კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რა მისწერა ფრედი მერკურის მეგობარმა გელა ფარჩუკიძეს და აპირებენ თუ არა მოგებული ბინის გადანაწილებას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

პროექტ „ნიჭიერს“ 2017 წელს ახალი გამარჯვებული ჰყავს – „თბილისის ბიჭუნათა კაპელა“ და რა თქმა უნდა, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი გელა ფარჩუკიძე, რომლის დაუღალავი შრომის შედეგად, 82 ბავშვი ასეთი დიდი წარმატებით წარდგა მაყურებლის წინაშე და გამარჯვებაც მოიპოვა.
– ბატონო გელა, გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ჯერ კიდევ, თქვენ და ჯანსუღ კახიძემ ჩამოაყალიბეთ კაპელა, რომელიც, დაახლოებით, 2 წლის წინ ისევ აღადგინეთ. გაიხსენეთ, როგორ იქმნებოდა ის.
გელა ფარჩუკიძე:
იდეა, შექმნილიყო კაპელა, ერთ დღესაც დაემთხვა ჩემს ნატვრასა და ბატონი ჯანოს ნათქვამს.
– ანუ, ეს იყო ნატვრა, რომელსაც ხმამაღლა არ ამხელდით?
– კი. ჩემი და წლების განმავლობაში არ მასვენებდა: კაპელა, კაპელა... მაგრამ იმ დროს საკმაოდ დატვირთული ვიყავი: ოპერაში – ქორმაისტერად და ასევე, სპექტაკლების დირიჟორიც გახლდით. კიდევ რაღაც, ზედმეტად რომ წამომეკიდებინა, უბრალოდ, ვერ შევძლებდი. ერთ დღესაც ბატონმა ჯანომ გამანდო თავისი მრავალი წლის სურვილი: გაეკეთებინა კლასიკური მიმდინარეობის პირველი ბიჭუნათა კაპელა. თუმცა, ის მაშინ კაპელას  კი არა, ბიჭუნათა გუნდად მოიხსენიებდა.
– მაშინ რთული იყო ამის გაკეთება?
– არა, პირიქით, მაშინ ზეადვილი და ზეგენიალური იყო. ეგრეთ წოდებული, „ძმათა ომი“ ახალი დამთავრებული იყო და ერთადერთი „ბასტი ბუბუ“ და რამდენიმე პატარ-პატარა სტუდია მოქმედებდა. რაც მთავარია, არ იყო ჩემი, მშობლების, ბავშვებისა და კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი – ინტერნეტი. როგორც კი აფიშა გამოვაკარით, რომ მაესტრო კახიძე და მუსიკალური ცენტრი იწვევს მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებსო, პირველ დღესვე 2 000-ზე მეტი ბავშვი მოვიდა. მეორე ტურიც ჩატარდა. მაშინ ერთმა აფიშამ გააკეთა ეს ყველაფერი და ახლა, ამ ბავშვების შესაგროვებლად, ზღაპარში რომ არის: რკინის ქალამნები ჩავიცვი და რკინის ჯოხი ავიღე, მთელი ქალაქი მოვიარე. არავის ვსაყვედურობ, მაგრამ ბევრი სკოლის დირექტორი შეხვდა ამ ამბავს ცუდად.
– მაგრამ, მაინც მოახერხეთ კაპელის აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ შრომატევადია და დიდ ენერგიას, მოითხოვს.
– ალბათ, ეს არის ჩემი ჯვარი. შეიძლება, ამით უნდა წარვდგე უფალთან. სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, არა მუსიკალურშიც, მომიწია ერთი პერიოდი ყოფნა და ჩემმა მფარველმა ანგელოზმა დამანახვა, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. მე სხვას ვერაფერს გავაკეთებ – ამაზე დიდი საქმე არაფერი მგონია. ყველაფერზე დიდია, რაც ოდესმე გამიკეთებია, ვაკეთებ და გავაკეთებდი. ეს არის ყველაზე შრომატევადი და უმადური საქმე, რასაც მსოფლიოს ბევრი თავმოყვარე, თავმომწონე ქვეყანა ერიდება. ამ დროს ბავშვები ყველაზე რთულ პერიოდს გადიან – ბიოლოგიურ გარდატეხას, მუტაციას. მაგალითად, მე მყავს 12 წლის ბავშვი, რომელსაც პირველ ხმას წკრიალა ხმით ვამეცადინებ. ზაფხული ჩაივლის, მოდის და ბოხი ხმით მესალმება. მე ის, როგორც პირველი ხმა, დავკარგე. ახლა მისგან უნდა გავაკეთო, ვთქვათ, მეორე და გაისად, ალბათ, მესამე, შემდეგ კი – მეოთხე ხმა. ანუ ბიზნესის ენაზე რომ ვთქვა, სულ წაგებაში ვარ. თან, მის ადგილას უნდა ვეძებო სხვა.
