№2 მოპარული ბედნიერება
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹1(888)
მაკო გააკვირვა მირიანის სახეზე აღბეჭდილმა გამომეტყველებამ. კაცი ისე იყურებოდა, თითქოს შეჭმას უპირებდა – გაავებული და გაბოროტებული.
– რა იყო, მშვიდობაა? – ჰკითხა შეშფოთებელმა.
– მშვიდობას ეღირსება კაცი თქვენს ხელში?! – გამოსცრა მირიანმა, ქალს ხელი სტაცა, ოთახში შეათრია და კარი ჩაკეტა.
– ხომ არ გაგიჟდი, რას აკეთებ? – მაკომ გულისწყრომა ვერ დამალა.
– მე რას ვაკეთებ? შენ, შენ რა გააკეთე? ნორმალური ხარ? ხომ გთხოვე, დამელოდე-მეთქი.
– მე? რას გულისხმობ? ვერაფერი გავიგე...
– ნათიას რატომ უთხარი ჩვენი ამბავი?
– ნათიამ ჩვენი ამბავი გაიგო? – მაკოს თვალები აუციმციმდა, – უჰ, ძალიანაც კარგი, გულზე მომეშვა. არ იყო დრო? ახლა ყველას გვეშველება. არც ის იცხოვრებს ტყუილში და აღარც ჩვენ დავიტანჯებით.
– შენ რატომ გადაწყვიტე ჩემ მაგივრად, სად უფრო ვიტანჯები – იმასთან თუ შენთან? – იყვირა კაცმა და სკამს გამეტებით ჰკრა ფეხი.
– გაგიჟდი? რა დღეში ხარ, რა უფლებით მიყვირი? ცოლმა თუ სკანდალი მოგიწყო და სახლიდან გამოგაგდო, მარტო მე არ ვარ ამაში დამნაშავე.
– ვიცი, ვიცი, რომ დიდი სისულელე ჩავიდინე, შენთან რომანის გაბმით. მაგრამ, რატომ გააგებინე-მეთქი ნათიას, სრულ ჭკუაზე ხარ? ამით რის მიღწევა გინდოდა, იცი, რომ წავიდა?
მაკო სულელი არ იყო და მიხვდა, – მისმა დაქალმა რაღაც ისეთი ჩაიდინა, რაც ნაღალატევი ცოლის სტანდარტული ქცევის კოდექსში არ ჯდებოდა. იმაშიც დარწმუნდა, რომ მირიანისთვის ნათია ჯერ კიდევ არ იყო „სულერთი“ და არასასურველი სიტუაციიდან თავი რომ დაეძვრინა, ტაქტიკა შეცვალა.
– მოდი, დავსხდეთ და მშვიდად დავილაპარაკოთ, – შესთავაზა მირიანს შერბილებული ტონით, – გინდა, ყავას მოგიდუღებ. ისეთს, შენ რომ გიყვარს?
– არ მინდა ყავა, საერთოდ არაფერი მინდა! სად უნდა წასულიყო. როგორ გაიგო, თუ შენ არ უთხარი?!
– გეფიცები, სიტყვა არ დამიძრავს, მარტო ნათიასთან კი არა, საერთოდ არავისთან მითქვამს, შენ რომ გხვდები. ასეთი სულელი გგონივარ? და რა იცი, რომ ჩვენი ამბის გამო წავიდა?
– თიკომ მითხრა. მანაც ყველაფერი იცის, – მირიანმა აღარ დააკონკრეტა, რა ეპითეტებით მოიხსენია შვილმა მამის საყვარელი, – ახლა რა უნდა ვქნა?
– უნდა დამშვიდდე. კონკრეტულ სიტუაციაში უკეთესს ვერაფერს გირჩევ. ნუ გეშინია, არ დაიკარგება, შორს არსად წავა. დაბრუნდება და ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ.
– რა? რისთვის უნდა ვიყოთ მზად?
ქალი მიუახლოვდა და მხარზე დაადო ხელი.
– შენი ცოლის ხასიათი ხომ იცი? მეეჭვება, გვაპატიოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ, რაც შეიძლება, ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ მძიმე სიტუაციიდან. ნამდვილად არ მინდა, შენმა ცოლმა თმით მითრიოს.
მირიანმა ქალს შეხედა.
