა და სპეცდანიშნულების რაზმის უფროსს უბრძანა, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, მომზადებულიყვნენ. საღამოს ხუთის ნახევარი სრულდებოდა, როდესაც „სპეცებთან“ ერთად, ისიც მარნეულში მოდიოდა სპეცოპერაციის ჩასატარებლად.
***
ანზორ საბაშვილი თემურს სოფელ კუმისთან ელოდა მანქანით. მათ მოლაპარაკებული ჰქონდათ, რომ ხორხელი და ხორავა სოფლის განაპირას მდებარე, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში „დაეკაჩავებინათ”. ვიცე-პოლკოვნიკი კუმისთან ხუთ საათზე ჩასაფრდა – თემურს და კომპანიას იმ ადგილზე ექვსის ნახევრიდან, თხუთმეტი წუთის განმავლობაში უნდა გაევლო.
ანზორი რომ ჩასაფრდა, ხმალაძე და სპეცდანიშნულების რაზმი უკვე ჩავლილი იყო და საბაშვილს არ დაუნახავს სპეცოპერაციაზე მიმავალი კოლეგები. ვიცე-პოლკოვნიკი სრულ მზადყოფნაში იყო, მაგრამ თემური და კომპანია არ ჩანდა. საბაშვილმა შვიდის ნახევრამდე იცადა. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და თბილისისკენ გამოემართა.
***
თემური და კომპანია ხორხელის ოფისიდან ზუსტად ხუთ საათზე გამოვიდნენ. სულ სამნი იყვნენ და „მერსედესის“ „ემელის ჯიპით“ მოძრაობდნენ. საჭესთან თემური იჯდა, გვერდით – ხორავა. უკანა სავარძელზე კი, ჯიმშერ ხორხელი გახლდათ მოკალათებული და გვერდით ორი მსხვილი საკვოიაჟი ელაგა, ათ-ათი მილიონი დოლარით თითოეულში. კერესელიძე აუჩქარებლად მიდიოდა ახალ გზატკეცილზე. დაღმართზე რომ დაეშვა და ის-ის იყო, ზემო ფონიჭალისკენ უნდა აეღო გეზი, მანქანა გააჩერა.
– რაშია საქმე? – ჰკითხა ხორხელმა თემურს. მაიორს სახე დაეჯღანა, თითქოს ცუდად იყო და გულზე მიიდო ხელი. მაგრამ, უცებ პულვერიზატორი ამოაცურა, რომელშიც დასაძინებელი გაზი ესხა და ელვისებური სისწრაფით ჯერ ხორავას, შემდეგ კი ხორხელს მიასხურა. ორივეს დაეძინა. მანქანა დაქოქა და ქვემო ფონიჭალისკენ წაიყვანა. გარკვეული მანძილი რომ გაიარა, სასაფლაოებისკენ გადაუხვია. ერთ-ერთი ახალაშენებული სახლის ეზოში შესრიალდა, რომლის კარიც მისმა შეყვარებულმა, მირანდა ქურციკიძემ გაუღო და შემდეგ სწრაფადვე დახურა.
– ეს ჩემოდნები მეორე სართულზე აიტანე და გარეთ არ გამოხვიდე. მე თვითონ ამოვალ, – უთხრა თემურმა საცოლეს. შემდეგ ხორხელი და ხორავა სახლის სარდაფში ჩაიყვანა. სათითაოდ საიმედოდ მიაბა რკინის ძელებზე და წყალი მიასხა ჩაძინებულებს.
ხორხელსა და ხორავას გამოეღვიძათ. მიმოიხედეს და რომ ნახეს, რა დღეშიც იყვნენ, გაირინდნენ და ერთმანეთს შეხედეს. მერე თემურს მიაპყრეს მზერა და ხორხელმა მაიორ კერესელიძეს ჰკითხა:
– რა ხდება? რას ნიშნავს ეს ყოველივე, ზურაბ გოგიშვილო?
– რა ენაზე აგიხსნათ? – ირონიით მიუგო თემურმა – ჩემს თუ თქვენს ენაზე?
– ჩვენ, რა, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ? – ჩაერთო ხორავა.
– ვერ ხვდები, რომ მასეა? – კვლავ ირონიით თქვა თემურმა.
– რა ენაზეც გინდა, ოღონდ გაგვაგებინე, რა ხდება? – უთხრა ხორხელმა თემურს და სახეზე უკიდურესი ზიზღი გამოეხატა.
– თქვენ ენაზე ამას „დაკაჩავება” ეწოდება. ჩემსაზე კი – გადაუდებელი, აუცილებლობიდან გამომდინარე – სპეციალური ღონისძიების გამოყენება. გასაგებია ახლა? – ირონიულად ჩაეცინა თემურს და გააბოლა.
– ესე იგი, „ძაღლი“ ხარ, – თავი გააქნია ხორხელმა. ხორავას შეხედა და მთელი სიძულვილით დააყოლა:
– შენი დედაც, ვახო. ხომ გეუბნებოდი, საეჭვო ვინმეა-მეთქი. შენ კი – არა მგონიაო.
– სიტყვები შეარჩიე, შე ნაბოზარო. შენი დედაც, მამაც და მთელი კეთილ-ნათესაობაც. კბილებით გამოგღადრავ ყელს, თუ ვყოფილვარ ვახო ხორავა. შენ არ ამბობდი, ზუსტად გავიგებ ვინ არისო და რატომ ვერ გაარკვიე?
– კბილებით გამომღადრავ ყელს, შე ტრაკო შენა, ხომ? – არ შეეპუა თავის კრიმინალურ „კრიშას” ხორხელი, – შენი ძმაკაცი ქურდის ცოლის ამბავს ხვალვე გავაბაზრებ ქურდებში და ვის რა მოუვა, თვითონვე ნახავ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3