№2 როგორი კაბა არ უნდა ჩაიცვას გიორგი ნაკაშიძის შეყვარებულმა და როგორი რეაქცია აქვს მას ორიენტაციასთან დაკავშირებულ ჭორებზე
მომღერალი გიორგი ნაკაშიძე ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად ბათუმში დაბრუნდა. გაუჭირდა თუ არა მას მარტო ცხოვრებასთან გამოთხოვება და რით იყო მისთვის წლევანდელი ახალი წელი გამორჩეული, ამას მისგან შეიტყობთ.
გიორგი ნაკაშიძე: წლევანდელ ახალ წელს ბათუმში, ხუთ ადგილას ვიმღერე და სახლში ახალი წლის შეხვედრა ვეღარ მოვახერხე. ერთი ადგილიდან მეორისკენ გავრბოდი (იცინის). დატვირთული ღამე იყო, მაგრამ ძალიან კარგი. უბრალოდ, ყოველ წელს სახლში ვხვდებოდი ამ დღესასწაულს და პირველად მოხდა, რომ ოჯახის გარეშე, გარეთ ვიყავი. ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის შარშანწინდელი ახალი წელი იყო. მაშინ ჯარში ვიყავი და ორი დღით მოვახერხე ჩამოსვლა. 31-ში მივედი სახლში და პირველში უკან დავბრუნდი. ეს ორი დღე საუკეთესო იყო. ოჯახი ძალიან მენატრებოდა და ამიტომ, განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.
– ნიკა გვარამიამ დაწერა პოსტი შენზე: ხელისუფლებას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ კონცერტებზე აღარ გიწვევენ.
– ეგ პრობლემა მოგვარდა. ის მომღერლები, რომლებიც აქამდე იბლოკებოდნენ, ახლა აღარ იბლოკებიან. ბათუმობაზე ვერ ვიმღერე და ამას ვაპროტესტებდით, მაგრამ საახალწლო კონცერტზე დაგვიძახეს. ძალიან ბევრმა ამოიღო ხმა და თქვა, რომ მომღერლებს გვბლოკავდნენ და ალბათ, ამ ყველაფერმა იმოქმედა. ამ საკითხზე უშუალოდ ნიკა გვარამიასთან არ მქონია საუბარი, მაგრამ გვერდით გვედგა და გვეხმარებოდა.
– შენი ამბები მომიყევი. ბათუმში გადახვედი საცხოვრებლად, რამდენადაც ვიცი.
– კი, ახლა ბათუმში ვცხოვრობ და რეგიონებში კონცერტებს ვატარებ. დღეში ორი კონცერტი მაქვს ხოლმე. სერიოზული ტურნეა რაიონებში და ახალი წლის შემდეგ, კიდევ უფრო მასშტაბურის ჩატარებას ვაპირებ. მინდა, მთელი საქართველო შემოვიარო. რამდენიმე დღის წინ მქონდა ძალიან მაგარი კონცერტი ზუგდიდში – 150 ჯარისკაცი ესწრებოდა. საოცარი მუხტი მოიტანა მათმა იქ ყოფნამ.
– ბათუმში გადასვლა არ გაგიჭირდა, თბილისში მარტო ცხოვრების შემდეგ?
– არ გამჭირვებია. აქ, ჩემი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვარ. ჩემებთან ვცხოვრობ, ვმუშაობ ჩემს ქალაქში, სადაც ძმაკაცები და ნათესავები მყავს. ამ მხრივ, ბათუმში ძალიან კარგია, მაგრამ თბილისში მეტი პერპექტივაა. თუმცა, რატომღაც, მე თბილისში კარგად ვერ ავეწყვე. რაღაც ვერ დავლაგდი და ამიტომ, გადავწყვიტე, ბათუმში დავბრუნებულიყავი. ჩემს ქალაქში უფრო „მოვიხოდე“. მარტო ცხოვრება კი მენატრება (იცინის). ბათუმშიც ვაკეთებ ნაჩუქარ ბინას და მალე, ალბათ, გადავალ. ცოტა ხანში უცხოეთში ვაპირებ წასვლას და ვნახოთ, რა იქნება. მინდა, კიევში წავიდე და შეიძლება, იქაურ „ვოისში“ მივიღო მონაწილეობა. თუ არადა, შეიძლება, ისევ თბილისში გადმოვიდე. სადაც უკეთ ვიქნები, იქ გავჩერდები.
– თბილისში რატომ ვერ აეწყვე?
– თბილისში რთულია ცხოვრება. არ იხდიან ისე კარგად, რომ ჩემთვის საკმარისი ყოფილიყო.
– თუმცა, შენ ბევრი ცნობილი და გავლენიანი მეგობარი გყავს. თუნდაც, გვარამია და ბევრი სხვა. ეს არ დაგეხმარა თავის დამკვიდრებაში?
– კი, მაგრამ ხშირად არა. უფრო ჩემით ვცდილობ, რაღაც გავაკეთო – კონცერტი იქნება თუ საღამოები. ამ მხრივ, არავინ მეხმარება. ამაზე ზრუნვა დამოუკიდებლად მიწევს, რაც მარტივი არაა. ახლაც თვითონ ვგეგმავ კონცერტებს, მხოლოდ მეგობრები მეხმარებიან.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– არაფერი, არავინ მაწუხებს (იცინის). დიდი ხანია, არ გამოჩენილა ისეთი გოგო, ვისთანაც შეიძლებოდა, სერიოზული ურთიერთობა ამეწყო. შეყვარებული მინდა, მყვადეს-მეთქი, ასეც არ ვარ, მაგრამ გვერდში კაი გოგო საჭიროა. თუმცა, ყველაფერს თავის დრო აქვს. ამჯერად არავინ მყავს. მაგრამ, გოგო რომ შემიყვარდეს, ამისთვის მთავარი გაგებაა. რა თქმა უნდა, ლამაზი და ეშხიანიც უნდა იყოს, ჭკვიანიც და მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს. ურთიერთგაგება თუ იქნება, არც საოჯახო ფუნქციების გადანაწილებაა პრობლემა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ საჭმელების კეთება მეხერხება. მე უფრო ჭამა გამომდის კარგად (იცინის). სამაგიეროდ, დალაგება შემიძლია (იცინის). გოგოში ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას. ჩაცმულობასაც აქვს მნიშვნელობა. თუმცა, ეს ისეთი თემაა, რომ გოგოს ამის თქმა არ უნდა სჭირდებოდეს. თავად უნდა ერკვეოდეს.
– თვითონ უნდა მიხვდეს, რომ მოკლე კაბა და დეკოლტე არ უნდა ჩაიცვას?
– (იცინის) არა, მაგრამ ისეთი არ უნდა ჩაიცვას, რომ ყველაფერი გამოუჩნდეს. მოკლე კაბა არაა პრობლემა, მაგრამ მოკლეცაა და მოკლეც. მაჯისხელა კაბა როგორ უნდა ჩაიცვას (იცინის). სასწაული გემოვნება მაქვს, გოგოს არაფერი უნდა აკლდეს.
– ჭორებზე როგორ რეაგირებ? ბევრს ჭორაობდნენ შენს ორიენტაციაზე.
– ხან ვისი შეყვარებული ვიყავი, ხან ვინ მოვიყვანე ცოლად. გოგოსთან ერთად ფოტოს თუ დავდებდი – აი, გიორგის ცოლიო, მაშინვე წერდნენ. ერთხელ დაწერეს, ავარიაში მოჰყვაო. მეზობელი შევარდნილა კივილით ჩემებთან, გიორგი ავარიაში მოჰყვაო. ჩემები გაგიჟებულები იყვნენ. უაზრო ჭორები არ დაილევა. ხალხმა ოღონდ ილაპარაკოს, მაგრამ ჭორსაც გააჩნია.
– ორიენტაციაზე როცა გესმის ჭორები, თუნდაც შენზე და გიორგი გაბუნიაზე? ერთი პერიოდი აქტიურად განიხილავდნენ თქვენს მეგობრობას...
– ეგ არც გამიგია, ჩემამდე არ მოსულა ეს ამბავი და რა რეაქცია უნდა მქონდეს. ზოგადად, მარტივი არაა, როცა ასეთ რამეს იგებ, მაგრამ ჭორებს უკვე მივეჩვიე. ათასნაირი კატეგორიის ადამიანი არსებობს და ამიტომ, ამაზე ყურადღებას აღარ ვამახვილებ. ჭორებზე არა, მაგრამ ზოგჯერ რაღაც „ღადაობებზე“ ვბრაზდები ხოლმე. ერთი პერიოდი ყველას აჩემებული ჰქონდა ნიკა გვარამიას სიტყვები: „გიორგი, შენი ხმა გააგონე მსოფლიოს“. ამაზე „ქოუბებს“ აკეთებდნენ და ღადაობდნენ, რაც თავიდან ცოტა არასასიამოვნო იყო, მაგრამ მერე, მეც ხუმრობით შევხედე ამ ყველაფერს. შურიანი ხალხი ყველას უკეთებენ მსგავს რამეს.
– ამერიკაში ქართველის გეი ქორწინებაზე როგორი რეაქცია გქონდა?
– ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხისადმი. ამ ადამიანებმა ყველა ქართველისთვის ძალიან არასასიამოვნო რაღაც გააკეთეს. ქორწილსაც ვგულისხმობ და ჩოხების ჩაცმასაც. ეს ჩემთვის არასერიოზული ნაბიჯია. ისეთი პიარი გაუკეთეს ამ თემას, რომ ყველამ გაიგო, მათ შორის, ბავშვებმაც, რაც არ შეიძლებოდა. მათ ცხოვრებაში არ ვერევი, ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს ყველას მიმართ. უფლება არ მაქვს, ვინმეს რამე დავუშალო, მაგრამ პიარი უკვე სხვა საკითხია.
– ცოტა ხნის წინ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოხდა. როგორია ამ საკითხისადმი შენი დამკიდებულება?
– სხვათა შორის, ეგ ამბავი კარგად აღვნიშნეთ და ერთმანეთს ვულოცავდით (იცინის). ვიქეიფეთ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ და დეკრიმინალიზაციას ბედნიერები შევხვდით. ყველა მწეველს ვულოცავ ამ ფაქტს. თუმცა, მე დეკრიმინალიზაციის გარეშეც ვეწეოდი და ვცდილობდი, არ „გამემაზა“ – ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, თუნდაც კონცერტზე. მუსიკოსებისთვის განსაკუთრებით კარგია დეკრიმინალიზაცია. უფრო კარგად მღერი, როცა მოწეული გაქვს და ემოციებსაც უკეთ გადმოსცემ სცენაზე.
– სცენაზე გამოსულხარ ამ მდგომარეობაში?
– ერთხელ, ზუგდიდში ვიყავით. მაგარი სიცივე იყო. ძალიან ძლიერი არაყი დავლიეთ და დავთვერით. მერე ერთმა მონაწილემ მითხრა, გამომყევიო და მოვწიეთ. მოვწიეთ და ფრენა-ფრენით გავედით სცენაზე (იცინის). მაყურებელმა სასწაული დრო ატარა. ისე ემოციურად ვმღეროდით, რომ ხალხი გაკვირვებული იყო, საიდან ასეთი ემოციებიო (იცინის).