– როგორ გაჩნდნენ გოგონები თქვენს ბიჭუნათა კაპელაში?
– „თავხედურად“. ბევრი სირთულის, წვალების შემდეგ, ვნახე ჯგუფი და შეიქმნა ბიჭუნათა კაპელა. 150-მდე ბიჭუნა იყო, აქედან ნახევარი მოსამზადებელ ჯგუფში მოხვდა, ნახევარი მე ჩავიბარე. მოსამზადებელში ნელ-ნელა იზრდებიან  და შემდეგ ჩემთან „პორტირდებიან“. პარალელურად, რომ ჩაგესმის ყურში: ჩვენ რა ვქნათ, ვისაც ბიჭი არ გაგვიჩნდა, რა ვქნათ, რომ გოგონები გვყავს, იქნებ, მოგესმინათ... მოკლედ, რომ დაგროვდა რაოდენობა, ვიფიქრე: რატომაც არა – გავაკეთებ ამის პარალელურად და ერთად ვამეცადინებ ბიჭუნებს და გოგონებს-მეთქი. დავთქვი ქასთინგის დღე. მოვიდნენ გოგონები, ბიჭებიც და პლუს ჩემი კაპელის ბიჭუნების 99 პროცენტი გამომეჭიმა. ჯერ რამდენიმე კონცერტისთვის და საბოლოოდ, ასე ნელ-ნელა შემომეპარნენ. როგორია ერთი კონცერტის მერე უთხრა ვინმეს: წადიო. ჩემი გოგონაც მღერის და მას სხვებისგან არ ვანსხვავებ. მკაცრი ვარ ყველასთან და არ მინდა, ჩემგან შერჩევითი სამართალი დაინახონ. უფრო მეტიც, როცა ჩემთან არიან, დედ-მამასაც არ აქვს უფლება, შენიშვნა მისცენ.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან?
– საშინელი. გასამხედროებულ რეჟიმში მყავს. თუმცა, მეც ვიყავი ჯარში და იქ არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ვუყვარვარ. ესენი დარწმუნებულები არიან, რომ წარმოუდგენლად მიყვარს. მათ აქ ჰყავთ ერთი მამა, რომელიც არავის არაფერს აპატიებს, მაგრამ არ არის მიკერძოებული. ჩემს შვილს ისევე ვაძრობ ტყავს, როგორც სხვებს. რომ მივალ, ვიღაცას ნამღერს ვუსწორებ, უკან უკვე ხმაურობენ. მერე იმასთან მივალ და სხვა მხარეს იწყებენ ხმაურს. დედებზე არაფერს ვამბობ, მაგრამ მამებზე, რაც შეიძლება, ყველაფერს ვამბობ. მამებისგან მაქვს უფლება აღებული. თუმცა, რომც მომცენ უფლება დედებმა, მაინც ვერ შევიგინები. ძალიან ძნელია. თქვენ ხომ ნახეთ, რა გააკეთეს მათ სცენაზე Bohemian Rhapsody-ის შესრულებისას.  „ქვინების“ მეგობარმა მომწერა: ფრედი მერკურის მეგობარი ვარ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. მას სულ უნდოდა, რომ ეს სიმღერა გაეკეთებინა გუნდისთვის და გუნდს შეესრულებინა, მაგრამ ბევრი საქმის გამო ვერ ახერხებდაო. მეც წარმოვიდგინე, როგორ ენდომებოდა მერკურს, რომ ეს ყოფილიყო. ღმერთს ვუთხარი: უფალო, დაგვეხმარე-მეთქი.
– ხშირად ესაუბრებით ღმერთს?
