№3 როგორ დახარჯა სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ 2016 წელს 217 000 ლარი, წლიურ ხელფასზე 50 000 ლარით მეტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა 1975 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო, რომელიც 1996 წელს დაამთავრა. 2012 წელს კი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესიული განვითარების კურსიც გაიარა. მისი სამუშაო გამოცდილება 1996 წელს დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. 2000 წელს კი უკვე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. 2002-ში ფინანსთა სამინისტროში გადაინაცვლა და იმავე წელს დაინიშნა საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გენდირექტორის მრჩევლად, ხოლო 2003-დან – იურიდიული დეპარტამენტის უფროსად. 2004 წელს დაწინაურდა და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გენდირექტორის მოადგილე გახდა. 2006 წელს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, ესკოს, გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2009 წელს – უკვე გენერალურ დირექტორად. ამას გარდა, 2011 წლიდან სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო; სანამ 2013 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ არ დაინიშნა. ირინა მილორავა დღესაც ამ თანამდებობაზეა.
მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც სემეკის თავმჯდომარემ და ოჯახის წევრად მიუთითა დეიდა, სოფიო გაიხარაშვილი. ირინა მილორავას საკუთრებაა ორი ბინა თბილისში – ვაჟა-ფშაველას I შესახვევში (72 კვ. მ.), 32 000 აშშ დოლარად ღირებული და თამარაშვილის ქუჩაზე (143 კვ. მ.) 125 750 აშშ დოლარად ღირებული.
ირინა მილორავა ანაბარაზე მეტად მოკრძალებული ოდენობის თანხას ინახავს: 1 989 ლარს. ხოლო 2016 წლის განმავლობაში, როგორც სემეკის ხელმძღვანელმა 166 604 ლარი აიღო.
2015 წელს აღებული 150 000-ლარიანი კრედიტის მომსახურება 2016 წელს 159 156 ლარი დაუჯდა, ხოლო 2016 წელს აღებული 165 000-ლარიანი კრედიტის მომსახურება – 12 734 ლარი, ბინის რემონტი კი – 45 000 ლარი.
2015 წელს ბინის რემონტში 50 000 ლარი დახარჯა, 2014 წელს – 36 000 ლარი.
2012 წლის განმავლობაში ირინა მილორავამ, როგორც სს „თელასის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, 2 799 ლარი აიღო; როგორც სააქციო საზოგადოება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის დირექტორმა – 131 162 ლარი.
2013 წლის განმავლობაში, როგორც სემეკის თავმჯდომარემ, სამ-ნახევარ თვეში 52 857 ლარი აიღო, 2014 წელს – 159 812 ლარი; 2015 წელს – 159 812 ლარი.