№3 როცა ჩანაფიქრი გკლავს
დონალდ უესტლეიკი
ალბერტ უაიტი ჩვეულებრივი კლერკი იყო და მშვიდადაც მუშაობდა თავის ოფისში, ანუ ერთ ცნობილ ადვოკატთან, რომელსაც ძალიან ბევრი ფული ჰქონდა. იმდენი, რომ ალბერტი ვერც კი იოცნებებდა ასეთ ფუფუნებაზე. მას კი, გარდა იმისა, რომ ფული ცოტა ჰქონდა და არც გრძელფეხება და მოდელის გარეგნობის ცოლი ჰყავდა, სეზონური ალერგიაც სტანჯავდა. როცა გაურთულდებოდა, საბრალო სანახავი იყო – უსუსური და უუნარო.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემოტევის დროს, მისტერ კლემენტმა საბუთების დახარისხება სთხოვა. ალბერტს უნდოდა, სახლში ადრე წასულიყო, მაგრამ უფროსს ვეღარ შეეკამათა. ერთი საათის შემდეგ კი, როცა მის ხელში პირველი სკანდალური საბუთი აღმოჩნდა, საერთოდ აღარ ახსოვდა არც დაღლილობა და არც უსიამოვნო შეგრძნებები. აღმოაჩინა, რომ მისი შეფი – მისტერ კლემენტი, საკმაოდ დიდი ნაძირალა ბრძანდებოდა და ფულიც უპატიოსნო გზით ჰქონდა ნაშოვნი. კვალიფიციური იურისტი კი არა, ჩვეულებრივი გამომძალველი და შანტაჟისტი ბრძანდებოდა. ალბერტმა ისეთი სკანდალური ინფორმაცია მოიპოვა, ლამის სუნთქვა შეეკრა. ახლა შეეძლო, თავისი ცხოვრება ისე შეეტრიალებინა, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა. მთავარი იყო, ჭკვიანურად მოქცეულიყო და არ ეჩქარა. მაშინ მისტერ კლემენტი მუჭში ეყოლებოდა მოქცეული და ყველაფერს მიიღებდა მისგან. ხელების კანკალით გააკეთა დოკუმენტების ასლები და დიდ კონვერტში ჩაალაგა. ეს კონვერტი ვინმეს რომ ჩავარდნოდა ხელში, საშინელი სკანდალი გარდაუვალი იყო. მისტერ კლემენტს ციხე ელოდა, თუკი რომელიმე კლიენტის შურისძიებას გადაურჩებოდა.
სახლში მოსულმა ნაჩქარევად ივახშმა, ცოლს რამდენიმე სიტყვით უპასუხა და ოთახში შეიკეტა. ახლა მთავარი იყო, გონივრული გეგმის მოფიქრება. მისტერ კლემენტი კუთხეში უნდა მიემწყვდია. დამუქრებოდა, რომ მასალები დღის სინათლეს იხილავდა და სოლიდური თანხა მოეთხოვა. იმისთვის, რომ სერიოზულად გაემაგრებინა ზურგი და საიმედო დაზღვევა უზრუნველყოფილი ჰქონოდა, კლერკმა ასეთი რაღაც მოიფიქრა: დოკუმენტები უნდა მიეტანა ფოსტაში, დაეზღვია და მოეთხოვა განსაკუთრებული კონფიდენციალურობა – ანუ, თუკი ყოველი კვირის მეოთხე დღეს, პირადად არ მივიდოდა და არ დაადასტურებდა საკუთარ არსებობას, ფოსტა ვალდებული იყო, დაზღვეული წერილი წესების სრული დაცვით, გადაეგზავნა ვინმე ბობ ჰარინგტონისთვის, ძალიან ცნობილი და სკანდალური ჟურნალისტისთვის. მისი მისამართი მითითებულიც იყო კონვერტზე და თან ერთვოდა წერილი, რომელშიც ალბერტი ჟურნალისტს უხსნიდა დოკუმენტების წარმომავლობას და იმასაც აკონკრეტებდა, რომ შეიძლებოდა, იმ მომენტისთვის ცოცხალიც კი აღარ ყოფილიყო.
