№2 საშინელი მკვლელი
არტურ კონან დოილი
ჰოლმსმა რომ ამ უცნაურ საქმეს ხელი მოჰკიდა, უოტსონი სკეპტიკურად განეწყო. ძველ, არისტოკრატიულ ოჯახში, ორი წლის განმავლობაში, სამი ადამიანი გარდაიცვალა გულის შეტევით – მამა, დედა და ოცდაათი წლის ვაჟიშვილი. ჰოლმსს ეს ყველაფერი ინსპექტორმა ლესტრეიდმა უამბო, რომელიც დააეჭვა მოვლენათა უცნაურმა ჯაჭვმა, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა.
– იმ სახლში ახლა ძალიან ლამაზი ქალიშვილი დარჩა, მამის ძმასთან ერთად, რომელიც ხუთი წლის წინ კუბიდან დაბრუნდა. ძალიან არ მომწონს, ჰოლმს, ეს კაცი. გოგონა კი ისეთი შეშინებულია, ყველაფრის გაყიდვასა და იმ ადგილიდან გადახვეწას აპირებს. მეშინია, რომ რაღაც დაემართება – სუსტი გული მასაც ერგო მემკვიდრეობით დედისგან... იქნებ ჩავსულიყავით დეპტფორდში და დაგეთვალიარებინათ სახლი. ამ ადამიანებსაც გაესაუბრებოდით.
– ლესტრეიდ, ამხელა გზაზე მხოლოდ შენი ეჭვების გამო უნდა ვიაროთ? სასტუმრო მაინც თუ ვარგა იმ დეპტფორდში?
ლესტრეიდს სახე გაუნათდა.
– რამეს ვიპოვით, ჰოლმს, აუცილებლად ვიპოვით.
ჰოლმსმა ჩიბუხს მოუკიდა.
– ლესტრეიდ, შენ თქვი, სუსტი გული დედისგან გამოჰყვა მემკვიდრეობითო. მამა რით გარდაიცვალა?
– სერ უილსონს სმა უყვარდა. აქ, ახლოს ჭაობებია და ერთ ნისლიან ღამეს ჭაობში იპოვეს თავგაჩეხილი.
– იქნებ ვინმემ მოკლა?
– ეჭვი არავიზე მიუტანიათ, თუმცა, არ ვიცი...
– კარგი, ლესტრეიდ. დამაინტერესე. წავიდეთ სადგურში. იმ უილსონს რა ჰქვია, კუბაში რომ ცხოვრობდა დიდი ხნის განმავლობაში?
– ტიბოლდი. ცოტათი უცნაური კაცია, მე ვერაფერი გავუგე. ერთი შეხედვით, ჯენეტი უყვარს, ზრუნავს მასზე და არ უნდა, რომ სადმე გაემგზავროს, ნერვიულობს.
– კარგი, ვნახოთ, ერთი, რა ხდება დეპტფორდში.
სახლი მდიდრული იყო, თუმცა ცოტათი პირქუში. ტიბოლდ უილსონი გაახარა ჰოლმსის დანახვამ.
– რამხელა პატივია, მისტერ ჰოლმს. თქვენ ნამდვილად დაარწმუნებთ ჩემს საბრალო ჯენეტს, რომ აქ საფრთხე არ ემუქრება. ბოლო დროს აიხირა, რომ რაღაც არააამქვეყნიური ხმები ესმის. ფსიქიკა აქვს შერყეული და არც მიკვირს. მოკლე ხანში იმდენი საყვარელი ადამიანი დაკარგვა.
– შეიძლება, სახლი დავათვალიერო და ჯენეტსაც გავესაუბრო?
– დიახ, რა თქმა უნდა.
– ჰოლმსი დიდხანს და შუბლშეკრული ათვალიერებდა სახლის თითოეულ კუნჭულს. აიხედა ჭერზე, დაყნოსა კედლები, სარდაფშიც ჩავიდა...
– მისტერ ტიბოლდ, კანარის ჩიტები თქვენი გატაცებაა?
– დიახ, მისტერ ჰოლმს. მე მიყვარს, როცა მათ ხმების იმიტაციას ვასწავლი. ძალიან ნიჭიერები არიან.
– მართლა? რა საინტერესოა! ახლა კი ჯენეტს დაველაპარაკები.
მის ჯენეტ უილსონი სიფრიფანა, კეთილშობილური ნაკვთების მქონე, დახვეწილი ქალიშვილი, ჰოლმსის მიმართ ნდობით განეწყო.
– მკითხეთ, მისტერ ჰოლმს, რა გაინტერესებთ?
– სარდაფში ვიყავი. იქ ორი კარია, რომლიდანაც ერთი არ იღება. რატომ?
– გასაღები დაიკარგა, მისტერ ჰოლმს. პატარა ოთახია, მაინც არაფერში ვიყენებდით.
– თაგვები გეყოლებათ ბევრი, აქ ისეთი ადგილებია.
– იცით, გვყავდა, მაგრამ, რაც ბიძია ჩამოვიდა და რაღაც წამალი გამოიყენა, აღარ შევუწუხებივართ.
– მის ჯენეტ, რა უცნაური გათბობის სისტემა გაქვთ – მილები ყველა ოთახში ერთმანეთთან კავშირშია.
– მხოლოდ მთავარ ოთახში და ორ საძინებელში, მისტერ ჰოლმს. ბიძაჩემის ოთახში, მაგალითად, საერთოდ არ არის მილები და იქ ბუხარია.