– კი, კარგი ძმაკაცივით ველაპარაკები. უფრო მეტს გეტყვით: კარგ რამეს რომ გავაკეთებ. კარგი ვაჭარივით ავხედავ ხოლმე და ვეუბნები: ხომ ნახე, უფალო, ეს რა კარგი რაღაც გავაკეთე, სამი კილო ცოდვა ჩამომაჭერი-მეთქი. თითქოს ისიც მპასუხობს და მეც ვეუბნები: სამი თუ ბევრია, ორნახევარი იყოს, არც შენი და არც ჩემი-მეთქი, – ასე ველაპარაკები.
– თქვენს ვიდეოებს ძალიან ბევრი ნახვა აქვს და არა მხოლოდ საქართველოში.
– 35 მილიონი ნახვა აქვს ჩვენს ვიდეოს. თქვენ შეგიძლიათ, მეორე ქართველი შემოქმედი, კოლექტივი დამისახელოთ, ვისაც ამდენი ნახვა აქვს? რეკორდთა რეკორდთა რეკორდია. ეს ჩემთვის სტატისტიკა, ციფრებია და თავში არ მივარდება. 35 მილიონი ნახვიდან მილიონობით გაზიარება, მოწონებაა. ჩემს ბავშვებს დავავალე, რომ კომენტარებს გასცნობოდნენ. მილიონზე მეტი კომენტარი ნახეს და ცუდი არც  ყოფილა, სულ ქება და დიდება. „ნიჭიერში” გავიმარჯვეთ, 2 000-მდე კომენტარია და არცერთი – დადებითი. ბავშვები ტირიან და თავს იმართლებენ. ვციტირებ მათ კომენტარებს: „მუსიკა რა ჩემი ფეხების ნიჭია. ერთი წელი რომ ბავშვს ამეცადინებ, ის რაღა ნიჭიერია. ის პროფესიონალია“. ბავშვი 10 წელშიც ვერ იქცევა პროფესიონალად ვერაფერში. მე თუ ერთი წელი ვამეცადინებ ბავშვებს და ისინი „პროფესიონალები“ არიან, იქ ვინც გამოვიდა, მხოლოდ ერთი კვირა იმეცადინეს?!  82 ბავშვს რომ ცუდ გზას ააცდენ, კარტისკენ არ გაიხედავენ... აქ ქუჩური ჟარგონებით საუბარი არ შეიძლება, არც ხმამაღლა. ბავშვები არიან, ხანდახან ორთქლის გამოშვების საშუალებას ვაძლევ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ზნეკეთილი, დახვეწილი, კარგი ადამიანები გაიზარდონ. ამდენი ღვარძლი-ბოღმა საიდან, როგორ ანადგურებენ ამ ბავშვებს. იმ შიშველ იაპონელს რომ გაემარჯვა, ხომ უკეთესი იქნებოდა. მე მინდოდა, ამ ბავშვებს დაენახათ, რომ სამშობლოს სჭირდებიან. ვინც ამბობს, რომ სიმღერა ნიჭი არ არის, მოგცემთ Bohemian Rhapsody-ის მეორე ნაწილს და თუ იმღერებთ, მაშინ ხელებს ავწევ.
– „ფეისბუქში“ ფრედი მერკურის გვერდზეც დაიდო თქვენი ვიდეო და ძალიან ბევრ უცხოურ საიტზე, გვერდზე.
– კი. ფრედი მერკურის ოფიციალურ გვერდზე რომ დადებენ, თან, ამდენი მილიონი ნახვა რომ აქვს, ეს ხომ არ არის პატარა საქმე.
– გამარჯვების გარდა, ბინაც მოიგეთ. ძალიან ბევრს დააინტერესა, რა ბედი ეწევა ბინას, როგორ გადაინაწილებენო.
– ბინა ყველას საჩუქარია და დანარჩენს მომავალი გაარკვევს.
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
– მომავალში ვაპირებთ, წარმოუდგენლად საინტერესო გზის გაკვალვას, რომელზე ფიქრიც კი მეშინია, მაგრამ ეს უკვე მოხდა და არის. ამით იბადება ახალი მუსიკალური მიმართულება, რომელსაც ვფიქრობ, ბევრი მომხრე ეყოლება. მინდა, ბავშვები მხოლოდ კლასიკურ და პირველხარისხოვან მუსიკას ეზიარონ. იმ გზით ვივლით, რასაც ჰქვია „თანამედროვე მუსიკაში მარად უკვდავი ხელოვნების მსახურება“.

скачать dle 11.3