№2 სად დაარბენინებდნენ ტახტრევნით ნიკა არაბიძეს ქუთაისელები და რის გამო მოხვდა ვახო ბიჭიკაშვილი ახალი წლის ღამეს საავადმყოფოში
ვახო ბიჭიკაშვილი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ახალ წელსა და შობას საყვარელ ცოლ-შვილთან ერთად ვერ შეხვდა. როგორც თავად ამბობს, ძველით ახალ წელსაც საქართველოს საზღვრებს უნდა გასცდეს. მოკლედ, სულ გზაშია და მისი თანამეწყვილის, ნიკა არაბიძის წყალობით, არ იწყენს. რატომ ეძებდა ვახო მთელი ახალი წელი რესტორან-რესტორან ნიკა არაბიძეს, როგორ მოხვდა დამწვრობით საავადმყოფოში ახალი წლის ღამეს და ვის უტოვებს ბუხარში წერილებს – ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ვახო ბიჭიკაშვილი: ყოველ ახალ წელს, საკმაოდ დატვირთული სამუშაო რეჟიმი მაქვს და უკვე მერამდენე წელია, სახლში არ შევხვედრივარ. შეგუებული ვარ ამ ამბავს. თუმცა, მაინც გული მწყდება, როცა სახლიდან მივდივარ და ოჯახის წევრებთან ერთად ვერ ვზეიმობ. ახალ წლამდე, მთელი ერთი თვე ვემზადები. განსაკუთრებული განწყობა მაქვს და ის ერთი დღე, როცა უნდა მოხდეს ამ განწყობის კულმინაცია, სახლიდან მივდივარ. წელსაც არ იყო გამონაკლისი. მოკლედ, ამ ახალ წელს თბილისამდე ვერ ჩამოვაღწიე. ბათუმიდან რომ დავიწყე, ქუთაისამდე სულ სიმღერ-სიმღერით ჩავედი (იცინის). რა ვქნა, ასეთი სამსახური მაქვს. ახალ წელს ბათუმში შევხვდი, ჩემს სასცენო პარტნიორთან და მეგობართან, ნიკა არაბიძესთან ერთად. კონცერტი მიგვყავდა. მერე, გადავინაცვლეთ რესტორანში და აღმოჩნდა, ისე ვუყვარვართ ხალხს, დილის რვა საათამდე ვერ დავშალეთ საზოგადოება (იცინის). ბათუმი დავიბედეთ 2 იანვარსაც და მერე ქუთაისში ჩავედით. ერთი სიტყვით, ბათუმი-ქუთაისი დაბედებული გვაქვს (იცინის). ნიკას ვეუბნებოდი, მოდი, ერთ წელსაც ოჯახებში შევხვდეთ ახალ წელს. როგორც ნორმალური ადამიანები, ჩვენს მივიდეთ სტუმრად ერთმანეთთან და ვიყოთ ერთი დღე მაინც ნორმალურები-მეთქი (იცინის).
– გავიგე, მშობლიურ კუთხეში ჩასული ნიკა არაბიძე, მთელი ახალი წელი და ბედობა ხელში აყვანილი დაჰყავდათ ქუთაისელებს. ასეა?
– მართალია, ქუთაისში, რესტორანში 400 კაცი იყო და სულ ხელში აყვანილი, ტახტრევანით დაჰყავდათ ნიკა არაბიძე (იცინის). მოკლედ, მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ, ბატონი ნიკოლოზი. ყველა მაგიდა დაიარა, მივიდა, დალია, დაილოცა...
– ნიკა რომ ტახტრევნით დაჰყავდათ, შენ ამ დროს რას აკეთებდი?
– ამ დროს, მე, ვიჯექი სცენაზე, ვეძებდი ნიკოლოზს და მიკროფონით ვაცხადებდი: ნიკოლოზ არაბიძეს ელოდებიან მშობლები სცენაზე! (იცინის) ისიც შორიდან ამოყოფდა თავს და დამიძახებდა: აგერ ვარ, აგერო (იცინის). იმდენი დალია, ამბობდა, რამდენიმე წელი აღარ ჩამოვალ ქუთაისში, ისეთ დღეში ჩამაგდესო (იცინის).
– შენ არ სვამდი?
– არა. მსუბუქად დავლიე ახალ წელს, ნიკასავით, ყველა მაგიდასთან ვერ ვითამადებდი (იცინის). მასზე განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ქუთაისში (იცინის). ახლა, ძველით ახალ წელს საბერძნეთში ვხვდებით, ქართველ ემიგრანტებთან ერთად, მერე ისრაელში მივდივართ. მოკლედ, ეს ახალი წელი, რესტორან-რესტორან დავდივართ და მივიმღერ-მოვიმღერით მე და ნიკოლოზი.
– მოკლედ, დედამიწაზე ვეღარ ეტევით, ცა ფეხ-ქვეშ გაიგდეთ, სულ დაფრინავთ და გზაში ხართ...
