№2 რატომ მოუწევს რუსეთს არჩევნის გაკეთება ქრისტიანულ დასავლეთსა და მუსლიმანურ აღმოსავლეთს შორის და შეძლებს თუ არა საქართველო ანტიდასავლური ალყის გარღვევას
იყო დრო, როდესაც, მაგალითად, ჩვენი მეზობელი და პარტნიორი თურქეთი, „ნატოში“ ჩვენს ერთგვარ გზის გამკვლევად მიიჩნეოდა და თურქი სამხედრო ინსტრუქტორებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში „ნატოური“ ეგიდით. თუმცა ბოლო წლებია, თურქეთის ანტიდასავლური პოზიცია იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ ბრმისთვისაც კი ნათელია. მეტიც, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა მუსლიმანურ ქვეყნებს იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა. მანამდე კი მეტად თბილი ურთიერთობა გააბა რუსეთთან, რომლის ანტიდასავლური პოზიცია ყველასთვის ცნობილია და ირანთან, რომელსაც, ასევე, რთული ურთიერთობა აქვს დასავლეთთან. იმის გათვალისწინებით კი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აზერბაიჯანიც იზიარებს თურქეთის პოზიციას იერუსალიმთან დაკავშირებით, სომხეთი კი უპირობო მხარდამჭერია რუსეთის პოლიტიკისა სამხრეთ კავკასიაში, აშკარაა, მკვეთრად ანტიდასავლური ძალების გარემოცვაში აღმოვჩნდით. არის თუ არა ეს ალყა გაურღვეველი, თუ მაინც შანსია, რომელიც მისი მოხერხებულად გამოყენების შემთხვევაში განვითარების უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, – ამ თემაზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან ერთად ვიმსჯელებთ.
– არის ეს უიმედო ალყა?
– უპირველესად, ახალ წელს ვულოცავ თქვენს მკითხველს. 2018 წლიდან საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებით, ეკონომიკური გამოცოცხლება იწყება, რომელიც, დაახლოებით, 2022 წელს მიაღწევს კონდიციას, რის შემდეგაც მომდევნო ათი წლის განმავლობაში დაიწყება ეკონომიკური აღმავლობა. ასე რომ, მომავალი წელი ძალიან იმედისმომცემია. რაც შეეხება თურქეთის მიერ საქართველოს ლობირებას „ნატოში“ გაწევრიანებისთვის: ეს იყო 2008 წლამდე. აგვისტოს ომის შემდეგ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა და სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო რეალურად ქართული არმიის მშენებლობა, მისი საერთაშორისო სტანდარტებით წვრთნა და აღჭურვა.
თურქეთი კარგა ხანია, ანტინატოური განწყობისაა, უფრო ზუსტად, დიდი ხანია, ეს განწყობა აქვთ თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებს, რასაც, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში კარგად ნიღბავდნენ, იმიტომ რომ, დასავლეთის კაპიტალითა და ტექნოლოგიებით საკმაოდ ბევრ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია ამ ქვეყანამ.
– და ის, რომ თურქეთის არმია დღეს მსოფლიო რეიტინგის ათეულშია, აშშ-ისა და „ნატოს“ დამსახურებაა მხოლოდ.
– რა თქმა უნდა და თურქეთში რომ ათა თურქმა გაიმარჯვა და სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ინგლისელების დამსახურებაა. ასე რომ, ანგლოამერიკელების მიერ შექმნილმა სახელმწიფომ, რომელიც დასავლეთის ფინანსებითა და ტექნოლოგიებით გაძლიერდა, დღეს პრეტენზია გამოთქვა დასავლეთისადმი და აღმოსავლეთს, უხეშად რომ ვთქვა იერუსალიმის დაცვისკენ მოუწოდა.