– მე კი ის არ მინდა, მთელმა ქვეყანამ ჩემზე ილაპარაკოს, ცოლი გაექცაო. ვერც კი ხვდები, როგორ უარყოფითად აისახება ეს ჩემს იმიჯზე. მაგრამ, შენ ეს არ გაინტერესებს, იმიტომ რომ, სულელი და ეგოისტი ქალი ხარ.
მაკომ ხელები გაასავსავა და თვალები ცრემლებით აევსო.
– აი, თურმე, რას ფიქრობ ჩემზე. რა ნაძირალა ხარ... ახლავე წადი ჩემი სახლიდან, ახლავე...
– აუ, ახლა კიდევ შენს ისტერიკებს უნდა ვუყურო?
– არავინ გეხვეწება, მიყურეო! – უყვირა მაკომ, – წადი-მეთქი, წადი და ეძებე შენი საყვარელი ცოლი. გისურვებ, ვერასდროს იპოვო.
– ვიცოდი, ვიცოდი, ბოღმა რომ იყავი. კიდევ ეგოისტიც. თუ ნათიას შენ უთხარი, ვერ გადამირჩები.
***
შხაპი მიიღო და ტანსაცმელი გამოიცვალა. ისიც კი არ იცოდა, რა ედო სამგზავრო ჩანთაში – ის ხომ თიკომ ჩაულაგა. ხელთ ჯინსი და პულოვერი შერჩა. სხვა დროს, ალბათ, გული მოუვიდოდა შვილზე, მაგრამ ახლა სულერთი იყო. გადაწყვიტა, რესტორანში ჩასულიყო და ყავა დაელია, დრო რომ როგორმე გაეყვანა. დილით კი თბილისში დაბრუნებულიყო. ისედაც სისულელედ მიაჩნდა გადაწყვეტილება, რომელიც თიკომ მიაღებინა. „მოდი, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე, მომხდარზე არ ვიფიქრებ,“ – პირობა მისცა საკუთარ თავს და ამან ოდნავ გაახალისა. სარკეში თმა შეისწორა და ლიფტით ქვემოთ ჩავიდა. საკმაოდ ვრცელ, გემოვნებით მოწყობილ დარბაზში ხალხი ცოტა იყო. მშვიდი გარემო ესიამოვნა. ყველაზე განაპირას მდგარი მაგიდა ამოარჩია და იმას მიუჯდა. მენიუ გაშალა, ისევ დაკეცა... ჭამა არ უნდოდა. შიოდა, მაგრამ არ იცოდა, რა შეეკვეთა. ყავა მოითხოვა, თურქული, მაგარი და მწარე. ფიქრებზე „გამარჯვება“ ადვილი არ აღმოჩნდა. ხვდებოდა, საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას ვერ შეასრულებდა. მაკო და მირიანი... მირიანი და მაკო... ქმარი და დაქალი. ან ქმარი და ყოფილი დაქალი... შეიძლება, ყოფილი ქმარი და ყოფილი დაქალი. ჰო, ორივე ყოფილი. რა თქმა უნდა, პატიებაზე ზედმეტია ლაპარაკი, მაგრამ არც ის უნდოდა, „ყოფილებს“ ბედნიერად გაეგრძელებინათ ცხოვრება. თიკო რაღაცაში მართალია, არ ვაპირებ ქალბატონს ლანგარზე დადებული მივართვა ყველაფერი. ორივეს სამაგიეროს გადავუხდი. უნდა მიხვდნენ, რა შარში გაჰყვეს თავი, როცა ჩემი შეურაცხყოფა გადაწყვიტეს.
– შეიძლება, თქვენს მაგიდასთან დავჯდე? – ჩაესმა მამაკაცის მშვიდი, მელოდიური ხმა და გამოერკვა. შეხედვა და მაშინვე აღიარა, რომ უცნობი ძალიან სიმპათიური იყო.