– ასეა, ცას გამოვეკერეთ (იცინის). როცა დედამიწაზე ვართ, ნიკოლოზი ჩემი მძღოლია – საჭესთან ზის, მე კი მის გვერდით ვზივარ და მძინავს. ახლა რომ დავფიქრდი, სულ გზაში ვიყავით და ნახევარი ახალი წელი ძილში გამიტარებია.
– რომ თქვი, ნიკოლოზი სულ სვამდაო, მერე ნასვამი როგორ იჯდა საჭესთან? თუ თქვენი პოპულარობა პატრულთანაც ჭრის?
– არა, ნასვამი არასდროს ჯდება. როცა საჭესთანაა, იძულებითი გამოფხიზლება უწევს (იცინის).
– როგორი იყო გასული წელიწადი შენთვის?
– მიუხედავად იმისა, რომ პატარ-პატარა ცუდი რაღაცებიც მოხდა, მაინც მნიშვნელოვანი წელი იყო ჩემთვის – ოჯახში ნამატი გვქონდა და მეორე ბიჭის მამა გავხდი. პირადად ჩემთვის, გასული წელი ბედნიერი იყო. ასე პოზიტიურად დავიწყე და გავედი ბოლომდე. ახლა „დავამხეცე“ და წლევანდელი წელიც ასე დავიწყე. იმედია, ბოლომდე ასე იქნება. ვფიქრობ, როგორც დაიწყებ ახალ წელს, ყველაფერი ისე გაგრძელდება მთელი წელი. მე, ამის მჯერა.
– მართალია, სახლში ვერ შეხვდი ახალ წელსა და ბედობას, მაგრამ საჩუქრები თუ დაუტოვე ნაძვის ხის ქვეშ ოჯახის წევრებს?
– ბოლო რამდენიმე წელია, რაც ანდრიაა ოჯახში, ახალი წელი ადრე დგება და თოვლის ბაბუაც ადრე მოდის. აბა, მერე არ ვარ სახლში და ხომ უნდა ვნახო ბავშვის რეაქცია? (იცინის) ტრადიციულად, ვწერთ წერილს, ვაგდებთ ბუხარში. მას ნახავს ელფი, მიუტანს სანტას და მასაც მოაქვს ის საჩუქრები, რაც წერილში წერია. ანდრიამ ვერ მოიფიქრა, რა უნდოდა და გადავწყვიტეთ, მოდი, ცარიელი ფურცელი შევაგდოთ და თავად მოიფიქროს სანტამ, რას მოგვიტანსო. სანტამ ძალიან კარგი ასაწყობი სათამაშო მოუტანა. საიდუმლო ელფის როლი კი, ჩემმა მეუღლემ, სოფიამ შეითავსა (იცინის). ნიკოლა ჯერ პატარაა და საჟღარუნო მოუტანა სანტამ. სულ მახსენდება ჩემი ბავშვობა, როცა მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან და დიდ ბებიასთან ერთად, ვხვდებოდი ახალ წელს. სასწაულის, განსაკუთრებულის მოლოდინში ვიყავი სულ. მახსოვს, ასეთი ტრადიცია გვქონდა, ვწერდით ფურცელზე სურვილს. ვწვავდით, ვყრიდით შამპანურის ჭიქაში და ვსვამდით ფერფლიანს. ამ ტრადიციას გავაგრძელებ, როცა მეღირსება ჩემს ახალ ოჯახთან ერთად ახალი წლის შეხვედრა. მიყვარდა საახალწლო პიროტექნიკა – ასაფეთქებლები, მაშხალები, „ბომბაჩკები“... ვიმარაგებდი და მერე ვიყავი ერთ ამბავში. ერთ წელსაც, ასე მოვიმარაგე და ახალ წლამდე დავიწყე აფეთქება. თორმეტი საათი რომ მოვიდა, აღარ მქონდა. ჩემს ქვევით სართულზე ცხოვრობდა მეგობარი. რომ ატყდა სროლები, ისიც გამოვარდა და დაიწყო ასაფეთქებლების გადაყრა. ვიფიქრე, რა ვქნა-მეთქი და გამოვიტანე ასანთის კოლოფი. მოვუკიდებდი, გადავძახებდი ჩემს მეგობარს: აბა, დიტო, ვისვრი, არ მოგხვდეს, შეყავი თავი-მეთქი. გადავაგდებდი მოკიდებულ ასანთის ღერს და თან, ბახ! ბახ!... პირით ვახმოვანებდი (იცინის). ასე დავიძვრინე თავი და ეს ახალი წელი, არასდროს დამავიწყდება.
– მერე, პიროტექნიკა რომ საშიშია?
– ჰოდა, ამის გამო, ერთ ახალ წელს, ღამით, საავადმყოფოში მოვხვდი. გადავაგდე აივნიდან მაშხალა, უკან შემოვარდა და ხელში მომხვდა. დამეწვა. გამაქცუნეს საავადმყოფოში და ის ახალი წელი დამწვრობით, საავადმყოფოში გავატარე. სულ ვაფრთხილებ ჩემს შვილს, კარგად გაყავი შუშხუნა გარეთ, თავი კი შემოყავი, ფრთხილად იყავი-მეთქი... ის ტკივილი და სიმწარე ახალი წლის ღამეს, არასდროს დამავიწყდება.