№2 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ძალიან მიჭირს სხვისთვის წყენის პატიება. რას მირჩევთ?
პასუხი: ლოცვაში უფლის მიმართ ასეთი სიტყვებია: „მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“, რომელშიც იგულისხმება, რომ ჩვენც ისევე მოგვეტევება უფლისგან, როგორც ჩვენ მივუტევებთ მოყვასს. ვისაც პატიება და მიტევება არ შეუძლია, ეს იმ ადამიანისთვის ტრაგედიაა. ხოლო მას, ვისაც თავისი გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, არ აპატიებენ, შეუძლია მშვიდად იყოს.
კითხვა: ჩემი ახლო მეგობარი ერთ-ერთი სექტის წევრი გახდა. გულით მინდა მისი დახმარება, მაგრამ ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით ვეხმარები. როგორ მოვიქცე, გავწყვიტო მასთან ურთიერთობა?
პასუხი: ეცადეთ, არ შეწყვიტოთ მასთან მეგობრობა, პირიქით, თქვენი ზრუნვა, ყურადღება, სიყვარული, ლოცვა მისი სულის გადარჩენისთვის, დაეხმარება თქვენს მეგობარს რწმენის ჭეშმარიტი ნათელისა და ეკლესიის მადლმოსილების დანახვაში.
კითხვა: სრულდება თუ არა წყევლა და რა სახის ცოდვას მიეწერება ის?
პასუხი: წყევლა არის ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვა. ის მრისხანების ცოდვაა და როდესაც ადამიანი ვინმეს წყევლის, ბოროტი ძალის ნებას ასრულებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამქვეყნად, სადაც სიკეთისა და ბოროტების მარადიული ბრძოლაა, ზოგჯერ სიკეთეც მარცხდება. თუ ჩვენს კეთილ სურვილებს უფალი შეისმენს და ახორციელებს, ბოროტს ეშმაკი ისმენს და ასრულებს. წყევლის დროს ადამიანის ნება, ბოროტი ძალის ნებას ემთხვევა, რომელიც ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, რათა ბოროტებამ გაიმარჯვოს. ამიტომ ყოველი ადამიანი უნდა დაფიქრდეს, სანამ მოყვასს და საკუთარ თავს ბოროტი ძალის ზეობისთვის გაიმეტებს.
კითხვა: ითვლება თუ არა ცოდვად ღვინის სმა?
პასუხი: ზომიერების ფარგლებში ღვინის სმა ცოდვად არ ითვლება. პირიქით, დავით მეფსალმუნე ამბობდა, რომ ღვინო ახარებს გულსა კაცისასა. ღვინო არის წმიდა სითხე, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. ცოდვაა მემთვრალეობა, ღვინის განუზომლად სმა. ამ დროს ადამიანი საკუთარ ნებას ვერ აკონტროლებს და ბევრ მძიმე ცოდვაში ვარდება.
კითხვა: ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილს რამდენიმე ნათლია ჰყავდეს. განსაზღვრულია თუ არა ეკლესიურად ნათლიების რაოდენობა?
პასუხი: უპირველესად, გაითვალისწინეთ, რომ ნათლობა მხოლოდ ოჯახების დანათესავება კი არ არის, არამედ ნათლიის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ნათლია მუდმივად უნდა ზრუნავდეს ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე. ამ მოვალეობის შესრულება ერთ ადამიანსაც შეუძლია, თუმცა შეგიძლიათ, ბავშვი რამდენიმე ადამიანსაც მოანათვლინოთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაშიც ზომიერების დაცვაა აუცილებელი.
კითხვა: მყავს ურწმუნო ოჯახის წევრი, რასაც ძალიან განვიცდი. ჩემი მრავალი მცდელობის მიუხედავად, მას გაგონებაც არ უნდა ქრისტიანული რწმენისა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეცადეთ, კონფლიქტში არ შეხვიდეთ მასთან. იცხოვრეთ ეკლესიურად და იყავით კარგი მაგალითი მისთვის. ამასთანავე, ილოცეთ, რომ უფლის მადლი შეეხოს მის გულს და გონება გაუნათდეს.