***
მირიანმა მივლინება გადადო, სამინისტროში ჯერ არავინ არაფერი იცოდა. მიზეზად წლის ბოლო და მინისტრისთვის წარსადგენი ანგარიში დაასახელა, მაგრამ ხვდებოდა, ახალი ამბავი სინათლის სხივის სისწრაფით გავრცელდებოდა და მის რეპუტაციას ბოლოს მოუღებდა. რეპუტაციაც რომ არ ყოფილიყო საფრთხის ქვეშ, მის კაცურ თავმოყვარეობაზე საშინლად მოქმედებდა ის, რომ ცოლმა მიატოვა. ჰო, აი, ასე – ადგა და წავიდა. მირიანს არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე – რა უფრო უკეთესი იქნებოდა მისთვის: ნათიას საშინელი ისტერიკა აეტეხა, თავზე დაემხო ყველაფერი, მაკო თმით ეთრია, თუ ამ გაურკვევლობაში დაეტოვებინა მოღალატე ქმარი. საკუთარმა უმწეობამ თუ, უბრალოდ, ღირსების შემლახველმა განცდამ (ის ამას ასე აღიქვამდა) გააღიზიანა. ბართან მივიდა, ბროლის ჭიქაში ცოტა ვისკი დაისხა და მოსვა. ცოლი სასწრაფოდ უნდა ეპოვა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ეტყოდა, მაგრამ მაინც უნდა ეპოვა. რამდენიმე ყლუპი ვისკი კიდევ მოსვა და შვილს დაურეკა. დარწმუნებული იყო, რომ თიკომ იცოდა დედის ადგილსამყოფელი. ზარი დიდხანს გადიოდა, ბოლოს უპასუხეს.
– რა გინდა, მამა? ხომ იცი, რომ არ მცალია.
– თიკო, მომისმინე. დიდ დროს არ წაგართმევ. მარტო ის მითხარი, დედაშენი სად არის და როგორ დავუკავშირდე.
– არ ვიცი და რომც ვიცოდე, მაინც არ გეტყვი.
– თიკო, მამაშენი ვარ...
– ვიცი, მით უარესი შენთვის, – გოგომ ტელეფონი გათიშა.
– ოჰ, ეს ქალები... ყველა ერთნაირი როგორაა, გინდა შვილი იყოს, გინდ ცოლი და გინდ საყვარელი. რამდენჯერმე სცადა ცოლთან დაკავშირება... იცოდა, ტყუილად ირჯებოდა, მაგრამ მეტი არაფერი შეეძლო. ერთბაშად რაღაც აზრმა გაუელვა – იქნებ, ნათია არსად წასულა და მე რომ გავემწარებინე, რომელიმე დაქალთან ან, სულაც, თავისთან, ოფისში დარჩა. თვალის ასახვევად კი, ჩემოდანი გაიყოლაო. იმედმოცემულმა შიდა ტელეფონი აიღო და მდივანს სთხოვა, მძღოლი გამოეძახებინა.
– გისმენ, ამირანოვიჩ, დილით რომ არ დამირეკეთ, ვიფიქრე, გააემგზავრა-მეთქი. გასაღებების თითზე ტრიალით შემოვიდა კაბინეტში ახალგაზრდა ბიჭი.
– გივიკო, მომისმინე. ჩემი ცოლის კომპანიის ოფისი ხომ იცი?! მინდა, წახვიდე და აი, ეს მიუტანო, – მირიანმა კონვერტი გაუწოდა. ჰო, როცა გადასცემ, მაშინვე დამირეკე.
– დავბრუნდები, ბატონო მირიან.
– ვიცი, რომ დაბრუნდები, მაგრამ დაბრუნებამდე დამირეკე. გაიგე, რა გითხარი?
– გავიგე, ბატონო მირიან.
– მოკლედ, ნათიას ნახავ თუ არა, მირეკავ, გაიგე?
– გავიგე, ბატონო მირიან...
კაბინეტიდან გამოსულმა მძღოლმა მდივანი ქალის მაგიდაზე მდგარი ლარნაკიდან ერთი ცალი კანფეტი აიღო და ხმადაბლა იკითხა:
– ხომ არ იცი, დღეს მირიანს რა სჭირს. მივლინებაში არ წავიდა, რაღაცნაირად დაბნეულია და აფორიაქებული...
ქალმა მხრები აიჩეჩა.
– რა გითხრა. როდის იყო, რჩევას მეკითხებოდა ან თავის დარდებს მიზიარებდა.
– თავის ცოლთან მგზავნის.
– წადი, მერე... – იყო ისევ გულგრილი პასუხი.
– შენ რა უცნაური ვინმე ხარ... საერთოდ არაფერი გაღელვებს.
– მაღელვებს, ოღონდ ის არა, რაც შენ. წადი, ბატონმა ამირანმა შეიძლება, გიკითხოს და ისევ აქ რომ ხარ, გაბრაზდება. საერთოდ კი, ჩემი საქმე არ არის, როგორ გუნებაზე იქნება ადამიანი, რომელიც კაბინეტში ზის. მე მხოლოდ მისი მითითებების შესრულება მევალება.
