№2 რა დაუჯდა 2015 წელს სემეკის წევრ მაია მელიქიძეს ჰარვარდის ბიზნესსკოლაში სწავლა და „ლიბერთი ბანკის“ რამდენი ასეულ ათასი აქცია აქვს მას
სემეკის წევრი მაია მელიქიძე 1981 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება (2000-2005 წლებში) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე მიიღო (საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის სპეციალისტია), 2006-2007 წლებში ევროპის მენეჯერთა სკოლაში (ESM-ში) გადაინაცვლა და ბიზნესადმინისტრირებას დაეუფლა. 2007 წელს გაიარა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აშშ) უცხოური ინვესტიციების კურსი. 2015 წელს კი, ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნესსკოლაში სწავლობდა – გლობალური სტრატეგიული მართვის სპეციალობით.
მაია მელიქიძის შრომითი ბიოგრაფია 2001 წელს დაწყებულა, სულ რაღაც, 20 წლის ასაკში, პირდაპირ სახელმწიფო კანცელარიაში, სადაც 2002 წლამდე ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტში მუშაობდა. 2003 წელს უკვე „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ პროექტის მენეჯერი გახლდათ; 2004-2008 წლებში საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ის უფროსი აუდიტორი, 2008-2009 წლებში – „საქართველოს ბანკის“ მთავარი საგადასახადო სპეციალისტი. 2009 წლიდან 2016 წლამდე „ლიბერთი ბანკის“ საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 2016 წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გახდა ეკონომიკურ საკითხებში, ხოლო 2017 წლის 30 ივნისს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დაინიშნა.
მაია მელიქიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა და ოჯახის წევრებად მიუთითა 1970 წელს დაბადებული მეუღლე – ზურაბ გამგონეიშვილი და ორი შვილი: 2011 წელს დაბადებული მარიამი და 2012-ში დაბადებული ნინო.
სემეკის წევრს ქონება არ გააჩნია, არც მის მეუღლეს, თუმცა მაია მელიქიძის საკუთრებაა „ლიბერთი ბანკის“ 0,01 ლარად ღირებული 292 521 აქცია.
მისი მეუღლე კი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და არის შპს „აბაკუს ექაუნთინგის“ პარტნიორი, საიდანაც 2015 წლის განმავლობაში 4 600 ლარი აიღო. ხოლო, როგორც „სმარტექსის ჯგუფის“ მთავარმა ბუღალტერმა, 44 250 ლარი; როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა ლექტორმა (ელექტრონული ფულადი სისტემები) – 7 200 ლარი.
მაია მელიქიძემ კი, 2015 წლის განმავლობაში, როგორც „ლიბერთი ბანკის“ საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა, 55 106 ლარი აიღო, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა ლექტორმა (საბანკო საქმის მიმართულებით), 10 400 ლარი.
2015 წელს ზურაბ გამგონეიშვილმა „საქართველოს ბანკიდან“ 188 600 ლარის ოდენობის სამწლიანი იპოთეკური სესხი გამოიტანა, რომლის მომსახურებაშიც 2015 წელს 25 623 ლარი დახარჯა. აწ სემეკის წევრს კი, 2015 წელს ჰარვარდის ბიზნესსკოლაში სწავლა 15 000 აშშ დოლარი დაუჯდა.
მაია მელიქიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან კვლავ პრეზიდენტის მრჩევლის ამპლუაში შეავსო. არ შეცვლილა მისი ოჯახის წევრთა ოდენობა და არც „ლიბერთი ბანკის“ აქციებისა. არც უძრავი ქონება შეუძენია ოჯახს. თუმცა 2016 წლის განმავლობაში, მაია მელიქიძემ, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა ლექტორმა, 10 400 ლარი აიღო; როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, 46 891 ლარი; მის მეუღლეს კი სამეწარმეო საქმიანობამ, ანუ შპს „აბაკუს ექაუნთინგის“ 50-პროცენტიანმა წილმა 23 400 ლარი მოუტანა. 2015 წელს გამოტანილი სესხის მომსახურება კი, 30 024 ლარი დაუჯდა. მისი, როგორც სემეკის წევრის წლიური ხელფასი კი, სავარაუდოდ, 160 000 ლარის ფარგლებში იქნება.