№2 რა საპასუხო ოპერაცია ჩაუტარა „სუკმა“ „ცეერუს“ ქართველი ყმაწვილის მეშვეობით
უშიშროების არქივებიდან ამოღებულ ამ მასალაში რამდენიმე სახელი შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება, შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
საიდუმლო ინფორმაცია
20 წლის პავლე გოგია თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, სტაჟირებას გადიოდა. ის ფიზკულტურის ინსტიტუტს ამთავრებდა. პროფესიით ბიატლონისტი გახლდათ და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ემზადებოდა. პავლე საკმაოდ საზრიანი და ფრთხილი ახალგაზრდა იყო. ამიტომ, სანამ შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობაში მივიდოდა, ასჯერ მაინც გააკეთა ცრუ მანევრი და როდესაც დარწმუნდა, „კუდი“ არ მიყვებოდა, „სუკის“ შენობაში შევიდა და მორიგე ოფიცერს უთხრა:
– სასწრაფო ინფორმაცია მაქვს კონტრდაზვერვისთვის და კომპეტენტური პირი გამოიძახეთო.
ათიოდე წუთის შემდეგ პავლე უკვე პოდპოლკოვნიკ ვანო ძაძამიას კაბინეტში იჯდა და გამოცდილ კონტრმზვერავს უყვებოდა:
– სტაჟირებას ოთარ გეწაძესთან გავდივარ. ის 32 წლისაა. სკოლაში ათი წელია, მუშაობს. ამ ექვსი თვის განმავლობაში, ნელ-ნელა შემპარავად მელაპარაკებოდა, მეძმაკაცებოდა. ძალიან დამიახლოვდა. ისე მოხდა, რომ კარტის თამაშში ჩამითრია. მის ნაცნობთან ხუთი ათასი მანეთი წავაგე. ფული ოთარმა მასესხა და მისი ვალი მაქვს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მან განგებ მოაწყო. ამაში გუშინწინ დავრწმუნდი. მან მითხრა, თუ გვერდში დამიდგები და დახმარებას გამიწევ, შენი ვალი გაბათილებული მექნება და ზემოდან კიდევ ხუთი ათასს გადაგიხდიო. მე ბიატლონისტი ვარ და მითხრა: კარგად ისვრი, ერთი გარეწარია მოსაშორებელი და უნდა დამეხმაროო. რომ ვკითხე, ვინ-მეთქი, მიპასუხა, – ერთი უცხოელიო. სწორედ ამიტომ მოვედი თქვენთან. მე მკვლელი არ ვარ და დამეხმარეთ.
ძაძამიამ გოგია დაამშვიდა. ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და ბოლოს უთხრა:
– გეწაძეს უთხარი, რომ მკვლელი არ ხარ. თუმცა, როგორც მეგობარს, შეეცდები, ყოველმხრივ დაეხმარო. ერთი სიტყვით, ეცადე, მაქსიმალური ინფორმაცია გამოსტყუო, მაგრამ ფრთხილად. თავი არ გაიშიფრო. ჩვენ მასზე თვალთვალს დავაწესებთ და საჭიროების შემთხვევაში, შენს საშველად მოვალთ. აბა, შენ იცი. სახლში ჩვენი თანამშრომელი წაგიყვანსო.
პავლე რომ გაისტუმრა, ძაძამია „სუკის“ თავმჯდომარეს, ალექსი ინაურს ეახლა და საიდუმლო ინფორმაცია გააცნო.
„ქვედანაყოფი L“
პავლე გოგიას ინფორმაცია „სუკისთვის“ იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას უდრიდა. იმ წლებში (მეოცე საუკუნის სამოცდაათიანებში) საქართველოში უცხოელებს არავინ ხოცავდა, მით უმეტეს, წინასწარგანზრახულად. უშიშროება საგონებელში ჩავარდა. ამოიღეს ყველა იმ უცხოელის სია, ვინც საქართველოში იმყოფებოდა. კონტრდაზვერვის სპეციალური ჯგუფი კი ოთარ გეწაძესა და მის საახლობლოს „დააჯდა კუდზე“ და მათზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დააწესა. ამასობაში, გეწაძემ პავლე გოგია სვანეთში წაიყვანა ჯიხვებზე სანადიროდ. სინამდვილეში, დარწმუნდა, რომ ახალგაზრდა ბიატლონისტი უზადო მსროლელი იყო და უთხრა:
– ტყვიას ტყვიაში აჯენ. სწორედ შენნაირი მსროლელი მჭირდება და თუკი დამეხმარები, ხუთის მაგივრად, ათი ათას მანეთს მოგცემ.