– ხომ ვთქვი, რომ უცნაური ვინმე ხარ, – გაეცინა მძღოლს და ოთახიდან გავიდა.
ზუსტად ორმოცი წუთის შემდეგ მირიანის მობილურმა დარეკა.
– ბატონო მირიან, გივი ვარ. იცით, თქვენი მეუღლე ოფისში არ არის, არც მისულა და არ იციან, სად არის. მისმა მენეჯერმა მითხრა, დილიდან ვურეკავთ, მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვსო.
მირიანი ელოდა ასეთ პასუხს, მაგრამ მაინც შეშფოთდა. მძღოლს უთხრა, შეგიძლია, ეგ კონვერტი გადააგდო და სახლში წახვიდე, დღეს აღარ დამჭირდებიო და მობილურზე კიდევ ერთხელ აკრიფა ცოლის ნომერი.
***
ქალი ნელა ეწეოდა სიგარეტს და თვალს არ აცილებდა მის წინ მჯდომ მამაკაცს. არაფერზე უნდოდა ფიქრი. უცნაური სიმშვიდე დაეუფლა და მოუნდა, ამ მომენტით დამტკბარიყო. მამაკაცი ძალიან თავაზიანად უსხამდა ღვინოს. დახვეწილი მანერები ჰქონდა და სიყვარულით სავსე გამოხედვა. ქალის ლექსიკური მარაგი ინგლისურში სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ერთმანეთისთვის გაეგოთ.
– იშვიათად მინახავს ასეთი მშვენიერი ქალბატონი მარტო... მოგზაურობთ?
ნათიამ ოდნავ გაიღიმა.
– რომ გითხრათ, აქ მარტოობისთვის ჩამოვედი-მეთქი?
– მაშინ მომიტევეთ, რომ ვერ მოგცემთ ამის საშუალებას. ისეთი სასიამოვნოა თქვენს საზოგადოებაში ყოფნა, ვერ შეგელევით. კიდევ ერთ ჭიქა ღვინოს ხომ არ მიირთმევთ, მერე კი გავისეირნოთ.
– არასდროს მისეირნია მამაკაცთან, რომლის სახელიც კი არ ვიცი.
– მკითხეთ და გეტყვით, თუ მხოლოდ ეს არის პრობლემა.
– მე არ მითქვამს, რომ პრობლემაა, – ნათია ჩაფიქრებული აშტერდებოდა თავის თლილ, მოვლილ თითებს. ხელებს ყოველთვის გულდასმით უვლიდა. ცოტათი ამაყობდა კიდეც, თითქოს სანთლისგან ჩამოქნილი, მოხდენილი თითებით. მირიანს არასდროს შეუმჩნევია ისინი.
– ძალიან ლამაზი ხელები გაქვთ, პირველივე დანახვისას მიიპყრო ჩემი ყურადღება და თავს ბედნიერად ჩავთვლი, თუ მათი შეხების უფლება მომეცემა...
ნათია არ განძრეულა, როცა კაცმა მისი ხელი ფრთხილად აიღო და ტუჩებთან მიიტანა. ცხელმა სუნთქვამ თითები დაუწვა. სითბომ მთელ სხეულში ტალღებად დაუარა. უფიქრია თუ არა, რომ ქმრის ღალატი შეეძლო? რა თქმა უნდა, უფიქრია. ამაზე ერთხელ მაინც ყველა ქალს აქვს ნაფიქრი. პასუხიც თითქოს გარკვეული იყო, მაგრამ...