– აჰა, საინტერესოა? თავიდანვე იყო ბუხარი თუ მერე გააკეთეთ.
– ბიძაჩემმა გააკეთებინა, როცა ჩამოვიდა. თქვა, რომ ბუხარში ანთებული ცეცხლი უფრო ამშვიდებს.
– მის ჯენეტ, იმ ხმებზე რას იტყვით, რომელიც გესმით? რას გაგონებთ?
– ო, მისტერ ჰოლმს, თმა ყალყზე მიდგება, როცა ეგ ხმები მესმის. არაამქვეყნიური გოდებაა, გული მიჩერდება...
– მე მოვრჩი. ლესტრეიდ, მისტერ ტიბოლდ, საეჭვო ვერაფერი ვნახე. მის ჯენეტ, სახლი უსაფრთხოა, რატომ გსურთ მისი დატოვება? აქ ცუდი არაფერი გელით.
– არა, მისტერ ჰოლმს, ვერ გავჩერდები. ეს ჩემი ბოლო ღამეა ამ სახლში. ხვალ მას გასაყიდად გაიტანენ, მე კი შორს ვიქნები.
– ესე იგი, შენი ბოლო ღამეა ამ სახლში? – ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა ტიბოლდმა და უცებ გამოერკვა, – დიდი მადლობა, მისტერ ჰოლმს, შეგაწუხეთ...
უოტსონი უკმაყოფილო იყო. ჰოლმსი თავისთვის ლაპარაკობდა და გეგმებს ადგენდა. ლესტრეიდი კი ჩუმად ადევნებდა თვალს.
– იტყვით, რა ხდება თუ ტყუილად ჩამოვედით?
– საშინელება ხდება, უოტსონ, ტყუილად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ. ამაღამ მის ჯენეტის მოკვლას შეეცდებიან. ჩვენ ღამით დავბრუნდებით მასთან და შევეცდებით, დავიცვათ. იარაღის წამოღება არ გაწყენთ. ის კაცი, ტიბოლდი, საშინელი ვინმეა. მხოლოდ მის ტვინში შეიძლებოდა, გაჩენილიყო ასეთი საზიზღარი გეგმა.
– რა ხდება, ჰოლმს, ორი სიტყვით მაინც გვითხართ...
– კანარის ჩიტები... ყურადღება მიაქციეთ მათ?
– ჩვეულებრივი კანარის ჩიტებია, არა?
– არა. ეს სახეობა მხოლოდ მადეირაზე ბინადრობს და განსაკუთრებულ, არაამქვეყნიურ ხმებს გამოსცემს, რომელიც აფრთხობს ადამიანებს, მაგრამ იზიდავს საშინელ არსებას – სამხრეთ ამერიკულ ტარანტულს. სწორედ ამ ტარანტულის საშუალებით კლავს თავის ნათესავებს ჩვენი ტიბოლდი. მილების სისტემა მას იმის საშუალებას აძლევს, ტარანტული თავისუფლად გადაადგილდეს. ურჩხული, ალბათ, იმ ჩაკეტილ ოთახში ჰყავს. ჩიტებს ამღერებს და ურჩხულიც გარეთ გამოდის. დღეს, ღამე ტარანტული მის ჯენეტს ესტუმრება. ერთი გალია ჩიტით მასთანაც შევნიშნე. კიდევ ვნახე ტარანტულის ფეხების კვალი კედელზე, ჭერთან. როცა მილში გამოდის, მისი საცეცები ჭვარტლით ისვრება. ამ ტარანტულის ადამიანის კანთან შეხება მყისიერ სიკვდილს იწვევს. სიმპტომები ძალიან ჰგავს გულის შეტევას. თქვენ ვერც შენიშნეთ, რომ ჩიტის გალია მის ჯენეტის საწოლთან ძალიან ახლოს იდგა. ლესტრეიდ, გააფრთხილეთ ახალგაზრდა ლედი, რომ ფანჯარა გაგვიღოს.
ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ჰოლმსმა ივარაუდა. გამთენიისას ჩიტმა გულის მომკვლელი სტვენა დაიწყო და ცოტა ხანში, მილებში რაღაც აშრიალდა. ტარანტულის მარტო დანახვაც სისხლს გაუყინავდა ჯანმრთელ ადამიანსაც კი. უზარმაზარი მცოცავი არსება თავდასხმისთვის მზად იყო და როცა ჰოლმსმა რამდენიმე ტყვია დაახალა, კიდევ აგრძელებდა თავისი სლიკინა, საზიზღარი საცეცების მოძრაობას. გასროლასთან ერთად, კიბეზე ვიღაცის ჩქარი ნაბიჯების ხმაც გაიგონეს. ტიბოლდი მიხვდა, რომ გამოააშკარავეს. ამიტომაც, თავის შველას გაქცევით შეეცადა. მაგრამ, იმ დილით ძალიან სქელი ნისლი იყო. ჭაობმა კი დანდობა არ იცის. პოლიციელებმა გარკვევით გაიგონეს სხეულის წყალში ჩავარდნის ხმა. მის ძებნას აზრი არ ჰქონდა. ტიბოლდმა სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა დეპტფორდის ჭაობებში. მის ჯენეტმა სახლი მაინც გაყიდა და ლონდონში ერთ წარმატებულ იურისტზე დაქორწინდა. ის სიცოცხლის ბოლომდე ვერ იტანდა კანარის ჩიტებს.