№3 როდის შეუძლია ცოლს ქმრის გადარჩენა და რა არის დიდი ვნება, რომელიც ბევრი ცოდვისა და სნეულების მიზეზი ხდება
მართლმადიდებელი ქრისტიანების ყველაზე დიდი ვნება თვითდაჯერებულობაა, რომელიც შემდეგში ბევრი ცოდვისა და სნეულების მიზეზი ხდება. თვითდაჯერებულობა სასულიერო პირებსაც ხშირად ემართებათ. რა არის თვითდაჯერებულობა და როგორც ავირიდოთ ის თავიდან, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ძალიან ბევრი სნეულება არსებობს მართლმადიდებელი ადამიანის ცხოვრებაში. ხშირად არ ვფიქრობთ, რით არის ჩვენი სხეული, ჩვენი სული დასნეულებული. როდესაც წირვაზე მივდივარ, ვხედავ, ბევრი ახალგაზრდა, ასაკოვანი მიდის წირვაზე. თავდაბურულები, ზომიერი ნაბიჯებით, მშვიდად – მიხვდები, რომ მართლმადიდებლები არიან. მაგრამ, რომ შედიხარ წირვაზე, ისმენ ზოგიერთი მოძღვრის ქადაგებას, მათ ქმედებას დააკვირდები, შეიძლება, შთაბეჭდილება შეგეცვალოს. ხშირად, წირვაზე ფეხით მივდივარ, ბევრი ადამიანი მხვდება გზაში და არავინ ცდილობს, კურთხევა აიღოს ან გამარჯობა მითხრას. არადა ხელში ფსკვინილი უჭირავს, ფეხაკრეფით მიდის, ზიარებას აპირებს. შემდეგ შევდივართ ტაძარში, მივდივართ მესანთლესთან, ხმაურია, ჩოჩქოლი. ბევრ ტაძარშია ქაოსი, ხმაური. არ ლოცულობს ხალხი და ვერ მიხვდები, ეს ხალხი ეკლესიაში რატომ შეიკრიბა. ეს ყველაფერი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. რატომ მოდის ადამიანი ეკლესიაში, რომ სანთელი იყიდოს, შესაწირი გააკეთოს, ბავშვი აზიაროს? ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ მოდის ეკლესიაში, რომ ილოცოს. ხშირად ამბობენ: პირველი საუკუნის ქრისტიანები ყოველ კვირას ეზიარებოდნენო. იმიტომ ეზიარებოდნენ ყოველ კვირას, რომ შეიძლებოდა, ნახევარ საათში ლომის ხახაში აღმოჩენილიყვნენ. რომ იგებდნენ, ვინმე ქრისტიანი იყო, მაშინვე კლავდნენ ან აწამებდნენ. დღეს, 21-ე საუკუნის ქრისტიანებს, ამას ვერ მოსთხოვ. თვეში ერთხელ ან ორჯერ თუ მოახერხა ადამიანმა ზიარება, ეს ძალიან კარგი იქნება. რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. ზიარებასაც თავისი წესები აქვს. იოანე ოქროპირი ამბობს: მნიშვნელობა კი არ აქვს იმას, როდის და რამდენჯერ ეზიარები, არამედ როგორ ეზიარები.
– რა სნეულებები აქვთ მართლმადიდებლებს?
– თანამედროვე მართლმადიდებლებს, მათ შორის მოძღვრებს, გვახასიათებს თვითდაჯერებულობა და ეს ძალიან ჰგავს იუდეველების თვთიდაჯერებულობას. იუდეველები ახლაც ფიქრობენ, რომ ისინი არიან უკეთესები, ისინი უყვარს ღმერთს. სამწუხაროდ, ბევრი მართლმადიდებელიც ასე ფიქრობს: მე მართლმადიდებელი ვარ და დანარჩენები უვარგისები, ცუდები არიანო. შენ თუ ხარ მართლმადიდებელი, უნდა იყო მაგალითი სხვებისთვის. თქვენ ხშირად გინახავთ, თუნდაც ტელევიზიით, როგორ შეუსაბამოდ, შეუფერებლად იქცევიან მართლმადიდებლები, როდესაც ჩხუბობენ, იგინებიან, არბევენ. შენ თუ ხარ მართლმადიდებელი, უნდა იყო თავმდაბალი – ეს არის პირველი ნიშანი და არა თვითდაჯერებული იმაში, რომ უკვე ცხონდი, სამოთხეში ხარ, ეზიარე, მოძღვარი გყავს. ბევრმა ქალბატონმა იცის: ამდენი წელია, დავდივარ ეკლესიაში, შენ მე რას მასწავლი, მე ვიცი. თვითდაჯერებულობა ეშმაკისგან მოდის და ის ამპარტავნების წინ დგას. უფალთან ახლოს ყოფნამ თვითდაჯერებულობაში ჩააგდო ნათლის ანგელოზი, რომელიც თავისი მდგომარეობით მოიხიბლა. სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვემართება ხოლმე. მაგრამ, მიხვდა, რომ ღმერთზე მეტი არ იყო და ამან წარმოშვა ჩვენში შური და შემდეგ დაპირისპირება. ბევრი დადის ეკლესიაში, ხშირად მოძღვრებსაც იცვლიან და მერე ამბობენ: არ ვიცი, ვისთან წავიდე, ჩემი მოძღვარი აღარ მაკმაყოფილებს, ბევრი რამ წაკითხული მაქვს, გავიგეო და შემდეგ აღარ დადიან ეკლესიაში, რადგან ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან. თუნდაც სასულიერო სემინარიას, აკადემიას