იმ დღიდან მისი ცხოვრება შეიცვალა. სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ გამდიდრდებოდა, როცა კლემენტი ფულს მისცემდა და ყველა ოცნება ერთბაშად აუხდებოდა. ცოლს აუცილებლად გაეყრებოდა და გული ძალიან რომ არ სტკენოდა, ფინანსურად უზრუნველყოფდა. მერე კი, დიდი ხნით წავიდოდა სამოგზაუროდ, აუცილებლად სადმე სანაპიროზე, სადაც გრძელფეხებიანი ლამაზმანები მზეს და ფულიან მამაკაცებს ერთნაირად ეტანებიან. მანქანასაც იყიდდა, ოღონდ – მერე. წავიდოდა ლას-ვეგასში და კაზინოში ფულს მდიდარ ადამიანებთან ერთად გაფლანგავდა... რეალური ცხოვრება მისთვის ისეთი აუტანელი აღარ იყო. მაგრამ, ხელსაყრელი მომენტი ვერ იპოვა, რომ თავისი მთავარი ჩანაფიქრისთვის ხორცი შეესხა, ანუ შესულიყო შეფის კაბინეტში და ულტიმატუმი წაეყენებინა მისთვის. გამბედაობა არ ჰყოფნიდა. სამაგიეროდ, ფოსტაში იყო ენაწყლიანი. ძალიან დაუმეგობრდა ფოსტალიონ ბობის. დაწვრილებით გამოჰკითხავდა, ხოლმე როგორ ჩაირთვებოდა მექანიზმი, მისი ფისტაში არ მისვლის შემთხვევაში.
– ხომ ზუსტად აღნიშნულ მისამართზე გაიგზავნება წერილი?
ბობიც თავს უქნევდა.
– თქვენ არ ინერვიულოთ, ზუსტად იმ ადამიანს ჩაბარდება, ვისი მისამართიც კონვერტზეა აღნიშნული.
– და, თუ სხვა ვინმე მოაკითხავს კონვერტს?
– არანაირად არ მივცემთ. გამორიცხულია, ბატონო, მხოლოდ თქვენ უნდა მოხვიდეთ პირადად და ხელი მოაწეროთ, რომ წერილი არ გაიგზავნოს.
– ტელეფონით რომ დავრეკო და გითხრათ, ვერ მოვალ-მეთქი?
– მაინც გაიგზავნება. ტელეფონის ზარით იდენტიფიცირება არ ხდება. აუცილებელია, რომ მოხვიდეთ.
ალბერტი კმაყოფილი იყო და დამშვიდებული ბრუნდებოდა სახლში. მაგრამ, მთავარი ვერ ქნა. ვერ შევიდა შეფის კაბინეტში და ვერ უთხრა, რომ მისი საქმიანობის შავი ლაქების შესახებ ყველაფერი იცოდა. ამასობაში სამი თვე გავიდა. ბრაზობდა საკუთარ თავზე. როცა მარტო რჩებოდა მისი მისამართით იგინებოდა კიდეც. ბოლოს, როგორც იქნა, მივიდა იმ მომენტამდე, რომ მიხვდა – უკანდასახევი გზა არ ჰქონდა. კარგი ცხოვრება ლანგრით მიერთმეოდა, მხოლოდ ხელი უნდა გაეწვდინა. ხელის გაწვდენა კი, უჭირდა, თუმცა ფსიქოლოგიურად უკვე მზად იყო.
მეორე დღეს კაბინეტში შევიდოდა და რადიკალური იქნებოდა, მაგრამ რაღაც უშლიდა ხელს. სწორედ იმ დილით ალერგიის მორიგი შეტევა დაემართა და ისეთი ძლიერი, ეგრევე მოცელა. ასე ცუდად არასდროს ყოფილა. საწოლიდან ვერ დგებოდა. თვალები გაუწითლდა და გაუსივდა. ენაც თითქოს დაუმძიმდა და სასაზე მიეწება. იძულებული გახდა, დაწოლილიყო. ცოლმა ექიმი გამოიძახა. სამსახურშიც დარეკა და მისტერ კლემენტს უთხრა, რომ მისი ქმარი სამსახურში ვერ მივიდოდა. წერილის ამბავი მეორე დღეს გაახსენდა, როცა თავი უარესად იგრძნო. არანაირი გაუმჯობესება. ექიმმაც დაუდასტურა, რომ ერთი კვირა მაინც ლოგინში უნდა წოლილიყო. ამის გაგონებაზე ხმამაღლა აკვნესდა. ფოსტაში რომ არ მისულიყო, დაიღუპებოდა. მისი ცხოვრება დაიღუპებოდა. ჟურნალისტი დოკუმენტებს გაასაჯაროებდა და დამთავრებული იყო ალბერტის საქმე. კლემენტი არ აპატიებდა მისი რეპუტაციის შერცხვენას და კარიერის დანგრევას – ან მკვლელს დაიქირავებდა, ან თავად მოუღებდა ბოლოს. მესამე დღეს გაუმჯობესება არ იგრძნობოდა. ნერვიულობის ფონზე მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა. ექიმი კი ამშვიდებდა, ოთხ-ხუთ დღეში ყველაფერი გაივლისო, მაგრამ ეს ოდნავაც ვერ ჰგვრიდა შვებას. პირიქით, კიდევ უფრო უმატებდა შფოთვას. გაჭირვებით წამოიწია და ცოლს სთხოვა, ტელეფონი მიეტანა მისთვის. ბუნებრივია, ქალი დაინტერესდა, ისეთი რა აუცილებელი ზარი ჰქონდა განსახორციელებელი, რომ ასე ნერვიულობდა. ალბერტი შეეცადა, ორი სიტყვით განემარტა და ეთხოვა, ეს საუბარი იმ დროისთვის გადაედო, როცა უკეთ გახდებოდა. ქალი უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ არ შეკამათებია.
ბობიმ მისი ხმა ვერ იცნო. ალბერტი საკმაოდ სუსტად იყო იმისთვის, რომ მისთვის დიდხანს და ენთუზიაზმით ელაპარაკა, მაგრამ შეეცადა, დამაჯერებელი ყოფილიყო.
– მომისმინე ბობი, ჩემი ცოლი მოვა და დაადასტურებს. კონვერტი არ უნდა გაიგზავნოს.
– შეუძლებელია, მისტერ ალბერტ, ჩვენ ხომ რამდენჯერმე ვისაუბრეთ ამაზე. განაწესის პირობები აგიხსენით და თქვენ კმაყოფილი დარჩით
– ჰო, მაგრამ ვერ გავითვალისწინე ჩემი ავადმყოფობა. ბობი, ხომ გელაპარაკები, ეს საკმარისი არ არის? არ გააგზავნოთ წერილი.
– არ შემიძლია, მისტერ ალბერტ, თუ არ მოხვალთ და ხელს არ მოაწერთ, წერილი აუცილებლად გაიგზავნება. ხვალ, დილის თორმეტ საათამდე გაქვთ დრო.
მეორე დღეს, პირველის ათ წუთზე, ცოლმა ალბერტი კიბის ბოლო საფეხურთან იპოვა – გულგაჩერებული და გაშეშებული. როგორც ჩანს, წასვლას ცდილობდა და ორგანიზმმა უმტყუნა. ორი დღის შემდეგ სკანდალური მასალები გამოქვეყნდა. მისტერ კლემენტი დააკავეს და მის წინააღმდეგ თაღლითობისა და ბოროტი განზრახვით ადამიანების შანტაჟისთვის საქმე აღიძრა.