№3 კითხვა-პასუხი
კითხვა: სახის კანი მომიდუნდა, გამომიშრა, დაკარგა ელასტიკურობა და გამიჩნდა ნაოჭები. რა გავაკეთო სახლის პირობებში, რომ აღვიდგინო მისი სტრუქტურა და გავაჯანსაღო კანი?
პასუხი: თქვენ გამოგადგებათ პარაფინის ნიღაბი, რომელიც არბილებს ცხიმ-რქოვანას საცობებს. გამოიყენება კანის მოდუნების, სიფერმკრთალის, სიმშრალის, ასევე, ნაოჭებისთვის. პარაფინის ნიღბების გამოყენება იკრძალება სახის სიწითლის, გამონაყრისა და კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს. ასევე, არ შეიძლება ჰიპერტენზიული დაავადების, სტენოკარდიისა და ბრონქული ასთმისას. კოსმეტიკური მიზნით გამოიყენება გასუფთავებული პარაფინი, რომელიც გამოირჩევა ელასტიკური თვისებებით. ნიღბის დადებამდე პარაფინს ათავსებენ სრულიად სუფთა ჭურჭელში და ადნობენ წყლის აბაზანაზე. დნობის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 48 გრადუსს. პარაფინის გამოყენებამდე კანი გულდასმით გაიწმინდეთ. ამისთვის, ნიღბის დადებამდე, 10-15 წუთით ადრე, კანზე წაისვით ცხიმიანი კრემი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ წინასწარ გაიწმინდეთ სპირტის ლოსიონით. შემდეგ კოსმეტიკური ფუნჯით ან ბამბის ტამპონით დაიდეთ სახეზე 2-3 ფენა პარაფინი. თავისუფალი დატოვეთ მხოლოდ პირი, ცხვირი და თვალები. პარაფინი უნდა დაიდოთ ქვემოდან ზემოთ მიმართულებით – დაიწყეთ ნიკაპიდან და გაჰყევით სახის შტრიხების გასწვრივ. პარაფინის დადების შემდეგ, სითბოს შესანარჩუნებლად, სახეზე დაიფარეთ ხაოიანი პირსახოცი. ნიღაბი უნდა გაიჩეროთ 15-20 წუთით და მისი მოშორების შემდეგ, კანი ხელმეორედ გაიწმინდეთ გულყვითელას 15-20 პროცენტიანი ნაყენით - 1/2 ჭიქა წყალზე 1 ჩაის კოვზი გულყვითელა. პარაფინის ნიღაბი კეთდება კვირაში 2-ჯერ. მკურნალობის კურსი შეადგენს 8-10 პროცედურას.