...გულაღმა იწვა და ჭერს მიშტერებული თანაბრად სუნთქავდა, მისი ერთი ხელი ისევ კაცს ჰქონდა ჩაბღუჯული, თითქოს ეშინოდა, მძინარე სადმე გაექცეოდა. სინდისი საერთოდ არ აწუხებდა. უკვირდა და თითქოს უხაროდა კიდეც. მას შემდეგ, რაც ქმრის ღალატის შესახებ გაიგო, თითქოს რაღაც ვალდებულებისგან გათავისუფლდა. რატომაც არა, თუკი მას ჰქონდა უფლება, ჩვენს ქორწინებას ასე მოქცეოდა, მეც უკვე შემიძლია, გამოვიყენო მისი საქციელით მონიჭებული უფლება. ღმერთი იყო მოწმე – არაფერი დაუგეგმავს. ღალატიც არ უნდოდა, მაგრამ მომხდარს არ ნანობდა. თუმცა, ერთს ნათლად აცნობიერებდა – ცხოვრება ისეთი ვეღარასდროს იქნებოდა, როგორიც აქამდე იყო – მირიანის ღალატამდე და ამ უცხო კაცთან შეხვედრამდე. შეიძლებოდა, გართულებულიყო ან, პირიქით, გამარტივებულიყო. დარდს აღარ აპირებდა. არც ნერვიულობას. გადაწყვიტა, რეალობასთან ჰარმონიაში გაეგრძელებინა ცხოვრება.
– გაგაღვიძე? ვცდილობდია, შენი სიმშვიდე არ დამერღვია. გული მწყდება, რომ გათენდა. ახლა, ალბათ, წახვალ და ვეღარ გნახავ. არც იმას მეტყვი, რა გქვია.
– სახელს არ გეტყვი, მაგრამ რამდენიმე დღე დავრჩები. ყველაფერი გააკეთე, რომ ეს დღეები დაუვიწყარი აღმოჩნდეს ორივესთვის, თითქოს მისი პირით ვიღაც სხვა ქალი საუბრობდა და ეს ქალი ყოველთვის ცხოვრობდა მასში, მაგრამ აქამდე ჩუმად იყო, არაფერზე აცხადებდა პრეტენზიას. ერთხელ აგრძნობინეს თავისუფლება, ერთხელ იგრძნო – ახლა კი ჩემი დროაო და ახლა არაფრის დიდებით დაიხევდა უკან, აღარ ჩაძვრებოდა იმ ნაჭუჭში, სადაც ჩაკეტილი ჰყავდათ...
როცა სტამბოლის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებულები სეირნობდნენ, თავს შეყვარებულ გოგოდ გრძნობდა. ხვდებოდა, რომ ეს სიყვარული არ იყო, მაგრამ ბედნიერების განცდა დაეუფლა და ბოლომდე მიეცა მას.
***
დილით, უთენია სახლში დაბრუნებულ თიკოს, მამა სავარძელში მძინარე დახვდა. ამსიმაღლე კაცი ბავშვივით მოკუნტულიყო. ეგრევე, ტანსაცმლიანს ეძინა. ფეხსაცმელიც კი არ გაეხადა. გოგომ სიბრალული იგრძნო მის მიმართ. მოწნული კალათიდან პლედი აიღო და მიაფარა. მირიანმა თვალები გაახილა.
– თიკო, შენ ხარ? მე კი მეგონა, მეგონა, რომ...
– რომ ნათია დაბრუნდა? ეჰ, მამა... შენ მას ისე აწყენინე, მეეჭვება, გული ასე ადვილად მოუბრუნდეს.
– გავიგე, რომ ცუდად მოვიქეცი, ვაღიარებ, მაგრამ, სად წავიდა, დამლაპარაკებოდა. რომელი ნორმალური ქალი იქცევა ისე, როგორც დედაშენი მოიქცა. არ მჯერა, რომ შენ მაინც არ გირეკავს. უთხარი, რომ გაბრაზებული ვარ, მაგრამ თუ დაბრუნდება, ვაპატიებ.
თიკომ გაოცებით შეხედა მირიანს და გაეცინა.
– როგორი არაადეკვატური ხარ. შენ ხარ გაბრაზებული, იმის მაგივრად, რომ სინდისი გაწუხებდეს? არაფრის თქმას არ ვაპირებ ნათიასთვის და არც ის ვიცი, როდის დაბრუნდება. ჩემთვის მთავარია, თავს კარგად გრძნობდეს და ის ტკივილი როგორმე გაუნელდეს, შენ რომ მიაყენე.
– ესე იგი, შენთვის სულერთი ვარ. მამაშენი შენთვის არაფერს წარმოადგენს. იქნებ, ფიქრობ, ჩემთვის ადვილია?!
– შენზე საერთოდ არ ვფიქრობ, იმიტომ რომ, ბევრი რომ ვიფიქრო, შეიძლება, ხმა საერთოდ არ გაგცე... – შეუბრალებლად მიახალა თიკომ და თავის ოთახში გავიდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში