კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რატომ არ ენდობიან „თელასი“ და თბილისის წყლის კომპანია ქართულ სახელმწიფოს და რატომ ენდობა ამ კომპანიებს სემეკი ბრმად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

მართალია, საზოგადოება ელოდა, რომ სემეკი ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფებს ლარის უღმერთოდ დაცემის გამო გააძვირებდა, მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, ტარიფების გაზრდა „თელასისა“ და წყლის კომპანიის მიერ სამომავლოდ გასაწევ ინვესტიციებს უკავშირდება. ლოგიკურადაც ნათელია, რომ აბონენტებს მოუწევთ ჯერ არარსებული ხარჯის გადახდა, თანაც, იმისთვის, რომ ზემოხსენებულმა კომპანიებმა ბიზნესი გაიფართოონ და უფრო მეტი მოგება ნახონ. ყოფილ ენერგოომბუდსმენთან, ადვოკატ დავით ებრალიძესთან ერთად შევეცდებით იმის გარკვევას, არის თუ არა ადეკვატური სემეკის არგუმენტაცია და აქვს თუ არა სამართლებრივი საფუძველი.
– ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ამ მოტივით ძვირდება შუქისა და წყლის ტარიფი და რამდენად ნორმალურია, ტარიფში აისახოს ის, რაც ჯერ არ განხორციელებულა?
საერთოდ, ასეთი კომპონენტი კანონით არ არის დაშვებული. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლი ადგენს, თუ რა შეიძლება, იყოს ტარიფის კომპონენტი. იქ უამრავი ჩამონათვალია და არცერთი პუნქტი არ უშვებს იმ ფაქტს, რომ მომავალი ინვესტიციები აისახოს ტარიფში.
– ანუ კანონთან შეუსაბამოა სემეკის ეს გადაწყვეტილება?
– დიახ და ამ გადაწყვეტილების არგუმენტება იმით, რომ სემეკს აქვს უფლება, ინოვაციური მეთოდით დააწესოს ტარიფი, უსაფუძვლოა, იმიტომ რომ, თუ ამ არგუმენტს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ მარეგულირებელ კომისიას საერთოდ არ სჭირდება კანონი. ამ არგუმენტით, ნებისმიერი რამის შეტანა შეუძლია ტარიფში და იმის თქმა, რომ ეს არის ინოვაციური მეთოდი, რომელიც დაადგინა მარეგულირებელმა კომისიამ.
43-ე მუხლის მესამე პუნქტში ნახსენებია ინოვაციური მეთოდი, მაგრამ ის ეხება მოგების კომპონენტის დაწესებას და იმ მუხლის ერთი პუნქტი არ შეიძლება, დაუპირისპირდეს სხვა მუხლებს. თუ ინოვაციურობას გამოვიყენებთ ყველაფრის დასასაბუთებლად, გამოდის, რომ საერთოდ არ იყო საჭირო კანონის 43-ე მუხლი, რომელიც ორ გვერდზეა ჩამოწერილი. ეს ლოგიკას ეწინააღმდეგება, რადგან არ შეიძლება, კანონის ერთი მუხლი დაუპირისპირდეს მეორეს. ინოვაციური პუნქტი არის იმისთვის, რომ იმ მუხლში მოცემული პრინციპები დაცული იყოს სხვა მეთოდით და არა იმიტომ, რომ სხვა პრინციპი შემოვიდეს.
– კანონში, ჩვეულებისამებრ, არის ტერმინთა განმარტებები, როგორ განმარტავს კანონი ტერმინ „ინოვაციურს“?
–  ცხადია, იქვეა განმარტებული, თუ რა იგულისხმება ამ ინოვაციურ მეთოდში და რა შემთხვევას ეხება. შესაბამისად, ის არ შეიძლება, ეხებოდეს სამომავალო ინვესტიციებს.
– რატომ მისცა სემეკმა თავის თავს უფლება, გადაედგა ეს ნაბიჯი?