– გაურკვევლობა არ მიყვარს. უნდა დავრწმუნდე, რომ ნამდვილად ნაძირალას ვკლავ. წინააღმდეგ შემთხვევაში თანახმა არ ვარ, – უთხრა პავლემ გეწაძეს „სუკში“ ნასწავლი ფრაზა.
– ყველაფერს თავის დროზე გაიგებ. ნუ ღელავ. მართლა ნაძირალას უნდა ესროლო. მენდე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, – მიუგო გეწაძემ პავლეს.
ამასობაში, კონტრდაზვერვამ დაადგინა, რომ ოთარ გეწაძე, „ცეერუს“ ეგრეთ წოდებული, „ქვედანაყოფ L-ის“ თანამშრომელი იყო და ოთხი ხელქვეითი ჰყავდა, პავლეს გამოკლებით. ოთარი პოლონეთში გადაიბირა „ცეერუს“ აგენტმა პაულ კრებსმა მაშინ, როცა ის პოზნანში საერთაშორისო საჭიდაო შეჯიბრებაზე იმყოფებოდა. „ქვედანაყოფი L“ ერთგვარი ამერიკული „უცხოური ლეგიონი“ გახლდათ და ლიკვიდაციებით იყო დაკავებული. გეწაძესთან სამეკავშირეო ურთიერთობას ამყარებდა და დავალებებს აძლევდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელი – კიდ ხალი, რომელიც სინამდვილეში „ცეერუსთან“ თანამშრომლობდა. „სუკს“ კონტროპერაცია ჰქონდა ჩაფიქრებული და გეწაძესა და მის ჯგუფს ამიტომ არ აპატიმრებდა. თუმცა, უცხოელი „ობიექტის“ ვინაობა უშიშროებამ არ იცოდა და გაასმაგებული ყურადღებით ადევნებდნენ მათ თვალყურს, რომ საჭიროების შემთხვევაში, L-ის განეიტრალება მომხდარიყო.
გაუქმებული ტერაქტი
უცხოელის ვინაობა „სუკმა“ მაშინ შეიტყო, როცა ერთ დღეს გეწაძემ გოგიას უთხრა:
– მოემზადე. ორ კვირაში სროლა მოგიწევს. პიონერთა სასახლიდან ლენინის მოედანზეო.
როგორც კი ეს სიტყვები „სუკში“ შეიტყვეს, უშიშროებაში უკვე ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ „ცეერუ“ L-ის მეშვეობით, კუბის მეთაურის, ფიდელ კასტროს ლიკვიდაციას გეგმავდა. კასტრო საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა. ორ კვირაში თბილისს უნდა სწვეოდა და ლენინის მოედანზე სიტყვით გამოსულიყო. უშიშროებას შეეძლო, L აეყვანა და ტერაქტის პრევენცია ამგვარად მოეხდინა. თუმცა, იმის საშიშროება იყო, რომ „ცეერუს“ სათადარიგო ქვედანაყოფიც ჰყავდა. ამიტომ, კასტროს გამოსვლა გააუქმეს და ამგვარად გაანეიტრალეს ტერაქტი. ოფიციალურად კი გამოცხადდა, რომ კასტროს ანგინა ჰქონდა და ლაპარაკი არ შეეძლო. მეტი დამაჯერებლობისთვის, „ანგინიანი“ კასტრო ტელევიზორში აჩვენეს, რომელიც იღიმებოდა. ლაპარაკი არ შეეძლო და მხოლოდ ხელს იქნევდა, მისალმების ნიშნად.
საპასუხო ოპერაცია
უშიშროებამ გეწაძე და მისი ჯგუფი აიყვანა. ოფიციალურად კი ითქვა, რომ თითქოს ჯაშუშთა ჯგუფის დაპატიმრება ქურდის მეშვეობით განხორციელდა. თითქოს თბილისის ვაგზლის შემნახველი საკნიდან ქურდმა ჩემოდანი მოიპარა, რომელშიც გეწაძისთვის გადასაცემი ფული, ასაწყობი შაშხანა და მოქმედების ინსტრუქციები იყო. და რომ ამის მეშვეობით კი, გავიდნენ გეწაძეზე, რომელმაც თავისი ხელქვეითები გასცა. ვერ მოხერხდა მხოლოდ პავლე გოგიას დაკავება, რომელიც ბულგარეთში იმყოფებოდა „ცეერუს“ თანამშრომელთან შესახვედრად და სწორედ მან ურჩია, რომ უკან არ დაბრუნებულიყო, რადგან მისი თანამებრძოლები უშიშროებამ აიყვანა. პავლე, ამერიკელთა დახმარებით, ამერიკის შეეთრებულ შტატებში ჩავიდა და „ცეერუში“ დაიწყო მუშაობა, სინამდვილეში კი, ეს „სუკის“ მიერ ორგანიზებული აქცია გახლდათ.