№3 რისი გაკეთებისკენ უბიძგებს ზოგიერთ ქალს ქმრის ღალატი
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცუდშიც კი ახერხებენ კარგისა და პოზიტიურის დანახვას. ეს გადარჩენის იდეალური საშუალებაა, ასევე, თვითდამკვიდრებისა და განვითარების. ჭკვიანია ქალი, რომელიც ამ ყველაფერს ახერხებს. სულიერად არ ეცემა, როცა ცხოვრებაში მძიმე პერიოდი უდგას, უფრო პირიქით, წინ-წინ მიიწევს. ანუ, ღალატიც კი არ არის მისთვის გადაულახავი პრობლემა.
თინიკო (37 წლის): ჩემზე ამბობენ, რომ ძლიერი ქალი ვარ, რომ ისეთი რაღაც გავაკეთე, რისთვისაც სხვებს ძალა არ შესწევთ. ეს ყველაფერი მე არ მესმის. ვერ ვხვდები, რა გავაკეთე წარმოუდგენელი. განსაკუთრებული სიძლიერე არასდროს შემიმჩნევია საკუთარი თავისთვის. ჩვეულებრივი ვარ, ჩვეულებრივი მოთხოვნილებებით. ყოველთვის მინდოდა, ბედნიერი, მშვიდი და სიყვარულით სავსე ოჯახი მქონოდა. ცოლადაც იმიტომ გავყევი მას, ვის მიმართაც გრძნობა მქონდა. ბუნებით მშვიდი და გაწონასწორებული ვარ. ათი წლის წინ საერთოდ უწყინარი ვიყავი. ჩემი ქმარიც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით. არ გვქონია პაემნები მთის წვერზე და გაშლილ ზღვაში მოცურავე ნავში. არც არაფერი გაუკეთებია ისეთი, გმირობის ტოლფასი ყოფილიყო. ამწეთი არ მოსულა ჩემს სახლთან და სერენადა არ უმღერია. მოკლედ, ძალიან ჩვეულებრივი შეყვარებულები ვიყავით.
– ანუ, არანაირი რომანტიკა?
– სამაგიეროდ, იყო სტაბილურობა. მე ეს მომწონდა. ვფიქრობდი, გაცილებით კარგია ცხოვრება, როცა ოჯახსა და ურთიერთობაში სტაბილურობაა-მეთქი. შეცდომით მეგონა, რომ რომანტიკოსი კაცები უფრო მიდრეკილები არიან ღალატისკენ. საერთოდაც, ბევრ რამეში ვცდებოდი.
– მაგალითად?
– მაგალითად, მამაკაცს ნაკლებად აქტიური ქალი რომ უფრო მოსწონს ცოლად – მშვიდი, წყნარი, კარგი კულინარიული მონაცემებით. აი ისეთი, ოჯახში სიმშვიდისა და კომფორტის ატმოსფეროს რომ ქმნის. სამწუხაროდ, ასეთი ქალები შეიძლება, ცოლებად კი უნდათ, მაგრამ მერე მათ ქალურობას ავიწყებენ. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს, როცა ვერ გაჩნევენ.
– ქმარი ვერ გამჩნევდათ?
– ვეღარ. მას შემდეგ, რაც რომანი გააბა, ერთ – მისი სიტყვებით რომ ვთქვათ – ეფექტურ ქალთან. თურმე, ბედნიერი იყო, როცა ამ ქალბატონმა ყურადღება მიაქცია. რეალობის წინაშე რომ აღმოვჩნდი, მივხვდი, დიდი არჩევანი არ მქონდა. ან უნდა დამენგრია ოჯახი, ანუ, გამენადგურებია ჩემივე შექმნილი, ან მეპატიებინა, მომეთმინა, მაგრამ, რაღაც რადიკალურად შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში.
– კონკრეტულად რისი შეცვლა დაგეგმეთ?
– უპირველესად, საკუთარი თავის. ჩემში იყო პრობლემა. მე რეალისტი ვარ და მარტო ქმარს ვერ დავაბრალებდი მომხდარს. ჩემი საქციელით ჩემი, როგორც ქალის მიმართ, ინტერესი გავუქრე და ძალიან დავაშავე. ვის სჭირდება შენი ღვეზელები და დალაგებული სახლი. კაცი ქალისგან რამე მოულოდნელობას თუ არ ელის, ინტერესი უქრება, აზარტს კარგავს. მე ქორწინების შემდეგ ცუდად შევცვალე ჩემი ცხოვრება. საკუთარი თავი ბოლოში გადავიყვანე. ჯერ ქმარი, შვილები... სახლში არ ვმჯდარვარ, ვმუშაობდი, მაგრამ ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი იყო – მე ვიყავი ჩვეულებრივი. ვინ მომაქცევდა ყურადღებას? საკუთარ ქმარსაც უნდა ეპრანჭებოდე, თანაც ყველაზე მეტად. მას უკვე თვალი აქვს შენზე შეჩვეული და ძნელია, „ჩვეულებაში არ გადაუხვიდე“. მე „ჩვევაში“ გადავედი. მეყო ძალა და ვაღიარე ჩემი შეცდომები. არ მივეკუთვნები ქალების კატეგორიას, ისტერიკაში რომ ვარდებიან – ქმარმა ეს როგორ მაკადრა და გამიმეტაო. გაბედვა და კადრება არაფერ შუაშია – კაცების უმეტესობა ინსტინქტით აზროვნებს. დაინახა აქტიური მდედრი? გამაღიზიანებლად იმოქმედა მასზე? – მორჩა, „შებმულია“.
– ანუ, გადაწყვიტეთ, მოღალატე ქმარი „შეგებათ“?
– დიახ. გადავწყვიტე, ოჯახი შემენარჩუნებინა და ჩვენი ურთიერთობა უკეთესი გამეხადა. ვაპატიე ღალატი, თუმცა, ეს მისთვის პირდაპირ არ მითქვამს. მისმა ღალატმა განვითარებისკენ მიბიძგა. მოტივიც გამიჩნდა, რომ ისეთი ქალი გავმხდარიყავი, რომელსაც კაცები გულგრილად ვერ ჩაუვლიან. თურმე, მთავარია, მოინდომო და აუცილებლად გახდები ასეთი – ეფექტური ქალი!
– კონკრეტულად რა გააკეთეთ?
– თუ მანამდე ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებდი და ეს სამსახურზეც ვრცელდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ოჯახზე, რადიკალურად შევცვალე მოცემულობა. დავიწყე სამსახურით – უკვე აღარ ვჩქარობდი, საქმე სწრაფად გამეკეთებინა და სახლში გავვარდნილიყავი მორიგი კულინარიული შედევრის მოსამზადებლად. დავიწყე მეგობრებთან შეხვედრა, კაფეში სიარული და ფიტნესზეც ჩავეწერე. ჩაცმის სტილიც შევიცვალე. აღარ ვაკეთებდი ეკონომიას საკუთარ გარდერობზე. იცით, რა გითხრათ? – თუ ქალი თავს უკან აყენებ, ოჯახშიც კი აღარ აღგიქვამენ სერიოზულად. მოტივაციამ და კონკრეტულმა მიზანმა სხვანაირი გამხადა – უფრო თავდაჯერებული და მიზანდასახული. ეს ჩემზე ყველანაირად აისახა. გარეგნობაზეც დამეტყო, გამომეტყელებაზეც... მოკლედ, ღალატი ჩემთვის ის მოტივატორი აღმოჩნდა, რომელმაც პროგრესისკენ მიბიძგა.
– ქალებს, ქმრები რომ ღალატობენ, დეპრესია ეწყებათ ხოლმე.
– დიახ. ვიცი. მე არ მივეცი თავს ამის უფლება. გამოდის, რომ მაინც მყვარებია საკუთარი თავი. ამან გადამარჩინა. ანუ, მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი გიყვარდეს. მერე სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებ. მე ეს იქამდე ვერ გავაცნობიერე, სანამ ქმარმა არ მიღალატა. მაგრამ ეს ამბავი ტრაგედიად კი არ აღვიქვი, ჩავთვალე, რომ მისგან, ანუ მისი გადალახვით, ჩემი ცხოვრების ახალი და უკეთესი ეტაპი დაიწყებოდა. ასეც გამოვიდა და არ ვნანობ. გული კი მატკინა ქმრის ღალატმა, მაგრამ, რაც არ გკლავს, გაძლიერებს. ჩემს შემთხვევაში, ზუსტად ასე გამოვიდა და ახლა ქმარი აჩრდილივით დამყვება უკან.