ორიოდ სიტყვით მინდა, შევახსენო თქვენს მკითხველს, თუ საიდან მოვიდა თურქეთის დღევანდელი მმართველი ძალა. თავის დროზე ისინი რადიკალური ისლამის მიმდევარი პოლიტიკური გაერთიანების წევრები იყვნენ. მათი მიზანი კი იყო ხელისუფლებაში მოსვლა და საერო სახელმწიფოს გადაკეთება რელიგიურ სახელმწიფოდ. ამის გამო ისინი დაიჭირეს, მაგრამ, ციხიდან რომ გამოვიდნენ, დაიშალნენ და მცირე ჯგუფებად სხვადასხვა პარტიებში გადანაწილდნენ. ასე მოვიდნენ ხელისუფლებაში და პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, საკმაოდ წარმატებულად გამოიყენეს დასავლეთი. ახლა, სავარაუდოდ, ჩათვალეს, რომ საკმარისად გაძლიერდნენ და როგორც ხდება ხოლმე, მაძღარ ადამიანს მეხსიერება ღალატობს და უფრო მეტი ამბიცია უჩნდება. მადლიერების გრძნობა ყველაზე დიდი ღირსებაა, უმადურობა კი მნიშვნელოვანი მიზეზი ხდება ადამიანების, ჯგუფების, პარტიებისა თუ სახელმწიფოების დაღუპვის. ანუ იერუსალიმის საკითხის წინ წამოწევამდეც ვიცოდით ყველამ, რომ კოალიცია ანტიდასავლური იყო.
– დიახ, ეს ჩანდა ირან-რუსეთ-თურქეთის პირველი პირების ხშირი შეხვედრებიდანაც.
– და სირიაც მათთან ერთადაა.
– სირია არ ვახსენე, ვინაიდან ჩვენ მისი ინტერესის სფერო არ ვართ და ჩვენი რეგიონიდან შორსაა.
– სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოსა და კავასიის, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების, რომლებშიც პოლიტიკური კულტურა ორას და სამას წელს ითვლის, წამყვანი ანალიტიკოსები ცდებოდნენ. არადა ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, ეს კოალიცია ანტიამერიკულია და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვერ ხვდება, რომ სინამდვილეში ამ კოალიციას აქვს რელიგიური მოტივი. როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა მრჩევლებმა გადაწყვიტეს, თვალი აუხილონ მთელ მსოფლიოს და ამიტომ, მეორე ჯოკერი გადმოაგდეს მაგიდაზე. პირველი ჯოკერი იყო ერაყში ქურთისტანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება და ეს ისევ ძალაშია. თუ ოთხივე ქვეყანაში – ერაყში, სირიაში, ირანსა და თურქეთში – დაიწყებენ ქურთები თვითგამორკვევისთვის ბრძოლას, ოთხივე სახელმწიფო დაიშლება დომინოს პრინციპით. პირველ ჯოკერს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, როგორც ჩანს, ქურთებით დასახლებული ქვეყნების ხელისუფლებები ფიქრობენ, რომ ამ პრობლემას მოერევიან. მაგრამ საკმარისი იყო, ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე ელაპარაკა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს პრეზიდენტს და ეთქვა, სალადინამდე იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი იყო, ახლაც ისრაელის დედაქალაქია და ჩვენ იქ გავხსნით საელჩოსო, რომ ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ანტიდასავლური კოალიცია, რომელიც 4-5 ქვეყნისგან შედგებოდა, უცებ გადაიქცა 57 ქვეყნად. მათ საკონფერენციო დარბაზში თავი მოუყარა თურქეთის პრეზიდენტმა. თურქეთს აქვს ამბიცია, რომ ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე და ისლამურ სამყაროში წამყვანი ძალაა. იგივე ამბიცია აქვთ არაბებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ისლამური სახალიფოს თარეშმა არაბული სახელმწიფოები ისე შეასუსტა და მორალურად ისე შებღალა, რომ ვერ გაბედეს, თავის თავზე აეღოთ პროტესტი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო.
– რის იმედად აიღო ეს ინიციატივა საკუთარ თავზე თურქეთმა?
– თურქეთი, როგორც ჩანს, არ იყო კმაყოფილი მარტო ოთხი ქვეყნისგან შემდგარი გაერთიანებით დასავლეთის წინააღმდეგ, რადგან თურქეთმა ძალიან კარგად იცის, რომ ირანი არც რუსეთის და არც თურქეთის გამო, დასავლეთს არ დაუპირისპირდება. ირანი თავისი ინტერესებისთვის ვაჭრობს დასავლეთთან. ასევე, თურქეთმა ძალიან კარგად იცის, საკმარისია, აშშ-ის ადმინისტრაციამ ურთიერთობა დაათბოს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, რომ არც რუსეთი დაუპირისპირდება დასავლეთს თურქეთის გამო; სირიაში კი ტერიტორიული ამბიციები აქვს თურქეთს და მხოლოდ დროებითია ზავი თურქეთსა და სირიას შორის. სამაგიეროდ, გამოჩნდა თემა, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა და იდეოლოგიური საფუძველი აქვს. შეიძლება, ცუდი შედარებაა, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტი ბაძავს სალადინს. გაირკვა, რომ ანტიდასავლური გაერთიანების მოტივაცია უფრო დიდია, რადგან უკვე 57 ქვეყანა შეიკრიბა და აღარ არის ოთხი. სხვა საკითხია, ეს 57 ქვეყანა აღიარებს თუ არა თურქეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თავის წინამძღოლად.
– თურქეთს ეს უნდა?
– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, ჯერჯერობით თურქეთი არ მიდის „ნატოს“ წინააღმდეგ, რადგან „ნატოსა“ და დასავლეთის ორბიტიდან გასვლა ნიშნავს თურქეთის სახელმწიფოებრიობის დამთავრებას. როგორც მინიმუმ, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შეცვლას. როდესაც ქმარს სცილდება ქალი, ის ცდილობს, უკეთესი ვარიანტი დაიბევოს, ჭკვიან ქალზეა ლაპარაკი. თუ თურქეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაიბევა ამ 57 ქვეყნიდან ნახევრის მხარდაჭერა მაინც, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეცდება, მოსწყდეს საერო ცნობიერებას, დასავლურ ორბიტას და გადაბარგდეს იქ, რის გამოც ის და მისი თანამოაზრეები ციხეში ისხდნენ, ანუ, როდესაც უნდოდათ ისლამური სახელმწიფოს შექმნა და კონსტიტუციის ნაცვლად – შარიათის კანონი. ჩვენ გვგონია, რომ თურქეთი ცოტა ხნით შეინარჩუნებს რამდენიმე ქვეყანას, როგორც პარტნიორს, ამის იქით თურქეთი ვერ წავა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება ერთსა და ორ წელზე გათვლილი პოლიტიკური სვლა არ არის. 128 ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი აშშ-ის გადაწყვეტილებას და მოხდა გენიალური რამ: პირველად ისტორიაში ისლამური სახელმწიფოების ლიდერებმა თოფის გასროლისა და ომების გარეშე მოახერხეს თავიანთი მოსაზრების გატანა გაეროს სხდომაზე და მერე, ცხადია, იმ 128 ქვეყანასთან დაიწყება მუშაობა. ვფიქრობთ, რომ ისლამურმა სახელმწიფოებმა იჩქარეს, დროზე ადრე გამოამჟღავნეს თავიანთი რეალური ჩანაფიქრი, რასაც აქამდე მხოლოდ ოთხი სახელმწიფოს ალიანსი ნიღბავდა.
– ფიქრობთ, რომ თურქეთ-რუსეთ-ირან-სირიის სურვილი იყო ეს?
– სურვილი ჰქონდა ყველას. უბრალოდ თურქეთმა აიღო თავის თავზე ინიციატივა. რომ არა ეს, შეიძლება, შეკრება არც კი გამართულიყო. თვით აზერბაიჯანიც არ დაუდგება თურქეთს გვერდში, თუ ის ჩამოსცილდება საერო ცნობიერებასა და დასავლურ წესებს, რადგან აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს მეშვეობით დასავლეთთან ურთიერთობა. თუკი თურქეთი არჩევნის წინაშე დააყენებს აზერბაიჯანს და შესაბამისად, საქართველოსაც, რომელიც, ცხადია, არ გადაუხვევს დასავლეთის ორბიტას, მას მიებმება აზერბაიჯანიც, იმ მარტივი მიზეზით, რომ დასავლეთთან ურთიერთობა აზერბაიჯანს უფრო მეტს მისცემს როგორც მორალურად, ისე მატერიალურად, ვიდრე თურქეთთან ურთიერთობა.