რომ ამთავრებენ, ჰგონიათ, ბევრი გაიგეს და თვითდაჯერებულები ხდებიან. ხშირად მოძღვრებსაც, ბევრ ადამიანს რომ უყვარს ისინი, ტელევიზიით გამოდიან, ლექციებს კითხულობენ, ჰგონიათ, რომ ბევრი რამ იციან და თვითდაჯერებულები ხდებიან. იყავით შორს ისეთი მოძღვრისგან, რომელიც თავისი სახელით ლაპარაკობს: მე ასე ვიცი, მე ასე გამომეცხადა. მოძღვარი, რომელიც ამბობს: პავლე მოციქული, პეტრე მოციქული ამბობს, ეკლესია ასწავლისო, იმ მოძღვრებს დაუჯერეთ. ჩვენ იმით განვსხვავდებით კათოლიკეებისგან, პროტესტანტებისგან, რომ ისინი თავისი შეხედულებებით ცხოვრობენ – ასწავლიან, პირადი თანამედროვე გამოცდილებით და ყველა თავის ჭკუაზე განმარტავს ბიბლიას. წაიკითხავენ და ყველა სხვადასხვანაირად იგებს, შემდეგ კი იმას ასწავლიან. ჩვენთან როგორ არის: თუ მართლმადიდებელი მოძღვარი ხარ და სწორად აზროვნებ, როდესაც ქადაგებას ამზადებ, გვერდით უნდა გედოს იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, სხვა დიდი მოძღვრების განმარტებები. ასე გადამუშავებული მიაწოდე შენს მრევლს, მეგობარს და შენი ქადაგება იქნება საინტერესო, ნაყოფიერი. რატომ არის ამდენი პაექრობა, განკითხვა სოციალურ ქსელში? იმიტომ რომ, მაგალითად, ზოგიერთი მოძღვარი ფიქრობს: ქალმა შარვლით უნდა იაროს, ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ უნდა იაროს; რა მოხდა რომ სიგარეტს ეწევა, არ უნდა ეწეოდეს. მოკლედ, ყველა თავის ჭკუაზე ფიქრობს. ამიტომ, ჯობია, გადახედოთ დიდი მამების სწავლებას, რას ამბობდნენ ისინი და იქიდან გამოიტანეთ დასკვნა, რატომ ამბობენ, ჩემი მოძღვარი ასე ასწავლის, ჩემი – ისეო. ხშირად სოციალურ ქსელში ვრცელდება სხვადასხვა სწავლება, რომელთაც დიდ მამებს მიაწერენ, არადა, მათ ეს არ უქადაგიათ. რაშიც დარწმუნებული არ ხარ, არ უნდა იქადაგო. თანამედროვე ნეოწარმართობამ, ნეოსექტანტობამ იმდენი შფოთი შემოიტანა ეკლესიაში, რომ გახედავ: მართლმადიდებელი მოძღვარია და რასაც ქადაგებს კათოლიციზმია. ბევრი ისეთი აკურთხეს, ბოლომდე მართლმადიდებელი არ იყო, ან მზად არ იყო ამისთვის და ამიტომაც ისეთ რაღაცებს ქადაგებენ... თან, ისე ლამაზად საუბრობენ, თუ არ იცი, ვერც ვერაფერს მიხვდები. თუ შენ კარგად არ იცი საეკლესიო სწავლება, აუცილებლად მოგატყუებენ. როგორც კი სხვაზე უკეთესი გგონია თავი, გგონია დიდი სიყვარული გაგაჩნია, კეთილი ხარ, ესე იგი, თვითდაჯერებული ხარ და აქედან იწყება ამპარტავნება. დიდი მამები ტიროდნენ: მე ვარ უკანასკნელი, ვერ მოვხვდები სამოთხეშიო. როცა საკუთარ თავში ცოდვებს დაინახავ, იქ იწყება სულიერი ცხოვრება. თუ იტყვი: რა ვთქვა აღსარებაში, ყველაფერი კარგად არისო – ეს უკვე ხიბლია. თვითდაჯერებული ხარ და აქედან იწყება ამპარტავნება. ან წიგნიდან ჩამოწერილ ცოდვებს რომ მოიტანთ, ზოგიერთი ცოდვის მნიშვნელობა არც იცით. უბრალოდ, გინდათ, ბევრი ეწეროს, რომ მამაომ ნახოს და ამ დროს არაფერს განიცდით.
– ხშირად ადამიანები დადიან ეკლესიაში, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ უჩნდებათ ქრისტიანული, რელიგიური ცხოვრების სურვილი. რა არის ამის მიზეზი?
– ბევრმა ქალბატონმა იცის თქმა: ჩემი ქმარი ვერ მოვაქციე. შენ მოქცეული ხარ, რომ ის მოაქციო?! ეკლესიიდან სახლში მოდიხარ, აღფრთოვანებული ხარ ქადაგებით. ზემოდან უყურებ ქმარსო, გინდა, ეს გააგებინო, რომელსაც შეიძლება, სულ არ აინტერესებს შენი ქადაგება. ამიტომ, ჯობია, გაჩუმდე, თავმდაბლობით, მოთმინებით, სიყვარულით აიტანო ისეთი ქმარი, როგორიც გყავს და შემდეგ ის ქმარი აუცილებლად მოექცევა. პავლე მოციქული ამბობს: რა იცი, ქმარო, შენ შეიძლება, გადაარჩინო შენი ცოლი, ან, ცოლო, შენ შეიძლება, გადაარჩინო შენი ქმარი. თუ ვინმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი, იყოს მასთან და შეიძლება, გადაარჩინოს. შეიძლება, ეს დაუშვას ღმერთმა და შენ შენი თავმდაბლობით, სიყვარულით გადაარჩინო ქმარი.