№2 ჭეშმარიტი რწმენა
სინანულის შესახებ
„... მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ (მთ. 4,17).
ისმინე, ცოდვილო ადამიანო, ხმა ღვთისა. აღასრულე ზეციური მამის სურვილი, რომელსაც შენი გადარჩენა სწყურია. შეხედე ქრისტეს ჯვარცმასა და მის სისხლს, რომელიც შენთვის დაიღვარა. შენთვის არის გაღებული უდიდესი მსხვერპლი – სისხლი ქრისტესი, რომელიც მთელ სამყაროს არყევს. შეინანე, სანამ დრო გაქვს! მიიქეც უფლისკენ, სანამ გღებულობს ის! სისხლი ქრისტესი მოგიხმობს შენ და ზეცათა მეუფე გელოდება! ანგელოზები მზად არიან, იდღესასწაულონ შენი სინანული და ღვთისკენ მოქცევა, მართალნი, ცხონებულნი ხარობენ შენს სულიერ გამრთელებას.
გარდაუვალია სიკვდილი, რომლის მიღმა დაუსრულებელობა და მარადიულობაა. გვეშინია ქრისტეს სამსჯავროსი, გეენა გვაძრწუნებს, სასუფეველი გვამხნევებს. უდიადესი რამ არის ხსნა, რომლისთვისაც დაღვარა ძემ ღვთისამ თავისი სისხლი. ეს არის უმთავრესი და აუცილებელი. იგი უნდა ეძიო უფრო მეტად, ვიდრე საჭმელ-სასმელი ან ტანსაცმელი. სიკვდილის შემდეგ ამ უმთავრესს ვერ ჰპოვებ. თუმცა კი ცრემლითა და მოთქმით მოიძიებ. სიკვდილის შემდეგ უკვე გვიან იქნება.
სხეული ითხოვს ჭამას და სმას, ამიტომაც კვებავ და არწყულებ მას. სულს სურს სიხარული და მშვიდობა – მაგრამ ამაზე როდი ზრუნავ. როცა გაგძარცვავენ, ნაძარცვის პოვნასა და უკან დაბრუნებას ცდილობ. მაგრამ, როცა სატანა სულის მთელ სიმდიდრეს გტაცებს, დაუდევრად ხარ მის მიმართ. ჰოი, უბედურო, ცოდვილებო, რა გვძინავს? სატანა ჩვენს ფასდაუდებელ საუნჯეს გვპარავს – ხსნას მარადიულს, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ თავისი სისხლით დაგვიმკვიდრა. ღვთის ხმა აზანზარებს ჩვენს სინდისს და მოგვიწოდებს: აღდეგ, მძინარევ და აღმართე მკვდართაგან (სულიერად)!
დროა გაღვიძებისა, სანამ გარდავცვლილვართ. სანამ გვიხმობს და გვიღებს უფალი მონანულთ, რადგან მოაწევს დრო, როცა კი არ მოუხმობს, არამედ გაასამართლებს ცოდვილებს. ამინ!
ყოველი ნივთი თავის ადგილას უნდა იყოს
თუ დავაკვირდებით, ნათლად დავინახავთ, რომ ყოველი ნივთი თავის შესატყვის ადგილას ჰპოვებს – წესრიგსა და სიმშვიდეს. ჰაერი თავისი ჰაერობით მყოფობს, მიწიერი მიწისკენ მიისწრაფის, თევზი წყალში ჰგიებს მოსვენებას. მდინარეები ზღვისკენ მიემართებიან, ცეცხლი სიმაღლისკენ იტოტება. ერთი სიტყვით, ყოველი ქმნილება თავისი ბუნებით მდგომარეობაში იმკვიდრებს თავს. და, თუმცა არსებობს წინააღმდეგობებიც, ყველაფერი მაინც თავისი შესატყვისი გარემოსკენ მიისწრაფის. ნებისმიერი სიმძიმე, მაღლა ასროლილი, მიწას უბრუნდება. ასევე, ადამიანის სულიც მხოლოდ უფალში ჰპოვებს განსვენებას, სხვაგან კი – არსად. მხოლოდ ღმერთია სულის მშვიდობა, რადგან სხვას, რას ძალუძს სიმშვიდე უბოძოს სულს? – ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილს? საჭმელს თუ სასმელს? ტანსაცმელს, სამკაულებსა თუ ამქვეყნიურ დიდებასა და პატივმოყვარეობას? ვერც ერთი ამათგანით ვერ დაწყნარდება და დაკმაყოფილდება სული, რადგან ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ხრწნადია და მსწრაფლ განქარვებადი. სული კი უხრწნელია და მარადიული. სულს მათგან მსგავსება არა აქვს და განა შესაძლებელია მიუმსგავსებელთან მოსვენება ჰპოვოს? უკვდავი – მოკვდავით, სულიერი – სხეულით, უხრწნელი – ხრწნადით, უნივთო – ნივთიერით, უხილავი – ხილულით ვერანაირად ვერ დაკმაყოფილდება.
მხოლოდ ღმერთია სულისთვის, როგორც თავისი ხატისა და მსგავსი არსებებისთვის, სინათლე, სიცოცხლე, საჭმელ-სასმელი, მხნეობა, ნუგეში, სიხარული, მშვიდობა, სიმდიდრე, პატივი, დიდება და ყოველგვარი ნეტარება.
უღმერთოდ სულს ცხოვრება და ნეტარება არ ძალუძს. ადამიანები ბევრს ცდილობენ, სულიერი მოთხოვნილებები ამქვეყნიური სიამეებით დაიკმაყოფილონ, მაგრამ – ამაოდ. ეძიებენ სიმდიდრეს და იხვეჭენ მას, იგონებენ ათასგვარ თავშესაქცევს, მაგრამ სულს არაფერი შველის. ისმის კითხვა: რა არის ყოველივე ამის მიზეზი? რატომ ხდება ასე?
იმიტომ, რომ ეძიებენ მას, რითაც სული მშვიდობას ვერ ეღირსება, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სული მხოლოდ ღმერთში იმკვიდრებს ჭეშმარიტ მშვიდობას.
ქრისტიანო! რატომ ეძიებ სულის მშვიდობას იქ, სადაც ის არ არის? სული ხომ სულში პოულობს განსასვენებელს. რატომ ირჯები ამაოდ? დაუტევე ფუჭი და უშედეგო მცდელობები და ეძიე მშვიდობა მხოლოდ ღმერთში, რომელიც თვითონ აღგვითქვამს მშვიდობას: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს“ (მთ. 11,28-29).