№3 ლაქუცი სერბულად
იგინივე და ანატოლი
სანამ ჩვენ აქეთ – ტერორისტებს ვებრძვით, იქით – ოკუპაციას, ამ ჩვენმა ერთმორწმუნე სერბეთმა თვით ამ ჩვენს ნომერ პირველ ოს სეპარატისტ ანატოლი ბიბილოვს უმასპინძლა.
რაღა უმასპინძლა, გასული კვირის მიწურულს თვით „რესპუბლიკის დღე“ აღნიშნეს და ბანია-ლუკაში გამართულ სამხედრო აღლუმზე, თვით საპატიო სტუმრის სტატუსით, ეს ჩვენი ანატოლიც (იგივე ჯაყო ბიბილოვი) მიიწვიეს. მეტიც, იგი საპატიო ლოჟაშიც მოათავსეს (თუ ასეთი ტემპით გააგრძელა ანატოლიმ, იქნებდა ლენინის გვერდითაც კი დაიმსახუროს ადგილი) სერბთა რესპუბლიკისა და სერბეთის პოლიტიკური და საეკლესიო ელიტის მხარდამხარ (პრემიერ ცვიანოვიჩისა და პრეზიდენტ დოდიკის პირადი მიწვევით). საპატიო გვამთა შორის იყო ერთ დროს ჩემი ფავორიტი ემირ კუსტურიცაც.
პრეზიდენტმა დოდიკმა კი სამხედრო აღლუმის შემდეგ ანატოლი მიიღო კიდეც და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაც გაუფორმა.
ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკაში ჩასვლამდე ანატოლიმ სერბეთის დედაქალაქი, ბელგრადი მოინახულა და მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის სახელობის რაკოვიცას მონასტერიც მოილოცა (ეგ ღვთისმოსავი ეგა!), სადაც, არც მეტი, არც ნაკლები, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა ირინეუსმა დალოცა.
რაც ყველაზე საინტერესოა, ბალკანეთში გასეირნებამდე „პრ.-მა“ ბიბილოვმა დონეცკი მოიარა, სადაც, მისი თქმით, დონეცკელ მოხალისეებს სამხედრო რჩევებით დაეხმარა (უკრაინის დასამარცხებლად).
იმის გათვალისწინებით, რომ სერბეთს კოსოვო წაართვეს, წესითა და რიგით, არ უნდა უჭერდნენ მხარს სეპარატისტებს (თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე უპირველესად), მაგრამ, როგორც უნდა იყოს, არ არის ურიგო, ჩვენზე ცხელთავიანებიც რომ არსებულან ამ ცოდვილ მიწაზე (იმ ტოტს რომ ჭრიან გამალებით, რომელზეც სხედან). –