– იერუსალიმის საკითხში ალიევმა მხარი დაუჭირა ერდოღანს.
– მაგარმ ეს არ ნიშნავს, რომ ორი წლის შემდეგაც იმავეს გააკეთებს. აზერბაიჯანი თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია, იმიტომ რომ, აზერბაიჯანს ყარაბაღის გამო, რუსეთთან დაპირისპირებისას არ ჰყავს ისეთი მეგობარი, როგორიც ჩვენ – ამერიკის სახით და ამდენად, იძულებულია, ეს კავშირი შეკრას. თუკი თურქეთი და რუსეთი ერთმანეთს ისე ჩაეხუტება, რომ ალიევის ინტერესები ყარაბაღში დასუსტდება, რა თქმა უნდა, ალიევი აღარ იქნება მარტო თურქეთის იმედად. მით უმეტეს, თუ თურქეთში ქურთული მოძრაობა გააქტიურდება. რაც შეეხება რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორ სომხეთს: ჩვენ არ გვგონია, რომ სომხეთი ბოლომდე რუსისაა, ამ ეტაპზე რუსი სჭირდება და იყენებს ბოლომდე, იმიტომ რომ, არსებობს სომხური ლობი ამერიკაში, რომლებიც სრულიად განსხვავებულად აზროვნებენ.
– და რომ არ ეთანხმებიან სომხეთის ხელისუფლების არჩევანს, ჩანს იმითაც, რომ სომხეთში არ აბანდებენ ფულს.
– ზუსტად ასეა. სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც კარგად იციან, რომ რუსია ყარაბაღის კონფლიქტის მიზეზი და ორივე თავისებურად ცდილობს, თავისი საქმე გაიკეთოს. მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ორივესთვის ხელსაყრელი იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მომავალში პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალები გაძლიერდებიან სომხეთში და, რაც მთავარია, ორივე სამხრეთკავკასიური ქვეყანა ელოდება, რა შედეგს აჩვენებს საქართველო.
– თუმცა, თუ საქართველოს წაუცდა ფეხი, ორივე განწირულია.
– საქართველოს ფეხი აღარ წაუცდება, საქართველოს ფეხი წაუცდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებულ ინტრიგას წამოეგო და სამოქალაქო დაპირისპრებაში ჩაერთო ნაცია. გამოვიარეთ 2008 წლის ომიც, რომელიც, ასევე, პროვოცირებული იყო და ხელს აძლევდა როგორც სააკაშვილს, ისევე რუსეთს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღეს, როდესაც აშშ აშკარად ამბობს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, აღარ დაუშვებს, რომ იგივე შეცდომები დავუშვათ. ამდენად, ფეხი აღარ გადაუბრუნდება საქართველოს. თუმცა, 90-იან წლებში რომ წავიჩოქეთ, ვინც როგორ მოგვექცა მაშინ, იმ გულითაა ჩვენდამი დღესაც.
– რუსეთი უცნაურად ჩუმადაა იერუსალიმის საკითხში. ჩვენი სიჩუმე გასაგებია, მაგრამ რუსეთის დუმილი რით იხსნება?
– ჩუმადაა, იმიტომ რომ, ყველაზე მეტად ტრამპის გადაწყვეტილება იყო რუსეთის ბოსტანში ქვების სროლა. თუ პროცესები ისევ გაგრძელდა და ასე გაგრძელდება, რუსი არჩევნის წინაშე დადგება: ან უნდა იყოს ქრისტიანული დასავლეთის გვერდით, ან ისლამურ აღმოსავლეთთან. სიეშმაკისა და ჭკვიანური სვლების ვარიანტი აღარ ექნებათ. ნუ დაგვავიწყდება, თუ რუსეთი წავა ჯვაროსნების წინააღმდეგ და უარს იტყვის ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე, მისი სახელმწიფოებრიობა მნიშვნელოვნად დაზარალდება. რუსეთს ტრამპმა აჩვენა, რომ ანტიდასავლური კოალიცია ნიღბავს რელიგიურ მოტივებს და სინამდვილეში, დაპირისპირება უფრო ღრმაა, ვიდრე პოლიტიკური.