№2 რა მდგომარეობაში აგდებს ადამიანს ცოდვები და მრისხანებს თუ არა უფალი ქრისტიანებზე მათი არასწორი ქცევის გამო
იოანე ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დამკვიდრდა. ნეტარი თეოდორატის მოწმობით კი, ახლად ნათელღები სულებისთვის წმიდანთა სახელების დარქმევა, საყოველთაო წესად მეოთხე საუკუნიდან იქცა. ამ საკითხის და ასევე, იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ადამიანის ცხოვრებაში ვნებები და გამოსცდის თუ არა ღმერთი მას, გვესაუბრება ნარიყალას წმიდაა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი)
– ქრისტიანებმა კარგად უწყოდნენ წმიდანთა ღვაწლი უფლის წინაშე, მათი ღვთისნიერი საქმეები, უყვარდათ ისინი და თავიანთი შვილებისთვის მათი სახელის დარქმევა დიდ პატივად მიაჩნდათ. თუმცა, თეოფანე დაყუდებული ჩიოდა, სახელებს ჩვენში არაღვთიურად არჩევენო. სახელისადმი, როგორც პიროვნების გამოხატულებისადმი, დამოკიდებულება ახასიათებდათ პირველ ქრისტიანებს. მშობლები შვილებს სახელებს თავად ურჩევდნენ, მაგრამ, ზოგჯერ მათ უფალი არქმევდა. მაგალითად, ძველ აღთქმაში თავად უფალმა დაარქვა სახელი ისააკს, ახალ აღთქმაში – იოანე ნათლისმცემელს და კიდევ სხვას. ასე, რომ, წმიდა წერილი ადასტურებს შვილებისთვის სახელის დარქმევისას მშობლების ნებას. იმავდროულად, ამ საქმეში უფლის მონაწილეობასაც ვხედავთ. ანუ სახელის არჩევისას ხდება ერთგვარი თანამშრომლობა უზენაესსა და ადამიანებს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, ერთადერთ მიზანს ისახავს – ადამიანების ღმერთთან დაახლოებას. ქრისტიანული ცხოვრების დადგომის შემდეგ, მშობლები ახალშობილს უკვე წმიდანის სახელს არქმევდნენ და ეს სახელი იქცეოდა ახალ მეგზურად, რომელიც ადამიანს აკავშირებდა ჭეშმარიტ ღმერთთან – ქრისტესთან, მისი წმიდა სათნომყოფელობის მეშვეობით. ვინაიდან, როგორც წმიდა იოანე კრონშტადტელი ამბობს: „ღმერთი დავანებულია წმიდანებში და თავად მათს სახელებში“. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ტრადიციის მიხედვით, მშობლები შვილებისთვის ნათლიად ფინანსურად შეძლებულ პიროვნებას ირჩევენ. ხშირ შემთხვევაში, გვავიწყდება, რომ ნათლია უნდა შეირჩეს სულიერი ღირსებებისა და არა ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს რეალობაში ნათლიის ინსტიტუტი არ არსებობს. არადა, ნათლიამ ნათლულის სულიერ აღზრდაში დიდი როლი უნდა შეასრულოს. ნათლია სარწმუნოების დოგმატებში კარგად უნდა იყოს განსწავლული, ხშირი აღმსარებელ-მაზიარებელი უნდა იყოს, ზეპირად უნდა იცოდეს მართლმადიდებელი სარწმუნოების სიმბოლო – „მრწამსი“ და ცხოვრობდეს ქრისტიანული წესებით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვს მას უფლება, იწოდოს სხვა ადამიანის ნათლიად, მიმრქმელად. უფლის წინაშე ნათლიებად დადგენილები განკითხვის დღეს პასუხს აგებენ იმის მიხედვით, თუ როგორ შეასრულეს თავიანთი მოვალეობანი. დიდი სჯულის კანონის მიხედვით, ადამიანს მხოლოდ ერთი ნათლია უნდა ჰყავდეს, სასურველია, მამაკაცს – კაცი ნათლია, ხოლო დედაკაცს – ქალი. ასევე, განსაზღვრულია ნათლიის ასაკი – ის აუცილებლად 12 წლის ზემოთ უნდა იყოს.
– მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა ვნებასთან ბრძოლა გვიწევს, რაც, თავის მხრივ, ბევრ ცოდვას წარმოშობს და მათთან განშორება ნელ-ნელა კიდევ უფრო რთული ხდება.
– ბევრი ვნებაა დამალული ჩვენს სულებში, მაგრამ ეს გამოვლინდება მხოლოდ მაშინ, როცა საამისო პირობები ჩნდება. ღირს იოანე კასიანე რომაელის, ნილოს სინელის, ეფრემ ასურის, იოანე კიბისაღმწერელისა და გრიგოლ პალამას თანახმად, ადამიანის სულის ყველა ცოდვითი განწყობა მომდინარეობს რვა მთავარი ვნებისგან. ესენია: ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, მწუხარება (მოწყინება), სასოწარკვეთილება, ამპარტავნება, სიამაყე. ვნების საშიშროება მარტო ის კი არ არის, რომ ის შევიდა ადამიანის სულში, არამედ ისიც, რომ შემდეგ ის ბატონობს ადამიანზე ჩვევებით, მოგონებებით, ამა თუ იმ ცოდვით, გაუთვითცნობიერებელი გატაცებით. ყველა ვნება ერთნაირად ვერ ფლობს ადამიანს, ხორციელ ვნებათა ეშმაკები უფრო მალე ტოვებენ მას, რადგან, გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანი ბერდება და მისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მცირდება. სულიერ ვნებათა ეშმაკები კი „სიკვდილამდე მტკიცედ დგანან და აფორიაქებენ სულს“.
– როგორც ცნობილია, ქრისტიანობის არსი ადამიანის სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვაა.
– ღმერთი სახიერი, უვნებო და უცვალებელია, ის არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია. უაზრობაა, ვიფიქროთ იმაზე, რომ ღმერთი ადამიანების საქმეების გამო კარგად გრძნობს თავს, ან ცუდად. ჩვენ კი, როცა სახიერნი ვართ, ღმერთს ვეზიარებით მასთან მსგავსების გამო, მაგრამ, როცა ვბოროტდებით, ვშორდებით მას, იმიტომ რომ, განვსხვავდებით მისგან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი მრისხანებს ჩვენზე, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები გვაგდებს ამ მდგომარეობაში და მტანჯველ დემონებთან გვაკავშირებს. თუ შემდეგ ლოცვა-ვედრებითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა შენდობას მოვიპოვებთ, იმას კი ნუ დავასკვნით, ღმერთს გული მოვულბეთ ან შევცვალეთო. უბრალოდ, ამგვარი მოქმედებითა და ღვთისკენ მოქცევით, ვკურნავთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ისევ გვეძლევა იმის უნარი, ვიგემოთ ღვთის სახიერება.
– ღმერთი არ გამოსცდის ადამიანებს?
– ნურავინ იტყვის, რომ ის უფლისგან გამოიცდება, განიცდება, რამეთუ ღმერთი ბოროტებისგან შორს არის, გამოუცდელია და ის არავის განსცდის. ერთი რამ კი ნებისმიერ დროს უნდა გვახსოვდეს: სულში დაბუდებული ვნებებისგან ვერ გვიხსნის ვერც ვარდისფერი სათვალე და ვერც „სიბრძნე“ სირაქლემასი, გარდაუვალი საფრთხის მოახლოებისას თავს ქვიშაში რომ რგავს. მხოლოდ საკუთარი თავისადმი, საკუთარი ძალებისადმი გაბედული და პატიოსანი მზერის მიპყრობა და საშინელი სულიერი სიღატაკის შეგრძნება დაგვანახვებს, ჭეშმარიტ ხსნასა და ჭეშმარიტ მაცხოვარს – ქრისტეს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი საუკუნო ცხოვრების სიკეთე. სწორი ქრისტიანული ცხოვრების შედეგად, ადამიანები ყოველთვის იცვლებიან. მათ, ვინც განიწმიდებიან ვნებებისგან და თავმდაბლობას მოიპოვებენ, „სულიწმიდა მიიღეს“. დღეს ადამიანები ძალიან დასნეულებულნი არიან და, სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. უცნაური სიბრმავე, რაც ჩვენშია, ეს საკუთარი სნეულების ვერდანახვაა. არადა, ყველაზე საშიში სწორედ ეს არის. იმიტომ რომ, როცა ადამიანი ამჩნევს თავის სნეულებას, მკურნალობს, მაგრამ მაშინ, როცა ის ვერ ხედავს თავის სნეულებას, არ მკურნალობს და, შესაბამისად, ის უკვე მძიმე დაავადებად გადაიქცევა. მაგრამ, თუ სწორად იცხოვრებს, შეუდგება ქრისტიანულ ცხოვრებას, ის აუცილებლად შეიცვლება, განიკურნება და მას მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება დაეხმარება.