– შესაძლოა, კომპანიები მზად არიან ინვესტიციების განსახორციელებლად, მაგრამ, ალბათ, მარეგულირებელი კომისიისგან წინასწარ უნდათ გარანტიების მიღება, რომ ტარიფი გაიზრდება. არ ენდობიან მარეგულირებელს, ქვეყანას, ხელისუფლებას, რომ კომპანია ჩადებს ინვესტიციას და შემდეგ ის აისახება ტარიფში, ამიტომ წინასწარ მოითხოვეს ტარიფის გაზრდა. ერთადერთი ეს ლოგიკა შეიძლება, არსებობდეს, რომ რამენაირად ავხსნათ, თუ რატომ გადადგა მარეგულირებელმა კომისიამ ეს ნაბიჯი. მან წინასწარ მისცა გარანტია კერძო კომპანიებს, რომ გაწეული ინვესტიცია აისახება ტარიფში.
– თუმცა შესაძლებელი იყო, მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ ტარიფი გაიზრდებოდა მაშინვე, როგორც კი კომპანიები ინვესტიციებს განახორციელებდნენ. ამასთან, კერძო კომპანია თუ არ ენდობა სახელმწიფოს და წინასწარ ითხოვს მატებას, სახელმწიფო რატომ ენდობა კერძო კომპანიას? რით დაიმსახურეს ასეთი ნდობა „თელასმა“ და GWP-მა?
– ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება სისუსტის მაჩვენებელია. თუმცა მარეგულირებელი კომისია ამბობს, რომ ყოველკვარტალურად შეამოწმებს და თუ აღმოჩნდება, რომ კომპანია არ განახორციელებს ინვესტიციას, შეამცირებს ტარიფს და ამოიღებს მატების ამ კომპონენტს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კომპანია არ ენდობა სახელმწიფოს, არადა, პირიქით უნდა ხდებოდეს. როგორც წესი, სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი ასეთი ნდობა არ ამართლებს და დიდი პასუხისმგებლობა აიღო მარეგულირებელმა კომისიამ.
– როდესაც სემეკი ამბობს, რომ შეამოწმებს ყოველკვარტალურად, გაიღეს თუ არა კომპანიებმა ინვესტიცია და პირველივე კვარტალში აღმოაჩინეს, რომ არ განხორციელებულა, უკვე გადახდილ ზედმეტ თანხას რა ეშველება?
– ეს უნდა გადაითვალოს, ალბათ და გამოაკლდეს ტარიფს. ძალიან რთული გათვლებია.
– და არარეალისტურია, ჩემი აზრით. თქვენი აზრით?
– მე ასეთ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი ჩემს თავზე. ამას გარდა, სემეკში გაცილებით რთული პრობლემებია. ზოგადად, მარეგულირებელ კომისიას აქვს პრობლემა კანონთან. ისინი არ აქცევენ ყურადღებას სამართლებრივ საკითხებს და ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს ტარიფზე და არა მხოლოდ ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ტარიფებზეც. 1999 წელს შეიქმნა პირველი სატარიფო მეთოდოლოგია და 2014 წელს ის შეცვალეს ახალი მეთოდოლოგიით. აი, იმ მეთოდოლოგიაში ჩაიწერა სწორედ ინოვაციური მეთოდით ტარიფის დათვლა და დაუშვეს არათუ სამომავლო ინვესტიციის ასახვა ტარიფში, არამედ საერთოდ, ჰაერიდან მოტანილი კომპონენტების შეტანაც.
მარტივად რომ ავხსნათ: რა კომპონენტები შედის ტარიფში. რატომ წერია კანონში „გაწეული ხარჯი“?! იმიტომ რომ, თუ კომპანიამ არ გასწია ხარჯი, მან არ შეიძლება, მოითხოვოს მისი ტარიფში ასახვა და ტარიფით ამ ფულის ამოღება. ხომ ლოგიკურია?! მაგრამ უფრო უარესიც ხდება: ვთქვათ, კომპანიამ ელექტროგადამცემ ხაზში ერთი მილიონი ლარი გადაიხადა, მაგრამ დაუმალა დოკუმენტაცია სემეკს და უთხრა, რომ დოკუმენტაცია არ აქვს. ამ შემთხვევაში, ირთვება სხვა მექანიზმი: სემეკი აფასებს ამ გადამცემი ხაზის ღირებულებას, ეგრეთ წოდებული აღდგენითი ღირებულებით, ანუ რა დაუჯდებოდა კომპანიას ეს გადამცემი ხაზი და რასაც იტყვის აუდიტი, აი, იმ ფასს უდებს ტარიფში შემდეგ კომპანიას. არადა ჰესები და ელექტოსისტემის ობიექტები საბაზროზე გაცილებით დაბალ ფასში მოხვდა პრივატიზაციაში. ენგურჰესის ელექტროენერგიის ფასი იმიტომაა ძალიან დაბალი, რომ ის საბჭოთა დროსაა აშენებელი და ჩვენ უფასოდ მივიღეთ. მისი აღდგენითი ღირებულებით რომ დაგვეთვალა ენგურჰესის ტარიფი, ის ერთი კი არა 25 თეთრი იქნებოდა. მაგრამ კომპანიას შეუძლია, დაბალი ფასი გადაიხადოს აქტივში და შემდეგ აუდიტმა შეაფასოს სულ სხვა ფასად და ხშირად ეს რეალურად გადახდილ თანხაზე 10-ჯერ და 100-ჯერ მეტია. მაგალითად, გაზის ერთ-ერთ კომპანიას ექვსი მილიონი დაუჯდა აქტივის ღირებულება, მაგრამ აღდგენითი ღირებულება გამოვიდა 70 მილიონი და სწორედ 70 მილიონი შევიდა გაზის ტარიფში. ეს უკვე ძალზე სერიოზული პრობლემაა და არა მხოლოდ კანონის დაღრვევა, არამედ დანაშაულის ნიშანიცაა. იმიტომ რომ, არარსებული ხარჯი აისახება ტარიფში.
– რატომ ანიჭებს კანონი კერძო კომპანიას უფლებას, დამალოს დოკუმენტაცია. შესაძლებელია, შეიძინო ასეთი ძვირად ღირებული ობიექტი და არ გქონდეს დოკუმენტაცია? ბაზრობაზე ხომ არ ყიდულობენ სათითეს?
– როდესაც სამართალი უშვებს ამის შესაძლებლობას, რომ არ იქნება დოკუმენტაცია, კომპანია ცდილობს, გამოიყენოს და რაც შეიძლება, მაღალი ტარიფი დააწესოს. კომპანიას შეუძლია, დამალოს, დაკარგოს, არ აჩვენოს დოკუმენტაცია, თუ რა დაუჯდა მისი ყიდვა, რადგან კანონი აძლევს ამის საშუალებას. ამიტომ დაითვალოს მისი აღდგენითი ღირებულება, რომელიც რეალურად გადახდილზე მეტი იქნება და ჩადოს ტარიფში.
– კანონმა დაუშვა ასეთი განუკითხაობა?!
– კანონით არაა დასაშვები. მარეგულირებელმა კომისიამ შექმნა თავისი რეგულაცია. სემეკი გავიდა კანონიდან, აღარ ემორჩილება კანონის ამ მუხლებს და კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებს. შესაბამისად, ტარიფში შედის ჰაერიდან მოტანილი კომპონენტები. ამ ტიპის გადაწყვეტილებებს სემეკი თავად იღებს კანონქვემდებარე აქტებით. ისინი თავიანთ თავს აყენებენ კანონზე მაღლა და თუ ეს დავუშვით და გაგრძელდა, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დავდგებით ყველანი.
– როდესაც მარეგულირებელი კომისია აძლევს თავს უფლებას, დადგეს კანონზე მაღლა, ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ მას სახელმწიფომ მისცა ეს უფლება?
– სახელმწიფომ შექმნა მარეგულირებელი კომისია იმისთვის, რომ დაარეგულიროს ეს საკითხი. იმიტომაც დაენიშნათ მათ ამდენად მაღალი ხელფასები და ეს მათი პასუხისმგებლობაა.
– გამოდის, რომ სემეკის ის ხუთი წევრი ყოფილა ქრისტეს ფეხის მკვნეტელი.
– მათ უკანაა მთელი სამსახურები, მაგრამ ის ხუთი ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას.
– კომპანია თუ განახორციელებს ინვესტიციას, რატომ უნდა აისახოს ეს ტარიფში?
– ოღონდ მანამდე ეს ინვესტიცია შეთანხმებული უნდა იყოს მარეგულირებელ კომისიასთან, იმიტომ რომ, იყო პერიოდი, როცა საერთოდ არ თანხმდებოდა მარეგულირებელთან ინვესტიციები და ისეთ ინვესტიციებს ახორციელებდნენ, რაც არც საზოგადოების ინტერესი იყო და არც ქვეყნის. მაგრამ ასეთი გახარჯული თანხებიც აისახებოდა ტარიფში.
– ვერ დავასრულე კითხვა: ინვესტიციას კომპანია ატარებს იმისთვის, რომ გააფართოოს თავისი ბიზნესი. მილორავამაც თქვა, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და ამისთვისაა საჭირო ინვესტიციაო. ბევრი აბონენტი ხომ ნიშნავს უფრო მეტ მოგებას? ესე იგი, გამოდის, ჩვენ ტარიფით ვაფინანსებთ კომპანიების გაზრდილ მოგებას? ეს ნონსენსი არ არის?
– ლოგიკურია თქვენი დასკვნა. ცხადია, რაც მეტ ელექტროენერგიას გაანაწილებენ, მით მეტი ბრუნვა ექნებათ და ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული ტარიფში, მისი შემცირების კუთხით. ეს ცოტა რთული ფორმულაა. რაც მეტია ელექტროენერგია, მეტია ბრუნვა და, ცხადია, მოგების კომპონენტი უნდა შემცირდეს. ასეთი ნიუანსები არ განგვიხილავს, ამჟამად ზოგად პრინციპებზე ვსაუბრობთ.
– როდესაც ამოიღებს ინვესტიციას კომპანია, ის კომპონენტი ხომ უნდა დააკლდეს?
– აუცილებლად, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში გინახავთ, რომ ტარიფი შემცირებულიყო?!
– არა და იმიტომ ვიკითხე.
– ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ტარიფის გაზრდა უნდოდათ და არ გაიზარდა, იყო 2005 წელი, როდესაც მე ვიყავი ენეგროომბუდსმენი. მაშინაც ასე ცდილობდნენ ტარიფის მატებას, როგორც კი წამოვედი, იმავე შემადგენლობამ გაზარდა ტარიფი იმავე საფუძვლით. მას შემდეგ სულ იზრდება და იზრდება. არადა მაშინ დაგვპირდნენ, რომ, როგორც კი „ეი ი ესის“ განხორციელებული ინვესტიცია დაიფარებოდა, ამ კომპონენტს ტარიფს გამოაკლებდნენ.
– ესე იგი, ახლაც ვიხდით იმ კომპონენტს, რომელიც აღარ არსებობს?
– რაკი არ დაკლებულა ტარიფი, ასე გამოდის.
– ბანკებს ძალიან დიდი ზეგავლენა აქვთ სახელმწიფოზე და არის მოსაზრება, რომ ფარულად აშანტაჟებენ, რის გამოც სახელმწიფო უწევს ანგარიშს და არ აოკებს მათ მადას. ენერგოკომპანიებიც ამავე სტილით აშანტაჟებენ სახელმწიფოს?
– ცხადია, ბიზნესის გავლენა სერიოზულია. თან, ეს სოციალური საკითხია, საზოგადოება მტკივნეულად აღიქვამს როგორც ტარიფის მატებას, ისე უშუქობა-უგაზობა-უწყლობას. ამიტომ ხელისუფლება ძალიან ფაქიზად მოქმედებს. ამომრჩევლის სურვილები მნიშვნელოვანია, ამიტომ სახელმწიფო ვერც უშუქობას დაუშვებს. მაინც ზომიერებაა საჭირო. ტარიფის ერთი თეთრით მატება მტკივნეულია, მაგრამ უფრო მტკივნეულია უშუქობა, უგაზობა და უწყლობა. ამასთან, კომპანიები შესაძლოა, მუქ ფერებში უხატავდნენ ხელისუფლებას სიტუაციას და ისინიც, თუ მათი კომპეტენცია არ არის საკმარისი, ფრთხებიან და ლოიალურები ხდებიან კომპანიების მიმართ.

скачать dle 11.3